წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს.
2. კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვა უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი, უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არაუგვიანეს 1 დღისა. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან. პარტიული სიიდან მოხსნილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილს ავტომატურად იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ამ პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილმონაცვლეს უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
3. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
4. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს. მისი კანდიდატურა მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
5. უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახე