1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და ამ სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. პარტიის წარმომადგენელს სიისა და საბუთების სრულყოფისთვის 3 დღე ეძლევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება (არ გატარდებიან) და უსკოს თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში), თუ უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არ არის ამ პარტიის წევრი;

გ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არის პირი, რომლის მიმართაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ე) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

ვ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ზ) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება;

თ) დარღვეულია ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-60 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. პარტიული სიისა და პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების  საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 88-ე და 89-ე მუხლებით დადგენილი წესი