1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. დაწესებულების მოსამსახურე უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრა არ შედის პენიტენციური კოდექსითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ პაემნების რაოდენობაში.

4. სამსახურმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

5. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

7. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში ფარულად მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის პირად არასრულ შემოწმებას.

8. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ ადვოკატს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული ადვოკატი აკრძალულ ნივთებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

9. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ადვოკატის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

10. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ადვოკატის შეხვედრა შეიძლება შეწყდეს ადვოკატის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, რის შესახებაც დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას. ხოლო დაწესებულების მოსამსახურის მიერ მიეთითება ადვოკატს დაუყოვნებლივ დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.

11. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის მიერ ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანები