საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ
მიღების თარიღი 18.01.1993
ძალის დაკარგვა 07.05.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010330000.08.002.000000 39
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1, 29/01/1993
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 07.05.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის
ბრძანებულება №3
1993 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების წესის შესახებ
მუხლი 1🔗. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და მამაცობის, აგრეთვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებულია საქართველოს რესპუბლიკის ორდენები და მედლები.
მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით აჯილდოებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით შეიძლება დაჯილდოვდნენ, როგორც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
მუხლი 3🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების აღწერილობა, იმ დამსახურებათა ჩამონათვალი, რომლისთვისაც ხდება დაჯილდოება, აგრეთვე დაჯილდოების და ჯილდოების ტარების სპეციალური წესები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების შესახებ დებულებებით.
მუხლი 4🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით ჯილდოვდებიან მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია დაჯილდოება მხოლოდ ნამსახურევი წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.
დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა ორდენებითა და მედლებით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების შესახებ დებულებებით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.
მუხლი 5🔗. საქართველოს რესპუბლიკის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების, საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და სხვა რესპუბლიკური უწყებების წარდგინებით.
წარდგინების შეტანა ხდება, როგორც აღნიშნული ორგანოების ინიციატივით, ისე მათ დაქვემდებარებული ორგანოების შუამდგომლობით.
მუხლი 6🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შუამდგომლობას აღძრავს ის დაწესებულება, რომელშიც მუშაობს დასაჯილდოებელი პირი ან ის ორგანო, რომლის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზეც ცხოვრობს იგი. შუამდგომლობა უცხოეთში მცხოვრებ პირთა დაჯილდოების შესახებ აღიძვრება საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შუამდგომლობის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ივსება თანდართული ნიმუშის (ფორმა №1) დაჯილდოების ფურცელი და ორი კვირის ვადაში წარედგინება ზემდგომ ორგანოს, რომელიც შუამდგომლობაზე თანხმობის შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს იმავე ვადაში გადასცემს მასზე ზემდგომ ორგანოს.
ჯილდოზე წარდგენის უფლების მქონე ორგანოში შესულ შუამდგომლობას იხილავს ეს ორგანო და თანხმობის შემთხვევაში დაჯილდოების ფურცელს წარუდგენს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურს შეუძლიათ სახელმწიფოს მეთაურთან შეთანხმებით დაადგინონ სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოების შესახებ შუამდგომლობის აღძვრის განსხვავებული წესები.
მუხლი 7🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილი პირის დაჯილდოება ხდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, რომელიც ქვეყნდება პრესაში. დაჯილდოების შესახებ ბრძანებულება არ გამოქვეყნდება, თუ ამას მოითხოვს ეროვნული უშიშროების ინტერესები.
მუხლი 8🔗. დაჯილდოებულ პირს ჯილდოს და შესაბამის მოწმობას საზეიმო ვითარებაში გადასცემს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ან მისი დავალებით საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები, სამხედრო ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.
ჯილდოს გადაცემის შესახებ ივსება თანდართული ნიმუშის (ფორმა №2) სააღრიცხვო ბარათი და დგება ოქმი (ფორმა №3), რომელსაც ხელს აწერს ჯილდოს გადამცემი პირი. ეს დოკუმენტები ერთი თვის ვადაში ბარდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატს.
მუხლი 9🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებულ პირებს უფლება აქვთ - საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების დებულებებით დადგენილი წესების შესაბამისად ატარონ ჯილდოები ან მათი აღმნიშვნელი ნიშნები.
მუხლი 10🔗. დაჯილდოებული გარდაცვლილი პირის ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულის მემკვიდრეთა თანხმობით მისი ჯილდო და შესაბამისი დოკუმენტი შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს ან მუზეუმს.
თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არა ყავს მემკვიდრე, ჯილდო გადაეცემა ან რჩება სახელმწიფოს.
მუხლი 11🔗. საქართველოს რესპუბლიკის ორდენებისა და მედლების დუბლიკატები საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის ან დაზიანების თავიდან აცილება.
მუხლი 12🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს დაჯილდოებულის მიერ ჯილდოს შეურაცხმყოფელი საქციელის ან კანონით განსაზღვრული სხვა სახის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შესაბამისად ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს ან სასამართლოს
წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 13🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოების მსგავსი სამკერდე ნიშნების დაწესება, დამზადება და სახელმწიფო ჯილდოების ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ, აგრეთვე სახელმწიფო ჯილდოების სხვა სახის შეურაცხყოფა ისჯება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური ე. შევარდნაძე