ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 13.09.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №351
სარეგისტრაციო კოდი 470230000.08(0).020.000071 330
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 9, 29/09/1995
582 სიტყვა · ~3 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №351 1995 წლის 13 სექტემბერი ქ. თბილისი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორგანიზაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის რთული და მრავალეტაპიანი პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის საკითხს. დარგის რეორგანიზაცია შეეხო მასში მომუშავე პერსონალს – 130 ათასზე მეტ კაცს. რეორგანიზაციის პირველ ეტაპზე მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მათი სოციალური დაცვა. საშტატო ერთეულების შემცირებისა და თანამდებობრივი გადაადგილების გარეშე ფორმდება საკონტრაქტო ხელშეკრულება. რეორგანიზაციის პროცესის შემდგომ ეტაპებზე სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებების ეფექტიანობის მიზნით: 1. შეიქმნას სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია, რომელმაც უზრუნველყოს დარგის მუშაკთა სოციალური თავდაცვის ღონისძიებათა მიზანმიმართული და თანმიმდევრული განხორციელება. 2. სადაზღვევო კომპანიის მუშაობის ფართო საჯაროობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას მისი მზრუნველთა საბჭო, სადაც გაერთიანდებიან ქვეყნის თვალსაჩინო მედიკოსები. კომპანიის მუშაობის ძირითადი სამეურნეო-საფინანსო შედეგები პერიოდულად გამოქვეყნდეს პრესაში. 3. სადაზღვევო კომპანიის დასაფუძნებლად საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოეყოს სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა ორი თვის ხელფასი 1995 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით. 4. სადაზღვევო კომპანია 1997 წლის ბოლომდე გათავისუფლდეს ბიუჯეტში გადსახდელისაგან და მისი მოგება წარიმართოს სადაზღვევო პროგრამების გასაფართოებლად. 5. სამედიცინო და სამედიცინო- სამეცნიერო დაწესებულებების, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარების და საკუთრების ფორმისა, ნება დაერთოთ საკუთარი ძირითადი ფონდების არაუმეტეს 30 პროცენტი და პროფილით განსაზღვრული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის არა უმეტეს 20 პროცენტი გამოიყენონ კანონით ნებადართული არაპროფილური საქმიანობისათვის, საიდანაც მიღებული შემოსავალი 1997 წლის ბოლომდე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელისაგან და მოხმარდეს თანამშრომელთა შრომისა და ყოფის პირობების გაუმჯობესების, აგრეთვე მათ სავალდებულო დაზღვევას. 6. არაპროფილური საქმიანობის ხარჯები და შემოსავლები პირველად საბუღალტრო დოკუმენტებში აღირიცხოს ცალკე, ხოლო საბოლოო კრებსით საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებში აისახოს პროფილური საქმიანობის სახეებსა და შემოსავლებთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, აეკრძალოთ ისეთი არაპროფილური საქმიანობა, რომლის რენტაბელობაც ნაკლებია პროფილური საქმიანობის რენტაბელობაზე. 7. იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო დაწესებულება არ აპროფილური საქმიანობისათვის გამოიყენებს ლიმიტით განსაზღვრულზე მეტ რესურსებს ან აწარმოებს აკრძალულ საქმიანობას, მას სრულად ჩამოერთვას არაპროფილური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, ჩამორთმეული შემოსავლის 40 პროცენტი ჩაირიცხოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო რესპუბლიკურ ფონდში, 40 პროცენტი - შესაბამის საქალაქო (რაიონულ) ფონდში, ხოლო 20 პროცენტი გადაეცეს დარღვევის დამაფიქსირებელი საკონტროლო ორგანოს. 8. სამედიცინო დაწესებულებებს, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარების და საკუთრების ფორმისა, 1996 წლის ბოლომდე განესაზღვროთ სოციალური დაზღვევის ანარიცხების ტარიფად ფაქტობრივად დარიცხული ხელფასის 26 პროცენტი. 9. სამედიცინი დაწესებულებებს, განურჩევლად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, 1996 წლის ბოლომდე დაეკისროთ კომუნალური გადასახადების 10 პროცენტის გადახდა. დეფიციტის დაფარვა დაევალოს ადგილობრივი მმართველობის იმ ორგანოს ბიუჯეტს, რომლის ტერიტორიაზეც ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულება. 10. სამკურნალწამლო საშუალებების, ავადმყოფის მოვლის საგნების, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სამუშაოების ღირებულებას, როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის სფეროში არ დაერიცხოს დამატებითი ღირებულების გადასახადი. 11. დაევალოთ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უზრუნველყონ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო, საქალაქო და რაიონული ფონდებისათვის განსაზღვრული სახსრების დროული და სრული ჩარიცხვა. 12. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე დასრულდეს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისათვის მათ მიერ დაკავებული შენობის, ან შენობის ნაწილის ბალანსზე გადაცემა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 დეკემბრის №400 ბრძანებულების შესაბამისად. 13. დაევალოთ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს ორი კვირის ვადაში დაასრულონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის სიების შედგენა და წარდგენა საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსათვის. 14. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს: - მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე შეიმუშაოს და წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაზღვევის პროგრამები; - მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების მუშაკთა სოციალური დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ჩამოყალიბება და მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; - უზრუნველყოს განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დამატებითი სამედიცინო დახმარება სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში; -1996 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს განსახილველად ჯანმრთელობის დაცვის რეორგანიზაციის მეორე ეტაპის ღონისძიებათა პროგრამა. 15. ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიით. საქართველოს სახელმწიფო მეთაური                       ე. შევარდნაძე