1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ.

3. დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის შესაბამისი მოთხოვნა ან ეს აუცილებელია ჰიგიენის დასაცავად.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით (სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი) დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით არაუმეტეს 30 წუთისა. აღნიშნული ნივთები ინახება საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში.

5. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

6. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

7. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული. მას სუფთა და დაუზიანებელი თეთრეული უნდა გადაეცეს.

9. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.

10. დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი. მისი ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

11. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საცხოვრებელ