საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-732
სარეგისტრაციო კოდი
480000000.22.030.016383
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-732

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 5 ივნისის №195 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები“.
2. დაევალოს:
ა) იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული ბრძანების საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებისათვის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაგზავნა;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების/საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ამ ბრძანების გაცნობა მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტს – აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2021 წლის 22 ივნისის №01-105 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი
📎 დანართები (1)
01 732 დანართი.doc DOC

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მიზანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების (შემდგომში – წესის) დადგენის მიზანია:

ა) სამინისტროს სისტემაში ეთიკური გარემოს შექმნა და დიპლომატიური თანამდებობის პირის/საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური დიპლომატიური სამსახურის ჩამოყალიბებას, ასევე სამინისტროს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას;

ბ) სამინისტროს სისტემაში საქმიანი გარემოს შექმნა, საერთაშორისო დონეზე (ქვეყანაში მყოფი უცხოური დელეგაციები და უცხოელი სტუმრები) ქვეყნის იმიჯის ამაღლება, აგრეთვე აკადემიური გარეგნობისა და პროფესიული იმიჯის შენარჩუნება;

გ) სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში პროფესიული და საჯარო ხასიათის კომუნიკაციის წარმოება;

დ) სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურად შესრულება;

ე) იმიჯის განმტკიცება და წარმოჩენა.

2. აღნიშნული წესი ეფუძნება ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით განმტკიცებულ პრინციპებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამინისტროს თანამშრომელი – სამინისტროში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირი, პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სტაჟიორი/პრაქტიკანტი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა;

ბ) ოჯახის წევრი – სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

გ) ახლო ნათესავი – სამინისტროს თანამშრომლის ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და/ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები;

დ) საჩუქარი – სამინისტროს თანამშრომლისთვის, მისი ოჯახის წევრისათვის უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ქონება ან გაწეული მომსახურება, ქონებრივი ვალდებულებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება, რომელიც წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს;

ე) სამუშაო ადგილი – სამინისტროს პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს თანამშრომელი. სამინისტროს შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდება;

ვ) აზრის საჯაროდ გამოხატვა – საჯარო გამოსვლა, საჯაროდ გავრცელებული პუბლიკაცია, სოციალურ ქსელებში/ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია/პოსტი/კომენტარი;

ზ) სამსახურებრივი ინფორმაცია – ინფორმაციის ის კატეგორია, რომელიც სამინისტროს თანამშრომლისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს ხელმძღვანელობის პრეროგატივას განეკუთვნება;

თ) გამარტივებული დისციპლინური წარმოება – ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წარმოება, რომელიც უნდა დასრულდეს წარმოების დაწყებიდან 10 სამუშაო დღეში.

მუხლი 3. მოქმედების სფერო

ეს წესი ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულ ყველა თანამშრომელზე, გარდა სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის პირებისა.

თავი II

სამინისტროს თანამშრომლის ურთიერთობა სახელმწიფოსთან

მუხლი 4. დიპლომატიური სამსახურის პრინციპები და ფასეულობები

1. გარდა ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისა, დიპლომატიური სამსახური ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს:

ა) ერთგულება;

ბ) კანონიერება;

გ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;

დ) რელიგიური ნეიტრალიტეტი;

ე) კეთილსინდისიერება;

ვ) გამოხატვის თავიდუფლება

ზ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელება დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.

2. დიპლომატიური სამსახურის პრინციპებია:

ა) ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულად განხორციელება;

ბ) საგარეო პოლიტიკის ქმედებებისა და ინიციატივების მდგრადობა და პროგნოზირებადობა;

გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემა;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა;

ე) საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მათი უნარის, კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად დიპლომატიურ სამსახურში შესვლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

ვ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;

ზ) დიპლომატიური სამსახურის ერთიანობა;

თ) დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა.

მუხლი 5. ერთგულება

1. სამინისტროს თანამშრომელი არის ხალხისა და სახელმწიფოს ერთგული.

2. სამინისტროს თანამშრომლის მიერ ხალხის ერთგულება გულისხმობს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებას, საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე.

3. სამინისტროს თანამშრომლის მიერ სახელმწიფოს ერთგულება გულისხმობს სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაცვას, როგორებიცაა: დემოკრატიის პრინციპი, კანონიერების პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 6. კანონიერება

1. სამინისტროს თანამშრომელი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. სამინისტროს თანამშრომელი ასრულებს ხელმძღვანელის დავალებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას.

3. სამინისტროს თანამშრომელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გადაწყვეტილებათა კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

4. სამინისტროს თანამშრომელი იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევები სამინისტროში.

მუხლი 7. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

1. სამინისტროს თანამშრომელი თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფოს ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

2. სამინისტროს თანამშრომელი ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.

3. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.

4. სამინისტროს თანამშრომელი არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის.

5. სამინისტროს თანამშრომელი თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კომუნიკაციის საშუალებებით, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ისეთი ქმედებებისაგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებად.

მუხლი 8. რელიგიური ნეიტრალიტეტი

1. სამინისტროს თანამშრომელი თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს სახელმწიფო ინტერესებს პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების ინტერესებისგან, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.

2. სამინისტროს თანამშრომელი ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პირადი რელიგიური კუთვნილების, მრწამსისა და შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში, სამინისტროს სხვა თანამშრომლებსა/ კოლეგებსა და მოქალაქეებთან ურთიერთობისას, პირდაპირი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, თავს იკავებს რელიგიური შინაარსის საჯარო განცხადებებისგან და არ ახდენს საკუთარი რელიგიური მრწამსის, პრაქტიკის ან შეხედულებების დემონსტრირებას.

3. სამინისტროს თანამშრომელი დაქვემდებარებულ თანამშრომლისაგან არ ითხოვს პირადი რელიგიური მრწამსის, პრაქტიკის ან შეხედულებების შესახებ ინფორმაციის სავალდებულო გასაჯაროებას როგორც სამსახურში მიღებისას, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.

4. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თავს იკავებს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია, აღქმულ იქნეს კონკრეტული რელიგიური დოქტრინის, თემის ან გაერთიანების ინტერესების გატარებად.

5. სამინისტროს თანამშრომელი არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს პირადი რელიგიური ან იმ რელიგიური თემისა თუ გაერთიანების მიზნებისთვის, რომელსაც ის თავს მიაკუთვნებს.

მუხლი 9. კეთილსინდისიერება

1. სამინისტროს თანამშრომელი კეთილსინდისიერად ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში. თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.

2. სამინისტროს თანამშრომელი ახორციელებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ისე, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს ხელმძღვანელის მიერ მისი საქმიანობის შემოწმება.

3. სამინისტროს თანამშრომელი საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.

4. სამინისტროს თანამშრომელი უფრთხილდება და კეთილსინდისიერად იყენებს მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის მინდობილ ქონებას.

5. სამინისტროს თანამშრომელი მინდობილი ქონების დაზიანების, დაკარგვის ან/და განადგურების, ასევე მინდობილი ქონების სამინისტროში მომუშავე სხვა თანამშრომლისათვის გადაცემის, ან სამინისტროს შენობიდან გატანის შესახებ ატყობინებს სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს.

6. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უბრუნებს სამსახურებრივ მოწმობას, საშვს ან სხვა ოფიციალურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ასევე მისთვის მინდობილ ქონებას (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით), რომელიც მას გადაცემული ჰქონდა სამინისტროში უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში.

მუხლი 10. გამოხატვის თავისუფლება

1. სამინისტროს თანამშრომელს შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულება სამინისტროს პოლიტიკასთან მიმართებით, თუ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც შედის უშუალოდ მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან/და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე. აღნიშნულ შემთხვევაში, იგი უთითებს, რომ მისი შეხედულება არ წარმოადგენს სამინისტროს პოზიციას.

2. სამინისტროს თანამშრომლის მიერ საჯაროდ გაკეთებული წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი, კორექტული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამინისტროს ინტერესს.

3. სამინისტროს თანამშრომელი საჯაროდ გამოხატავს სამინისტროს პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება სამინისტროსაგან.

4. სამინისტროს თანამშრომელი თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.

5. სამინისტროს თანამშრომელი თავს იკავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისეთი ქმედებებისგან, განცხადებებისაგან ან/და სოციალური აქტივობისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულება.

6. სამინისტროს თანამშრომელი თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სამინისტროს რეპუტაციას.

7. სამინისტროს თანამშრომელს ეკრძალება ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს.

მუხლი 11. ინტერესთა შეუთავსებლობა

1. სამინისტროს თანამშრომელი არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.

2. სამინისტროს თანამშრომელი თავს არიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს კერძო ინტერესის პირდაპირ ან არაპირდაპირ გავლენად მის სამსახურებრივ საქმიანობაზე.

3. სამინისტროს თანამშრომელი, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან/და შესაძლო წარმოშობის შემთხვევაში, არ მონაწილეობს სამინისტროს სახელით სხვა დაწესებულებასთან/ორგანიზაციასთან ხელშეკრულების მომზადების ან/და მოლაპარაკების პროცესში, ასევე პოლიტიკის შემუშავების, საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილების მიღების, სხვა დაწესებულებისათვის ან/და საჯარო მოსამსახურისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენის შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელი ატყობინებს იმ სამინისტროს და ახდენს თვითაცილებას.

5. სამინისტროს თანამშრომელი უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებთანაც პირადი ან სამსახურებრივი ინტერესი აკავშირებს ან აკავშირებდა.

6. სამინისტროს თანამშრომელი უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებს ან/და მასთან დაკავშირებულ პირებს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.

7. სამინისტროს თანამშრომელი არ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეუთავსებელია მის მიერ სამინისტროში დაკავებულ პოზიციასთან.

8. სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნიდან/არჩევიდან 1 თვის ვადაში, ხოლო შემდგომ – ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 1 თებერვლამდე, განაცხადოს მასთან დაკავშირებული იმ პირის შესახებ, რომელიც მუშაობს სამინისტროში. სამინისტროს თანამშრომლის სათანადო წერილობითი განცხადება, რომელშიც მითითებულია მასთან დაკავშირებული პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და მათი კავშირის ამსახველი ინფორმაცია, წარედგინება და აღირიცხება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტროს თანამშრომელთან დაკავშირებულ პირში იგულისხმება სამინისტროს თანამშრომლის მეუღლე, შვილი და გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები. აგრეთვე სხვა პირი, რომლებთანაც საჯარო მოსამსახურეს აქვს ერთიანი საოჯახო მეურნეობა (შინამეურნეობა), ანუ ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

10. სამინისტროს თანამშრომლის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნევა მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან შეუთავსებელ საქმიანობად, თუ იგი ახორციელებს:

ა) სამეცნიერო საქმიანობას, როგორიცაა სამეცნიერო სტატიის ან ნაშრომის გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობა;

ბ) პედაგოგიურ საქმიანობას, როგორიცაა ლექციის წაკითხვა, ტრენინგებისა და სხვა სასწავლო პროგრამების წარმართვა და სხვა სახით პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

გ) შემოქმედებით საქმიანობას, როგორიცაა კულტურული ფასეულობების როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით შექმნა, აღდგენა ან/და ინტერპრეტაცია;

დ) სასპორტო საქმიანობას.

მუხლი 12. საჩუქარი

1. სამინისტროს თანამშრომელი იღებს მხოლოდ კანონით ნებადართულ საჩუქარს და თავიდან ირიდებს ისეთი საჩუქრის მიღებას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე.

2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს თანამშრომელი არ იღებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლისაგან ისეთ საჩუქარს, რომელიც სხვა თანამშრომლების მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს საჩუქრის მიმცემი პირის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფუძვლად.

3. ხელმძღვანელ თანამდებობაზე სამინისტროს თანამშრომელი თავიდან ირიდებს მისი ოჯახის წევრის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლისაგან ისეთი საჩუქრის მიღებას, რომელიც სხვა თანამშრომლების მიერ შეიძლება აღქმულ იქნეს საჩუქრის მიმცემი პირის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფუძვლად.

4. თუ სამინისტროს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი მოქმედებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის შესაბამისად.

თავი III. პროფესიული საქმიანობის სტანდარტები

მუხლი 13. დიპლომატიურ სამსახურში მოვალეობის შესრულების სტანდარტები

დიპლომატიურ სამსახურში დადგენილია მოვალეობის შესრულების შემდეგი სტანდარტები:

ა) პროფესიონალიზმი;

ბ) შესაბამისი საპროტოკოლო (მათ შორის ჩაცმულობა) წესების დაცვა;

გ) თანასწორობა;

დ) სექსუალური შევიწროების დაუშვებლობა;

ე) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

ვ) კოლეგიალობა;

ზ) სათანადო კომუნიკაციის წესების დაცვა.

მუხლი 14. პროფესიონალიზმი

1. სამინისტროს თანამშრომელი ხელმძღვანელობს პროფესიული ცოდნის, უნარ- ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე.

2. სამინისტროს თანამშრომელი უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის განხორცილებას სამსახურში წარმოქმნილი პირადი ურთიერთობების გავლენისაგან თავისუფლად.

3. სამინისტროს თანამშრომელი არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

4. სამინისტროს თანამშრომელი მზადაა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს სხვა თანამშრომლებს.

5. სამინისტროს თანამშრომელი ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში.

6. სამინისტროს თანამშრომელი ცდილობს საკუთარი ცოდნა და უნარები შესაბამისობაში მოიყვანოს თანამედროვე ტექნოლოგიის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე, სამინისტროში საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთეები და უპირატესობები.

7. სამინისტროს თანამშრომელი საჭიროებისამებრ იუმჯობესებს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს საჯარო დაწესებულების მიერ შეთავაზებულ ან სამინისტროს თანამშრომლის მიერ მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზით.

8. სამინისტროს თანამშრომელი პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს სამინისტროში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს.

9. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

10. სამინისტროს თანამშრომელი იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, სამინისტროს შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს.

11. სამინისტროს თანამშრომელი უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას.

მუხლი 15. სამინისტროს თანამშრომელთა ჩაცმულობა

1. სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ჩაცმულობის ოფიციალური სტილი და სამსახურში გამოცხადდეს საპროტოკოლო-საქმიანი ჩაცმულობით.

2. ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებზე, რომელთაც უწევთ სპეციფიკური ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ტექნიკური სამუშაოები, მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სამუშაოები), არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. უქმე და დასვენების დღეებში სამინისტროში ნებადართულია ჩაცმის თავისუფალი სტილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამინისტროში არის დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიება.

მუხლი 16. თანასწორობა

1. სამინისტროს თანამშრომელი პატივს სცემს ყველა ადამიანის ღირსებასა და სამინისტროში არსებულ მრავალფეროვან გარემოს.

2. სამინისტროს თანამშრომელი უზრუნველყოფს სამინისტროში თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას ვინმესთვის დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭების ან ვინმეს არაუპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების აკრძალვის გზით.

3. სამინისტროს თანამშრომელი თავს არიდებს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, როგორებიცაა განსხვავებული საჭიროების მქონე პირები და უმცირესობები.

4. სამინისტრო ხელს უწყობს სამინისტროში გენდერული ბალანსის მიღწევას და უზრუნველყოფს განსხვავებული სქესისათვის თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

5. სამინისტროს თანამშრომელი ცდილობს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავიდან აირიდოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენა.

მუხლი 17. სექსუალური შევიწროების დაუშვებლობა

1. სამინისტროს თანამშრომელი პატივისცემით ეპყრობა თანამშრომლებს, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.

2. სამინისტროს თანამშრომელი კარგადაა ინფორმირებული სექსუალური შევიწროების ფენომენისა და ამგვარი პრაქტიკის დაუშვებლობის შესახებ როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში.

3. სამინისტროს თანამშრომელი არ ახორციელებს სექსუალურ შევიწროებას, ინფორმირებულია ამგვარი ფაქტების მხილების შიდაუწყებრივი და ზოგადი პროცედურების შესახებ.

4. სამინისტროს თანამშრომელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას და მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალობის სრული დაცვით ეპყრობა სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოფხვრისკენ მიმართულ ნებისმიერ განხილვას, კომუნიკაციასა თუ ქმედებას.

მუხლი 18. ობიექტურობა და მიუკერძოებლობა

1. სამინისტროს თანამშრომელი გადაწყვეტილების მიღებისას შეისწავლის საქმის მასალებს და აფასებს შესაბამის ფაქტებსა და გარემოებებს, არსებობის შემთხვევაში, ისმენს მხარეთა პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებების შესაბამისად და არა პირადი ინტერესების საფუძველზე.

2. სამინისტროს თანამშრომელი უზრუნველყოფს მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევისა და სამინისტროს თანამშრომლის კარიერის მართვის ნებისმიერ ეტაპზე.

მუხლი 19. კოლეგიალობა

1. სამინისტროს თანამშრომელი პატივს სცემს თანამშრომლების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

2. სამინისტროს თანამშრომელი, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

3. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლის მიმართ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს, პირველ რიგში, განიხილავს უშუალოდ ამ თანამშრომელთან.

4. სამინისტროს თანამშრომელი საერთო დავალების შესრულებისას ან გუნდური მუშაობის დროს ცდილობს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მიაღწიოს კონსენსუსს და შესაძლო შედეგებზე იღებს ერთობლივ პასუხისმგებლობას, ასევე ჯგუფის ინტერესებს აყენებს პირად ინტერესებზე მაღლა.

მუხლი 20. კომუნიკაცია

1. სამინისტროს თანამშრომელი გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად.

2. სამინისტროს თანამშრომელი ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას.

3. სამინისტროს თანამშრომელი სამიზნე ჯგუფის შესაბამისად არჩევს საუბრის ენას, ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა და ღია დიალოგი.

მუხლი 21. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს თანამშრომლის ურთიერთობა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან

1. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს თანამშრომელი თავს არიდებს ავტოკრატიული მმართველობის სტილს და უზრუნველყოფს ინიციატივებისა და კრიტიკისათვის ღია და თავისუფალი გარემოს შექმნას.

2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს თანამშრომელი გეგმავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, უზრუნველყოფს დავალებების ეფექტურ განაწილებას, უსახავს უშუალოდ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს ინდივიდუალურ მიზნებს და მონიტორინგს უწევს მათ მისაღწევად საჭირო ქმედებებს, ახორციელებს თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას, ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და მოტივაციაზე.

3. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს თანამშრომელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოავლენს იმ სფეროებს, რომლებშიც შესაძლოა, არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის რისკი და ცდილობს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს აღნიშნული რისკის შემცირებას ან/და ეფექტიან მართვას.

4. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი სამინისტროს თანამშრომელი თავს არიდებს მის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე თანამშრომლისათვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას სხვა თანამშრომელთა ხარჯზე როგორც ზეპირი თუ წერილობითი დავალებების განაწილების, ისე კარიერული მართვისა თუ წახალისების ფორმების გამოყენებისას.

თავი IV

სამინისტროს თანამშრომლის ურთიერთობა საზოგადოებასთან

მუხლი 22. გამჭვირვალობა და ღიაობა

სამინისტროს თანამშრომელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გამჭვირვალედ და ღიად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

მუხლი 23. მომსახურების გაწევა

1. სამინისტროს თანამშრომელი საჯარო მომსახურების მიმღებ პირს აწვდის სრულყოფილ და დროულ მომსახურებას.

2. სამინისტროს თანამშრომელი საჯარო მომსახურების მიმღებ პირთან ურთიერთობისას არის ყურადღებიანი და თავაზიანი; ინარჩუნებს სიმშვიდესა და თავდაჭერილობას.

3. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივ საკითხებზე მოქალაქეებთან კომუნიკაციისას არ იყენებს პირად ელექტრონულ ფოსტასა და სოციალური ქსელის პირად გვერდს.

4. სამინისტროს თანამშრომელი სამსახურებრივი მომსახურების გაწევისას მოქმედებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის გათვალისწინებით.

თავი V

დისციპლინური წარმოების პრინციპები დიპლომატიურ სამსახურში

მუხლი 24. დიპლომატიურ სამსახურში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ზოგადი წესები

1. დიპლომატიური სამსახურისთვის დადგენილი ფასეულობებისა და პრინციპების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად სამინისტროს თანამშრომელი ვალდებულია:

ა) არ დაუშვას ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შელახოს ქვეყნის ინტერესები ან/და იმიჯი, ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ან/და სამინისტროს ინტერესს;

ბ) სოციალურ ქსელებში/ინტერნეტ სივრცეში განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ამ წესით დადგენილ პრინციპებს, აგრეთვე თავი აარიდოს ისეთი შინაარსის მასალის გამოქვეყნებას, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა და ობიექტურობა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

გ) არ გაავრცელოს არაეთიკური ხასიათის საინფორმაციო მასალა, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეუსაბამოა მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნებთან და პრინციპებთან;

დ) არ გამოიყენოს სიძულვილის ენა ან/და დისკრიმინაციული ხასიათის შემცველი შინაარსის ინფორმაცია;

ე) თავი შეიკავოს ისეთი ხასიათის ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სცდება მისი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი პროფესიული საჯარო მოხელის ქცევის/ეთიკის ნორმებს;

ვ) არ დაუშვას სხვა პირის მიერ მისი ანგარიშით/მომხმარებლის სახელით სარგებლობა და მისი ნებართვის გარეშე სარგებლობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მოახდინოს ინფორმაციის გავრცელება აღნიშნული ფაქტის შესახებ;

ზ) განზრახ ან გაუფრთხილებლობით არ მოახდინოს სამსახურებრივი ინფორმაციის გავრცელება;

თ) დაიცვას ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.

2. დაუშვებელია, სამინისტროს თანამშრომელმა გამოაქვეყნოს/გააზიაროს ისეთი შინაარსის შემცველი სტატია/ახალი ამბავი, რომელიც მიმართულია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

3. დაუშვებელია, სამინისტროს თანამშრომელმა სოციალურ ქსელებში/ინტერნეტ სივრცეში განახორციელოს რომელიმე ჯგუფზე ან/და პიროვნებაზე თავდასხმა და/ან შეურაცხყოფის მიყენება ან ისეთი ფორმით პოზიციის დაფიქსირება, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო მოხელის ქცევის სტანდარტს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი სოციალურ ქსელებში/ინტერნეტ სივრცეში სარგებლობს ფსევდონიმით (ჰქვია სხვა სახელი და გვარი).

მუხლი 25. დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის სამინისტროს თანამშრომელს შესაძლოა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მის მიმართ გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. სამინისტროს თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები განსაზღვრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით.

მუხლი 26. დისციპლინური გადაცდომა

1. დიპლომატიურ სამსახურში დადგენილია შემდეგი დისციპლინური გადაცდომები:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;

ბ) სამინისტროსთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;

გ) საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოსამსახურისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ;

დ) ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა.

2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

3. მოსამსახურის მიერ ერთდროულად რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მას დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება უფრო მძიმე დისციპლინური გადაცდომისათვის, 1 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებით.

მუხლი 27. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი

1. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ამ წესით გათვალისწინებული რომელიმე მსუბუქი დარღვევა და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები დამატებით შესწავლას არ საჭიროებს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დისციპლინური წარმოების გამარტივებული წესით ჩატარების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება უნდა დაიწყოს მინისტრის წერილობითი (შესაბამისი რეზოლუციით) დავალების საფუძველზე და უნდა დასრულდეს დავალების გაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. გამარტივებული დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე მინისტრს წინადადებას წარუდგენს შიდა აუდიტის დეპარტამენტი ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

5. გამარტივებულ დიციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით.“.

6. ის საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ წესითა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით“, წესრიგდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინებაში მყოფი სამინისტროს თანამშრომლის მიერ ამ წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, იგი ექვემდებარება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტასა და მის ვადაზე ადრე გამოწვევას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ან/და შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.

9. სამინისტროს ცენტრალური აპარატში დასაქმებული პირის მიერ ამ წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის დარღვევა წარმოადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველს.