1. ამ მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე ამ პირთა სახელით − მათი განცხადების, მიმართვის ან წარდგინების საფუძველზე − ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ პირებს. ელექტრონული რეესტრის წარმოების წესს განკარგულებით განსაზღვრავს უსკო.
2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.
3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს უსკოში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უსკოს წევრს.
4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.
5. უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში
ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს,დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.
7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიის ან მისი
თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს
საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უსკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს უსკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.
9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში უსკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს უსკოს.
10. პარტიის საარჩევნო რეგისტრაციისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:
ა) პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, ან მისი წარმომადგენელი ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
11. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:
ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, ან/და უსკოს თავმჯდომარემ გააუქმა მათი რეგისტრაცია;
ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე არანაკლებ 2 პირს (რომლებიც დაინიშნენ დამკვირვებლებად უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები, რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიული სიით წარდგენილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.
12. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ უსკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას და
დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა
.
13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: აღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუკი მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში
საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.
14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის აკრედიტაციის შესახებ უსკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის აკრედიტაციის თაობაზე განცხადება
არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
15. ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი პარტიის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას ეხება
.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული პირი უფლებამოსილია ამავე პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე თავად მიმართოს სასამართლოს. ასეთი მოთხოვნის სხვა უფლებამოსილი პირისთვის წარდგენის თაობაზე მის მიერ წარდგენილი განცხადება/საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება.
16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 56-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.
17. საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას,შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის
წარმომადგენელს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
18. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს,შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს.
19. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
20. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.
21. უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.