უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.05.2025
გამომცემი ორგანო სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010320050.81.094.016010 11
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 31/05/2025
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2025 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ საქმის მოკვლევის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის
ბრძანება №10
2025 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ მე-9 მუხლის, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 5 აგვისტოს №5 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესი“ და თანდართული ფორმები:
1. პირველადი განცხადების ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;
2. უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაცია დანართი №2-ის შესაბამისად;
3. განმცხადებელსა და უცხოურ პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია დანართი №3-ის შესაბამისად;
4. განმცხადებელთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დანართი №4-ის შესაბამისად;
5. ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №5-ის შესაბამისად;
6. მოკლე სარეგისტრაციო ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად;
7. დამატებითი განცხადების ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად;
8. ცვლილებების რეგისტრაციის განცხადება დანართი №8-ის შესაბამისად;
9. საბოლოო განცხადება დანართი №9-ის შესაბამისად;
10. საინფორმაციო მასალის წარდგენის ფორმა დანართი №10-ის შესაბამისად;
11. ფიცის ფორმა დანართი №11-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსირაჟდენი კუპრაშვილი
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი
„უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ადმინისტრირების და აღსრულების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ამ კანონის ადმინისტრირების და აღსრულების წესსა და პროცედურას.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონულ მონაცემთა ბაზა – ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.fara.acb.gov.ge) განთავსებული რეგისტრირებულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც შეიცავს კანონის შესაბამისად წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებებისა და განახლებების შესახებ ინფორმაციას ძებნის, დალაგების და დახარისხების ფუნქციით;
ბ) განმცხადებელი – ნებისმიერი პირი, რომელმაც წარადგინა რეგისტრაციის განცხადება ბიუროში;
გ) დაკავშირებული პირი – უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირის აგენტი, პარტნიორი, წარმომადგენელი, დირექტორი, დასაქმებული, კონსულტანტი, მმართველი და სხვა;
დ) პირველადი განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ წესით დამტკიცებულ დანართებთან ერთად (დანართი №2, დანართი №3, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში – დანართი №4, დანართი №5);
ე) დამატებითი განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ წესით დამტკიცებული დანართი №7-ის შესაბამისად;
ვ) ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლილების ან განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად;
ზ) მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირთან დაკავშირებული პირის მიერ, ამ წესით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად;
თ) რეგისტრაციის განცხადება – პირველადი განცხადება, დამატებითი განცხადება, ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება და მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება;
ი) საბოლოო განცხადება – განცხადება, რომელიც წარედგინება ბიუროს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულების შეწყვეტის შესახებ, ამ წესით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად;
კ) კონტროლი ან მისი ნებისმიერი გამოვლინება – კანონის პირველი მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტისა და ამ წესის მიზნებისთვის ნიშნავს ხმის უფლების გამოყენებით, ხელშეკრულების ძალით ან სხვა გზით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობის ან უფლებამოსილების იმგვარ განხორციელებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გავლენის მოხდენა პირის საქმიანობის მიმართულებაზე ან მის ქმედებებზე;
ლ) საინფორმაციო მასალა – ნებისმიერი მასალა, რომლის გავრცელების დროსაც პირი მიიჩნევს ან აქვს საფუძველი მიიჩნიოს, ან განიზრახავს, რომ რაიმე ფორმით გავლენას მოახდენს რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაზე ან თანამდებობის პირზე, ან საზოგადოებრივ სეგმენტზე, მათ შორის, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, მის მიღებას ან შეცვლაზე; ან უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ ან საჯარო ინტერესებზე, პოლიტიკაზე ან უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთობებზე. საინფორმაციო მასალა, რომელიც შეესაბამება ამ განსაზღვრებას, უნდა შეიცავდეს თვალსაჩინო მითითებას იმის თაობაზე, რომ ის ვრცელდება უცხოური პრინციპალის სახელით. საინფორმაციო მასალის გავრცელების ფორმა ან მეთოდი – ბეჭდური, ელექტრონული თუ სხვა სახით – არ ცვლის იმ გარემოებას, რომ იგი მიეკუთვნება საინფორმაციო მასალის ამ განსაზღვრებას;
მ) თვალსაჩინო მითითება – უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით გავრცელებულ საინფორმაციო მასალაზე ინფორმაციის გავრცელების საშუალებებთან ადაპტირებული, ადვილად აღქმადი, მკვეთრად გამოსახული და მარტივად იდენტიფიცირებადი მითითება, რომელიც ადასტურებს, რომ საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული, უცხოური პრინციპალის სახელწოდებისა და ქვეყნის მითითებით, აგრეთვე იმის მითითებით, რომ საინფორმაციო მასალასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია დაცულია ბიუროში.
თავი II
რეგისტრაცია
მუხლი 3🔗. რეგისტრაცია და გამოქვეყნება
1. რეგისტრაცია ხორციელდება ბიუროში რეგისტრაციის განცხადების წარდგენით.
2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო პირველადი რეგისტრაციის განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს შემდეგ დანართებს: პირველადი განცხადების ფორმას დანართი №1-ის შესაბამისად; უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაციას დანართი №2-ის შესაბამისად; განმცხადებელსა და უცხოურ პრინციპალს შორის არსებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას დანართი №3-ის შესაბამისად; აგრეთვე, ასეთის არსებობის შემთხვევაში – განმცხადებელთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას დანართი №4-ის შესაბამისად; ინფორმაციას ფინანსური მდგომარეობის შესახებ დანართი №5-ის შესაბამისად; მოკლე სარეგისტრაციო ფორმას დანართი №6-ის შესაბამისად, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. განმცხადებლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება ბიუროს მიერ ამ პუნქტში გათვალისწინებული დანართების სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნებით.
3. პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული პირველადი რეგისტრაციის განცხადება. პირველადი რეგისტრაციის დასრულებამდე, რეგისტრაციის ვალდებულების მქონე განმცხადებლის მიერ უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ საქმიანობა ჩაითვლება უკანონოდ.
4. მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება ბიუროს წარედგინება პირველადი განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში, ამ წესით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად.
5. დამატებითი განცხადება ბიუროს წარედგინება პირველადი განცხადების შევსებიდან ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, პრინციპალისა და აგენტის ურთიერთობის რეგისტრაციის ვალდებულების ხანგრძლივობის მანძილზე, ამ წესით დამტკიცებული დანართი №7-ის შესაბამისად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო დამატებითი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს დანართ №7-ს, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
6. ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება, კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ ან „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ბიუროს 10 დღის ვადაში წარედგინება, ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო დამატებითი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს დანართ №8-ს, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
7. ამ წესით დამტკიცებული დანართები და შესაბამისი დოკუმენტები ბიუროს წარედგინება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ფიცის ქვეშ. დანართებში და შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი. შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, რეგისტრაციის განცხადება შესაძლებელია აგრეთვე წარდგენილ იქნეს ბიუროს მიერ დადგენილი სხვა ფორმით.
8. ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს ხელმოწერილი რეგისტრაციის განცხადების მატერიალური ფორმით წარმოდგენა. განმცხადებელი ვალდებულია მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს აღნიშნული დოკუმენტაცია ფიცის ქვეშ. დანართებში და შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
მუხლი 4🔗. პირველადი განცხადება
1. განმცხადებლის მიერ თითოეული უცხოური პრინციპალის რეგისტრაციის დროს წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დანართები:
ა) პირველადი განცხადების ფორმა – ამ წესით დამტკიცებული დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია უცხოური პრინციპალის შესახებ – ამ წესით დამტკიცებული დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) ინფორმაცია განმცხადებელსა და თითოეულ უცხოურ პრინციპალს შორის შეთანხმებისა და თანამშრომლობის შესახებ, ასეთი შეთანხმების შესრულებასთან ან თანამშრომლობის ბუნებასთან და მეთოდებთან დაკავშირებით; აგრეთვე, ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან განახორციელებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, მათ შორის, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუკი ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელება მოიცავს კანონის პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოლიტიკურ საქმიანობას – ამ წესით დამტკიცებული დანართი №3-ის შესაბამისად.
2. ნებისმიერი შემდგომი ცვლილება დანართ №2 და დანართ №3-ში ბიუროს ეცნობება, ასეთი ცვლილების დადგომიდან 10 დღის ვადაში ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად. ბიურო უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს №2 და №3 დანართების ხელახლა წარდგენა.
3. თუ განმცხადებელი არის იურიდიული პირი, მათ შორის, პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა სხვა ნებისმიერი გაერთიანება, ინფორმაცია ბიუროს წარედგინება ამ წესით დამტკიცებული დანართი №4-ის შესაბამისად.
4. თუ განმცხადებელი იღებს ან უზრუნველყოფს შემოწირულებების, სესხების, ფულადი სახსრების ან სხვა მატერიალური ფასეულობების მიღებას ან შეგროვებას, როგორც სახსრების მოზიდვის კამპანიის ნაწილს მისი უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, ბიუროს ინფორმაცია წარედგინება ამ წესით დამტკიცებული დანართი №5-ის შესაბამისად. მასში აისახება ინფორმაცია მიღებული ან შეგროვებული ფულადი სახსრების ოდენობის ან მატერიალური ფასეულობის ღირებულების შესახებ, აგრეთვე, იმ პირთა სახელები და მისამართები, ვისგანაც მიღებული ან შეგროვებული იქნა ფული ან მატერიალური ფასეულობა. ასევე, უცხოური პრინციპალისთვის გადაცემული ფულის ოდენობა ან ნივთის აღწერა, გადაცემის ფორმისა და დროის მითითებით.
5. განმცხადებლის დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ბიუროს გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩაითვალოს სრულად ან ნაწილობრივ კონფიდენციალურად. აღნიშნული განმცხადებელს არ ათავისუფლებს ამგვარი ინფორმაციის ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულებისგან.
6. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული 60-დღიანი პერიოდი მოიცავს განმცხადებლისთვის რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობამდე ბოლო 60 დღეს.
მუხლი 5🔗. დამატებითი განცხადება
1. დამატებითი განცხადება ბიუროს წარედგინება ამ წესით დამტკიცებული დანართი №7-ის შესაბამისად.
2. 6-თვიანი ინტერვალით დამატებითი განცხადების წარდგენის ვალდებულება გრძელდება რეგისტრაციის ვალდებულების ვადით, მიუხედავად იმისა, განმცხადებელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული იყო თუ არა რაიმე საქმიანობაში უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესების შესაბამისად.
3. დამატებითი განცხადება ბიუროს წარედგინება რეგისტრაციის განცხადების შევსებიდან ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია გააგრძელოს დამატებითი განცხადების წარდგენის ვადა დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4. ბიურო უცხოური პრინციპალის აგენტს უგზავნის შეხსენების შეტყობინებას და აცნობებს დამატებითი განცხადების წარდგენის ვალდებულების შესახებ. შეხსენების მიუღებლობა უცხოური პრინციპალის აგენტს არ ათავისუფლებს დამატებითი განცხადებების დროულად შეტანის ვალდებულებისგან.
5. დამატებითი განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ფორმალური შემოწმებისა და გამოქვეყნების პროცედურები.
მუხლი 6🔗. ცვლილების სარეგისტრაციო განცხადება
1. პირველად, დამატებით ან საბოლოო განცხადებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილება ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად.
2. ცვლილება ინფორმაციაში, რომელიც წარმოდგენილია პირველად ან დამატებით განცხადებაში კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შეტანილი უნდა იქნეს ამ წესით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბიურო დაადგენს ცვლილების წარმოდგენის განსხვავებულ ფორმას.
3. ცვლილების სარეგისტრაციო განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ფორმალური შემოწმებისა და გამოქვეყნების პროცედურები.
მუხლი 7🔗. მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება
1. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებულმა პირებმა უნდა წარადგინონ რეგისტრაციის განცხადება კანონის შესაბამისად. თუ ბიუროს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ეს ვალდებულება შესაძლოა შესრულდეს მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადების წარდგენით ამ წესით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად.
2. თუ ბიუროს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება არ ივსება, თუ განმცხადებელთან/უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირთან დაკავშირებული პირები უშუალოდ არ არიან ჩართული რეგისტრაციას დაქვემდებარებულ საქმიანობაში უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესების შესაბამისად.
3. თუ ბიუროს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება არ ივსება, თუ უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესების შესაბამისად განმცხადებელთან/უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირთან დაკავშირებული პირის მიერ გაწეული მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ საქმისწარმოების/საორგანიზაციო ან მსგავსი საქმიანობით.
4. როდესაც განმცხადებლის/უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირის აგენტი არის პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა სხვა ნებისმიერი გაერთიანება, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები, მოკლე ფორმას ავსებს განმცხადებლის/უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულების მქონე პირის აგენტთან დაკავშირებული მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული რეგისტრაციას დაქვემდებარებულ საქმიანობაში უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესების შესაბამისად.
5. ნებისმიერი იმგვარი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადების წარმდგენი პირის მიერ გაწეული მომსახურების ხასიათის ან/და მის მიერ მიღებული კომპენსაციის, სხვაგვარი ანაზღაურების ან სარგებლის თაობაზე მიწოდებულ ინფორმაციაზე, პირი ვალდებულია, ცვლილებიდან 10 დღის ვადაში შეიტანოს ახალი მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადება ამ წესით დამტკიცებული დანართი №6-ის შესაბამისად.
6. მოკლე ფორმის სარეგისტრაციო განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი ფორმალური შემოწმებისა და გამოქვეყნების პროცედურები.
მუხლი 8🔗. საბოლოო განცხადება და რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლები
1. განმცხადებელი, რეგისტრაციის ვალდებულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, წარადგენს საბოლოო განცხადებას ამ წესით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად, უცხოურ პრინციპალთან ურთიერთობის იმ პერიოდისთვის, რომელსაც არ მოიცავს მანამდე წარდგენილი განცხადებები. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმალური შემოწმებისას დადგინდა ხარვეზი, ბიურო საბოლოო განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აქვეყნებს დანართ №9-ს, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
2. რეგისტრაცია შეწყდება საბოლოო განცხადების წარდგენის საფუძველზე, თუ განმცხადებელი სრულად შეასრულებს კანონით ნაკისრ ვალდებულებებს.
3. რეგისტრაცია შესაძლებელია შეწყდეს თუ დადგინდება, რომ განმცხადებელი ვერ წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს გარდაცვალების, შეზღუდული შესაძლებლობების ან ლიკვიდაციის გამო, ან მაშინ, როდესაც რეგისტრაციის გაგრძელებით ვერ სრულდება კანონის მოთხოვნები.
4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის უცხოურ პრინციპალთან დაკავშირებული საქმიანობა ექვემდებარება კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს, მას უფლება აქვს წარადგინოს საბოლოო განცხადება ამ წესით დამტკიცებული დანართი №9-ის შესაბამისად, უცხოურ პრინციპალთან აგენტური ურთიერთობის გაგრძელების მიუხედავად.
მუხლი 9🔗. გამონაკლისები
1. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება პირს, რომლის სასარგებლოდაც წარდგენილია ვალდებულებისგან გათავისუფლების მოთხოვნა, გარდა კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან ავტომატურად გათავისუფლდება დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი, რომელიც სათანადოდ აკრედიტებულად ჩაითვლება კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სათანადო აკრედიტაცია გულისხმობს, რომ დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
3. კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისების გავრცელების საფუძველია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება.
4. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლდება პირი, რომელიც კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობასთან, სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით − ჩართულია ან თანხმდება, ჩაერთოს მხოლოდ:
4.1. კერძო და არაპოლიტიკურ საქმიანობაში, უცხოურ პრინციპალთან კეთილსინდისიერი ვაჭრობის განსავითარებლად. ტერმინი ვაჭრობა გულისხმობს ნებისმიერი სახის საქონლის, მომსახურების ან ქონების გაცვლას, გადაცემას, შეძენას ან გაყიდვას;
4.2. საქმიანობაში, რომელიც უპირატესად არ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს;
4.3. საქმიანობაში, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად საქართველოში ფინანსური რესურსებისა და სხვა სახის შემოწირულებების შეგროვებას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარული ან ტანსაცმლისა და საკვების შეგროვების მიზნით, თუ ეს საქმიანობა გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და არ ეწინააღმდეგება მათ.
5. უცხოური პრინციპალის აგენტის საქმიანობა, როგორც ეს განსაზღვრულია კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტში, ამ უცხოური პრინციპალის კეთილსინდისიერი ვაჭრობის, კომერციის, ტურიზმის ან რეკრეაციული ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა განიხილებოდეს, როგორც „კერძოსამართლებრივი ურთიერთობა“, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური პრინციპალი ეკუთვნის უცხო ქვეყნის ხელისუფლებას ან კონტროლდება მის მიერ, მანამ სანამ ეს საქმიანობა პირდაპირ ან არაპირდაპირ არ უწყობს ხელს უცხო ქვეყნის ხელისუფლების საზოგადოებრივ ან/და პოლიტიკურ ინტერესებს.
6. პირი, რომელიც ეწევა საქმიანობას უცხო ქვეყნის კორპორაციის სახელით, მიუხედავად უცხო ქვეყნის ხელისუფლების მიერ მისი მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობისა, არ ჩაითვლება უპირატესად უცხო ქვეყნის ინტერესის შესაბამისად მოქმედად, როდესაც მისი აქტივობები უშუალოდ ემსახურება უცხოური კორპორაციის კეთილსინდისიერ კომერციულ, სამრეწველო, ფინანსურ, ტურისტულ ან რეკრეაციულ ბიზნესოპერაციებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი აქტივობები რაიმე ფორმით მართულია უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ ან ექვემდებარება მის გავლენას და პირდაპირ ან არაპირდაპირ უწყობს ხელს უცხოური მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ ინტერესებს.
7. კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ გავრცელდება მასში მითითებულ არცერთ პირზე, თუ ის ეწევა კანონის პირველი მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პოლიტიკურ საქმიანობას.
8. კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლდება საადვოკატო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც საქართველოს სასამართლოების ან ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების წინაშე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს უცხოური პრინციპალის წარმომადგენლობას სამართალწარმოების ფარგლებში იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ მოიცავს:
8.1. საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაზე გავლენის მოხდენას ან მისი პერსონალის ან თანამდებობის პირების დარწმუნებას, მაშინ როდესაც ასეთი ქმედება არ გამომდინარეობს სამართალწარმოების მიზნებიდან;
8.2. პოლიტიკურ საქმიანობას.
9. კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ითხოვს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ბიურო, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლობისტად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც მტკიცებულებას (prima facie). კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ლობისტური საქმიანობის განხორციელების საბოლოო ბენეფიციარი არის უცხო ქვეყნის მთავრობა ან უცხოური პოლიტიკური პარტია ან ლობისტური საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ლობისტად რეგისტრაციის მიუხედავად, პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ.
10. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, მიიღოს გადაწყვეტილება კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისგან პირის გათავისუფლების თაობაზე, კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. საინფორმაციო მასალა
1. საინფორმაციო მასალა, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუროს წარედგინება საინფორმაციო მასალის გავრცელების დაწყებიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ამ წესით დამტკიცებული დანართი №10-ის შესაბამისად.
2. საინფორმაციო მასალის ამ წესის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში, იგივე მასალის შემდგომი გავრცელებისას, განმცხადებელს არ ევალება ბიუროს გადაუგზავნოს საინფორმაციო მასალის დამატებითი ასლები.
3. თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, განმცხადებელი არ არის ვალდებული წარადგინოს იმ საინფორმაციო მასალის ასლი, რომელიც გადაიცემა მოძრავი გამოსახულების სახით და რომელსაც ის ავრცელებს თავისი უცხოური პრინციპალის სახელით, თუ იგი წარადგენს ყოველთვიურ ანგარიშს საინფორმაციო მასალის გავრცელების თაობაზე. ამ შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია ყოველ ჯერზე ბიუროს წარუდგინოს მოძრავი გამოსახულების კადრის ასლი, რომელიც ადასტურებს შესაბამისი მითითების თვალსაჩინოდ განთავსებას, კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. საინფორმაციო მასალაზე შესაბამისი მითითების თვალსაჩინოდ განთავსება
1. ამ წესის მიზნებისთვის, საინფორმაციო მასალაზე შესაბამისი მითითება ჩაითვლება თვალსაჩინოდ, როდესაც მასალა მონიშნულია ან ბეჭედდასმულია დასაწყისშივე იმგვარი ინფორმაციის შემცველი განცხადებით, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
2. ბეჭდური ფორმის საინფორმაციო მასალაზე თვალსაჩინო მითითების განთავსება უნდა განხორციელდეს საინფორმაციო მასალის ენაზე, მასალის დასაწყისშივე.
3. საინფორმაციო მასალას, რომელიც არ არის ბეჭდური ფორმის, თან უნდა ახლდეს განცხადება, რომელიც შეიცავს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ ინფორმაციას.
4. საინფორმაციო მასალას, რომელიც გადაცემულია ან უნდა გადაიცეს ტელევიზიით, ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებით უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ, წინ უნდა უძღვოდეს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისი თვალსაჩინო მითითება. ამგვარი თვალსაჩინო მითითება უნდა იყოს ადაპტირებული ინფორმაციის გავრცელების საშუალებასთან. იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო მასალის ხანგრძლივობა აღემატება ერთ საათს თვალსაჩინო მითითება კეთდება საათში ერთხელ და საინფორმაციო მასალის გავრცელების დასრულებისას.
5. უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელიც ფოსტით, ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებებით ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, გადასცემს მოძრავ ან უძრავ გამოსახულებას, ან იწვევს მის გადაცემას, ვალდებულია გავრცელების დასაწყისშივე გააკეთოს თვალსაჩინო მითითება.
6. კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, პოლიტიკური პროპაგანდის შემცველი ინფორმაციის მიწოდების ან ინფორმაციის ან კონსულტაციის მიღების მოთხოვნას, წინ უნდა უძღოდეს ან ახლდეს წერილობითი, თვალსაჩინო და ზუსტი განცხადება იმის შესახებ, რომ პირი კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია უცხოური პრინციპალის აგენტად.
მუხლი 12🔗. რეგისტრაციის საფუძვლები და პროცედურა
1. რეგისტრაციის საფუძველია რეგისტრაციის განცხადება.
2. რეგისტრაციის პროცედურის ფარგლებში ბიურო უზრუნველყოფს:
ა) ცნობების შეგროვებას;
ბ) ფაქტების დადგენას;
გ) ინფორმაციის გამოთხოვას;
დ) მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
მუხლი 13🔗. რეგისტრაციის განცხადების ფორმალური შემოწმება და გამოქვეყნება
1. ბიურო 3 სამუშაო დღის ვადაში ადგენს წარდგენილი რეგისტრაციის განცხადების ფორმალურ შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს გონივრული ვადით.
2. ფორმალური შემოწმების დასრულების შემდგომ რეგისტრაციის განცხადება გამოქვეყნდება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, თუ ბიუროს უფროსის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მუხლი 14🔗. რეგისტრაციის განცხადების შინაარსობრივი შემოწმება
1. ბიურო ამოწმებს რეგისტრაციის განცხადების შინაარსის სისრულეს და სიზუსტეს.
2. საინფორმაციო მასალის გავრცელებისას რეგისტრაციის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, ბიურო დამატებით ამოწმებს დაცულია თუ არა კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 15🔗. ხარვეზის დადგენა
1. თუ ფორმალური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, ბიურო ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის განმცხადებელს, განუმარტავს ხარვეზის ბუნებას და მოითხოვს მის აღმოფხვრას 3 სამუშაო დღის ვადაში.
2. თუ შინაარსობრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეგისტრაციის განცხადების შინაარსი არის არასრული ან/და არაზუსტი, ბიურო ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით შეტყობინებას უგზავნის განმცხადებელს, განუმარტავს ხარვეზის ბუნებას და მოითხოვს მის აღმოფხვრას ან/და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენას არაუმეტეს 10 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიურო 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით განმცხადებლისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენის დავალების მოთხოვნით. კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა აგრეთვე მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით პირს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან გამოიყენოს ყადაღა ან უზუნველყოფის სხვა ღონისძიებები. ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.
4. განმცხადებლის მიერ უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება უკანონოდ ჩაითვლება ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული შეტყობინების მიღების დღიდან 10 დღის ან 10 დღეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა შესწორებული რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
მუხლი 16🔗. რეგისტრაციის განცხადების წარდგენის დავალება
1. რეგისტრაციის განცხადების წარდგენის დავალების საფუძველია ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ინსპექტირების დასკვნა, რომელიც ეფუძნება ინსპექტირების შედეგებს.
2. ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, ბიურო წერილობით მიმართავს პირს და მოითხოვს რეგისტრაციის განცხადების წარდგენას 10 დღის ვადაში.
3. მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბიურო 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით პირისთვის რეგისტრაციის განცხადების წარდგენის დავალების მოთხოვნით. კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით პირს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან გამოიყენოს ყადაღა ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები. ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.
4. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პირის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, აქვს ან მომავალში ჰქონდეს კანონის დარღვევას, ბიუროს გადაწყვეტილებით, საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.
მუხლი 17🔗. რეგისტრაციის წარმოების შედეგები
1. თუ რეგისტრაციის წარმოებისას არ გამოვლინდა ხარვეზი ან განმცხადებელმა დადგენილ ვადებში აღმოფხვრა ხარვეზი, რეგისტრაციის განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში რეგისტრაციის წარმოება სრულდება.
2. თუ რეგისტრაციის წარმოებისას გამოვლინდა ხარვეზი, რომელიც დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი, ბიურო შეწყვეტს რეგისტრაციის წარმოებას. ბიურო უფლებამოსილია შესაბამის მასალები გადაუგზავნოს საგამოძიებო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.
3. თუ ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან რეგისტრაციის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დადგინდა, რომ განმცხადებელი ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ქმედებაში, რომელიც არღვევს კანონის რომელიმე ნორმას ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას, კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით განმცხადებელს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან გამოიყენოს ყადაღა ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები.
4. თუ რეგისტრაციის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დადგინდა, რომ განმცხადებელი არღვევს კანონის რომელიმე ნორმას, ბიურო უფლებამოსილია მიმართოს საგამოძიებო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.
5. თუ დადგინდა, რომ განმცხადებელი არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ან განმცხადებელზე ან უცხოური პრინციპალის აგენტზე ვრცელდება კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი, ბიურო წყვეტს რეგისტრაციის წარმოებას.
მუხლი 18🔗. რეგისტრაციის წარმოების ენა და რეგისტრაციის განცხადების მოთხოვნები
1. რეგისტრაციის განცხადება ბიუროს წარედგინება ქართულ ენაზე. უცხოენოვანი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს ნათარგმნი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმება.
2. ახალი რეგისტრაციის განცხადება ივსება ადრე წარდგენილი რეგისტრაციის განცხადებისგან დამოუკიდებლად.
მუხლი 19🔗. ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის გადაცემა
1. ბიურო უზრუნველყოფს ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შემოსული განცხადებების, თანდართული დოკუმენტების და საინფორმაციო მასალის აღრიცხვას და დაარქივებას კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ბიურო ვალდებულია, კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო მონიტორინგის (შემოწმების) მიზნით, დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, შესაბამისი საფასურის გადახდის შემდგომ, უზრუნველყოს მისთვის დოკუმენტაციის ასლების გადაცემას.
3. დოკუმენტაციის ასლების გაცემის საფასური დგინდება ბიუროს უფროსის ბრძანების საფუძველზე.
თავი III
ინსპექტირება
მუხლი 20🔗. ინსპექტირების დაწყების საფუძველი და ამოცანები
1. ინსპექტირების დაწყების საფუძველია ბიუროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი.
2. ინსპექტირების ამოცანებია:
ა) უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის გამოვლენა და საქმიანობის შესწავლა;
ბ) უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად, საინფორმაციო მასალის გავრცელების წესის შესაძლო დარღვევის გამოვლენა;
გ) უცხოური პრინციპალის აგენტის საქმიანობის მონიტორინგი;
დ) კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოვლენა.
მუხლი 21🔗. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი
1. ინსპექტირების მიზნით ბიუროს ფუნქციებია:
ა) საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის უწყვეტი მონიტორინგი;
ბ) იმ პირთა აქტივობის უწყვეტი მონიტორინგი, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ პროცესებზე და რომლებიც არიან ან შესაძლოა იყვნენ უცხოური პრინციპალის აგენტები;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც აუცილებელია კანონის აღსრულებისთვის.
2. ინსპექტირების პროცესში ბიურო უზრუნველყოფს:
ა) ცნობების შეგროვებას;
ბ) ინფორმაციის გამოთხოვას;
გ) ფაქტების დადგენას;
დ) პირის გამოკითხვას/დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
მუხლი 22🔗. ინსპექტირების დასკვნა
1. ინსპექტირების პროცესში გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, ამგვარი საჭიროების შემთხვევაში, ბიურო პირს მიმართავს მოკვლევის წერილით და მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენას 10 დღის ვადაში.
2. პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ბიურო 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით. კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბიურომ შესაძლოა დამატებით მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით პირს/უცხოური პრინციპალის აგენტს დაავალდებულოს შეასრულოს კანონი ან კანონის საფუძველზე დაწესებული რეგულაცია, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც არღვევს კანონს ან კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას ან/და შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება ან გამოიყენოს ყადაღა ან უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები. ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი საქმის მასალები შესაძლებელია გადაიგზავნოს საგამოძიებო უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის.
3. ინსპექტირების შედეგად, ბიურო ამზადებს დასაბუთებულ დასკვნას კანონდარღვევის არსებობის/არარსებობის თაობაზე.
4. ინსპექტირების დასკვნა შესაბამის მასალასთან ერთად შესაძლოა გახდეს რეგისტრაციის წარმოების დაწყების საფუძველი.
თავი IV
დოკუმენტები და ჩანაწერები
მუხლი 23🔗. განმცხადებლისა და უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ მტკიცებულებების შენახვის ვალდებულება
1. განმცხადებელმა და უცხოური პრინციპალის აგენტმა, კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, უნდა შეინახოს შემდეგი დოკუმენტები და ჩანაწერები:
ა) ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით გაგზავნილი და მიღებული კორესპონდენცია, აგრეთვე, ყველა სახის შეტყობინება და წერილობითი კომუნიკაცია, ნებისმიერ უცხოურ პრინციპალთან და სხვა პირთან, რომელიც დაკავშირებულია უცხოური პრინციპალის სახელით ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე მის საქმიანობასთან;
ბ) ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებით გაგზავნილი და მიღებული კორესპონდენცია, აგრეთვე, ყველა სახის შეტყობინება და წერილობითი კომუნიკაცია, ყველა პირთან, რომელიც უკავშირდება საკუთარი ან მისი ნებისმიერი უცხოური პრინციპალის პოლიტიკურ საქმიანობას;
გ) მას და მის ნებისმიერ უცხოურ პრინციპალს შორის არსებული ყველა წერილობითი ხელშეკრულების დამოწმებული ასლი;
დ) ჩანაწერები, რომლებიც შეიცავს ყველა იმ პირის ვინაობას და მისამართს, ან იმ სამიზნე ჯგუფის აღწერას, რომელსაც გადაეცა საინფორმაციო მასალა;
ე) ყველა ბუღალტრული და სხვა ფინანსური ჩანაწერი, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ მისი ნებისმიერი უცხოური პრინციპალის სახელით განხორციელებულ საქმიანობასთან, მათ შორის, საბანკო ამონაწერები და შემოსავლის და ხარჯების შესახებ ჩანაწერები, სადაც ნაჩვენებია ყველა იმ პირის ვინაობა და მისამართი, რომელმაც გადაუხადა ან მისგან მიიღო ფულადი სახსრები, აგრეთვე, თითოეული გადახდილი ან მიღებული თანხის ოდენობა და თარიღი;
ვ) თუ განმცხადებელი/უცხოური პრინციპალის აგენტი არის პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა სხვა ნებისმიერი გაერთიანება, მის მართვასთან ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და სხვა ბუღალტრული და ფინანსური ჩანაწერი. დოკუმენტები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მისი ყველა დაკავშირებული პირის, მათ შორის, იმ პირთა ვინაობისა და მისამართის შესახებ, რომლებიც აღარ მოქმედებენ, როგორც დაკავშირებული პირები;
ზ) სხვა დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც აუცილებელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობის სრულფასოვანი აღქმისთვის.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები და ჩანაწერები ინახება იმგვარად, რომ ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს შემოწმებისთვის, კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.
3. პირმა უნდა შეინახოს აგენტობის პერიოდში წარმოებული ამ მუხლის პირველი პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტები და ჩანაწერები მისი რეგისტრაციის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში.
4. ბიუროს უფროსმა, დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა განმცხადებელს დართოს ნება გაანადგუროს დოკუმენტები და ჩანაწერები, რომლებიც წარდგენილი იყო განადგურების მოთხოვნამდე 5 წლით ან 5 წელზე მეტი ვადით ადრე, პირველადი ან დამატებითი განცხადების რეგისტრაციის ფარგლებში.
თავი V
კონსულტაცია და საკონსულტაციო დასკვნის გაცემა
მუხლი 24🔗. კონსულტაცია
1. კონსულტაცია გაიცემა სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის, ვებგვერდზე არსებული ჩათის ან ბიუროს ოფისში კონსულტაციის მეშვეობით. კონსულტაცია შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ განცხადების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.
2. კონსულტაცია, როგორც წესი, გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ამ შემთხვევაში, კონსულტაცია გაიცემა მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშო დღისა.
3. კონსულტაცია გაიცემა კონსულტაციის გაცემის მოთხოვნის წარმდგენი პირის მიერ ბიუროსთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ამ ინფორმაციის ფარგლებში. ბიუროსთვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას, სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია ის პირი, ვინც ითხოვს კონსულტაციას.
4. კონსულტაციის გაცემის პროცედურის მიმდინარეობა არ ათავისუფლებს პირს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.
მუხლი 25🔗. საკონსულტაციო დასკვნის გაცემის წესი
1. უცხოური პრინციპალის ნებისმიერი ამჟამინდელი აგენტი ან სავარაუდო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირი, ან მათი წარმომადგენელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს ბიუროს და მოითხოვოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემა, მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან, გაწეულ ხარჯებთან, ფულადი სახსრების ან მატერიალური ფასეულობის მიღებასთან, ან ტრანზაქციასთან დაკავშირებით, აგრეთვე იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა კანონის შესაბამისად რეგისტრაციას.
2. კონსულტაციის დასკვნის გაცემის მოთხოვნის შესახებ განცხადების შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე საქმიანობაზე, ხარჯზე, ფულადი სახსრების ან მატერიალური ფასეულობის მიღებასა და შესაბამის ტრანზაქციებზე, მათ შორის:
ა) აგენტ(ებ)ის და უცხოური პრინციპალ(ებ)ის ვინაობ(ებ)ს;
ბ) აგენტის საქმიანობის ბუნებას უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებისთვის;
გ) უცხოურ პრინციპალთან უკვე არსებული ან შემოთავაზებული წერილობითი ხელშეკრულების ასლს ან თითოეული არსებული/შემოთავაზებული ზეპირი შეთანხმების ვადებისა და პირობების სრულ აღწერას;
დ) რეგისტრაციისგან გათავისუფლების მოთხოვნის შემთხვევაში, კანონის კონკრეტული მუხლის მითითებას.
3. ფიზიკური პირის მიერ ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, განცხადებას ხელს აწერს სავარაუდო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირი ან უცხოური პრინციპალის აგენტი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი განმცხადებელი არ არის ფიზიკური პირი, განცხადებას ხელს აწერს შესაბამისი უფლებამოსილი პირი (მმართველი, დირექტორი, წარმომადგენელი და სხვ.). განცხადებაზე ყველა ხელმომწერმა პირმა უნდა დაადასტუროს, რომ განცხადება შეიცავს ნამდვილ, სწორ და სრულ ინფორმაციას.
4. ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში, თითოეულმა მხარემ უნდა წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. დამატებითი ინფორმაცია ზეპირსიტყვიერად მიწოდების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით, იგივე პირის ხელმოწერით, რომელმაც წარადგინა კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება და უნდა შეიცავდეს მითითებას, იმის თაობაზე, რომ მიწოდებული დამატებითი ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრული.
5. საკონსულტაციო დასკვნის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს ბიურო, არსებული გარემოებების გათვალისწინებით. საკონსულტაციო დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში მითითებული საკითხები მოიცავს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს კანონის განმარტებას, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარმდგენ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას კონსულტაციის გაცემის მოთხოვნაზე, თუმცა აღნიშნული არ აფერხებს ბიუროს მოთხოვნის ავტორს მიმართოს იმგვარი შენიშვნით ან მითითებით, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლის. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების, დოკუმენტის ან ინფორმაციის მიღების შემდეგ ბიუროს უმოქმედობა არ ზღუდავს ბიუროს შემდგომში განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ბიურო იტოვებს უფლებას, შეინახოს მისთვის წარდგენილი კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება, დოკუმენტი ან ინფორმაცია ამ პროცედურის ფარგლებში ან გამოიყენოს ნებისმიერი ასეთი განცხადება, დოკუმენტი ან ინფორმაცია სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.
6. ბიურო საკონსულტაციო დასკვნას გასცემს კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებისა და ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
7. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარმდგენი პირი, საკონსულტაციო დასკვნას უნდა დაეყრდნოს, მხოლოდ მისი მხრიდან განცხადებაში ასახული ინფორმაციის სისრულისა და სისწორის ფარგლებში.
8. კონსულტაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენა ან საკონსულტაციო დასკვნის მომზადების მიზნით წარმოების მიმდინარეობა არ ათავისუფლებს პირს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.
9. საკონსულტაციო დასკვნის მომზადების პროცედურის ფარგლებში წარდგენილი კონფიდენციალური მასალის გამჟღავნება დაუშვებელია სათანადო წესით რედაქტირების გარეშე.