შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016200 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/03/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის და დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№74
2025 წლის 27 თებერვალი
ქ. ბათუმი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის N451 „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესი.“
მუხლი 2🔗
დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების შესაბამისად შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმების დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ტექნიკური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემისა და გამოყენების წესი (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მართვის სერტიფიკატის (შემდეგში – სერტიფიკატი) ფორმის, მათი დამზადების, გაცემის, შეცვლის პირობებს.
2. შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატის დამზადების ორგანიზებას, შეცვლასა და რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ (შემდეგში – სააგენტო).
3. სერტიფიკატის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ წესის დანართი №1-ში.
მუხლი 2🔗. სერტიფიკატის შევსებისა და გაცემის წესი
1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატზე დაიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) სერტიფიკატის ნომერი/ CERT.N;
ბ) სახელი და გვარი/ NAME AND SURNAME;
გ) პირადი ნომერი/ID;
დ) მოქალაქეობა/NATIONALITY;
ე) დაბადების თარიღი/DATE OF BIRTH;
ვ) გაცემის თარიღი / DATE OF ISSUE;
ზ) მოქმედების ვადა / EXPIRY DATE;
თ) მძღოლის ფოტოსურათი.
2. სერტიფიკატზე დასატანი მონაცემების შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში (შემდეგში – რეესტრი) შეყვანა/შევსება წარმოებს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე. სერტიფიკატის შევსებისათვის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანას უზრუნველყოფს სააგენტოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, ხოლო სერტიფიკატების გაცემას უზრუნველყოფს მათ გაცემაზე პასუხისმგებელი სამმართველო.
3. სერტიფიკატი გაიცემა უშუალოდ სატრანსპორტო საშუალების მძღოლზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე, მძღოლის მიერ გაცემული მინდობილობისა და მინდობილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტის ან პირადობის მოწმობის) წარდგენის შემთხვევაში, ან მძღოლის მიერ განცხადებაში მითითებულ პიროვნებაზე (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
4. სერტიფიკატის მიღების ფაქტს მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით ან/და ელექტრონულად.
5. სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით აისახება შესაბამის რეესტრში.
6. დაკარგული/დაზიანებული სერტიფიკატის სანაცვლოდ სააგენტო გასცემს მის დუბლიკატს, დაკარგული/დაზიანებული სერტიფიკატის მოქმედების ვადით.
მუხლი 3🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სერტიფიკატების ჩამოწერის წესი
1. სერტიფიკატის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:
ა) მისი შევსების (ბეჭდური/ტექნიკური) დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმები ექვემდებარება აღრიცხვასა და შესაბამისი დეპარტამენტისთვის/სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდებას.
3. გამოსაყენებლად უვარგისი სერტიფიკატის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სერტიფიკატებზე ინფორმაციის დატანის ზოგადი პირობები
1. სერტიფიკატზე ყველა ინფორმაცია დაიტანება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე.
2. მძღოლის სახელი და გვარი ქართულ და ინგლისურ ენაზე დაიტანება ფიზიკური პირის პირადობის მოწმობაში/პასპორტში არსებული ჩანაწერის იდენტურად, ხოლო იურიდიული პირის მონაცემები კომპანიის ამონაწერში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად.
დანართი №1
სერტიფიკატის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი
მუხლი 1🔗. სერტიფიკატის ბლანკის აღწერილობა და დამცავი ნიშნები
1. სერტიფიკატის ბლანკი წარმოადგენს პლასტიკური ზედაპირის მქონე ორმხრივი ბეჭდვით შესრულებულ მოწმობას. სერტიფიკატისთვის ISO/IEC 7810-ის მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ნომინალური ზომები: სიგანე: 85,60 მმ (85,47მმ – 85,72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54,00 მმ (53,92 მმ – 54,03 მმ, ISO/IEC 7810), სისქე: 0,80 მმ (0,76 მმ – 0,84 მმ, ISO/IEC 7810), კუთხე: 3,18 მმ (2,88 მმ – 3,48 მმ, ISO/IEC 7810). სერტიფიკატის კიდის ამობურცვები არ უნდა აღემატებოდეს 0,08 მმ-ს სერტიფიკატის ძირითადი ზედაპირიდან.
2. სერტიფიკატის ბლანკის ფონი ღია ნაცრისფერია და მზადდება პლასტიკური მასალისაგან, რომელსაც გააჩნია გაყალბებისაგან დაცვის არანაკლებ სამი ნიშანი:
ა) მიკროტექსტი – სერტიფიკატზე მიკროტექსტი დაიტანება 2 სვეტად: პირველი სვეტი ქართულად – „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, მეორე სვეტი ინგლისურად – „Maritime Transport Agency of Georgia“;
ბ) ულტრაიისფერი ნიშანი – სატრანსპორტო საშუალების გამოსახულება, რომელიც განთავსდება სერტიფიკატის ზედაპირზე;
გ) სერტიფიკატის ბლანკის რიგითი, ანუ მწარმოებლის მიერ მისთვის მინიჭებული ნომერი, რომელიც შედგება ორი ლათინური ასოს „ED“ ან „WD“ (სადაც „ED“ და „WD“ არის EAST DRIVER/WEST DRIVER-ის აღმნიშვნელი) და 6 ციფრისგან. აღნიშნული დაიტანება დამცავი მელნით, რომელიც ფლუორესცენციას განიცდის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად.
3. სერტიფიკატზე მონაცემები დაიტანება ელექტრონული სისტემის საშუალებით.
მუხლი 2🔗. სერტიფიკატზე დასატანი ინფორმაცია
1. სერტიფიკატის ბლანკის წინა გვერდზე დაიტანება:
ა) სათაური „სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატი“/„DRIVING CERTIFICATEOF TRANSPORT“;
ბ) სააგენტოს დასახელება – „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო/MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA“;
გ) მცირე ზომის გერბი
დ) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თუ მოწმობის ნამდვილობა ბადებს ეჭვს, დაუკავშირდით სააგენტოს/IN CASE OF CERTIFICATE AUTHENTICITY DOUBTS, CONTACT MTA“;
ე) სააგენტოს ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. სერტიფიკატის ბლანკის უკანა მხარეს დაიტანება:
ა) სააგენტოს დასახელება – „საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო/MARITIME TRANSPORT AGENCY OF GEORGIA“;
ბ) მცირე ზომის გერბი;
გ) შემდეგი შინაარსის ტექსტი: „სააგენტო ადასტურებს, რომ მართვის სერტიფიკატის მფლობელს გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების მართვის სათანადო კვალიფიკაცია/AGENCY HEREBY CERTIFIES THAT THE HOLDER POSSESSES THE REQUIRED QUALIFICATIONS TO OPERATE AN INLAND WATERWAY TRANSPORT VEHICLE AS PRESCRIBED BY NATIONAL LEGISLATION.“
3. სერტიფიკატის უკანა მხარეს დაიტანება QR კოდი და ელექტრონული ნომერი, რომელიც შედგება 6 (ექვსი) ლათინური ასოსგან და 6 (ექვსი) ციფრისგან, რომელიც რეესტრის სისტემიდან ავტომატურად მიენიჭება სერტიფიკატს (მაგალითად, MTADID: 000000).
მუხლი 3🔗. სერტიფიკატის დამზადებისა და შენახვის პირობები
1. სერტიფიკატის ფორმების დამზადება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე.
2. სერტიფიკატის ფორმები ინახება ცეცხლგამძლე სეიფში/სათავსში, რომელიც არის ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. დამზადებული სერტიფიკატები გაცემამდე ინახება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის დეპარტამენტის სათანადოდ დაცულ ადგილას.