საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №05/23
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016091 1393
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 22/07/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2025 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.01.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე მაჩაბლის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრის
ბრძანება №05/23
2025 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
1. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის (შემდგომ – ეროვნული მუზეუმი) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, მისი თანხმობის შემთხვევაში, გადაინიშნოს ამ ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2025 წლის 1 აგვისტოდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე დასაქმებული პირის დანიშვნა მისი თანხმობის შემთხვევაში ამ ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ამ ბრძანების პირველი მუხლის ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისთვის ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრების (გარდა გენერალური დირექტორის პირველი მოადგილისა) დანიშვნა ამ ბრძანების პირველი მუხლის საფუძველზე დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ეროვნული მუზეუმის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებად მათ მიერ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში წერილობითი თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში.
4. ეროვნულმა მუზეუმმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანება.
მუხლი 4🔗
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოს.
საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბექა დავითულიანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი
დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომ – ეროვნული მუზეუმი) დაფუძნებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე და წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფლებამონაცვლეს.
2. ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს მუზეუმთა გაერთიანებას, რომელიც შექმნილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს აღნიშნული მუზეუმების, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართული სპორტის მუზეუმისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის უფლებამონაცვლეს.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების, ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული გალერეისა, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შედის ბოლნისის მუზეუმი, მცხეთის მუზეუმი და პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია. პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია მდებარეობს საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟის კომუნაში საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე და მოიცავს ლევილის მამულში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობებისადმი მიძღვნილ სამუზეუმო-სახელოვნებო კულტურულ-საგანმანათლებლო კერას.
4. ეროვნული მუზეუმი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
5. ეროვნული მუზეუმის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
6. ეროვნული მუზეუმის სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
7. ეროვნულ მუზეუმს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბიუჯეტი და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი, ლოგო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
8. ეროვნული მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3.
მუხლი 2🔗. ეროვნული მუზეუმის საქმიანობის მიზანი და ფუნქციები
1. ეროვნული მუზეუმი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლის საქმიანობის მიზანია სამუზეუმო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებების განვითარება და ხელშეწყობა.
2. ეროვნულ მუზეუმში დაცული საგანძური წარმოადგენს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, სახელმწიფო საკუთრებას, ეროვნული სიმდიდრის შემადგენელ ნაწილს, ერის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების ერთობლიობას, ხელშეუხებელ ერთიან სამუზეუმო ფონდს.
3. ეროვნული მუზეუმის საქმიანობის პრინციპები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
4. ეროვნული მუზეუმის ფუნქციებია:
ა) ეროვნული საგანძურის მოძიება, აღრიცხვა, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვენტარიზაცია და პოპულარიზაცია;
ბ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერდისციპლინურ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა (საველე, ლაბორატორიული, ანალიტიკური და ექსპერიმენტული კვლევა);
გ) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინოვაციური მმართველობითი და ადმინისტრაციული მოდელების შემუშავება შემდგომში ეროვნული მუზეუმის სივრცეში მათი დანერგვის მიზნით;
დ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ – განათლებისა და მეცნიერული ცოდნის გავრცელების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპოზიციების განახლებისა და ახალი ბეჭდვითი პროდუქციის შექმნის გზით;
ე) სახელოვნებო და საგანმანათლებლო-პედაგოგიური საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა უმაღლეს და სხვა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობის გზით;
ვ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნა, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა მომზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება სამუზეუმო ფონდებში მუშაობის გზით;
თ) სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან კოორდინირებული მუშაობა დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისი თემატური ექსპოზიციების გამართვის მიზნით;
ი) ეროვნული მუზეუმის ინტეგრირება სასწავლო და საგანმანათლებლო სფეროში;
კ) სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ეროვნულ მუზეუმს უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და აიღოს ვალდებულებები, დადოს გარიგებები და გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) განახორციელოს კულტურული, სახელოვნებო, სამეცნიერო, კვლევითი ან/და საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) მოაწყოს გამოფენები, შეხვედრები, სიმპოზიუმები, ექსპედიციები და სხვა კულტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის სერვისების განხორციელება, მათ შორის, უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს;
ე) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განახორციელოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა და რეალიზაცია, ასევე, სამუზეუმო ფონდებში დაცული ექსპონატების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტაჟიორები;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს მემორანდუმები;
თ) განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულებასა და უზრუნველყოფს ეროვნული მუზეუმის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 3🔗. ეროვნული
მუზეუმის
მართვა
1. ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომ – გენერალური დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. გენერალური დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ეროვნული მუზეუმის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურულ ერთეულებს, მათ მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს და სტაჟიორებს;
ე) ეროვნული მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს, კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს მემორანდუმებს, ხელშეკრულებებს, მათ შორის, შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს;
ზ) ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის შრომის შინაგანაწესს;
თ) დადგენილი წესის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ;
ი) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტს, საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
კ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ეროვნული მუზეუმის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას;
ლ) პასუხისმგებელია ეროვნული მუზეუმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლების მიზნობრივ გამოყენებაზე;
მ) ხელს აწერს ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ დოკუმენტებს;
ნ) ეროვნული მუზეუმის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, გასცემს მინდობილობებს;
ო) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ;
პ) უფლებამოსილია შექმნას კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უფლებამოსილია, გასცეს თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი;
რ) წარმოადგენს ეროვნულ მუზეუმს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ს) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმართავს შრომით ურთიერთობებს;
უ) ამტკიცებს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სამსახურებრივ ინსტრუქციებს;
ფ) განსაზღვრავს ეროვნული მუზეუმის სარეალიზაციო პროდუქციისა და გასაწევი მომსახურების საფასურს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ქ) კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის ქონების გამოყენების თაობაზე;
ღ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მისი უფლებამოსილების ვადით, მინისტრთან შეთანხმებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი.
4. გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე:
ა) კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს ეროვნულ მუზეუმში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) ასრულებს ამ დებულებით, კანონმდებლობითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. გენერალური დირექტორის არყოფნის, მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მათი ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი.
6. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.
7. გენერალური დირექტორი ვალდებულია მინისტრს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ (მათ შორის, ფინანსური ანგარიშგება), ასევე, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი პერიოდის ანგარიში.
მუხლი 4🔗. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურა
1. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულებია: დეპარტამენტები, მუზეუმები და ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული დანაყოფები.
2. ეროვნული მუზეუმის დეპარტამენტებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
გ) სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი;
დ) მონიტორინგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი;
ე) კოლექციების მართვის დეპარტამენტი.
3. ეროვნული მუზეუმის მუზეუმები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები:
ა) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი;
ბ) შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, რომლის შემადგენლობაშია, მათ შორის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი და უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი;
გ) დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა;
დ) გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი;
ე) იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი;
ვ) ქართული სპორტის მუზეუმი;
ზ) პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია;
თ) სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
ი) სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
კ) ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
ლ) დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი;
მ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი;
ნ) ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი;
ო) ბოლნისის მუზეუმი;
პ) მცხეთის მუზეუმი;
ჟ) გურჯაანის არქეოლოგიური საცავი;
რ) ძალისას არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი;
ს) ეთნოლოგიისა და ისტორიის კვლევების ინსტიტუტი;
ტ) რესტავრაციისა და კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტი;
უ) ლ. დავითაშვილის სახელობის პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი;
ფ) ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტი.
4. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი უშუალოდ ექვემდებარება ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს.
6. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი უშუალოდ ექვემდებარება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს.
7. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები, მათში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 5🔗. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
1. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ დავალებებს/მითითებებს;
გ) ახორციელებს კონტროლს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს და ავიზებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე;
ვ) ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
ზ) ინფორმაციას აწვდის გენერალურ დირექტორს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და ეროვნული მუზეუმის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ;
თ) გენერალურ დირექტორს მიმართავს დასაბუთებული შუამდგომლობით თანამშრომლის წახალისების თაობაზე;
ი) შუამდგომლობს გენერალური დირექტორისა და მისი შესაბამისი მოადგილის წინაშე სტრუქტურული ერთეულის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყოფის თაობაზე;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გენერალური დირექტორისა და მისი შესაბამისი მოადგილის დავალებებს/მითითებებს;
ლ) ასრულებს სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
3. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.
4. ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს საშტატო და არასაშტატო პოზიციებზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. მათი ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით ან/და სამუშაო აღწერილობით.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეროვნულ მუზეუმში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საარქივო საქმიანობის წარმართვა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი შერჩევის/სამსახურში მიღების და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა;
გ) ეროვნული მუზეუმის საშტატო თანამდებობათა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;
დ) თანამშრომელთა კარიერული განვითარების (დაწინაურების), კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასების, წახალისების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების და სისტემების შემუშავება, დანერგვა და გაუმჯობესება;
ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ვ) ეროვნული მუზეუმის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა. ეროვნული მუზეუმის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) ეროვნული მუზეუმის სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების შემუშავება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
კ) ეროვნული მუზეუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება;
ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და მისი პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
მ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში;
ო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეროვნული მუზეუმის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის მართვა;
ბ) ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა, ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი;
გ) ეროვნული მუზეუმის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
დ) ეროვნული მუზეუმის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ე) ეროვნული მუზეუმის შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა, ანგარიშგება;
ვ) ეროვნული მუზეუმის შესყიდვების განხორციელება, მათ შორის, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ეროვნული მუზეუმის აქტივების/ვალდებულებების, ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი;
ი) ეროვნული მუზეუმის ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის, ეროვნული მუზეუმის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა, კოორდინაცია და მართვა;
კ) ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და პროცესის მართვა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული მუზეუმის სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში;
მ) ეკონომიკური დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ნ) ეკონომიკური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ო) ვიზიტორთა ყოველთვიური სტატისტიკის წარმოება;
პ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 8🔗. სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი
სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კომუნიკაცია;
ბ) ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება, პერიოდული განახლება, განხორციელება და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული მუზეუმის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ეროვნული მუზეუმის საქმიანობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და წარმოება;
ე) ეროვნული მუზეუმის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის გვერდ(ებ)ის მართვა;
ვ) ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული ან/და განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების ფოტო/ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა და აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით გავრცელება;
ზ) შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება, დანერგვა და მისი შემდგომი მონიტორინგი;
თ) სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისას ეროვნული მუზეუმის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების შემუშავება და შესაბამისი პოზიციების მომზადება;
ი) ეროვნული მუზეუმის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ეროვნული მუზეუმის სტრატეგი(ებ)ისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
კ) სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვიური ანგარიშის შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ლ) საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება, განხორციელება და მართვა;
მ) ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების დაგეგმვა და განხორციელება;
ნ) ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების დიგიტალიზაცია და შესაბამისი ციფრული ბაზების შექმნა და მართვა;
ო) ინტერდისციპლინარული ინოვაციური პროგრამების დაგეგმვა და მართვა;
პ) სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗. მონიტორინგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი
მონიტორინგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციული შენობების, ექსპოზიციების, ფონდსაცავების დაცვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ელექტრონული (მათ შორის, სათვალთვალო და სასიგნალო) სისტემებით აღჭურვა და მათი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული მუზეუმის შენობასა და მის გარე პერიმეტრზე პოლიციის დანაყოფების მიერ ორგანიზებული დაცვისა და აღნიშნულისთვის გამოყენებული ელექტრონული დაცვითი საშუალებების გამართულად მუშაობის კონტროლი;
გ) ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციულ შენობასა და საგამოფენო დარბაზებში უცხო პირთა და დამთვალიერებელთა დაშვების საკონტროლო რეჟიმის დაწესება და მისი განხორციელების კონტროლი;
დ) მუზეუმის შენობასა და ფონდსაცავებში ყველა სახის ღირებულებათა არასანქცირებული შეტანა-გატანის აღკვეთა;
ე) ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში მნახველების გადაადგილებასა და ქცევაზე მეთვალყურეობა და კონტროლის დაწესება;
ვ) ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
ზ) ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
თ) ეროვნული მუზეუმის საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) სახანძრო და სხვა ელექტრონული დაცვითი სისტემების გამართულად მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;
კ) ეროვნულ მუზეუმში შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;
ლ) მონიტორინგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗. კოლექციების მართვის დეპარტამენტი
კოლექციების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამუზეუმო კოლექციების დაცვის, სისტემური აღრიცხვისა და დოკუმენტირების უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ეროვნული მუზეუმის შიდა რეგულაციების შესაბამისად;
ბ) ექსპონატთა რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესების კოორდინაცია კოლექციების ფიზიკური მდგომარეობის რეგულარული შეფასებითა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვით;
გ) კოლექციების მეცნიერული ინვენტარიზაცია და აღწერის პროცესის ორგანიზება, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტესა და კვლევისთვის საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობას;
დ) ძირითადი და სამეცნიერო ფონდების ცენტრალიზებული და დიფერენცირებული აღრიცხვიანობის უზრუნველყოფა;
ე) ფონდების მართვის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, შიდა სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია, რესურსების სწორად განაწილება, პროცესების მონიტორინგი და შეფასება;
ვ) ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციური პლატფორმებისა და კოლექციების მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მართვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობა კოლექციების ეფექტური მართვის, კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა ეროვნულ მუზეუმში დაცულ კოლექციებზე სწრაფი, ხარისხიანი და რეგულირებული წვდომის უზრუნველსაყოფად;
თ) პროფესიული სტანდარტების შემუშავება ფონდების მართვის, აღრიცხვა-დაცვის სფეროში ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
ი) კოლექციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
კ) კოლექციების მართვის დეპარტამენტის დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗. ეროვნული
მუზეუმის
სამეცნიერო
საბჭო და საკონსულტაციო ორგანო
1. ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის ეროვნული მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და საჭიროების შემთხვევაში, მოწვეული პირებისაგან.
2. გენერალური დირექტორი განსაზღვრავს სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას და ამტკიცებს საბჭოს დებულებას.
3. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს ეროვნული მუზეუმის სწავლული მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრებიდან. სამეცნიერო საბჭოს საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება სამეცნიერო საბჭოს დებულებით.
4. ეროვნულ მუზეუმს ჰყავს საკონსულტაციო ორგანო – მმართველთა საბჭო, რომლის შემადგენლობას სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან განსაზღვრავს გენერალური დირექტორი. მმართველთა საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება მმართველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური დირექტორი.
მუხლი 12🔗. ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო
ფონდი
1. სამუზეუმო ფონდი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობას.
2. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება სამუზეუმო ფონდს, ცალკეულ სამუზეუმო ექსპონატებს, კოლექციათა გადაადგილებას ეროვნული მუზეუმის სისტემის ფარგლებში, ექსპონირებას, კონსერვაციასა თუ რესტავრაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გენერალური დირექტორი.
3. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული მუზეუმი სამინისტროსთან შეთანხმებით გასცემს თანხმობას სხვადასხვა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე, აგრეთვე სუვენირებსა და ფართო მოხმარების საგნებზე სამუზეუმო ექსპონატების, მუზეუმის შენობისა და მის ტერიტორიაზე არსებული სხვა ობიექტების სიმბოლოებად გამოყენებაზე.
4. ეროვნული მუზეუმი ახორციელებს სამუზეუმო კოლექციებში დაცულ ფასეულობებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არსებული საავტორო და სხვა უფლებების დაცვას.
5. ეროვნული მუზეუმის ნებისმიერ სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის, ეროვნულ მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია გენერალური დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილებით.
მუხლი 13🔗. ეროვნული
მუზეუმის
ფინანსები და ქონება, აღრიცხვა და ანგარიშგება
1. ეროვნული მუზეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და სერვისებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ეროვნული მუზეუმის მიერ ბილეთების, სასუვენირო და ნაბეჭდი პროდუქციის, სამუზეუმო კაფეს და მაღაზიების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ეროვნული მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ეროვნული მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. დასახული მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად ეროვნულ მუზეუმს აქვს ქონება. ეროვნული მუზეუმის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს გადაცემული და შეძენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეროვნული მუზეუმი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები. ასევე, ეროვნული მუზეუმის ქონებად ითვლება ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
4. ეროვნული მუზეუმი პასუხისმგებელია საკუთარ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
5. ეროვნული მუზეუმის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
6. ეროვნული მუზეუმი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგინოს სამინისტროს.
7. ეროვნული მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 14🔗. ეროვნული მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ეროვნული მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ეროვნული მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიღებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ეროვნულ მუზეუმს მხოლოდ სამინისტროს წინასწარი თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ეროვნული მუზეუმის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, ასევე, შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ეროვნული მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურულ ერთეულში შექმნილი ისეთი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც სახიფათოა რომელიმე კოლექციის ან/და ცალკეული სამუზეუმო ექსპონატისათვის, მინისტრი უფლებამოსილია, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, მოცემულ სტრუქტურულ ერთეულში განსაზღვრული ვადით მიავლინოს სამინისტროს რწმუნებული/რწმუნებულები, რომლის/რომელთა უფლებამოსილებაც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 15🔗. დებულებაში
ცვლილებების
შეტანის
წესი
დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16🔗. ეროვნული
მუზეუმის
რეორგანიზაცია
და
ლიკვიდაცია
ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.