ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/142
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016904 545
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/04/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.04.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/142
2025 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის
დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 14 დეკემბრის №1-1/524 ბრძანება.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
სამინისტრო სტუდენტთა პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და გაუმჯობესების, სამინისტროში არსებული საჯარო სამსახურის ეთიკური ნორმებისა და პრინციპების გაზიარების მიზნით უზრუნველყოფს პრაქტიკანტთა მიღებას.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში გადის არაანაზღაურებად პრაქტიკას;
ბ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაიაროს პრაქტიკა სამინისტროში და წარმოდგენილი აქვს პრაქტიკის გავლის მიზნით ამ წესით დადგენილი დოკუმენტები;
გ) სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ ან მეორე საფეხურზე;
დ) პრაქტიკის ხელმძღვანელი − სამინისტროში პრაქტიკანტისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს პრაქტიკანტს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
მუხლი 4🔗
1. პრაქტიკის ვადა ერთ სტრუქტურულ ერთეულში განისაზღვრება 1-დან 6 თვემდე.
2. პრაქტიკანტს უფლება აქვს, სამინისტროში პრაქტიკა რამდენჯერმე გაიაროს, თუმცა პრაქტიკის გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
3. პრაქტიკანტისა და სამინისტროს შეთანხმებით, შესაძლებელია პრაქტიკის გაგრძელება, ამავე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
თავი II
პრაქტიკანტად მიღება
მუხლი 5🔗
1. პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის სახელმწიფო ენა;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (მეორე, მესამე და მეოთხე კურსის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე და არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი.
2. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით კანდიდატი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს პრაქტიკაზე.
მუხლი 6🔗
კანდიდატმა სამინისტროში პრაქტიკის გასავლელად უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
დ) ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ;
ე) CV.
მუხლი 7🔗
გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში პრაქტიკანტის გადაყვანა დასაშვებია მისი განცხადებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანხმობის საფუძველზე, ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.
თავი III
პრაქტიკანტის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 9🔗
1. პრაქტიკანტს უფლება აქვს პრაქტიკის ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულისა და მთლიანად სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. პრაქტიკანტი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას სამინისტროს თანამშრომლის სახელმძღვანელოთი დადგენილი მოთხოვნები, პრაქტიკის თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალიწინებული საიდუმლოების პრინციპი.
3. პრაქტიკანტის უფლებამოსილებები გამომდინარეობს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი სამინისტროში ყოფნისა და ქცევის წესები – სამინისტროს თანამშრომლის სახელმძღვანელოდან.
თავი IV
სამინისტროს, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და პრაქტიკის ხელმძღვანელის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
მუხლი 10🔗
სამინისტროს უფლება-მოვალეობებია:
ა) შეუქმნას პრაქტიკანტს უსაფრთხო გარემო და სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად;
ბ) განუსაზღვროს პრაქტიკანტს პრაქტიკის ხელმძღვანელი;
გ) პრაქტიკანტის მოთხოვნის შემთხვევაში, სასწავლო პროცესთან პრაქტიკის ინტეგრირების მიზნით, დაუდგინოს პრაქტიკის სპეციალური გრაფიკი;
დ) დაადგინოს პრაქტიკანტისთვის სხვა მოთხოვნები, გარდა ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 11🔗
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფლება-მოვალეობებია:
ა) გაუწიოს კოორდინაცია სამინისტროში პრაქტიკის გავლის პროცესს;
ბ) დაადგინოს პრაქტიკის მსურველი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
გ) უზრუნველყოს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა ინფორმირება პრაქტიკის მნიშვნელობისა და ამ პროცესში თითოეული მათგანის ფუნქციის შესახებ;
დ) უზრუნველყოს პრაქტიკანტის ადაპტაციის პროცესი და სამინისტროში საქმიანობის მარეგულირებელი სავალდებულო დოკუმენტების გაცნობა;
ე) პრაქტიკის საკითხებზე აწარმოოს სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მინისტრს;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
მუხლი 12🔗
პრაქტიკის ხელმძღვანელის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებია:
ა) გაუნაწილოს/განუსაზღვროს პრაქტიკანტს დავალებები, გააცნოს აღნიშნული დავალებების შესრულების ვადა, სპეციფიკა, მნიშვნელობა, მოსალოდნელი შედეგები;
ბ) გაუწიოს მონიტორინგი პრაქტიკანტის მიერ სამუშაოს შესრულების პროცესს;
გ) ამ წესის მე-13 -მე-14 მუხლების შესაბამისად შეაფასოს პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაო;
დ) გაუზიაროს რეკომენდაციები/ინსტრუქციები, მისცეს უკუკავშირი და იზრუნოს პრაქტიკანტის პროფესიულ განვითარებაზე, საჭიროებისამებრ, ასევე მიაწოდოს თეორიული მასალა;
ე) შეუქმნას პრაქტიკანტს შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით;
ვ) უფლებამოსილია დასაბუთებული წერილობითი არგუმენტაციის საფუძველზე მოითხოვოს პრაქტიკანტისთვის პრაქტიკის შეწყვეტა ან შეჩერება;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები.
თავი V
პრაქტიკანტის შეფასება
მუხლი 13🔗
1. პრაქტიკანტის შეფასება ხდება უშუალო ხელმძღვანელის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ელექტრონული პორტალის საშუალებით შეფასების შესაბამისი კრიტერიუმებით:
ა) სამუშაო სპეციფიკისათვის საჭირო უნარები;
ბ) მიცემული დავალების მიმართ დამოკიდებულება;
გ) წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
დ) ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
ე) პრაქტიკის განმავლობაში პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება და გაუმჯობესება.
მუხლი 14🔗
1. პრაქტიკანტის შეფასება ხდება პრაქტიკის დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. პრაქტიკანტის შეფასების შედეგად პროგრამულად მიიღება შემდეგი მაჩვენებლები:
ა) აჭარბებს მოლოდინს (90-100%);
ბ) კარგი (70%-89%);
გ) საშუალო (45%-69%);
დ) დაბალი (0%-44).
3. პრაქტიკანტს პრაქტიკა გავლილად ჩაეთვლება, თუ მისი შეფასების მაჩვენებელია მინიმუმ საშუალო (45%-69%). დაბალი (0%-44%) შეფასების შემთხვევაში პრაქტიკანტი ვერ მიიღებს პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობას.
4. პრაქტიკანტს პრაქტიკა წარმატებით გავლილად ჩაეთვლება, თუ მისი შეფასება აჭარბებს მოლოდინს (90-100%) და შესაბამისად პრაქტიკის გავლის დამადასტურებელ ცნობაში ჩაეწერება – „წარმატებით გაიარა“.
თავი VI
პრაქტიკის შეჩერება, შეწყვეტა და დასრულება
მუხლი 15🔗
1. საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია პრაქტიკის ვადის შეჩერება.
2. პრაქტიკის გაგრძელება შესაძლებელია შეჩერებული ვადით, თუმცა არაუმეტეს ამავე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ვადისა.
მუხლის 16
1. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 3 დღის განმავლობაში შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალებების არ/ვერ შესრულება ან არაჯეროვანი შესრულება, რომელსაც აქვს სისტემატური ხასიათი;
გ) პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ პრაქტიკის შეწყვეტის დასაბუთებული მოთხოვნა;
დ) პირადი განცხადება;
ე) ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
თ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ი) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
კ) სახელმწიფო სამსახურში ან საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა;
ლ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადასტურება, გარდა პრაქტიკანტის მიერ მისი სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა, აგრეთვე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებისთვის თავის არიდებისას;
მ) გარდაცვალება.
2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
მუხლი 17🔗
იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკანტი კანონმდებლობის შესაბამისად დასაქმდა სამინისტროში, მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი ცნობა.
მუხლი 18🔗
პრაქტიკანტი, რომელსაც პრაქტიკის ვადა შეუწყდა მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სამინისტროში განმეორებით პრაქტიკაზე არ დაიშვება.
მუხლი 19🔗
პრაქტიკის პერიოდის დასრულების შემდგომ, ამ წესის მე-13 – მე-14 მუხლების შესაბამისად, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სამინისტრო გასცემს ცნობას პირის მიერ პრაქტიკის გავლის თაობაზე.