ქუთაისის მერიის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის“ სარეალიზაციოდ გაწეული მუშაობის შესახებ

მიღების თარიღი 26.08.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №276
სარეგისტრაციო კოდი 010260050.08(0).020.000024 109
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1994
1,198 სიტყვა · ~6 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (3)

დოკუმენტის ტექსტი

ქუთაისის მერიის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის“ სარეალიზაციოდ გაწეული მუშაობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №276 1994 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი ქუთაისის მერიის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის“ სარეალიზაციოდ გაწეული მუშაობის შესახებ ქუთაისში ეკონომიკური რეფორმის განხორციელების მიზნით გატარებული ღონისძიებები ეფუძნება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის №34 ბრძანებულებითა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 2 მარტის №127 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის“ ძირითადი დებულებებს და შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს. ქუთაისში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის დღევანდელი ეტაპი კომპლექსურად მოიცავს როგორც წარმოების, მომსახურებისა და მიმოქცევის, ისე რეგიონალური მართვის, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და კონტროლის, სოციალური სფეროს პრობლემების მოწესრიგებას, გატარებული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა წარმოება, ამაღლდა საგადასახადო დისციპლინა და შედარებით გაუმჯობესდა ადგილობრივი ბიუჯეტის მდგომარეობა, ტარდება აქტიური სოციალური პოლიტიკა, გაუმჯობესდა მდგომარეობა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის ობიექტების მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბანკო სისტემისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირების მოწესრიგების მიზნით გაწეული სამუშაოები, რომლის შედეგად კუპონმა მნიშვნელოვანი საფინანსო-ეკონომიკურ ადგილი დაიკავა საგადამხდელო საქმეში, სფეროში, რაც განაპირობა კუპონის შიდა კონვერტირებადობის გაუმჯობესებამ. მთლიანად კუპონზეა გადაყვანილი რკინიგზის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სისტემები. კუპონით შესაძლებელია საქონლის შეძენა არა მარტო სახელმწიფო სექტორში, არამედ აგრარულ ბაზარზე და კერძო სავაჭრო ქსელში. შედარებით გაუმჯობესებულია ქალაქის მოსახლეობის მომარაგება აუცილებელი პროდუქტებით. ამასთან, ქუთაისში ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციას აფერხებს ის გარემოება, რომ ასეთი აქციები იმავდროულად ვერ ხორციელდება მთლიანად საქართველოში უახლოეს დღეებში განხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები, რაც ქუთაისელთა ექსპერიმენტს წარმატების მეტ გარანტიებს შეუქმნის. ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული კრიზისი ძლიერ აფერხებს ქუთაისის სამრეწველო პოტენციალის ამოქმედებას. ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია წარმოების მოცულობის ზრდის ტემპები, შეინიშნება სხვა ხასიათის პრობლემებიც. საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის რეალიზაციაში დაშვებული სერიოზული ჩამორჩენის დაძლევისა და ეკონომიკური რეფორმის დაჩქარების, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით: - ქ. ქუთაისის მერიის მიერ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის გატარებული ღონისძიებების სისტემა შეფასდება დადებითად და მიზანშეწონილად ჩაითვალოს ამ გამოცდილების სხვა რეგიონებში გავრცელება; ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა შეისწავლონ ქუთაისში გატარებული ეკონომიკური ღონისძიებების მიმდინარეობა და შედეგები, თავიანთი რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით ოპერატიულად შეიმუშაონ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ღონისძიებები და შეუდგნენ მის რეალიზაციას. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა (რეგიონული ცენტრების მონაწილეობით), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტმა, ფინანსთა სამინისტროსა და სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან არსებულმა ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტმა დახმარება აღმოუჩინონ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ქუთაისში მიმდინარე ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების განზოგადებასა და მათ დასანერგად საჭირო მეთოდიკური და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ეკონომიკის მართვის სამეცნიერო-საკონსულტაციო ინსტიტუტმა ანტიკრიზისული პროგრამის ძირითადი მიმართულებების და ქუთაისში მისი რეალიზაციის დაგროვილი გამოცდილების შესწავლის მიზნით უზრუნველყოს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელ მუშაკთა მოკლევადიანი სემინარების ჩატარება. 2. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან, საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციასა და საბაჟო დეპარტამენტთან ერთად დააჩქაროს კანონპროექტების მომზადება და მინისტრთა კაბინეტისათვის განსახილველად წარდგენა „დამატებულ ღირებულებაზე გადასახადის შესახებ“ და „აქციზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოხდეს საქართველოს რესპუბლიკისათვის დეფიციტური ნედლეული რესურსების, ტექნიკური ტექნოლოგიური მოწყობილობების შემოტანის სტიმულირება და ჩამოყალიბდეს საქართველოს რესპუბლიკის ექსპორტ-იმპორტის და საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესებული სტრუქტურა, გაიზარდოს ბიუჯეტის შემოსავლები. 3. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის მონაწილეობით შეიმუშაოს წინადადებები საბაჟო ტარიფების მოწესრიგების შესახებ და წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტს. 4. წინადადება მიეცეთ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ქუთაისის მერიის გამოცდილების გათვალისწინებით ადგილობრივ ბიუჯეტების შესავსებად საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად გააფართოონ ადგილობრივი მნიშვნელობის გადასახადებისა და მოსაკრებლების წრე. 5. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროებმა, საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ერთად უზრუნველყონ მუნიციპალური საკუთრების ჩამოყალიბების დაჩქარება და შეიმუშაონ წინადადებები რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის კომპეტენციის გამიჯვნისა და გადასახადების განაწილების მოწესრიგების შესახებ. 6. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროებმა და საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციამ დაინტერსებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ერთი თვის გადაში შეიმუშაონ და წარმოადგინონ წინადადებები მიწაზე, ბუნებრივ რესურსებზე, ეკოლოგიურ, სატრანზიტო, ფასიანი ქაღალდების ოპერაციებზე გადასახადების შემოღების დაჩქარების შესახებ. 7. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტთან ერთად შეიმუშაოს აღრიცხვისა და ანგარიშგების მოწესრიგებისა და ძირეული გარდაქმნის ღონისძიებები საბაზრო ურთიერთობათა მოთხოვნების გათვალისწინებით. საქათველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა სტატისტიკური აღრიცხვისა და ანგარიშგების ჩაშლისა და უხარისხოდ წარმოებისათვის დააწესოს მკაცრი ეკონომიკური და ადმინისტრაციული სანქციები. 8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დააჩქაროს სააუდიტო საქმიანობის შესახებ კანონქვემდებარე აქტების მიღება და სააუდიტო საქმიანობის ფართოდ დანერგვა პრაქტიკაში. 9. საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციამ შეიმუშაოს გამკაცრებული ეკონომიკური და ადმინისტრაციული სანქციები გადასახადების დამალვისათვის და წარუდგინოს მინისტრთა კაბინეტს. 10. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დააჩქაროს პურის, ელექტროენერგიისა და გაზის რეალურ ფასებზე გადასვლასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება. ამასთან, განახორციელოს ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების ამ ფასებთან შესაბამისობაში მოყვანა. 11. ხელისუფლების ადგილობრივმა ორგანოებმა საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ერთი თვის ვადაში მოახდინონ საქალაქო ტრანსპორტზე და კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების რეგულირება იმ თვალსაზრისით, რომ გაუქმდეს (ცალკეულ შემთხვევაში მინიმუმამდე შემცირდეს) დოტაციების მიცემის პრაქტიკა. 12. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტმა დააჩქარონ მონოპოლისტი საწარმოების საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების მექანიზმის შემუშავება და ამოქმედება. 13. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად შეიმუშაოს ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ღონისძიებები და ასახოს 1994 წლის IV კვარტლის ბიუჯეტის პროექტში. 14. საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განახორციელოს დარგის საბაზრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის ღონისძიებები საბიუჯეტო-პროგრამული დაფინანსების, სამედიცინო დახმარების ფასიანი ფორმების შემოღებით და საკუთრების სხვადასხვა ფორმის სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირებით სამედიცინო დახმარების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო კონტროლის პირობებში. 15. საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს უმაღლეს სასწავლებლებში, საშუალო სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლებისა და მომსახურების თანამედროვე მეთოდების ეტაპობრივი დანერგვა, წინასწარ შემუშავებული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის გათვალისწინებით. 16. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვროს შიდა სახელმწიფო ვალის რეალური სიდიდე და ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ნორმა ბიუჯეტის შემოსავლების დამატებითი წყაროების გათვალისწინებით (ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული პროდუქტების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, უცხოური კრედიტები და სხვა) საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ემისიური კრედიტების შემცირების მიზნით. 17. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა: გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და გაატაროს ღონისძიებები მიმოქცევაში უნაღდო ფულის მასის დარეგულირებისა და ნაღდი ფულის აუცილებელი რეზერვების შესაბამისი გაზრდის უზრუნველსაყოფად. მიიღოს გადამჭრელი ზომები გაცემული კრედიტების დასაბრუნებლად და არ დაუშვას საკრედიტო ემისია, გარდა ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად დადგენილი ლიმიტისა; უზრუნველყოს უცხოური ვალუტის მიმართ კუპონის რეალურ კურსზე გადასვლა, რისთვისაც დააჩქაროს კუპონის კუპირების საკმარისი მარაგის შექმნა და ეტაპობრივად მოხსნას შეზღუდვები საბანკო დაწესებულებებიდან ნაღდი ფულის გამოტანაზე, ნაღდი და უნაღდო კუპონის ღირებულების გათანაბრების მიზნით. შეიმუშაოს და განახორციელოს ნაღდ ფულზე მოთხოვნილებას შემცირების ღონისძიებები, რისთვისაც შეამციროს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის საჭირო დრო, დანერგოს უნაღდო ანგარიშსწორების პროგრესული ფორმები, ხელი შეუწყოს ისეთი საპროცენტო განაკვეთების ჩამოყალიბებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ინფლაციის ტემპი, დაუშვას ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით ვალუტის (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო შეძენა; შექმნას საჭირო პირობები გადამცვლელი პუნქტების ქსელის გაფართოებისათვის, დაამტკიცოს ამ პუნქტების რეგისტრაციის ახალი წესი იმის გათვალისწინებით, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იარსებებენ ბანკებთან; შეიმუშაოს საქართველოს რესპუბლიკაში ვალუტის გადაცვლის წესი და დააწესონ ჯარიმები ამ წესის დარღვევისათვის; დააწესოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის მარჟა; ხელი შეუწყოს სახელმწიფო კომერციული ბანკების აქციონირების პროცესის დაჩქარებას. 18. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ამ ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მეურნე სუბიექტებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს ქვეყნის შიგნით უცხოური ვალუტით ანგარიშსწორების უფლებას აძლევს. 19. საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს და ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები სავალუტო რეჟიმის დარღვევისათვის მოქმედ კანონმდებლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების შესახებ. 20. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციამ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობით შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს საცალო, მათ შორის არაორგანიზებული ვაჭრობის, მოწესრიგების ღონისძიებები და ამ სფეროში დაბეგვრის სრულყოფის წინადადებები. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                        ე.შევარდნაძე