რის დასტურადაც, წინამდებარე კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.
შესრულებულია ქ. ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი ან შეუერთდა მას.
დანართი I
სამოდელო შეთანხმება პირდაპირი რეპატრიაციისა და
დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების
ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსების შესახებ
(იხილეთ, მუხლი 110)
I – პირდაპირი რეპატრიაციისა და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსების პრინციპები
ა. პირდაპირი რეპატრიაცია
პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარებიან:
(1) ყველა სამხედრო ტყვე, რომელმაც ტრავმის შედეგად შემდეგი სახის დაზიანებები მიიღო: ერთი კიდურის დაკარგვა, დამბლა, სახსრების დაზიანება და სხვა სახის დაზიანებები იმ პირობით, რომ მათ ერთი ხელის ან ფეხის დაკარგვა მოჰყვა ან ისინი ერთი ხელის ან ერთი ფეხის დაკარგვის ტოლფასია;
ამ შემთხვევების უფრო ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ერთი ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასად ჩაითვლება შემდეგი შემთხვევები:
(ა) ხელის, ყველა თითის, ან ერთი ხელის საჩვენებელი და ცერა თითების, ფეხის ან ერთი ფეხის ყველა თითისა და ტერფის ძვლების დაკარგვა;
(ბ) ანკილოზი, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვა, ნაწიბურის შევიწროვება, რომელიც ხელის მტევნის თითების ერთ-ერთი დიდი სახსრის ან ყველა სახსრის მოძრაობის დარღვევას იწვევს;
(გ) გრძელი ძვლების ფსევდოართრიტი;
(დ) დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მოტეხილობით ან სხვა ტრავმით და რომელსაც თან ახლავს ქმედუნარიანობის ან ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობის სერიოზული დაქვეითება;
(2) ყველა დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომელთა მდგომარეობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, ამასთან, პროგნოზის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გამოირიცხება დაჭრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჯანმრთელების შესაძლებლობა, მაგალითად:
(ა) ჭურვის ნამსხვრევი გულის არეში, იმ შემთხვევაშიც, თუ შერეულმა სამედიცინო კომისიამ მძიმე მოშლილობათა არსებობა ვერ დაადგინა;
(ბ) ლითონის ნამსხვრევი თავის ტვინის ან ფილტვის არეში, იმ შემთხვევაშიც, თუ სამედიცინო კომისიამ შემოწმებისას ადგილობრივი ან საერთო რეაქციის არსებობა ვერ დაადგინა;
(გ) ოსტეომიელიტი, რომლის მკურნალობა დაჭრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოირიცხება და რომელმაც , სავარაუდოდ, სახსრის ანკილოზი ან ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასი სხვა დაზიანებები უნდა გამოიწვიოს;
(დ) დიდი სახსრის შემავალი ჭრილობა, რომელიც მის დაჩირქებას იწვევს;
(ე) თავის ქალის დაზიანება, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვით ან გადაადგილებით;
(ვ) სახის ჭრილობა ან დამწვრობა, ქსოვილების დაკარგვითა და ფუნქციის დაზიანებით;
(ზ) ზურგის ტვინის დაზიანება;
(თ) პერიფერიული ნერვების დაზიანება, რომლის გართულება ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასია და რომლის მკურნალობა დაზიანებიდან ერთ წელზე მეტს მოითხოვს, მაგალითად: მხრისა ან წელგავის წნულის, შუა ან საჯდომი ნერვის ჭრილობა, აგრეთვე სხივის და იდაყვის ნერვების ან მცირე წვივისა და დიდი წვივის ნერვების ერთობლივი კომბინირებული ჭრილობა. სხივის, იდაყვის, მცირე წვივის და დიდი წვივის ნერვების იზოლირებული დაზიანების შემთხვევაში დაჭრილები რეპატრიაციას არ ექვემდებარებიან, კონტრაქტურისა და ნეიროტროფიული მოშლილობის შემთხვევების გარდა;
(ი) საშარდე სისტემის დაზიანება, რომელიც მის ფუნქციონირებას სერიოზულად არღვევს.
(3) ყველა ავადმყოფი სამხედრო ტყვე, რომელთა ავადმყოფობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო და, პროგნოზის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გამოირიცხება გამოჯანმრთელების შესაძლებლობა დაავადმყოფებიდან ერთი წლის განმავლობაში, მაგალითად:
(ა) ნებისმიერი ორგანოს განვითარებადი ტუბერკულოზი, რომელიც სამედიცინო პროგნოზით განკურნებას ან ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობისას მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ ექვემდებარება;
(ბ) ექსუდატიური პლევრიტი;
(გ) სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური წარმოშობის სერიოზული დაავადებები, რომლებიც განუკურნებლად ითვლება, მაგალითად: ფილტვის მძიმე ემფიზემა ბრონქიტით ან მის გარეშე; ქრონიკული ასთმა*; ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ერთი წლის ტყვეობის განმავლობაში გრძელდება; ბრონქოექტაზია; ა.შ.[1]
(დ) სისხლის მიმოქცევის ორგანოების ქრონიკული მძიმე დაზიანება, მაგალითად: გულისა და მიოკარდის სარქველების დაზიანება დეკომპენსაციის ნიშნებით, რომლებიც აღმოჩენილი იყო ტყვეობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შერეულ კომისიას არ შეუძლია გამოკვლევის დროს დაადგინოს არცერთი ნიშანი; პერიკარდის და ძარღვების დაზიანება (ბიურგერის დაავადება, მსხვილი ძარღვების ანევრიზმა); ა.შ.
(ე) საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ქრონიკული დაზიანება, მაგალითად: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ტყვეობის დროს გადატანილი კუჭის ქირურგიული ოპერაციის შედეგები; ქრონიკული გასტრიტი, ენტერიტი ან კოლიტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს; ღვიძლის ციროზული ანთება; ქრონიკული ქოლეცისტოპათია*; ა.შ.
(ვ) შარდ-სასქესო ორგანოების მძიმე ქრონიკული დაზიანება, მაგალითად: ქრონიკული ნეფრიტი შემდგომი გართულებებით; ტუბერკულოზური თირკმლის ამოკვეთა; ქრონიკული პიელიტი ან ცისტიტი; ჰიდრონეფროზი ან პიონეფროზი; მძიმე ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები; ფეხმძიმობა და მასთან დაკავშირებული ავადმყოფური გამოვლინებები, როდესაც შეუძლებელია ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსება; ა.შ.
(ზ) ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ყველა აშკარად გამოხატული ფსიქოზი და ფსიქონევროზი, მაგალითად მძიმე ისტერია, ტყვეობაში ყოფნით გამოწვეული მძიმე ფსიქონევროზი, რომელიც შესაბამისი წესით დადგენილია სპეციალისტის მიერ*; ბანაკის ექიმის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ნებისმიერი სახის ეპილეფსია*; ტვინის არტერიოსკლეროზი; ქრონიკული ნევრიტი, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება; ა.შ.
(თ) ვეგეტატიური ნერვიული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დაქვეითება, საერთო გამოფიტვითა და წონის შესამჩნევი დაკლებით;
(ი) ორივე თვალის სიბრმავე ან ერთი თვალის სიბრმავე, თუ მეორე თვალის მხედველობა ერთზე ნაკლებია მაკორეგირებელი სათვალეების გამოყენების მიუხედავად; მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რომელიც არ შეიძლება აღდგეს 1/2-მდე ცალ თვალში მაინც*; თვალის სხვა სერიოზული დაავადებები, მაგალითად: გლაუკომა, თვალის ფერადი გარსის ანთება, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, ტრაქომა; ა.შ.
(კ) სმენის მოშლილობა, მაგალითად სრული ცალმხრივი სიყრუე, თუ მეორე ყური ვერ არჩევს ერთი მეტრის მანძილიდან ჩვეულებრივი ხმით ნათქვამ სიტყვებს*; ა.შ.
(ლ) ნივთიერებათა ცვლის მძიმე დაავადებები, მაგალითად: შაქრის დიაბეტი, რომელიც ინსულინით მკურნალობას მოითხოვს; ა.შ.
(მ) შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მძიმე დაავადებები, მაგალითად: ტირეოტოქსიკოზი; ჰიპოთერიოზი; ედისონის დაავადება; სიმონდსის კახექსია; ტეტანია; ა.შ.
(ნ) სისხლმბადი ორგანოების მძიმე ქრონიკული დაავადებები;
(ო) მძიმე ქრონიკული ინტოქსიკაცია: ტყვიით, ვერცხლისწყლით მოწამლვა, მორფინიზმი, კოკაინიზმი, ალკოჰოლიზმი , აირებით ან სხვადასხვა სხივებით მოწამლვა, ა.შ.
(პ) საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების ქრონიკული მოშლილობა, ფუნქციების მკვეთრად გამოხატული დარღვევებით, მაგალითად: დეფორმირებადი ართროზი; ქრონიკული და პროგრესირებადი, პირველადი და მეორადი პოლიართრიტები; რევმატიზმი მძიმე კლინიკური გამოვლენებით; ა.შ.
(ჟ) კანის მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება;
(რ) ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნი;
(ს) მძიმე ინფექციური ქრონიკული დაავადებები, რომელიც დაავადების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, მაგალითად: მალარია მკვეთრად გამოხატული ორგანული ცვლილებებით; ამებური ან ბაცილური დიზენტერია სერიოზული მოშლილობებით; მესამე სტადიის ვისცერალური სიფილისი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება; კეთრი; ა.შ.
(ტ) მძიმე ავიტამინოზები და დისტროფიები.[2]
ბ. ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება
ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას ექვემდებარებიან:
(1) ყველა დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომელიც განუკურნებელია ტყვეობის პირობებში, მაგრამ რომელიც შეიძლება განიკურნოს ან რომელთა ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსების შემთხვევაში.
(2) სამხედრო ტყვეები, რომლებიც დაავადებულნი არიან ტუბერკულოზის ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად დაავადებული ორგანოსა, და რომელთა ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა ხელს შეუწყობს მათ განკურნებას ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. გამონაკლისია ტუბერკულოზის საწყისი სტადია, რომელიც ტყვედ ჩავარდნამდე განიკურნა.
(3) სამხედრო ტყვეები, რომელთაც აწუხებთ სასუნთქი, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემის, გრძნობის, შარდსასქესო ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, კანის სისტემისა და სხვა დაავადებები, რომელთა ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა აშკარად უკეთეს შედეგს გამოიღებდა, ვიდრე ტყვეობაში.
(4) სამხედრო ტყვეები, რომლებმაც ტყვეობაში თირკმლის არატუბერკულოზური დაავადების შედეგად თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია გადაიტანეს; განკურნების სტადიის ან ფარული ფორმის ოსტეომიელიტის შემთხვევები; შაქრის დიაბეტი, რომელიც ინსულინით მკურნალობას არ საჭიროებს; ა.შ.
(5) სამხედრო ტყვეები, რომლებიც ომით ან ტყვეობით გამოწვეული ნევროზებით დაავადდნენ.
ტყვეობაში ყოფნით გამოწვეული ნევროზით დაავადებულები, რომლებიც ვერ განიკურნენ ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებიდან სამ თვეში ან რომლებიც ამ დროის გასვლის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზე აშკარად არ იმყოფებიან, რეპატრიაციას ექვემდებარებიან.
(6) ყველა სამხედრო ტყვე, რომელსაც ქრონიკული ინტოქსიკაცია (აირით, ლითონებით, ალკალოიდებით, ა.შ.) აწუხებს და რომელთათვის ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა განსაკუთრებით სასარგებლოა.
(7) ყველა სამხედრო ტყვე ფეხმძიმე ქალები ან დედები, რომელთაც ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.
ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას არ ექვემდებარება:
(1) ქრონიკული ფსიქოზის შესაბამისი წესით დადგენილი ყველა შემთხვევა.
(2) ნერვიული სისტემის ორგანული ან ფუნქციონალური დაავადებების ყველა შემთხვევა, რომელიც განუკურნებლად ითვლება.
(3) ყველა ინფექციური დაავადების შემთხვევა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გადამდებია, ტუბერკულოზის გამოკლებით.
II – ზოგადი დებულებები
(1) ზემოაღნიშნული ყველა პირობა უნდა ზოგადად განიმარტოს და გამოყენებული იყოს ყველაზე ფართო გაგებით.
ასეთ ლიბერალურ მიდგომას პირველ რიგში საჭიროებს ომით ან ტყვეობით გამოწვეული ნევროპათიის ან ფსიქოპათიის მდგომარეობა, ისევე როგორც ტუბერკულოზის ყველა სტადიის შემთხვევები. სამხედრო ტყვეები, რომლებიც არაერთხელ დაიჭრნენ, მაგრამ ცალკეული ჭრილობა რეპატრიაციას არ ექვემდებარება, გაითვალისწინებენ რა ჭრილობის დიდი რაოდენობით გამოწვეულ ფსიქიკურ ტრავმას, იმავე პრინციპით უნდა შემოწმდნენ.
(2) ყველა უდავო შემთხვევა, რომელიც პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარება (ამპუტაცია, სრული სიბრმავე ან სიყრუე, ფილტვების ღია ტუბერკულოზი, ფსიქიკური დაავადება, ავთვისებიანი წარმონაქმნი, ა.შ.),შეძლებისამებრ მოკლე ვადაში უნდა შემოწმდეს და რეპატრირებული იყოს ბანაკის ექიმის ან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სამხედრო სამედიცინო კომისიების მიერ.
(3) ომამდე მიღებული ჭრილობები და დაავადებები, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესდა, ისევე როგორც ომის დროს მიღებული ჭრილობები, რომლებმაც სამხედრო სამსახურის გაგრძელება არ შეაფერხეს, პირდაპირ რეპატრიაციას არ ექვემდებარება.
(4) მოცემული დანართის დებულებები უნდა თანაბრად განიმარტოს და იყოს გამოყენებული კონფლიქტში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ. დაინტერესებული სახელმწიფოები და ორგანოები შერეულ სამედიცინო კომისიებს მათი ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფენ.
(5) *-ით ზემოაღნიშნული მაგალითები მხოლოდ ტიპიურ შემთხვევებს წარმოადგენს. შემთხვევები, რომელიც აღნიშნულ დებულებებს არ შეესაბამება, წინამდებარე კონვენციის 110-ე მუხლისა და წინამდებარე შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
[1] *შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები უმეტესწილად ბანაკის ექიმთა და სამხედრო ტყვეების თანამემამულე ექიმების ჩანაწერებს ან დამატყვევებელი სახელმწიფოს ექიმ-სპეციალისტთა შემოწმებებს უნდა ეფუძნებოდეს.
[2] *შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები უმეტესწილად ბანაკის ექიმთა და სამხედრო ტყვეების თანამემამულე ექიმების ჩანაწერებს ან დამატყვევებელი სახელმწიფოს ექიმ-სპეციალისტთა შემოწმებებს უნდა ეფუძნებოდეს.
დანართი II
წესები შერეული სამედიცინო კომისიების შესახებ
(იხილეთ, მუხლი 11