ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/155
სარეგისტრაციო კოდი
300010000.22.024.016906
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/155

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 მარტის № 96 დადგენილებით დამტკიცებული „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ დამტკიცდეს თანდართული „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის სახელმძღვანელო“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე
📎 დანართები (1)
1-1_155 დანართი.docx

A blue diamond shaped object with text Description automatically generatedფდ


სარჩევი

1. პროგრამის მიზნები 4

2. აქსელერატორების შერჩევის პროცესი 4

2.1 განაცხადების მიღება 5

2.2 შეფასება და შერჩევის პროცესი 5

3. აქსელერაციის პროგრამის სტრუქტურა 7

ფაზა 1: დამფუძნებლების ხედვისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობა (Founder-Market Fit) 8

ფაზა 2: მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) 9

ფაზა 3: ბაზარზე შესვლა (Market Entry) 9

4. აქსელერატორებისთვის გრანტის გაცემა, ანგარიშგება და მონიტორინგი 11

4.1. გრანტის გაცემა და ანგარიშგება 11

4.2 აქსელერატორის მონიტორინგი 13

5. აქსელერატორის შეფასების ინდიკატორები 14

6. სტარტაპ კომპანიების საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირება და მონიტორინგი 15

6.1 ხარჯების მიზნობრიობა 16

6.2 არამიზნობრივი ხარჯები 17

6.3 სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა 17

7. თაღლითობის პრევენცია და ინტერესთა კონფლიქტი 19

ტერმინთა განმარტება

აქსელერაცია - ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კონკურსის წესით შერჩეული ინოვაციური საქმიანობის სუბიექტისთვის სამუშაო სივრცის გამოყოფას, მისი ბიზნეს იდეისა და მოდელის განვითარებასა და დახვეწას და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კონკურსის პირობებით განსაზღვრული ინვესტიციების განხორციელებას.

აპლიკანტი აქსელერატორი - ორგანიზაცია, რომელიც წარადგენს განაცხადს აქსელერატორის პროგრამის განხორციელების მიზნით.

ბენეფიციარი აქსელერატორი - აქსელერატორი, რომელიც შერჩეულია პროგრამის განსახორციელებლად.

აქსელერატორის საგრანტო დაფინანსება - ბენეფიციარი აქსელერატორისთვის გაცემული გრანტი პროგრამის განსახორციელებლად.

აქსელერატორის საგრანტო ხელშეკრულება - აქსელერატორსა და სააგენტო-ს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება, ამ სახელმძღვანელოთი განსაზღვრული აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში.

აქსელერაციის პროგრამა - საქართველოს მთვარობის 2025 წლის 31 მარტის #96 დადგენილებით დამტკიცებული “ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა” რომელიც მოიცავს აქსელერაციის კომპონენტსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტს.

აქსელერაციის კომპონენტი - აქსელერაციის პროცესი, რომელიც მოიცავს სახელმძღვანელოს მე-3 თავში განსაზღვრულ სამ ფაზას თითოეული ნაკადისთვის.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი - სსიპ-საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აქსელერაციის მეორე და მესამე ფაზაში მყოფი სტარტაპ კომპანიების საგრანტო დაფინანსება.

განაცხადი - აპლიკანტი აქსელერატორის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, წარდგენილი განაცხადი.

დემო დღე - ღონისძიება, სადაც სტარტაპის დამფუძნებლები წარადგენენ თავიანთ ბიზნეს იდეებს, პროდუქტებს და პროგრესს პოტენციური ინვესტორების, მენტორებისა და ფართო სამეწარმეო საზოგადოების წინაშე.

სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP) - ძირითადი ფუნქციების მქონე პროდუქტი, რომელიც სტარტაპ კომპანიას საშუალებას აძლევს პროდუქტი გამოსცადოს მომხმარებლებზე, გამოიყენოს უკუკავშირი და გააუმჯობესოს საბოლოო პროდუქტი.

სტარტაპ აპლიკანტი - იურიდიული პირი, რომელიც წარადგენს განაცხადს აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ამ სახელმძღვანელოთი დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

სტარტაპ კომპანია - ინოვაციური და ტექნოლოგიური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინოვაციური და ტექნოლოგიური სამეწარმეო საზოგადოება, რომელსაც გააჩნია გლობალური ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე ბიზნეს იდეა.

ბენეფიციარი სტარტაპი - სტარტაპი, რომელიც შერჩეულია აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის.

სტარტაპის საგრანტო დაფინანსება - ბენეფიციარი სტარტაპისთვის გაცემული გრანტი.

სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულება - სტარტაპ გრანტის კომპონენტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციარ სტარტაპსა და სააგენტო-ს შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება.

სტარტაპ პროექტის ბიუჯეტი - საგრანტო პროექტისთვის მოთხოვნილი მთლიანი ბიუჯეტის ჩაშლა, რომელიც აღწერს მიზნობრივ ხარჯებსა და დაფინანსების განაწილებას პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და წარმოადგენს გრანტის ბენეფიციარ სტარტაპსა და სააგენტოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების დანართს.

პროგრამის მიზნები

პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების მქონე სტარტაპების საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერება და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

პროგრამა ხელს შეუწყობს:

  • ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას და შეიტანს წვლილს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კომპანიების კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებაში.

  • სტარტაპ კომპანიის დამფუძნებლების უნარებისა და ცოდნის განვითარებას და მათ მზაობას მასშტაბირებადი ბიზნესის შესაქმნელად.

  • მინიმალური სიცოცხლისუნაირანი პროდუქტის განვითარებასა და პროდუქტების პოზიციონირებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

აქსელერატორების შერჩევის პროცესი 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებას.

აპლიკანტმა აქსელერატორმა კონკურსში მონაწილეობის მიზნით უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელიც მოიცავს დანართი 1-ით განსაზღვრულ ინფორმაციას და თანმდევ დოკუმენტებს.

სააგენტო განახორციელებს აპლიკანტი აქსელერატორების ტექნიკურ ექსპერტიზას. რაც გულისხმობს, პროგრამაში აქსელერატორის მონაწილეობის შემდეგ პირობებთან შესაბამისობას:

  • არის იურიდიული პირი ან იურიდიულ პირთა გაერთიანება.

  • გააჩნია აქსელერაციის პროგრამის მართვის არანაკლებ 8-წლიანი გამოცდილება;

  • აქსელერატორის მმართველ დირექტორს  გააჩნია 15-წლიანი გამოცდილება კომბინირებული სამეწარმეო და აღმასრულებელი დონის ბიზნესისა და ანგელოზი ინვესტორის/ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით.

  • აქსელერაციის პროცესში ჩართული ჰყავს სულ მცირე 10 მენტორი, არანაკლებ 10-წლიანი მენტორობის გამოცდილებით.

აპლიკანტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ პირობებს, მოწვეული იქნებიან შესარჩვევი კომისიის წინაშე გასაუბრებაზე.  

შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო გააფორმებს საგრანტო ხელშეკრულებას ოთხ აქსელერატორთან. 

2.1 განაცხადების მიღება

განაცხადების მიღება მოხდება ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს სახელმძღვანელოს დანართ N1-ში მოცემულ ინფორმაციას. სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია განაცხადისა და შერჩევის მთელი პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. ეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, სარეკომენდაციო წერილებით ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც აუცილებლად მიიჩნევა განაცხადის სრულყოფილად შეფასებისთვის.

2.2 შეფასება და შერჩევის პროცესი

განაცხადი, რომელიც წარმატებით გაივლის ტექნიკურ ექსპერტიზას, წარსდგება შესარჩევი კომისიის წინაშე. გასაუბრება მოიცავს განაცხადის პრეზენტაციასა და კითხვა-პასუხის ეტაპს.

განაცხადის შეფასება ხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ცხრილი 1.

კრიტერიუმი კრიტერიუმის აღწერა ქულა
1. ორგანიზაციის მიღწევები და გამოცდილება

წარმატებული აქსელერაციის პროგრამების მართვის გამოცდილება, სტარტაპების ზრდის, მოზიდული დაფინანსებისა და აქსელერაციის პროგრამების წინა სტარტაპ ნაკადების ბაზრებზე გაფართოების მკაფიო მტკიცებულებით.

  • სტარტაპების ძლიერი პორტფელი, რომლებმაც წარმატებით მოიზიდეს ინვესტიცია ან გააფართოვეს ოპერაციები;

  • გაყიდული სტარტაპების რაოდენობა;

  • მართვის ქვეშ არსებული აქტივები.

25
2. პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი
  • საქართველოს სტარტაპების სპეციფიკურ გამოწვევებზე ინდივიდუალურად მორგებული კურიკულუმი;

  • პროგრამის გეგმა-გრაფიკი;

  • საოფისე სივრცე.

15
3. მენტორების გამოცდილება
  • მენტორების კვალიფიკაცია და გამოცდილება.

15
4. პროგრამის განმახორციელებელი გუნდი
  • საოპერაციო გუნდის შემადგენლობა;

  • საოპერაციო გუნდის გამოცდილება.

15
5. წინადადების უნიკალურობა და სტარტაპ კომპანიებისთვის დამატებითი  სარგებელი
  • პროგრამის შემდგომი ბენეფიტები;

  • აქსელერატორის მხრიდან დამატებითი ინვესტიციის შეთავაზება;

  • აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სტარტაპების მობილობა სამიზნე ქვეყნებში;

  • ადგილობრივი მენტორების, ინვესტორებისა და ინდუსტრიის ლიდერების პროგრამაში ინტეგრირების შესაძლებლობა.

20
6. პროგრამის ბიუჯეტი
  • წარმოდგენილი ბიუჯეტის შესაბამისობა აქსელერატორის აქტივობებთან.

10

შესარჩევი კომისიის თითოეული წევრი განაცხადს ინდივიდუალურად აფასებს 1-100 ქულამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საშუალო ქულის საფუძველზე.

აქსელერატორის საგრანტო ხელშეკრულება

საგრანტო ხელშეკრულება დაიდება ოთხ გამარჯვებულ აქსელერატორთან. საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, აქსელერატორმა უნდა უზრუნველყოს ოთხი 12-თვიანი აქსელერაციის ციკლის განხორციელება.

გამარჯვებული აქსელერატორების მიერ აქსელერაციის კომპონენტი განხორციელდება ექვსთვიანი შუალედით, რაც გულისხმობს რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორი აქსელერატორის მიერ კომპონენტის განხორციელება დაიწყება წლის პირველ თვეში, ხოლო დანარჩენი ორის მიერ წლის მეექვსე თვეში.

აქსელერატორების მიერ აქსელერაციის კომპონენტის განხორციელების კონკრეტული ვადები დარეგულირდება აქსელერატორის საგრანტო ხელშეკრულებით.

საგრანტო ხელშეკრულების ვადა მეორე, მესამე და მეოთხე ციკლის განსახორციელებლად, შესაბამისი 12 თვიანი ვადებით გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ:

  • აქსელერატორი ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

  • წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით შესრულებულია შეფასების ინდიკატორები საანგარიშო პერიოდისთვის და მოწონებულია სააგენტოს მიერ.

აქსელერაციის პროგრამის სტრუქტურა

სააგენტო, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში, პასუხისმგებელია პროგრამის განხორციელებაზე.

ბენეფიციარი აქსელერატორის მიერ განსახორციელებელი აქსელერაციის კომპონენტი თითოეული ნაკადისთვის მოიცავს სამ ფაზას:

I ფაზა - აქსელერატორების მიერ ისეთი სტარტაპ კომპანიების შერჩევა, ინტენსიური სწავლება და მენტორშიპი, რომელთა დამფუძნებლებს აქვთ გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე ბიზნეს იდეა და მისი განხორციელების შესაბამისი კომპეტენცია. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს 40 სტარტაპ კომპანიას.

II ფაზა - აქსელერატორში ჩართული სტარტაპ კომპანიების ინტენსიური სწავლება და მენტორშიპი და „მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის“ შემუშავება/დახვეწაში ხელშეწყობა, რაც სტარტაპ კომპანიის პროდუქტს მოარგებს ბაზრის საჭიროებებს და გახდის კონკურენტუნარიანს. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს არაუმეტეს 20 სტარტაპ კომპანიას.

III ფაზა - აქსელერატორში ჩართული სტარტაპ კომპანიების სწავლება და მენტორშიპი მათზე მორგებული ინდივიდუალური ხელშემწყობი მექანიზმების მეშვეობით, რაც მოიცავს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებას, გლობალურ ან/და რეგიონალურ ბაზარზე გასვლას, პროდუქტის მომხმარებლების ზრდასა და შემოსავლების გენერირებას. ამ ფაზაში ყოველწლიურად თითოეული აქსელერატორი შეარჩევს არაუმეტეს 10 სტარტაპ კომპანიას.

აქსელერატორი უფლებამოსილია თითოეულ ფაზა დააკომპლექტოს მის მიერ კონკურსის წესით შერჩეული სტარტაპებით. სტარტაპი უფლებამოსილია განაცხადი გააკეთოს ერთზე მეტ აქსელერატორთან.

ფაზა 1: დამფუძნებლების ხედვისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობა (Founder-Market Fit)

აქსელერატორები სტრუქტურირებული მენტორობისა და ქოუჩინგის მეშვეობით დაეხმარებიან სტარტაპებს დახვეწონ ბიზნეს იდეები, უკეთ გაიგონ ბაზრის საჭიროებები და დაადასტურონ სტარტაპის კონცეფციები. პირველ ფაზაში აქსელერატორის მიერ შერჩეულ უნდა იქნეს 40 სტარტაპი. პირველი ფაზის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 2 თვე.

I ფაზის ძირითადი საკითხები:

  • დამფუძნებლის უნიკალური უნარებისა და კონკურენტული უპირატესობების იდენტიფიცირება-გაძლიერება;

  • ბაზრის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ანალიზი

  • ბიზნეს იდეის გამოცდა და მომხმარებლის აღმოჩენა

  • ბიზნეს მოდელის დახვეწა და პროდუქტის პოზიციონირება;

  • პირველადი Pitch Deck-ის მომზადება პოტენციური ინვესტორებისთვის;

  • ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება.

ფაზის ბოლოს, სტარტაპებს უნდა ჰქონდეთ ბიზნეს იდეა, რომელიც პასუხობს ბაზრის დადასტურებულ საჭიროებას და შესწავლილი აქვთ სამიზნე ბაზრები.

ფაზა 2: მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (MVP)

აქსელერატორმა მეორე ფაზისთვის უნდა შეარჩიოს არაუმეტეს 20 სტარტაპი. ამ ფაზაში სტარტაპები მუშაობენ ფუნქციური მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) შექმნაზე, რომელიც მზად იქნება რეალურ ბაზარზე დასატესტად. ძირითადი მიზანია შეიქმნას პროდუქტის ისეთი ვერსია, რომელიც შექმნის საკმარის ღირებულებას, მოიზიდავს ადრეულ მომხმარებლებს და დაადასტურებს მომხმარებელთა საჭროებებს. მეორე ფაზის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 4 თვე.

II ფაზის ძირითადი საკითხები:

  • პირველი მოქმედი პროტოტიპის დიზაინის შექმნა.

  • პროდუქტის გატესტვა და მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება.

  • პროდუქტის ფუნქციონალის გაუმჯობესება, ადრეული მომხმარებლების უკუკავშირის საფუძველზე.

  • ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება და შემოსავლის წყაროების იდენტიფიცირება.

  • პოტენციური პროდუქტის ბაზრის საჭიროებებთან შესაბამისობის (Product-Market Fit) შეფასება.

მეორე ფაზის სტარტაპები, ისარგებლებენ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც გულისხმობს თითოეული სტარტაპის საგრანტო დაფინანსებას 50,000 ლარის ოდენობით.

ფაზა 3: ბაზარზე შესვლა (Market Entry)

აქსელერატორმა მესამე ფაზისთვის უნდა შეარჩიოს არაუმეტეს 10 სტარტაპი. ამ ფაზაში სტარტაპები ემზადებიან ბაზარზე გასვლისთვის. მესამე ფაზის ხანგრძლივობაა 6 თვე.

III ფაზის ძირითადი საკითხები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ბიზნესოპერაციების მასშტაბირება და გაყიდვების არხების გაფართოება; 

  • გლობალურ ან/და რეგიონალურ ბაზარზე გასვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

  • მომხმარებელთა მოზიდვა, ზრდა და შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავება;

  • ინვესტორებთან წარდგენისთვის მომზადება და დამატებითი დაფინანსების მოზიდვა;

  • გლობალურად გაფართოება სტრატეგიული პარტნიორობისა და ინვესტორთა ქსელების მეშვეობით.

მესამე ფაზაში გადასული სტარტაპები, ისარგებლებენ პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რაც გულისხმობს თითოეული სტარტაპის საგრანტო დაფინანსებას 150,000 ლარის ოდენობით (სახელმძღვანელოს მე-6 თავი)

მესამე ფაზის დასრულებამდე ბენეფიციარი აქსელერატორი ვალდებულია სტარტაპებისთვის უზრუნველყოს საბოლოო დემო დღე. დემო დღის ფარგლებში სტარტაპები თავიანთ პროდუქტებს წარადგენენ მეწარმეების, ინვესტორების, კორპორატიული პარტნიორების და საჯარო სექტორის წარმომადგენლების წინაშე.

აქსელერატორი უფლებამოსილია დემო დღე ასევე უზრუნველყოს პირველი ან/და მეორე ფაზის დასრულებისას.

სტარტაპ კომპანიებისთვის დამატებით სარგებელი

იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი აქსელერატორის მიერ განხორციელებული აქსელერაციის კომპონენტის დიზაინი ითვალისწინებს სტარტაპ კომპანიებისთვის დამატებით სარგებელს, აღნიშნული სარგებელი ორიენტირებული უნდა იყოს მონაწილე სტარტაპებისთვის გრძელვადიანი ღირებულების შექმნისკენ და შეიძლება მოიცავდეს აქსელერაციის დასრულების შემდგომ მხარდაჭერას, მათ შორის:

  • “Alumni” ქსელის განვითარებას, რის ფარგლებშიც მოხდება ქსელის წევრებისთვის (აქსელერაციის ბენეფიციარი სტარტაპებისთვის) რეგულარული ღონისძიებების უზრუნველყოფა, მენტორებთან, პოტენციურ ინვესტორებთან ან/და ინდუსტრიის ექსპერტებთან კავშირების დასამყარებლად.

  • აქსელერაციის დასრულების შემდეგ სტარტაპაბის ბიზნეს კონსულტაცია (ბიზნეს-მოდელის დახვეწისა და მასშტაბირების მიმართულებით).

  • აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სტარტაპების მობილობა სამიზნე ქვეყნებში.

4. აქსელერატორებისთვის გრანტის გაცემა, ანგარიშგება და მონიტორინგი

4.1. გრანტის გაცემა და ანგარიშგება

გრანტის გაცემა ხდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაბამისად, შემდეგი სქემით:

  • პირველადი ანგარიშის საფუძველზე განხორციელდება გრანტის თანხის 30%-ის ავანსად ჩარიცხვა, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, თუმცა არაუგვიანეს აქსელერაციის ნაკადის დაწყებამდე 1 თვით ადრე.

  • დარჩენილი გრანტის თანხის 70% გადანაწილებული უნდა იყოს 3 ტრანშად და მისი გაცემა ხდება აქსელერატორის მიერ წარმოდგენილი კვარტალური ანგარიშების საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბიუჯეტის შესაბამისად. კვარტალური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველი კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. გრანტი გადაირიცხება მხოლოდ ანგარიშის დადასტურების შემდეგ.

პირველადი ანგარიში

პირველადი ანგარიში უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დაგეგმილ და ჩატარებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, შერჩეულ მენტორებზე, საოპერაციო გუნდზე, სტარტაპების სააპლიკაციო პროცესზე, შერჩევის კრიტერიუმებზე, სილაბუსზე და პირველი კვარტლის ბიუჯეტზე. აღნიშნული ავანსი განკუთვნილია საწყისი ეტაპის აქტივობების განხორციელებისთვის, როგორიცაა სტარტაპების მოძიება (headhunting), პროგრამის მარკეტინგი და სხვა.

კვარტალური ანგარიში

კვარტლური ანგარიში, შესაბამისი ფაზებისთვის უნდა შეიცავდეს ცხრილ 2-ში წარმოდგენილ ინფორმაციას.

ცხრილი 2.

მენტორები
  • მენტორები და მათი ექსპერტიზა

  • მენტორის მიერ ჩატარებული ვორქშოფები და სესიები

სილაბუსი და პროგრამის სტრუქტურა
  • ანგარიშგების პერიოდში გავლილი მოდულები

  • სტარტაპების სწავლების შედეგები

მარკეტინგული კამპანია
  • ჩატარებული კამპანიები

  • კამპანიებში ჩართულობის მაჩვენებელი: მთლიანი დაფარვა, კლიკების მაჩვენებელი;

  • დაგეგმილი კამპანიები

თითო ფაზაზე სტარტაპების აპლიკაციების და შერჩევის პროცესი
  • აპლიკანტი სტარტაპების რაოდენობა რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს X ფაზაზე

  • აპლიკანტი სტარტაპები ინდუსტრიულ ჭრილში

  • შეფასების კრიტერიუმები

  • ჩატარებული ინტერვიუების რაოდენობა(ინფორმაცია ნებისმიერი შერჩევის პროცედურაზე რომელიც ჩატარდა)

  • ინტერვიუს შედეგები: არჩეული აპლიკანტი სტარტაპი[განაცხადის ნომერი]; არ არის არჩეული[განაცხადის ნომერი]

  • სტარტაპების პროფილები (ინდუსტრიის მითითებით)

  • ბენეფიციარი სტარტაპების დამფუძნებლები

  • ბენეფიციარი სტარტაპების პროდუქტი/სერვისები: [მოკლე აღწერა]

  • ბენეფიციარი სტარტაპის განვითარების ეტაპი: [იდეის ეტაპი, MVP, შემოსავლების, სხვა.]

  • ბენეფიციარი სტარტაპის უნიკალური ღირებულების წინადადება

დამატებითი კომენტარები და მომავალი ნაბიჯები
  • გამოწვევები

  • გამოვლენილი შესაძლებლობები

  • მოსალოდნელი მიღწევები

აქსელერატორის ბიუჯეტი
  • მომდევნო კვარტლის დეტალური ბიუჯეტი

საბოლოო ანგარიში

ნაკადის დასრულების შემდეგ აქსელერატორი აგზავნის საბოლოო ანგარიშს. საბოლოო ანგარიშის წარდგენა ხდება მესამე ფაზის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს ცხრილ 3-ში ინფორმაციას.

ცხრილი 3.

აქსელერატორის შეფასების ინდიკატორები
  • აქსელერატორების მენტორობის ეფექტიანობა

  • აქსელერატორების ოპერაციების ეფექტიანობა

  • ქსელის სიძლიერე (Network Strength)

  • ნაკადის სტარტაპების ღირებულება (Valuation)

  • ნაკადის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიცია

  • ნაკადის სტარტაპების მიერ მიღებული შემოსავალი

  • შექმნილი სამუშაო ადგილები

მენტორის პროფილები და წვლილი
  • ნაკადში ჩართული მენტორები

  • მენტორის შესახებ ინფორმაცია: [გამოცდილება] - [სესიები]

  • მენტორის ნამუშევარი საათები

  • სტრარტაპების უკუკავშირი მენტორებზე

სტარტაპ მეტრიკები და შესრულება 
  • წარმოდგენილი უნდა იყოს სტარტაპის შესაბამისი მეტრიკები

რეკომენდაციები ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • ნაკადის ძირითადი მიგნებები

  • გამოწვევები და გადაჭრის გზები

  • რეკომენდაციები მომდევნო ნაკადებისთვის

4.2 აქსელერატორის მონიტორინგი

აქსელერაციის კომპონენტის მონიტორინგი გულისხმობს აქსელერატორის წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე აქსელერატორის შეფასების ინდიკატორების შესრულების შემოწმებას.

საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია თუ დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება საგრანტო ხელშეკრულების შესრულებას.

აქსელერატორის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა

სააგენტო უფლებამოსილია ცალმხრივად, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ან შეწყვიტოს აქსელერატორის გრანტის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება აქსელერაციის პროგრამაში ან გრანტის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების დარღვევა.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი შემთხვევებით:

  • აქსელერატორის საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მენტორობის, ტრენინგების ან რესურსების ვერ უზრუნველყოფა.

  • სახელმძღვანელოთი გაწერილი წესებისა და ვადების დარღვევა.

  • სტარტაპის ინვესტიციებზე წვდომისა და ინვესტორთა ქსელთან დაკავშირების ვერ უზრუნველყოფა.

  • კონფიდენციალურობის დარღვევა ან სტარტაპის სენსიტიური ინფორმაციისა და ინტელექტუალური საკუთრების არასათანადო მოპყრობა.

  • ბენეფიციარი სტარტაპის მიერ მიღებული გრანტის შესრულების ზედამხედველობა და მენტორობის ვალდებულების შეუსრულებლობა.

  • ანგარიშების წარმოდგენის ვალდებულების დარღვევა, პროექტის განხორციელების, ოპერაციების, დოკუმენტაციის ან სხვა შესაბამისი მასალების ინსპექტირებაზე სააგენტოს წვდომის შეზღუდვა, ან მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობა.

  • სტარტაპის პროექტის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის არ მიწოდება.

ხელშეკრულების ცალმხრივად შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს ბენეფიციარ აქსელერატორს დარღვევის შესახებ და სთხოვს მას შეტყობინების მიღებიდან ორი (2) კვირის ვადაში გამოასწოროს აღნიშნული საკითხი. თუ ბენეფიციარი აქსელერატორი არ გამოასწორებს დარღვევას აღნიშნულ ვადაში, სააგენტოს აქვს უფლება საბოლოოდ შეწყვიტოს საგრანტო ხელშეკრულება.

თუ საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება პროგრამის განხორციელების პერიოდში, ბენეფიციარ აქსელერატორს აღარ ექნება უფლება მიიღოს გამოუყენებელი ტრანში.

აქსელერატორის შეფასების ინდიკატორები

აქსელერატორის შეფასების ინდიკატორების განსაზღვრის მიზანია აქსელერატორის საერთო წარმატებისა და გრძელვადიანი გავლენის შეფასება. ინდიკატორები შესაბამისობაშია პროგრამის სტრატეგიულ მიზნებთან.

აქსელერატორის შეფასების ინდიკატორები:

  • აქსელერატორების მენტორობის ეფექტიანობა;

  • აქსელერატორების ოპერაციების ეფექტიანობა;

  • ქსელის სიძლიერე (Network Strength);

  • ნაკადის სტარტაპების ღირებულება (Valuation);

  • ნაკადის სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიცია;

  • ნაკადის სტარტაპების მიერ მიღებული შემოსავალი;

  • სამუშაო ადგილების შექმნა;

სტარტაპ კომპანიების საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირება და მონიტორინგი

სტარტაპების საგრანტო დაფინანსება სააგენტოს მიერ გაიცემა მე-2 და მე-3 ფაზაში შერჩეულ სტარტაპებზე, სტარტაპსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საგრანტო ხელშეკრულებას უნდა დაერთოს აქსელერატორის მიერ დადასტურებული ბიუჯეტი.

მე-2 ფაზის თითოეული სტარტაპი მიიღებს 50,000 ლარის ოდენობის გრანტს, ხოლო მე-3 ფაზის თითოეული სტარტაპი მიიღებს 150,000 ლარის ოდენობის გრანტს. გადარიცხვა მოხდება აქსელერატორის მხრიდან დადასტურებული ბიუჯეტის წარმოდგენის საფუძველზე.

ბენეფიციარი სტარტაპი გამოიყენებს დაფინანსებას პროექტის შეთანხმებული ბიუჯეტის შესაბამისად. მოამზადებს კვარტალურ ფინანსურ ანგარიშებს თანმიმდევრულად გამოყენებული საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების საფუძველზე, საკასო მეთოდით, ისე რომ ადეკვატურად იქნას ასახული პროექტთან დაკავშირებული ოპერაციები, რესურსები და ხარჯები.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში სააგენტო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორციელებს ბენეფიციარი სტარტაპების 30%-ის ფინანსურ მონიტორინგს. საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება პროგრამით დაფინანსებული ყველა კომპანიის ფინანსური მონიტორინგი.

შერჩეულმა სტარტაპებმა უნდა წარმოადგინონ ფინანსური დოკუმენტები, როგორიცაა: დანახარჯების უწყისი (SOE), ფინანსური ანგარიში და სპეციალური ანგარიშის საბანკო ამონაწერი სააგენტოს მიერ მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები და შესაბამისი ფინანსური ჩანაწერები.

ფინანსურ რეპორტში არსებული ისეთი შეუსაბამობები, რომლებიც შესაძლებელია გამოსწორდეს, ბენეფიციარმა სტარტაპმა უნდა შეასწოროს და ხელახლა წარადგინოს, სააგენტოს წერილობითი შეტყობინების შემდეგ.

სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა ხდება წერილობითი შეთანხმებით, აქსელერატორის მომართვის საფუძველზე.

6.1 ხარჯების მიზნობრიობა

გრანტის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ მიზნობრივი ხარჯები. მიზნობრივ ხარჯებად შეიძლება ჩაითვალოს ის ხარჯები, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას

  • ხარჯი გაწეულია შეთანხმებული პროექტის ბიუჯეტის თანახმად.

  • გაწეული და გადახდილია პროექტის განხორციელების პერიოდში.

  • მიზნობრივი და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.

  • აღრიცხულია სტარტაპ ბენეფიციარის საბუღალტრო ჩანაწერებში.

  • შეესაბამება ადგილობრივ საგადასახადო კანონმდებლობას.

აპლიკანტი სტარტაპის მიერ წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

  • ხელფასები;

  • საქონელი და მომსახურება;

  • ძირითადი აქტივები;

  • სხვა ხარჯები (ნებისმიერი სხვა ტიპის ხარჯი, როემლიც ზემოჩამოთვლილი ბიუჯეტის კატეგორიებში არ შედის).

6.2 არამიზნობრივი ხარჯები

6.2 არამიზნობრივი ხარჯები

არამიზნობრივ ხარჯებად განიხილება შემდეგი:

ნებისმიერი მხარისათვის გადასახდელი პროცენტი ან ვალი.

გაუთვალისწინებელი ხარჯები ან რეზერვები შესაძლო მომავალი დანაკარგებისა ან დავალიანებებისათვის.

დღგ-ს, მოგების და იმპორტის გადასახადი იმ შეღავათების შესაბამისად, რაც ბენეფიციარებისათვის არის გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. (ბენეფიციარ სტარტაპს, დღგ-ს შემთხვევაში, შეუძლია დღგ გრანტის სახსრებიდან დაფაროს, თუმცა, ამგვარი გადახდა ვერ ჩაითვლება მიზნობრივ ხარჯად და შესაბამისად არ უნდა იყოს შეტანილი კვარტალური ფინანსური ანგარიშის დანახარჯების ნუსხაში).

ბიუჯეტის ის პუნქტები, რომელიც უკვე დაფინანსებულია სხვა სტრუქტურის, პროგრამის ან კომპანიის/დაწესებულების მიერ (ორმაგი დაფინანსების თავიდან აცილება).

კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული დანაკარგები, აგრეთვე ჯარიმები.

გართობისა და წარმომადგენლობითი ხარჯები.

სტარტაპ ბენეფიციარმა გადახდები არ უნდა აწარმოოს ნაღდი ფულით. პროექტისათვის გაწეული ხარჯები მხოლოდ პროექტის მიზნებისათვის გახსნილი სპეციალური ბანკის ანგარიშიდან უნდა დაიფაროს.

თუ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოვლინდა არამიზნობრივი ხარჯები, ბენეფიციარი სტარტაპი ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში დააბრუნოს მითითებული თანხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.

6.3 სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა

სააგენტო უფლებამოსილია ცალმხრივად, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს ან შეწყვიტოს სტარტაპის საგრანტის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გრანტის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების დარღვევა.

სააგენტოს მხრიდან ცალმხრივად შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგით:

  • ბენეფიციარი სტარტაპის მიერ ფინანსური დოკუმენტაციის არ მომზადება ანგარიშგების არსებული სტანდარტების შესაბამისად, რაც აუცილებელია პროექტის ოპერაციების, რესურსებისა და ხარჯების სრულად წარმოდგენისთვის

  • ბენეფიციარმა ვერ შეძლო სათანადოდ დაეცვა ფინანსური მართვის პრინციპები და მოემზადებინა ფინანსური ანგარიშები თანმიმდევრულად გამოყენებული საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად, იმგვარად, რომ ადეკვატურად აესახა პროექტთან დაკავშირებული ოპერაციები, რესურსები და დანახარჯები;

  • ბენეფიციარი სტარტაპის მიერ სააგენტოსთვის პროექტის განხორციელების, ოპერაციების, შესაბამისი ჩანაწერების ან დოკუმენტაციის მონიტორინგზე წვდომის შეზღუდვა, ან პროექტის შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაციის არმიწოდება.

  • ბენეფიციარი სტარტაპის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის არმიწოდება.

დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო წერილობით აცნობებს ბენეფიციარ სტარტაპს დარღვევის შესახებ და სთხოვს მას შეტყობინების მიღებიდან ორი (2) კვირის ვადაში გამოასწოროს აღნიშნული საკითხი. თუ ბენეფიციარი სტარტაპი არ გამოასწორებს დარღვევას აღნიშნულ ვადაში, სააგენტოს აქვს უფლება საბოლოოდ შეწყვიტოს სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულება.

ბენეფიციარი სტარტაპის მხრიდან, სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულების რომელიმე პირობის დარღვევის გამო, ბენეფიციარ სტარტაპს დაეკისრება ვალდებულება, სრულად ან ნაწილობრივ დააბრუნოს სააგენტოს მიერ გადარიცხული თანხა, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც სააგენტომ აღიარა მიზნობრივად გახარჯულ თანხად.

თუ ხელშეკრულება სააგენტოს მხრიდან შეწყდა ბენეფიციარი სტარტაპის მონიტორინგის დროს, რომელიც უკვე გადავიდა მე-3 ფაზაზე, აქსელერატორი ვალდებულია ბენეფიციარ სტარტაპს შეუწყვიტოს აქსელერაციაში მონაწილეობის უფლება.

იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი სტარტაპი შეწყვიტავს სტარტაპის საგრანტო ხელშეკრულებას, ან გამოეთიშება პროგრამას, ბენეფიციარი სტარტაპი ვალდებულია სააგენტოს დაუბრუნოს გადარიცხული თანხა, იმ ხარჯების გამოკლებით, რომელთა მიზნობრიობასაც აღიარებს სააგენტო.

თაღლითობის პრევენცია და ინტერესთა კონფლიქტი

პროგრამა მოიცავს მკაცრ მექანიზმებს რესურსების არამიზნობრივი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

თაღლითობის გამოვლენის მექანიზმები

აქსელერაციის პროგრამის იმპლემენტაციისთვის, სააგენტომ დანერგა თაღლითობის პრევენციისა და გამოვლენის მექანიზმი. ეს სისტემა მოიცავს:

  • რეგულარული ფინანსური მონიტორინგი: პერიოდული და შემთხვევითი მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებს სააგენტოს ფინანსური მონიტორინგის გუნდი.

  • ტრანზაქციების შემოწმება: გაწეული ხარჯების შემოწმება საბანკო ჩანაწერებთან, ქვითრებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ.

ინტერესთა კონფლიქტის მართვა

ყველა პირი, რომელიც ჩართულია აქსელერატორის პროგრამაში, მათ შორის მენტორები, შერჩევის კომიტეტის წევრები და პროგრამის თანამშრომლები, ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ინტერესთა პოტენციური კონფლიქტი. ძირითადი ზომები მოიცავს:

  • ინტერესთა კონფლიქტის სავალდებულო განცხადება: შერჩევის ან მენტორობის პროცესში ჩართვამდე, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ წერილობითი განცხადებები;

  • დამოუკიდებელი შერჩევის კომიტეტი: იმის უზრუნველყოფა, რომ დაფინანსებისა და შერჩევის გადაწყვეტილებები მიიღება მიკერძოების ან პირადი ინტერესის გარეშე;

  • მკაცრი შესაბამისობის პოლიტიკა: მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც კრძალავს პროგრამის თანამშრომლებისა და მენტორების მიერ ფინანსურ გარიგებებს იმ სტარტაპებთან, რომლებსაც ისინი ზედამხედველობენ.

გამოსასწორებელი ზომები

თაღლითობის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო გაატარებს შემდეგ ზომებს დარღვევის სიმძიმის მიხედვით:

  • გაფრთხილების შეტყობინებების გაცემა: მცირე ფინანსური ანგარიშგების შეცდომების შემთხვევაში, სტარტაპებს მიეცემათ შესაძლებლობა გაასწორონ შეუსაბამობები.

  • საგრანტო დაფინანსების შეჩერება: დაფინანსება შეიძლება შეჩერდეს მანამ, სანამ სტარტაპები არ გადაჭრიან შესაბამისობის პრობლემებს.

  • არამიზნობრივად გამოყენებული თანხების დაბრუნება: შესაძლოა სამართლებრივი ზომები იქნას მიღებული იმ საგრანტო თანხების დასაბრუნებლად, რომლებიც არამიზნობრივად იქნა გამოყენებული ან თაღლითურად ანგარიშგებული.

  • მუდმივი დისკვალიფიკაცია: სტარტაპები, რომლებიც მძიმე ფინანსურ დარღვევებში იქნებიან მხილებული, სამუდამოდ გამოირიცხებიან სააგენტო-ს ყველა დაფინანსების პროგრამიდან.

  • სამართლებრივი პროცედურები: თაღლითობის შემთხვევებში, სააგენტო იტოვებს უფლებას დაიწყოს სამართლებრივი ქმედება და შეატყობინოს დარღვევების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.

ამ თაღლითობის პრევენციისა და ინტერესთა კონფლიქტის ზომების დანერგვით, სააგენტო უზრუნველყოფს აქსელერაციის პროგრამის სანდოობის შენარჩუნებას, ამყარებს ნდობას დაინტერესებულ მხარეებს შორის.