1. არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართების საფუძველია შემდეგი გარემოებები:

ა) ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და შესაბამისი სერვისი/პროგრამა ვერ სრულდება;

ბ) არსებობს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომართვა;

გ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;

დ) პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა შესაბამის სერვისში/პროგრამაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას არ გამოიყენება ამ კანონის მე-17 მუხლით განსაზღვრული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის ღონისძიება.

3. მულტიდისციპლინური ჯგუფი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისს/პროგრამას, მისი შესრულების დროში გაწერილ ინდივიდუალურ გეგმას და სასამართლოს შუამდგომლობას წარუდგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების საფუძვლის, საჭირო სერვისის/პროგრამისა და მისი შესრულების დროში გაწერილი ინდივიდუალური გეგმის შესახებ ინფორმაცია.

4. სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი შესაბამის სერვისში/პროგრამაში ერთვება ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესი.

5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება დასაშვებია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველსაყოფად აუცილებელი შესაბამისი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ეს ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მომართვის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი შესაბამისი ვადით, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვით. ამ ვადის გაგრძელების საჭიროებას მულტიდისციპლინური ჯგუფი განიხილავს ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი, რომელსაც არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნისას შეუსრულდა 14 წელი, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში შეიძლება იმყოფებოდეს მოსამართლის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის გაგრძელება მისი ამოწურვის შემდეგ დაუშვებელი