1. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მხოლოდ დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად. მსჯავრდებულის მიღებას ერთობლივად ახორციელებენ ოპერატიული მორიგე და დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეები.

2. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისთვის აუცილებელია:

ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;

გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების/გადაყვანის თაობაზე სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება;

დ) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების გუნდის გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის საშიშროების მომეტებული რისკის განსაზღვრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მის საფუძველზე გამოცემული სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება მსჯავრდებულის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;

ე) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა;

ვ) პენიტენციური კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულება უზრუნველყოფს მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. მსჯავრდებულის ბიოლოგიური ნიმუში მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, აღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში.

6. მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსებას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი.

7. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოყვანის ფაქტს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს (მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების დირექტორის მოადგილეს), დაწესებულების მთავარ ექიმს (მისი არყოფნის შემთხვევაში − მორიგე ექიმს), დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს), დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − ამავე განყოფილების მორიგე მოსამსახურეს) და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს (მისი არყოფნის შემთხვევაში − მორიგე მოსამსახურეს).

8. ოპერატიული მორიგის ნებართვით, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ მსჯავრდებულთა ესკორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისთვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.

9. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ერთად, ახდენს მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების, პირადი საქმისა და მასზე დართული მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოების წესით“ გათვალისწინებული ცნობის მიხედვით, გამოჰკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან.

10. თუ მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეა და მას დაწესებულებაში მიღებისას არ აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა, ხოლო მისი იდენტიფიცირება ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ფოტოსურათიანი სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია, ამის შესახებ შეადგინოს ოქმი, რომელიც მიეწოდება დაწესებულების დირექტორს. დაწესებულების დირექტორი მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მსჯავრდებულისთვის 10 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადების მოთხოვნით.

11. მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ინახება მის პირად საქმეში.

12. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისა და ბრალდებულთა რეესტრის/მსჯავრდებულთა რეესტრის წარმოების წესით“ გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.

13. დაწესებულებაში მოთავსებული ყველა მსჯავრდებულის სახელი და გვარი ოპერატიულ მორიგეს შეაქვს სადღეღამისო უწყისში, რომელიც ბარდება დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას.

14. იდენტიფიცირების განხორციელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულები განთავსდებიან მოსაცდელ საკანში კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება მათი სათითაოდ გამოყვანა შიდა კლასიფიკაციის საკანში პირადი სრული შემოწმებისა და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.

15. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე, ხოლო შემოწმებას ახორციელებენ სამორიგეო ცვლაში ამ მიზნით გამოყოფილი მოსამსახურეები. შემოწმება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.

16. მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

17. მსჯავრდებულის პირადი საქმე „მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.

18. იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევაში რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალება მსჯავრდებულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (დანართი №1), მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით, დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო ის ნივთები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ამანათის სახით მიღებისა და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძენის (მათ შორის, კვების პროდუქტები), შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლება აქვს მსჯავრდებულს (დანართი №2 და №3) და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.

19. მსჯავრდებულისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების ექიმი. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ ექიმის მიერ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ინახება. მსჯავრდებულის სხეულზე დეფორმაციის, ნაწიბურის და ნანემსარის, აგრეთვე მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება მათი სრულყოფილი აღწერა, რისთვისაც პასუხისმგებელია დაწესებულების შესაბამისი ექიმი. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. შეტყობინება ხორციელდება ტელეფონით, ხოლო პირველივე შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, რის თაობაზეც აგრეთვე ეცნობება მსჯავრდებულს.

20. თუ ამ მუხლის მე-19 პუნქტით დადგენილი წესით მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების ეჭვს აღუძრავდა, მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.

21. თუ დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით თავსდებიან არამართვადი ინფექციური დაავადების მქონე პირები. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.

22. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო−სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

23. მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, სამედიცინო პერსონალის მიერ უტარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი, რომლის შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია მსჯავრდებული წერილობითი შეტყობინებით გადაამისამართოს ფსიქოლოგთან სუიციდის რისკის შეფასების მიზნით.

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ფსიქოლოგი ვალდებულია შეხვდეს მსჯავრდებულს სუიციდის რისკის შეფასების მიზნით.

25. შემოწმებისა/დათვალიერებისა და სამედიცინო შემოწმების შედეგად თუ სახეზე არ არის ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, მსჯავრდებული, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით განთავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში, რომელშიც მოხდება მასზე დაკვირვება შესაბამის სპეციალურ საკანში განაწილების მიზნით.

26. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ხდება მსჯავრდებულის დაბანა/გასუფთავება. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას მსჯავრდებულის განთავსებამდე.

27. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე მსჯავრდებულს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, სპეციალურ საკანში განაწილების წესებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესებს, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოების წესებს, აგრეთვე მის მიმართ წაყენებულ სხვა მოთხოვნებს, რომელთა გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის შესაბამისი მოსამსახურე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე.

28. წერა-კითხვის არმცოდნე მსჯავრდებულს ამ მუხლის 27-ე პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს მსჯავრდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

29. დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოსა და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.

30. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში. თუ მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება არ აქვს, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც მინდობილი აქვს მსჯავრდებულის მოქალაქეობის სახელმწიფოს წარმომადგენლობის ფუნქცია.

31. დაწესებულებაში მიღებული მსჯავრდებული დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.

32. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

33. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით თავსდებიან:

ა) პირველად მსჯავრდებული პირები;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი პირები;

გ) პირები, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათი წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება საფრთხე შეექმნას;

დ) განსაკუთრებით საშიში პირები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გარშემომყოფთ.

34. არასრულწლოვანები თავსდებიან სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევები