საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს
თავმჯდომარის
ბრძანება
ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესისა და ინოვაციების
რეესტრის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის წესსა და
რეესტრის წარმოების ინსტრუქციას.
2. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინოვაციების
რეესტრის წარმოებასა და მის განთავსებას რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე
უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
(შემდეგში – სააგენტო).
3. ინოვაციების რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია:
www.gita.gov.ge.
4. ინოვაციების რეესტრში ამ ბრძანების შესაბამისად რეგისტრირებული
მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია გასაცნობად ნებისმიერი პირისათვის,
გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 2. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და
საშუალო კომპანიის სტატუსისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების
გამწევი კომპანიის რეესტრში რეგისტრაცია
სააგენტო, სუბიექტისთვის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური
მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის და კვლევისა და განვითარების
მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს
მთავრობის განკარგულების მიღებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში ახდენს სუბიექტის
რეგისტრაციას ინოვაციების რეესტრში.
მუხლი 3. აქსელერატორის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისა და
საინვესტიციო ფონდის რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე განცხადების განხილვა
და რეგისტრაცია
„ინოვაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7–მე-9 მუხლებით
გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი და
აქსელერატორი ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება
სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში.
ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, აქსელერატორი, ანგელოზ
ინვესტორთა ქსელი და საინვესტიციო ფონდი, განცხადებით მიმართავს სააგენტოს
ინოვაციების რეესტრის ვებგვერდის მეშვეობით.
საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის
თაობაზე განცხადება მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) საინვესტიციო ფონდის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) საინვესტიციო ფონდის იურიდიული ფორმა;
გ) რეგისტრაციის თარიღი;
დ) რეგისტრაციის ადგილი;
ე) ქვეყნები, სადაც ახორციელებს საქმიანობას;
ვ) საინვესტიციო ფონდის კაპიტალის ან ხმის უფლების მქონე არანაკლებ 10
პროცენტის მქონე პარტნიორის/აქციონერის და აქტივების მართვის კომპანიის
შესახებ ინფორმაცია;
ზ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო აქტივობის შესახებ ინფორმაცია,
რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
ზ.ა) ბოლო 3 წლის განმავლობაში ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპებში
განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა;
ზ.ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში დაფინანსებული
ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპების რაოდენობა;
ზ.გ) კუმულატიურად განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა;
ზ.დ) დაფინანსებული კომპანიების საერთო რაოდენობა.
საინვესტიციო ფონდის განცხადებას ასევე ერთვის:
ა) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული
ამონაწერი;
ბ) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული ცნობა,
რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია საინვესტიციო ფონდად რეგისტრირებულია
კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საინვესტიციო ფონდის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ
საინვესტიციო ფონდის სტრატეგია ითვალისწინებს ინოვაციურ/ტექნოლოგიურ
სტარტაპებში ინვესტიციის განხორციელებას და ბოლო 3 წლის განმავლობაში
ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპებში ჯამურად არანაკლებ 1 მილიონი ლარის
ინვესტიცია განახორციელდა, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანში წილის
არაუმეტეს 20%-ს ფლობს.
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში
რეგისტრაციის თაობაზე განცხადება მოიცავს შემდეგი სახის
ინფორმაციას:
ა) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის იურიდიული ფორმა;
გ) რეგისტრაციის თარიღი;
დ) რეგისტრაციის ადგილი;
ე) ქვეყნები, სადაც ახორციელებს საქმიანობას;
ვ)ანგელოზ ინვესტორთა ქსელში შემავალი წევრების რაოდენობა;
ზ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის წევრების და მმართველის შესახებ
ინფორმაცია;
თ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის საინვესტიციო აქტივობის შესახებ
ინფორმაცია, რომელიც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
თ.ა) ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური
მოცულობა;
თ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფინანსებული კომპანიების
რაოდენობა;
თ.გ) კუმულატიურად განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა;
თ.დ) დაფინანსებული კომპანიების საერთო რაოდენობა.
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის განცხადებას ერთვის:
ა) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული
ამონაწერი;
ბ) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული ცნობა,
რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია კანონმდებლობის შესაბამისად
დარეგისტრირებულია, როგორც ანგელოზ ინვესტორთა ქსელი ან შესაბამისი
პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ
კომპანია წესდების შესაბამისად წარმოადგენს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს;
გ) ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ
აღნიშნული ქსელი არის იურიდიული პირი, აერთიანებს არანაკლებ 10 ანგელოზ
ინვესტორს, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ქსელის მეშვეობით
განახორციელეს ჯამურად არანაკლებ 300,000 ლარის ინვესტიცია სულ მცირე 5
კომპანიაში, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანში წილის არაუმეტეს 20%-ს
ფლობენ.
აქსელერატორის შემთხვევაში ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის
თაობაზე განცხადება მოიცავს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) აქსელერატორი კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) აქსელერატორი კომპანიის იურიდიული ფორმა;
გ) რეგისტრაციის თარიღი;
დ) რეგისტრაციის ადგილი;
ე) კომპანიის პარტნიორთა და დირექტორთა შესახებ ინფორმაცია;
ვ) აქსელერატორი კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც
მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
ვ.ა) კომპანიის საქმიანობის ზოგადი აღწერა;
ვ.ბ) აქსელერატორი კომპანიის სილაბუსი, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს
3-დან 12 თვემდე ხანგრძლივობის აქსელარაციის პროგრამა;
ვ.გ) მენტორების შესახებ ინფორმაცია;
ვ.დ) სტარტაპების რაოდენობა, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაირეს
აქსელერაციის პროგრამა;
ვ.ე) სტარტაპების ჯამური რაოდენობა, რომლებმაც გაიარეს აქსელერაციის
პროგრამა, წარმატებული მაგალითების შესახებ ინფორმაცია.
აქსელერატორის განცხადებას ერთვის:
ა) შესაბამისი ქვეყნის პასუხისმგებელი უწყების მიერ გაცემული
ამონაწერი;
ბ) აქსელერატორის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ აქსელერატორი
არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სილაბუსზე დაფუძნებულ, არანაკლებ
3 თვისა და არაუმეტეს 12 თვის ხანგრძლივობის აქსელერაციის პროგრამას და
უზრუნველყოფილია სამუშაო სივრცითა და კვალიფიციური მენტორებით.
სააგენტო 15 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განცხადების
შესაბამისობას „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7–მე-9
მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და ამ მუხლის მე-3 პუნქტით
განცხადებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან.
თუ განცხადება არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, სააგენტო ადგენს ხარვეზს
და დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 10 კალენდარულდღიან ვადას ხარვეზის
აღმოსაფხვრელად, რომელსაც სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს. თუ
აღნიშნულ ვადაში პირის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი, სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის შესახებ.
ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტებით
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას,
გარდა რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილი საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული მონაცემებისა.
მუხლი 4. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები
ინოვაციების რეესტრში რეგისტრირდება ინოვაციური სტარტაპის შესახებ
შემდეგი მონაცემები:
ა) კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) საქმიანობის სფერო/ინდუსტრია;
გ) საქმიანობის ტერიტორიული არეალი;
დ) საქმიანობის ზოგადი აღწერა;
ე) სტარტაპის პროდუქტის/მომსახურების/სერვისის ინოვაციურობა;
ვ) პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ემსახურება ინოვაციური სტარტაპის
პროდუქტი/მომსახურება/პროცესი;
ზ) ინოვაციური სტარტაპის პროდუქტის/მომსახურების/პროცესის აღწერა და
მომხმარებლების ანალიზი;
თ) ინოვაციური სტარტაპის პროდუქტის/მომსახურების/პროცესის სამიზნე
ბაზარი;
ი) ინოვაციური სტარტაპის ბიზნესმოდელი;
კ) ინოვაციური სტარტაპის განვითარების ეტაპი;
ლ) ინოვაციური სტარტაპის მიერ მოპოვებული ინვესტიციის დიაპაზონი
დაფინანსების წყაროების მიხედვით;
მ) ინოვაციური სტარტაპის მიერ მიღებული შემოსავლების დიაპაზონი;
ნ) ინოვაციურ სტარტაპში დასაქმებულ პირთა რაოდენობის დიაპაზონი და
განაწილება სქესისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით;
ო) სტატუსის მინიჭების და ამოქმედების თარიღი, ასევე მოქმედების
ვადა;
პ) სუბიექტის ვებგვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) და ელ.
ფოსტის მისამართი;
ჟ) ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი.
ინოვაციების რეესტრში რეგისტრირდება ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის
სახეები“ შესაბამისად ხუთნიშნა დონეზე განსაზღვრული საქმიანობის შესახებ
ინფორმაცია;
გ) კომპანიის საქმიანობის ზოგადი აღწერა;
დ) კომპანიის მიერ განხორციელებული კვლევისა და განვითარების აღწერა და
მასზე გაწეული ხარჯების დიაპაზონი;
ე) მიღებული შემოსავლების დიაპაზონი;
ვ) დასაქმებულ პირთა რაოდენობის დიაპაზონი და განაწილება სქესისა და
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით;
ზ) სტატუსის მინიჭების და ამოქმედების თარიღი, ასევე მოქმედების
ვადა;
თ) სუბიექტის ვებგვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) და ელ.
ფოსტის მისამართი;
ი) ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი.
ინოვაციების რეესტრში რეგისტრირდება კვლევისა და განვითარების
მომსახურების გამწევი კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები:
ა) კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის
სახეები“ შესაბამისად ხუთნიშნა დონეზე განსაზღვრული საქმიანობის შესახებ
ინფორმაცია;
გ) კომპანიის საქმიანობის ზოგადი აღწერა;
დ) მიღებული შემოსავლების დიაპაზონი;
ე) დასაქმებულ პირთა რაოდენობის დიაპაზონი და განაწილება სქესისა და
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით;
ვ) სტატუსის მინიჭების და ამოქმედების თარიღი, ასევე მოქმედების
ვადა;
ზ) სუბიექტის ვებგვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) და ელ.
ფოსტის მისამართი;
თ) ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი.
ინოვაციების რეესტრში რეგისტრირდება აქსელერატორის, ანგელოზ
ინვესტორთა ქსელისა და საინვესტიციო ფონდის შესახებ შემდეგი
მონაცემები:
ა) კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) კომპანიის იურიდიული ფორმა;
გ) კომპანიის რეგისტრაციის ადგილი და თარიღი;
დ) ქვეყანა/ქვეყნები, სადაც კომპანია ფუნქციონირებს;
ე) სამიზნე ინდუსტრიების ჩამონათვალი;
ვ) კომპანიის საქმიანობის ზოგადი აღწერა;
ზ) ინოვაციების რეესტრში რეგისტრაციის თარიღი.
მუხლი 5. სტატუსის გაუქმების რეგისტრაცია, რეესტრიდან
ამორიცხვა
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ინოვაციური მცირე და საშუალო
კომპანიის სტატუსის, ან/და კვლევისა და განვითარების მომსახურების
კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის შესაბამისი სტატუსის გაუქმების
თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინოვაციების
რეესტრში აისახება ინფორმაცია შესაბამისი სუბიექტისათვის სტატუსის
გაუქმების შესახებ. ინოვაციების რეესტრში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის
მქონე სუბიექტის შემთხვევაში სტატუსის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის
ასახვის საფუძველს ასევე წარმოადგენს „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი სტატუსის მოქმედების მაქსიმალური ვადის (10 წელი) გასვლა
შემდეგი მითითებით: „სტატუსი გაუქმდა 10-წლიანი ვადის გასვლით“.
საინვესტიციო ფონდის, ანგელოზ ინვესტორთა ქსელის და აქსელერატორის
შემთხვევაში, ინოვაციების რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველს წარმოადგენს
ინოვაციების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტის მიერ სააგენტოში წარდგენილი
განაცხადი, ინოვაციების რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ.
მუხლი 6. რეესტრის მონაცემების დაცვა და შენახვა
1. რეესტრის მონაცემები ელექტრონული მატარებლების სახით ექვემდებარება
მუდმივ შენახვას.
2. რეესტრის მონაცემების დაცვას, შენახვას და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებას უზრუნველყოფს სააგენტო.