პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 07.08.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №303
სარეგისტრაციო კოდი 340170000.08.003.000005 106
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 8, 31/08/1995
773 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება №303 1995 წლის 7 აგვისტო ქ.თბილისი  პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების გადაუდებელ  ღონისძიებათა შესახებ აღინიშნოს, რომ „მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულების შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის პურპროდუქტების სისტემის ობიექტების პრივატიზებისათვის ჩატარებულია გარკვეული სამუშაოები. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მოწვევით მსოფლიო ბანკის კონსულტანტთა ჯგუფმა შეიმუშავა და წარმოადგინა რეკომენდაციები კორპორაციის სისტემის რეორგანიზაციისა და საწარმოთა პრივატიზების სტრატეგიაზე. დღეისათვის სისტემაში უკვე პრივატიზებულია 5 ობიექტი, ნებართვა გაცემულია და გაფორმების სტადიაშია 60 საწარმო, შედგენილია განსახელმწიფოებრიობას დაქვემდებარებული საწარმოების სრული ნუსხა და მათი პრივატიზების თანმიმდევრობის გრაფიკი. პურის ცხობაში ფეხს იკიდებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი კონკურენციის პროცესი, სახელმწიფო სექტორთან ერთად მოსახლეობის პურით უზრუნველყოფაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი (ცეკავშირი) და კერძო ფირმების ქარხნები და საცხობები. ამასთან, მოსახლეობის პურით გარანტირებული უზრუნველყოფის სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე და რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების თავისებურებების გათვალისწინებით საჭიროა პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა ფართო მასშტაბით პრივატიზება ჩატარდეს თანმიმდევრულად, ეტაპობრივად, რეორგანიზაციის პროცესში დაგროვილი გამოცდილების შესაბამისად, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი გაუგებრობა და შეფერხება წარმოების სფეროში და არ შეილახოს მომხმარებლის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესები. დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რესპუბლიკა ამჟამად მთლიანად დამოკიდებულია იმპორტირებულ ხორბალსა და ფქვილზე, ასეთივე ფრთხილი მიდგომაა შემოთავაზებული პურპროდუქტების მრეწველობის ობიექტების პრივატიზებისადმი მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფის მიერ. რესპუბლიკის მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგების გარანტირების მიზნით „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანამდე: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო კომისიის, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და პურპროდუქტებისა და მეფრინველეობის მრეწველობის სახელმწიფო კორპორაციის წინადადება პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების ეტაპობრივი პრივატიზაციის შესახებ. 1 ეტაპს - 1995 წლის 1 ოქტომბრამდე - მცირე სიმძლავრის საცხობების, თონეების, პურის მიმღები საწარმოების, სავაჭრო და მშენებარე ობიექტების უპირატესად შრომით კოლექტივებზე პირდაპირი მიყიდვით; 2 ეტაპი - 1995 წლის 30 დეკემბრამდე - საშუალო სიმძლავრის პურის ქარხნების, პურის (მარცვლეულის) მიმღები საწარმოების აქციონირების გზით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ და პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ შეისწავლონ და გააანალიზონ სისტემის საწარმოთა პრივატიზების პირველი ორი ეტაპის შედეგები და დაგროვილი გამოცდილების განზოგადოებით უზრუნველყონ დარჩენილ მსხვილ საწარმოთა პრივატიზება, უპირატესად აქციათა 51 პროცენტზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელებით. ობიექტების პრივატიზების გრაფიკსა და ნუსხაში ცვლილებების შეტანა ტემპების დაჩქარების მიზნით განხორციელდეს პურ-პროდუქტების სახელმწიფო კორპორაციისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით. 2. პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების ჩატარებისა და შემდგომში დარგის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელმძღვანელობის გასაწევად პურპროდუქტები სახელმწიფო კორპორაცია გარდაიქმნას პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციად და დაევალოს მას უზრუნველყოს: - პურპროდუქტების სისტემის ობიექტების მუშაობის რეგულირება და კოორდინაცია, აქციათა საკონტროლო პაკეტების მართვა, საწარმოების ნედლეულით და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მომარაგების ორგანიზაცია, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ნორმატიული დოკუმენტაციის დანერგვა, მარცვლეულის ადგილზე შესყიდვის ორგანიზება, საზღვარგარეთული ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვა და გამოყენება; საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში შესაბამისი დებულების პროექტის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენა. 3. პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოთა და ობიექტების პრივატიზების ეტაპობრივი განხორციელება დადგენილ ვადებში დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო კომერციულ კორპორაციას. ამასთან, პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოებისა და ობიექტების განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ კორპორაციასთან შეთანხმებით. - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და პურპროდუქტების კორპორაციის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს პრივატიზების დაჩქარებული ტემპებით დამთავრება. 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა პურპროდუქტების სისტემის ობიექტების პრივატიზების მეორე ეტაპის განმავლობაში განახორციელოს პურის ფასების ლიბერალიზაციის შემდგომი ეტაპი. 5. დაევალოს პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციო-კომერციულ კორპორაციას უცხოური კრედიტებითა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული ხორბლისა და ფქვილის იმპორტის ორგანიზება (კონტრაქტის გაფორმება, ტენდერის ჩატარება). 6. პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოებისა და ობიექტების პირდაპირი წესით მიყიდვისას უპირატესობა მიენიჭოთ აღნიშნულ საწარმოთა შრომით კოლექტივებს და მარცვლეულის მომწოდებელი ქვეყნების ინვესტორებს. 7. რესპუბლიკის მოსახლეობის პურითა და პურპროდუქტების მომარაგების საქმე მიჩნეულ იქნეს სტრატეგიულ მიმართულებად და რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, სამინისტროები და უწყებები განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ და აღმოუჩინონ დახმარება პურპროდუქტების სახელმწიფო სააქციონერო-კომერციულ კორპორაციას დარგის წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტაში. 8. რესპუბლიკის ნავსადგურებში და რკინიგზის ტრანსპორტზე სახელმწიფო ქონების (პურპროდუქტების) უდანაკარგოდ დაცლის, ტრანსპორტირების და ადგილზე ჩაბარება მიღების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ერთი თვის ვადაში განიხილოს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის წინადადებები აღიშნული საკითხების მოსაგვარებლად. 9. პურზე თავისუფალი ფასების შემოღებამდე, დროებით, საქართველოს რესპუბლიკის საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტებმა უზრუნველყონ პურპროდუქტების შეუფერხებელი გადაზიდვა, წინასწარი ანაზღაურების გარეშე. 10. პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციამ განიხილოს იმ საწარმოთა და ორგანიზაცია ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მიერ დადგენილი წესითა და ვადებში არ იქნება უზრუნველყოფილი პრივატიზებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 11. გავრცელდეს პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოების შრომით კოლექტივებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 29 მაისის № 178, 1994 წლის 31 ივლისის № 241 1994 წლის 23 სექტემბრის № 232 ბრძანებულებებით გათვალისწინებული შეღავათები, რომელთა მოქმედების ვადები გაგრძელდეს შესაბამისად ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში - 1996 წლის 1 იანვრამდე, აქციათა პაკეტის პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში (განაცხადის წარდგენა) - 1996 წლის 1 აპრილამდე. 12. პურპროდუქტების მრეწველობის საწარმოების და ობიექტების პრივატიზებიდან შემოსული მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ ანგარიშზე ჩასარიცხი თანხების 70% გადაეცეს კორპორაციას მარცვლეულის საგარანტიო მარაგის შესაქმნელად და დარგის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 13. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებანი ახალ კერძო პურსაცხობ საწარმოთა შექმნის, აგრეთვე როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე კერძო სტრუქტურების მიერ იმპორტის გაფართოების ხარჯზე მარცვლეულის არასახელმწიფო რესურსების გადიდების ხელშეწყობისა და სტიმულირების თაობაზე.  საქართველოს სახელმწიფო მეთაური                          ე. შევარდნაძე