1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების გარდა, არასრულწლოვან შვილთან/გერთან/ნაშვილებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანს შეიძლება ესწრებოდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელი.

3. მსჯავრდებულს, რომელიც მოთავსებულია დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

4. მსჯავრდებულს, რომელიც მოთავსებულია დაწესებულების ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

5. მსჯავრდებულს, რომელიც მოთავსებულია დაწესებულების დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.

6. ბრალდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი.

7. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს თვეში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი.

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის.

9. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ დებულებით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არი