ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12081949-03
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016862
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (133 მუხლი)

ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ“

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემორე ხელის მომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1🔗

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ნებისმიერ გარემოებაში დაიცვან და უზრუნველყონ წინამდებარე კონვენციის შესრულება.

მუხლი 2🔗

იმ დებულებათა გარდა, რომლებიც გამოიყენება მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.

კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.

თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს.

მუხლი 3🔗

ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ვალდებულია, სულ მცირე, გამოიყენოს შემდეგი დებულებანი:

პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ნებისმიერ დროსა და ადგილას აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებები:

პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;

მძევლად აყვანა;

ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

სასჯელის დაკისრება და აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იმ სასამართლო გარანტიებს, რომლებიც ცივილიზებული ერების მიერ სავალდებულოდ არის აღიარებული;

დაჭრილები და ავადმყოფები უნდა შეიფარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება

მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მხარეებს შესთავაზოს თავისი მომსახურება.

კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ სპეციალური შეთანხმებების გზით წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ ძალაში შეიყვანონ.

ზემოაღნიშნული დებულებების გამოყენება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.

მუხლი 4🔗

A. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, სამხედრო ტყვეებად ითვლებიან მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილი პირები, რომლებიც ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნებიან:

1. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.

2. სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების იმ პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, თუმცა იმ პირობით, რომ ასეთი ლაშქრები ან რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:

მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;

აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;

ღიად ატარებენ იარაღს;

თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.

3. რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც მისი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო არ ცნობს.

4. შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები, როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, ომის კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი თან ახლავან და რისთვისაც შეიარაღებული ძალები მათ უზრუნველყოფენ დანართში მოცემული ნიმუშის მსგავსი პირადობის მოწმობით.

5. კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით მოპყრობის უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.

6. არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.

B. წინამდებარე კონვენციის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს მოეპყრობიან სამხედრო ტყვეების ანალოგიურად:

1. პირები, რომლებიც ოკუპირებული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნიან ან ეკუთვნოდნენ, თუ ოკუპანტი ქვეყანა მათი ამ კუთვნილების გამო აუცილებლად მიიჩნევს მათ ინტერნირებას, მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნული პირები გაათავისუფლა მაშინ, როდესაც მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ წარუმატებლად სცადეს შეერთებოდნენ შეიარაღებულ ძალებს, რომელთაც ისინი ეკუთვნიან და რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, ან თუ არ დაემორჩილნენ მათი ინტერნირების მიზნით გამოძახებას. (2) ნეიტრალური ან არამეომარი სახელმწიფოების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე მიღებული პირები, რომლებიც წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილ ერთ-ერთ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებიან და რომელთა ინტერნირებაც მათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა განახორციელონ, თუ მათთვის უფრო შეღავათიანი რეჟიმის შემოღებას არ მიანიჭებენ უპირატესობას; ამ პირებზე არ ვრცელდება მე-8, მე-10, მე-15 მუხლების, 30-ე მუხლის მეხუთე პარაგრაფის, 58–67-ე, 92-ე, 126-ე მუხლების დებულებები; აგრეთვე, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და დაინტერესებულ ნეიტრალურ ან არამეომარ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში, იმ მუხლების დებულებები, რომელიც ეხება მფარველ სახელმწიფოებს. ასეთი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობისას, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, რომლებსაც ეკუთვნიან აღნიშნული პირები, უფლება აქვთ განახორციელონ მათ მიმართ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული ფუნქციები იმ ვალდებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, რომლებსაც ეს მხარეები ჩვეულებრივ დიპლომატიური და საკონსულო პრაქტიკისა და ხელშეკრულებების შესაბამისად ახორციელებენ.

C. ეს მუხლი არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს წინამდებარე კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალის სტატუსზე.

მუხლი 5🔗

წინამდებარე კონვენცია მე-4 მუხლში მითითებული პირების მიმართ გამოიყენება მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის მომენტიდან მათ საბოლოო გათავისუფლებასა და რეპატრიაციამდე.

საომარ მოქმედებაში მონაწილე და მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნილ პირთა მე-4 მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიათაგან ერთ-ერთისადმი კუთვნილების თაობაზე ეჭვის აღძვრის შემთხვევაში აღნიშნული პირები, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მათი სტატუსის განსაზღვრამდე, წინამდებარე კონვენციის დაცვით ისარგებლებენ.

მუხლი 6🔗

მე-10, 23-ე, 28-ე, 33-ე, მე-60, 65-ე, 66-ე, 67-ე, 72-ე, 73-ე, 75-ე, 109-ე, 110-ე, 118-ე, 119-ე, 122-ე და 132-ე მუხლებით გათვალისწინებული საგანგებო შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის განსაკუთრებულად მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სამხედრო ტყვეების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას, ასევე არ უნდა შეზღუდოს კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.

სამხედრო ტყვეები სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან მათ მიმართ კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ უფრო ხელსაყრელი ღონისძიებებია გამოყენებული.

მუხლი 7🔗

სამხედრო ტყვეებს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარე კონვენციითა და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წინა მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმებებით არის უზრუნველყოფილი.

მუხლი 8🔗

წინამდებარე კონვენციის გამოყენება ხორციელდება მფარველი სახელმწიფოს ხელშეწყობითა და კონტროლით, რომელსაც ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად საჭიროა იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ მისია უნდა შეასრულონ.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მუშაობის განხორციელებისას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი.

მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ.

მუხლი 9🔗

წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ წარმოადგენს სამხედრო ტყვეთა დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნის მქონე ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელიც შეიძლება განახორციელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ან ნებისმიერმა სხვა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების თანხმობით.

მუხლი 10🔗

მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ანდონ სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმცემ ორგანიზაციას.

თუ სამხედრო ტყვეებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმყოფებიან, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.

თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს, ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წინადადება თავის თავზე აიღოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.

ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როცა საომარი მდგომარეობის გამო თუნდაც დროებით შეზღუდულია ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, თუ ოკუპირებულია ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.

წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.

მუხლი 11🔗

მფარველი სახელმწიფოები ყოველთვის, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე ამას მიზანშეწონილად ჩათვლიან, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში, კეთილ სამსახურს გაუწევენ მხარეებს უთანხმოებათა მოგვარების მიზნით.

ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების, კერძოდ, სამხედრო ტყვეებზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა შესაბამისად შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან მსვლელობა მისცენ ამ თვალსაზრისით მათთვის შეთავაზებული წინადადებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელსაც მიიწვევენ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

კარი II

ზოგადი ხასიათის დებულებები სამხედრო ტყვეთა დაცვის შესახებ

მუხლი 12🔗

სამხედრო ტყვეები იმყოფებიან მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და არა იმ ცალკეული პირების ან სამხედრო შენაერთების ხელში, რომლებმაც ისინი ტყვედ ჩაიგდეს. მიუხედავად იმ ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა, რომელიც ცალკეულ პირებს შეიძლება დაეკისროთ, სამხედრო ტყვეებთან პასუხისმგებელია დამკავებელი სახელმწიფო.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო ტყვეების გადაცემა შეუძლია მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც არის კონვენციის მონაწილე მხარე და მას შემდეგ, რაც დამკავებელი სახელმწიფო დარწმუნდება, რომ მიმღებ სახელმწიფოს სურს და შეუძლია კონვენციის დებულებათა დაცვა. როდესაც ტყვეებს ამგვარი პირობების დაცვით გადასცემენ, კონვენციის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ მიმღებ სახელმწიფოს მანამ, სანამ ისინი მისი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.

მიუხედავად ამისა, თუ ეს სახელმწიფო ვერ შეასრულებს კონვენციის დებულებებს რომელიმე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, სახელმწიფომ, რომელმაც ტყვეები გადასცა, მფარველი სახელმწიფოსგან შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მიიღოს ეფექტიანი ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად ან მოითხოვოს სამხედრო ტყვეების დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

მუხლი 13🔗

სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ჰუმანურად უნდა მოეპყრონ. ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი უკანონო ქმედება ან უმოქმედობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მის მზრუნველობაში მყოფი სამხედრო ტყვის სიკვდილი ან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას, აკრძალულია და განიხილება წინამდებარე კონვენციის სერიოზულ დარღვევად. კერძოდ, არცერთი სამხედრო ტყვე არ შეიძლება დაექვემდებაროს ფიზიკურ დასახიჩრებას ან ნებისმიერი სახის სამედიცინო თუ სამეცნიერო ექსპერიმენტს, რომელიც მოცემული ტყვის სამედიცინო, სტომატოლოგიური ან ჰოსპიტალური მკურნალობის აუცილებლობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით არ არის გამართლებული.

ასევე, სამხედრო ტყვეები ყოველთვის დაცული უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ძალადობის ან დაშინების ნებისმიერი აქტისაგან, აგრეთვე შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობისგან.

სამხედრო ტყვეების მიმართ რეპრესალიების გამოყენება აკრძალულია.

მუხლი 14🔗

სამხედრო ტყვეებს ნებისმიერ გარემოებაში აქვთ მათი პიროვნებისა და ღირსების პატივისცემის უფლება.

ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესის მიმართ შესაბამისი პატივისცემით და ყველა შემთხვევაში მათთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი პირობები, ვიდრე მამაკაცებისათვის.

სამხედრო ტყვეები სრულად ინარჩუნებენ თავიანთ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას, რომლითაც სარგებლობდნენ დატყვევების მომენტში. ტყვედ ამყვან სახელმწიფოს არ შეუძლია შეზღუდოს ამ უფლებაუნარიანობით მინიჭებული უფლებების განხორციელება საკუთარ ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას თავად ტყვეობის პირობები მოითხოვს.

მუხლი 15🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ვალდებულია უფასოდ უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა შენახვა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მუხლი 16🔗

წინამდებარე კონვენციის იმ დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც სამხედრო წოდებასა და სქესს შეეხება, და იმ პრივილეგირებული მოპყრობის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მიენიჭოთ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან პროფესიული კვალიფიკაციის გამო, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ყველა სამხედრო ტყვეს თანაბრად უნდა მოეპყროს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების ან ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სხვა ნიშნით.

კარი III

ტყვეობა

ნაწილი I

ტყვეობის დასაწყისი

მუხლი 17🔗

ყოველი სამხედრო ტყვე, დაკითხვისას, ვალდებულია განაცხადოს მხოლოდ თავისი გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, დაბადების თარიღი, პირადი ან სარეგისტრაციო ნომერი, ან, მისი არქონის შემთხვევაში, სხვა თანაბარი მნიშვნელობის ინფორმაცია.

თუ სამხედრო ტყვე შეგნებულად დაარღვევს ამ წესს, იგი შეიძლება მისი წოდების ან მდგომარეობის სამხედრო ტყვეებისათვის გათვალისწინებული შეზღუდვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

კონფლიქტში მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს მის იურისდიქციაში მყოფი პირები, რომლებიც შეიძლება ტყვედ ჩავარდნენ, პირადობის მოწმობით, რომელშიც მითითებული იქნება მფლობელის გვარი, სახელი, წოდება, არმიის დანაყოფი, პირადი ან სერიული ნომერი ან თანაბარი ინფორმაცია და დაბადების თარიღი. გარდა ამისა, პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს მფლობელის ხელმოწერას ან თითის ანაბეჭდებს, ან ორივეს ერთად, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომლის დამატებასაც კონფლიქტის მონაწილე მხარე მოისურვებს თავისი შეიარაღებული ძალების წევრების შესახებ. შეძლებისდაგვარად, მოწმობის ზომა უნდა იყოს 6,5 x 10 სმ და გაიცეს ორ ეგზემპლარად. სამხედრო ტყვე ვალდებულია მოთხოვნისთანავე წარადგინოს პირადობის მოწმობა, მაგრამ მისი ჩამორთმევა დაუშვებელია.

ინფორმაციის მისაღებად სამხედრო ტყვეთა მიმართ დაუშვებელია ფიზიკური ან ფსიქიკური წამების, ან იძულების ნებისმიერი სხვა ფორმის გამოყენება. იმ სამხედრო ტყვეების მიმართ, რომლებიც უარს აცხადებენ პასუხის გაცემაზე, დაუშვებელია მუქარა, შეურაცხყოფა ან რაიმე სახის არახელსაყრელი თუ უსიამოვნო მდგომარეობის შექმნა.

სამხედრო ტყვეები, რომელთაც თავიანთი ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საკუთარი ვინაობის დასახელება, უნდა გადაეცნენ სამედიცინო სამსახურს. ასეთ ტყვეთა ვინაობა უნდა დადგინდეს ყველა შესაძლო საშუალებით, წინა პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით.

სამხედრო ტყვეთა დაკითხვა უნდა წარმოებდეს მათთვის გასაგებ ენაზე.

მუხლი 18🔗

პირადი მოხმარების ყველა ნივთი და საგანი, გარდა იარაღის, ცხენების, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო დოკუმენტებისა, რჩება სამხედრო ტყვეთა მფლობელობაში, ასევე მათ მფლობელობაში რჩება ლითონის ჩაფხუტები, აირწინაღები და სხვა მსგავსი საგნები, რომლებიც მათ ინდივიდუალური დაცვისათვის გადაეცათ. მათ მფლობელობაში რჩება ნივთები და საგნები, რომლებიც გამოიყენება მათი შემოსვისა და კვებისათვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ნივთები და საგნები მათ ოფიციალურ სამხედრო აღჭურვილობას განეკუთვნება.

სამხედრო ტყვეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ასეთ დოკუმენტებს აძლევს იმ სამხედრო ტყვეებს, რომელთაც ისინი არ გააჩნიათ.

სამხედრო ტყვეებს არ შეიძლება ჩამოერთვათ წოდებისა და სახელმწიფოსადმი კუთვნილების ნიშნები, ორდენები და ნივთები, რომლებსაც უპირატესად პირადი ან სუბიექტური ფასეულობა აქვთ.

სამხედრო ტყვეებს მათ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა შეიძლება ჩამოერთვათ მხოლოდ ოფიცრის განკარგულებით და მას შემდეგ, რაც თანხის ოდენობა და მფლობელის მონაცემები დარეგისტრირდება სპეციალურ რეესტრში და გაიცემა დეტალური ხელწერილი, რომელშიც გარკვევით იქნება მითითებული მისი გამცემი პირის სახელი, წოდება და სამხედრო ნაწილი. ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ვალუტაში არსებული თანხა, ან ის თანხა, რომელიც სამხედრო ტყვის თხოვნით ამ ვალუტაზე გადაიცვალა, შეიტანება სამხედრო ტყვის პირად ანგარიშზე, 64-ე მუხლის შესაბამისად.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო ტყვისათვის ძვირფასი ნივთების ჩამორთმევა შეუძლია მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრების საფუძველზე. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება იგივე წესი, რაც ფულადი თანხის ჩამორთმევისას.

აღნიშნული საგნები, ისევე როგორც ჩამორთმეული ფულადი თანხა ნებისმიერ სხვა ვალუტაში, გარდა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ვალუტისა, რომლის გადაცვლაც მფლობელს არ უთხოვია, უნდა ინახებოდეს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ და ტყვეობის დასრულებისთანავე სამხედრო ტყვეებს პირვანდელი სახით დაუბრუნდეთ.

მუხლი 19🔗

სამხედრო ტყვეები, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტყვედ ჩავარდნიდან უმოკლეს ვადაში უნდა იყვნენ ევაკუირებულნი სამხედრო მოქმედებათა ზონიდან საკმაოდ დაშორებულ ბანაკებში.

საშიშ ზონაში დროებით შეიძლება დატოვონ მხოლოდ ის სამხედრო ტყვეები, რომელთაც, ჭრილობის ან ავადმყოფობის გამო, ევაკუაცია უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე ადგილზე დარჩენა.

აუცილებლობის გარეშე არ შეიძლება სამხედრო მოქმედებათა ზონიდან მათი ევაკუაციის მოლოდინში სამხედრო ტყვეების საფრთხეში ჩაყენება.

მუხლი 20🔗

სამხედრო ტყვეთა ევაკუაცია ყოველთვის უნდა განხორციელდეს ჰუმანურად და იმ პირობების ანალოგიურად, რომელთაც ტყვედ ამყვანი სახელმწიფო საკუთარ ჯარებს მათი გადაადგილებისას ანიჭებს.

ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ ევაკუირებული სამხედრო ტყვეები უნდა მოამარაგოს საკმარისი საკვებით, სასმელი წყლით, სათანადო ტანსაცმლით და უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო დახმარებით. ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევაკუაციის დროს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და პირველივე შესაძლებლობისთანავე შეადგინოს ევაკუირებულ სამხედრო ტყვეთა სია.

თუ სამხედრო ტყვეებს ევაკუაციის დროს სატრანზიტო ბანაკების გავლა მოუწევთ, მათი იქ ყოფნა მაქსიმალურად ხანმოკლე უნდა იყოს.

ნაწილი II

სამხედრო ტყვეთა ინტერნირება

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 21🔗

დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია სამხედრო ტყვეთა ინტერნირება. მას შეუძლია აუკრძალოს მათ ინტერნირების ბანაკის დადგენილი მიჯნის გარეთ გასვლა ან, თუ ბანაკს გარს მესერი აკრავს , ამ მესერს გარეთ გასვლა. წინამდებარე კონვენციის დებულებებით გათვალისწინებული იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც დისციპლინარულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს ეხება, დაუშვებელია სამხედრო ტყვეთა ჩაკეტილ შენობაში მოთავსება, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მიღებული ზომები მათი ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, ამ ღონისძიების გამოყენება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაშია დასაშვები, სანამ მისი გამომწვევი მიზეზები არ შეწყდება.

სამხედრო ტყვეებს პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე შეიძლება ნაწილობრივი ან სრული თავისუფლება მიენიჭოთ იმდენად, რამდენადაც ასეთი რამ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობითაა დაშვებული, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. კერძოდ, ეს ღონისძიება მაშინ გამოიყენება, როდესაც მას შეუძლია ტყვეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. არ შეიძლება ტყვეთა იძულებით პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებაზე დათანხმება.

საომარი მოქმედებების დაწყებისას კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე მოწინააღმდეგე მხარეს აცნობებს იმ კანონებსა და წესებს, რომელიც მის მოქალაქეებს ნებას რთავს ან უკრძალავს პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებას დაეთანხმონ. ამგვარად შეტყობინებული კანონებისა და წესების შესაბამისად პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები ვალდებული არიან საკუთარი ღირსებით ზუსტად შეასრულონ აღებული ვალდებულებები როგორც იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ისე მათი დამატყვევებელი სახელმწიფოს მიმართაც. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, მათგან არ უნდა მოითხოვოს ან არ უნდა მიიღოს რაიმე სამსახური, რომელიც მათ მიერ მიცემულ სიტყვას ან პირობას ეწინააღმდეგება.

მუხლი 22🔗

სამხედრო ტყვეების ინტერნირება შეიძლება მხოლოდ ხმელეთზე განლაგებულ ისეთ ნაგებობებში, რომლებიც ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ყველა გარანტიას ქმნის. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, რომელიც თავად ტყვეთა ინტერესებითაა გამართლებული, არ შეიძლება მათი ინტერნირება ციხის შენობებში.

არაჯანსაღ ან მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო კლიმატის პირობებში ინტერნირებული სამხედრო ტყვეები პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გადაიყვანონ უფრო ხელსაყრელი კლიმატის ადგილებში.

დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს ბანაკებში ან ბანაკის სექტორებში განათავსებს მათი ეროვნების, ენისა და ჩვეულებების გათვალისწინებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამხედრო ტყვეებს იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეებისგან არ განაცალკევებენ, რომელშიც ისინი ტყვედ ჩავარდნის მომენტში მსახურობდნენ. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ამაზე თანხმობას თავად ტყვეები გამოთქვამენ.

მუხლი 23🔗

არც ერთი სამხედრო ტყვე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგზავნოს იმ რაიონში, სადაც შეიძლება საომარი მოქმედებების ზონიდან უშუალოდ ცეცხლის ზონაში მოხვდეს. ასევე დაუშვებელია მათი დაკავება აღნიშნულ რაიონებში და ობიექტების საომარი ოპერაციებისაგან დაცვის მიზნით რაიმე პუნქტში ან რაიონში მათი ყოფნით სარგებლობა.

სამხედრო ტყვეები, ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობის მსგავსად, საჰაერო თავდასხმებისა და ომის სხვა საშიშროებისგან თავდასაცავად უნდა სარგებლობდნენ თავშესაფრებით. სამხედრო ტყვეებს, იმ პირების გამოკლებით, რომლებიც აღნიშნულ საფრთხეთაგან თავიანთი ნაგებობების დაცვაში მონაწილეობენ, რაც შეიძლება სწრაფად, განგაშის დაწყებისთანავე უნდა მიეცეთ თავშესაფარში შესვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად გატარებული ყველა სხვა ღონისძიება უნდა გატარდეს სამხედრო ტყვეების მიმართაც.

დამატყვევებელი სახელმწიფოები, მფარველ სახელმწიფოთა მეშვეობით ერთმანეთს აცნობებენ ყველა საჭირო მონაცემს სამხედრო ტყვეთა ბანაკების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ.

დღისით, როცა საომარი მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს შესაძლებელი იქნება, ბანაკები უნდა აღინიშნოს ასოებით “PW” ან “PG”, რომლებიც ისე უნდა განლაგდეს, რომ საჰაერო სივრციდან გარკვევით ჩანდეს. თუმცა, დაინტერესებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ აღნიშვნის სხვა სისტემაზეც შეთანხმდნენ. ასეთი აღნიშვნა მხოლოდ სამხედრო ტყვეთა ბანაკებისთვისაა ნებადართული.

მუხლი 24🔗

მუდმივი ხასიათის ტრანზიტული ან დასახარისხებელი ბანაკები თავისი მოწყობით უნდა პასუხობდეს წინამდებარე ნაწილში გათვალისწინებულის მსგავს პირობებს და მათში უნდა არსებობდეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ისეთივე რეჟიმი, როგორიც სხვა ბანაკებში.

თავი II

სამხედრო ტყვეების განთავსება, კვება და ტანსაცმელი

მუხლი 25🔗

სამხედრო ტყვეთა ბანაკებში განთავსების პირობები იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს, რომლებითაც იმავე ადგილას განლაგებული დამატყვევებელი სახელმწიფოს ჯარები სარგებლობენ. ეს პირობები სამხედრო ტყვეთა ჩვევებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საზიანო მათი ჯანმრთელობისათვის.

კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულებები გამოიყენება სამხედრო ტყვეების საძილე სათავსოების მიმართ, როგორც ფართობის საერთო ზომისა და მინიმალური კუბატურის, ისე აღჭურვილობისა და საძილე საშუალებების, მათ შორის, საბნების თვალსაზრისით.

სამხედრო ტყვეების ინდივიდუალური ან კოლექტიური მოხმარებისათვის განკუთვნილი შენობები მთლიანად უნდა იყოს დაცული ნესტისაგან, საკმარისად უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით სიბნელის დადგომასა და სინათლის გამორთვის დადგენილი დროის შორის მონაკვეთში. მიღებული უნდა იყოს ყველა ხანძარსაწინააღმდეგო ზომა.

იმ ბანაკებში, სადაც მამაკაცებთან ერთად სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის ცალკე საძილე სათავსოები უნდა უზრუნველყონ.

მუხლი 26🔗

კვების ძირითადი დღიური რაციონი თავისი რაოდენობით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით საკმარისი უნდა იყოს სამხედრო ტყვეთა ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მათი წონაში დაკლების ან არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ანგარიში უნდა გაეწიოს სამხედრო ტყვეთათვის ჩვეულ კვების რეჟიმსაც.

დამატყვევებელმა სახელმწიფომ მომუშავე სამხედრო ტყვეები, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს კვების დამატებითი რაციონით.

სამხედრო ტყვეები უნდა მოამარაგონ სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით. თამბაქოს მოწევა ნებადართული უნდა იყოს.

სამხედრო ტყვეები შესაძლებლობების მაქსიმალურ ფარგლებში ჩაერთვებიან თავიანთი საკვების მომზადების პროცესში. ამ მიზნით შესაძლებელია სამზარეულოში მათი დასაქმება. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ კერძები მათ ხელთ არსებული დამატებითი პროდუქტებისგან.

კოლექტიური სადილობისათვის სათანადო სათავსოები უნდა გამოიყოს.

აკრძალულია კვებასთან დაკავშირებული ყოველგვარი კოლექტიური დისციპლინური სასჯელის დაკისრება.

მუხლი 27🔗

დამატყვევებელი სახელმწიფო, იმ ადგილის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სადაც სამხედრო ტყვეები იმყოფებიან, სამხედრო ტყვეებს უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის ტანსაცმლით, თეთრეულითა და ფეხსაცმლით. დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ ხელში ჩაგდებული მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებული ძალების საფორმო ტანსაცმლის გამოყენება შეიძლება სამხედრო ტყვეების შესამოსად, თუ ეს უკანასკნელი კლიმატური პირობების შესაფერისია.

ზემოაღნიშნული ნივთების რეგულარულ შეცვლა-განახლებას დამატყვევებელი სახელმწიფო უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მომუშავე სამხედრო ტყვეები შესაბამის ტანსაცმელს ყველგან მიიღებენ, სადაც ეს მათი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე იქნება აუცილებელი.

მუხლი 28🔗

ყველა ბანაკში უნდა მოეწყოს სურსათ-სანოვაგის მაღაზიები, სადაც სამხედრო ტყვეები შეძლებენ შეიძინონ კვების პროდუქტები, საპონი, თამბაქო და პირადი მოხმარების საგნები, რომელთა გასაყიდი ფასიც ადგილობრივ საბაზრო ფასებს არ უნდა აღემატებოდეს.

სურსათ-სანოვაგის მაღაზიების ვაჭრობიდან მიღებული მოგება სამხედრო ტყვეების ინტერესებს უნდა მოხმარდეს, რისთვისაც უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი. ტყვეთა წარმომადგენელს უფლება ექნება მონაწილეობა მიიღოს სურსათ-სანოვაგის მაღაზიის მუშაობასა და ამ ფონდის გამოყენებაში.

ბანაკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, სპეციალური ფონდის საკრედიტო სალდო გადაეცემა რომელიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, რათა ის იმ სახელმწიფოების სამხედრო ტყვეთა ინტერესებისთვის გამოიყენონ, რომლის მოქალაქენიც სამხედრო ტყვეები იყვნენ და რომლებმაც ამ ფონდის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს. საყოველთაო რეპატრიაციისას, დაინტერესებულ ქვეყნებს შორის საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მოგება დამატყვევებელ სახელმწიფოსთან რჩება.

თავი III

ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება

მუხლი 29🔗

დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ჰიგიენასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც საჭიროა ბანაკებში სისუფთავისა და ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და ეპიდემიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

დღისით და ღამით სამხედრო ტყვეების განკარგულებაში იქნება საპირფარეშოები, რომლებიც ჰიგიენის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ყველა ბანაკში, სადაც სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის ცალკე საპირფარეშოები უნდა გამოიყოს.

აბანოებისა და საშხაპეების გარდა, რომლებიც ბანაკებში მოეწყობა, სამხედრო ტყვეები სხეულის ყოველდღიური ჰიგიენის დაცვისა და თეთრეულის გასარეცხად საკმარისი წყლითა და საპნით იქნებიან უზრუნველყოფილნი; საამისოდ გამოიყოფა მათთვის საჭირო სათავსოები, საშუალებები და დრო.

მუხლი 30🔗

ყოველ ბანაკს ექნება შესაბამისი ლაზარეთი, სადაც სამხედრო ტყვეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ და სადაც მათ აუცილებელი კვების რეჟიმით უზრუნველყოფენ. საჭიროების შემთხვევაში, გადამდები სნეულებებით და სულიერად დაავადებული ავადმყოფებისათვის შეიქმნება იზოლატორები.

სამხედრო ტყვეები, რომლებიც მძიმედ არიან ავად ან რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, უნდა განთავსდნენ მათი მკურნალობის შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ სამხედრო თუ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაშინაც კი, თუკი ახლო მომავალში მოსალოდნელია მათი რეპატრიაცია. განსაკუთრებული პირობები შეიქმნება ინვალიდების, კერძოდ, ბრმების მოსავლელად და რეპატრიაციის მოლოდინში მათ სარეაბილიტაციოდ.

სამხედრო ტყვეებს სამედიცინო დახმარებას უპირატესად იმ სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალი აღმოუჩენს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და რომელიც, შეძლებისამებრ, იგივე ეროვნული კუთვნილებისაა. არ შეიძლება ხელი შეეშალოს სამხედრო ტყვეთა სამედიცინო პერსონალთან მიღებაზე მისვლას. ტყვედ ამყვანი ხელისუფლება ყოველ სამხედრო ტყვეს, რომელიც მკურნალობს, მისი თხოვნის საფუძველზე, მისცემს ოფიციალურ ცნობას დაავადების ან ჭრილობის ხასიათის, მკურნალობის ხანგრძლივობისა და ხასიათის შესახებ. ამ ცნობის დუბლიკატი სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაეგზავნება.

სამხედრო ტყვეთა მკურნალობის ხარჯებს, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაიმე მოწყობილობების, კერძოდ, კბილის ან სხვა პროთეზების და სათვალეების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, გაიღებს დამატყვევებელი სახელმწიფო.

მუხლი 31🔗

სამხედრო ტყვეთა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, თვეში ერთხელ. სამედიცინო შემოწმებისას შემოწმდება და ჩაიწერება თითოეული სამხედრო ტყვის წონა. კერძოდ, ეს შემოწმებები მიზნად ისახავს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კვებასა და სამხედრო ტყვეთა სისუფთავეზე ზედამხედველობას, აგრეთვე გადამდები სნეულებების, განსაკუთრებით ტუბერკულოზის, მალარიისა და ვენერიული დაავადებების გამოვლენას. ამისათვის გამოიყენება ყველაზე ეფექტური ხელმისაწვდომი მეთოდები, მაგალითად, ტუბერკულოზის ადრეულ სტადიაში გამოსავლენად  მიკროფირზე  პერიოდული ზოგადი რენტგენის სურათების გადაღება.

მუხლი 32🔗

სამხედრო ტყვეებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურს არ ეკუთვნიან, მაგრამ არიან ექიმები, კბილის ექიმები, სანიტრები (ქალები და მამაკაცები),დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია თავიანთი სამედიცინო მოვალეობების შესრულება იმ სამხედრო ტყვეთა სასარგებლოდ მოსთხოვონ, რომლებიც მათ მსგავსად იმავე სახელმწიფოს ეკუთვნიან. ასეთ შემთხვევაში ეს პირები კვლავაც სამხედრო ტყვეებად დარჩებიან, მაგრამ ისეთივე მოპყრობით ისარგებლებენ, როგორითაც დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დაკავებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. ისინი 49-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა სამუშაოსგან გათავისუფლდებიან.

თავი IV

სამხედრო ტყვეებისთვის დახმარების გასაწევად დაკავებული

სამედიცინო და სასულიერო პერსონალი

მუხლი 33🔗

დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ სამხედრო ტყვეთათვის დახმარების გასაწევად დაკავებული სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სამხედრო ტყვეებად არ ჩაითვლებიან. მიუხედავად ამისა, ისინი, სულ მცირე, წინამდებარე კონვენციით მინიჭებული უპირატესობებითა და მფარველობით ისარგებლებენ; მათ სამხედრო ტყვეთათვის სამედიცინო და სასულიერო დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ყველა პირობა შეექმნებათ.

აღნიშნული პირები დამატყვევებელი სახელმწიფოს სამხედრო კანონებისა და განკარგულებების ფარგლებში და ამ ქვეყნის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელობით, პროფესიული ეთიკის შესატყვისად თავიანთი სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების შესრულებას უპირატესად იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების მიმართ განაგრძობენ, რომელსაც თავად ეკუთვნიან. გარდა ამისა, სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების შესრულებისას ისინი შემდეგი შეღავათებით ისარგებლებენ:

a. უფლებამოსილი იქნებიან პერიოდულად მოინახულონ ბანაკის გარეთ სამუშაო ბანაკებსა და ჰოსპიტლებში მყოფი სამხედრო ტყვეები. ამ მიზნით, დამატყვევებელმა სახელმწიფომ უნდა გამოყოს მათთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებები:

b. ყოველ ბანაკში წოდებითა და სტაჟით უფროსი სამხედრო ექიმი ბანაკის სამხედრო ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებელია დაკავებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ საქმიანობაზე. ამ მიზნით, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 26-ე მუხლში მითითებულ საზოგადოებათა პერსონალის წოდებათა შეფარდებას უთანხმებენ. ამ ექიმებსა და სასულიერო პირებს მათ პროფესიულ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ბანაკის სამხედრო და სამედიცინო ხელისუფლებისთვის პირდაპირ მიმართვის შესაძლებლობა ექნებათ; ეს უკანასკნელნი მათ ამ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოების სათანადო შესაძლებლობას შეუქმნიან.

c. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პერსონალი ბანაკის შინაგანაწესს ემორჩილება, არ შეიძლება მათი იძულება შეასრულონ სამუშაო, რომელიც მათ სამედიცინო ან რელიგიურ მოვალეობებს არ უკავშირდება.

საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები დაკავებული პერსონალის შესაძლო გათავისუფლებაზე თანხმდებიან და ამგვარი გათავისუფლების პროცედურულ წესს ადგენენ.

არც ერთი წინა დებულება დამატყვევებელ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სასულიერო ხასიათის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სფეროში მასზე დაკისრებული მოვალეობებისგან.

თავი V

რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა

მუხლი 34🔗

სამხედრო ტყვეებს სრული თავისუფლება მიენიჭებათ მათი რელიგიური წესების აღსასრულებლად, შესაბამის რელიგიურ წირვებზე დასწრების ჩათვლით, იმ პირობით, რომ ისინი სამხედრო ხელისუფლების მიერ დაწესებულ დისციპლინურ წესრიგს დაიცავენ.

უნდა გამოიყოს რელიგიური მსახურებისათვის საჭირო სათავსოები.

მუხლი 35🔗

მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილ სამხედრო სასულიერო პერსონალს, რომელიც სამხედრო ტყვეთა დასახმარებლად დარჩა ან დააკავეს, უფლება ექნება მათ სულიერ მოთხოვნილებებს მოემსახუროს და თავისი რელიგიური აღმსარებლობის შესაბამისად, თავისი მოვალეობები ერთმორწმუნეთა შორის თავისუფლად აღასრულოს. მათ სხვადასხვა ბანაკსა და სამუშაო რაზმში გაანაწილებენ, სადაც იმავე შეიარაღებული ძალების კუთვნილი, იმავე ენაზე მოსაუბრე ან იმავე რელიგიური აღმსარებლობის სამხედრო ტყვეები იმყოფებიან. სასულიერო პერსონალს საჭირო საშუალებები მიეცემა მათი ბანაკის ფარგლებს გარეთ მყოფი სამხედრო ტყვეების მოსანახულებლად, 33-ე მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით. აღნიშნული პირები მათ რელიგიურ მოვალეობებთან დაკავშირებით ისარგებლებენ დამკავებელი სახელმწიფოს სასულიერო ხელისუფლებასა და საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებთან თავისუფალი მიმოწერის უფლებით; აღნიშნული მიმოწერა შეიძლება დაექვემდებაროს ცენზურას. მათ მიერ ამ მიზნით გაგზავნილი წერილები და საფოსტო ბარათები 71-ე მუხლით დადგენილ ნორმაში არ მოექცევა.

ტყვედ ჩავარდნილი სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი შეიარაღებული ძალების სასულიერო პერსონალის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, უფლებამოსილი იქნებიან მათი რელიგიური აღმსარებლობისდა მიუხედავად, თავისუფლად განახორციელონ თავისი მოვალეობები ერთმორწმუნეთა შორის. ამ თვალსაზრისით, მათ ისევე მოეპყრობიან, როგორც დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დაკავებულ სამხედრო სასულიერო პერსონალის წარმომადგენლებს. დაუშვებელია მათთვის რაიმე სხვა სახის სამუშაოს შესრულების იძულება.

მუხლი 36🔗

სამხედრო ტყვეებს, რომლებიც არიან სასულიერო პირები, მაგრამ არ მსახურობდნენ კაპელანებად საკუთარ შეიარაღებულ ძალებში, უნდა ჰქონდეთ უფლება, თავიანთი აღმსარებლობის მიუხედავად, თავისუფლად აღასრულონ ღვთისმსახურება საკუთარი თემის წევრებისათვის. ამ მიზნით, მათ მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთივე რეჟიმი, როგორიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დაკავებული კაპელანების მიმართ. ისინი არ უნდა იყვნენ ვალდებულნი, შეასრულონ რაიმე სხვა სამუშაო.

მუხლი 37🔗

იმ შემთხვევებში, როცა სამხედრო ტყვეები დაკავებული სამხედრო სასულიერო პერსონალის წარმომადგენლის ან მათი აღმსარებლობის სამხედრო ტყვე სასულიერო პირის სულიერი დახმარებით არ სარგებლობენ, დაინტერესებულ სამხედრო ტყვეთა თხოვნით, ამ მოვალეობათა შესასრულებლად მათი ან მსგავსი აღმსარებლობის სასულიერო პირი დაინიშნება, ან თუ ასეთი პირი არ ჰყავთ, ამ საქმის მცოდნე სამოქალაქო პირი, თუ ეს რელიგიური თვალსაზრისით დასაშვებია. ეს დანიშვნა უნდა დაამტკიცოს დამატყვევებელმა სახელმწიფომ. ის დაინტერესებული სამხედრო ტყვეების საზოგადოების თანხმობითა და, საჭიროების შემთხვევაში, იმავე აღმსარებლობის ადგილობრივი სასულიერო ხელისუფლების დასტურით უნდა განხორციელდეს. ამგვარად დანიშნული პირი ვალდებული იქნება დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დისციპლინისა და სამხედრო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული წესებით იმოქმედოს.

მუხლი 38🔗

პატივისცემით მოეპყრობა რა ყოველი სამხედრო ტყვის პირად არჩევანს, დამატყვევებელმა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სამხედრო ტყვეთა ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და გასართობ აქტივობას. მან საამისოდ სამხედრო ტყვეობის გამგებლობაში შესაბამისი სათავსოების და საჭირო ინვენტარის გადაცემის გზით აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს.

სამხედრო ტყვეებს უნდა ჰქონდეთ ფიზიკური ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა, სპორტისა და სპორტული თამაშების ჩათვლით. ამ მიზნით, ყოველ ბანაკში საკმარისი ზომის თავისუფალი სივრცე უნდა გამოიყოს.

თავი VI

დისციპლინა

მუხლი 39🔗

სამხედრო ტყვეთა ყოველი ბანაკი დაექვემდებარება ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფ პასუხისმგებელ ოფიცერს. აღნიშნულ ოფიცერს თან უნდა ჰქონდეს წინამდებარე კონვენციის ასლი; იგი უზრუნველყოფს, რომ კონვენციის დებულებები ცნობილი იყოს ბანაკის პერსონალისა და დაცვისათვის და, თავისი მთავრობის კონტროლის ქვეშ, პასუხისმგებელი იქნება კონვენციის გამოყენებაზე.

სამხედრო ტყვეებმა, ოფიცრების გარდა, ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამხედრო ოფიცრების მიმართ უნდა გამოხატონ მათ მიმართ პატივისცემის ის გარეგანი ნიშნები, რომლებიც გათვალისწინებულია მათ საკუთარ შეიარაღებულ ძალებში მოქმედი წესდებით.

ოფიცერი სამხედრო ტყვეები ვალდებულნი არიან სამხედრო სალამი მისცენ მხოლოდ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მათზე უფროსი წოდების მქონე ოფიცრებს; თუმცა, ისინი ვალდებულნი არიან მიესალმონ ბანაკის უფროსს, მისი წოდების მიუხედავად.

მუხლი 40🔗

ნებადართული უნდა იყოს წოდებების, მოქალაქეობის განმასხვავებელი ნიშნებისა და ორდენების ტარება.

მუხლი 41🔗

ყველა ბანაკში, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილებში, სამხედრო ტყვეთა მშობლიურ ენაზე უნდა გამოიკრას წინამდებარე კონვენციის ტექსტი, მისი დანართები და მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სპეციალური შეთანხმების შინაარსი. მოთხოვნის საფუძველზე, ტექსტის ასლები უნდა გადაეცეთ იმ ტყვეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა გამოკრულ ეგზემპლართან.

სამხედრო ტყვეთა ქცევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის წესები, ბრძანებები, განცხადებები და პუბლიკაციები მათ უნდა მიეწოდოთ მათთვის გასაგებ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტები უნდა გამოიკრას ზემოაღნიშნული წესით, ხოლო მათი ასლები უნდა გადაეცეს ტყვეთა წარმომადგენელს. ნებისმიერი ბრძანება ან განკარგულება, რომელიც სამხედრო ტყვეებს ინდივიდუალურად მიემართება, ასევე მათთვის გასაგებ ენაზე უნდა გაიცეს.

მუხლი 42🔗

სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, განსაკუთრებით მათი გაქცევის ან გაქცევის მცდელობის დროს, წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელსაც ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება.

თავი VII

სამხედრო ტყვეთა წოდებები

მუხლი 43🔗

საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ მე-4 მუხლში მითითებული ყველა პირის წოდებებსა და წოდებრივ დასახელებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თანაბარი მოპყრობა თანაბარი წოდების მქონე სამხედრო ტყვეების მიმართ. შემდგომში დადგენილი წოდებები და დასახელებები ანალოგიური შეტყობინების საგანი გახდება.

ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ცნობს სამხედრო ტყვეთა წოდებრივ დაწინაურებას, რომლის შესახებაც მას ჯეროვნად აცნობებს ის სახელმწიფო, რომელსაც ეს ტყვეები ეკუთვნიან.

მუხლი 44🔗

ოფიცრებსა და მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე სამხედრო ტყვეებს უნდა მოეპყრონ მათი წოდებისა და ასაკის შესაბამისი პატივისცემით.

ოფიცერთა ბანაკების მომსახურების უზრუნველსაყოფად, ოფიცრებისა და მათთან გათანაბრებული პირების წოდებათა გათვალისწინებით, უნდა გამოიყოს იმავე შეიარაღებული ძალების სხვა წოდების მქონე სამხედრო ტყვეთა საჭირო რაოდენობა, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, იმავე ენაზე საუბრობენ. ასეთ მორიგეებს არ შეიძლება დაეკისროთ სხვა სახის სამუშაოს შესრულება.

წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა ყოველნაირად უნდა წახალისდეს თავად ოფიცერთა მიერ.

მუხლი 45🔗

სამხედრო ტყვეებს, გარდა ოფიცრებისა და მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე პირებისა, უნდა მოეპყრონ მათი წოდებისა და ასაკის შესაბამისი პატივისცემით.

წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა ყოველნაირად უნდა წახალისდეს თავად სამხედრო ტყვეთა მიერ.

თავი VIII

სამხედრო ტყვეთა გადაყვანა მათი ბანაკში მიყვანის შემდეგ

მუხლი 46🔗

სამხედრო ტყვეთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტისას დამატყვევებელმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თვით სამხედრო ტყვეთა ინტერესები, რათა მათ რეპატრიაციას დამატებითი სიძნელეები არ შეუქმნას.

სამხედრო ტყვეთა გადაყვანა ყოველთვის ჰუმანურად უნდა განხორციელდეს და არ უნდა მოხდეს იმაზე ცუდ პირობებში, რომელთაც დამატყვევებელი სახელმწიფო გადაადგილებისას საკუთარ ჯარებს უქმნის. ყოველთვის მხედველობაში უნდა მიიღებოდეს კლიმატური პირობები, რომელსაც სამხედრო ტყვეები არიან მიჩვეულნი და გადაადგილების პირობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო.

ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ სამხედრო ტყვეების გადაადგილებისას მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა მოამარაგოს საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლითა და საკვებით, ამასთანავე, უზრუნველყოს ისინი აუცილებელი ტანსაცმლით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით. ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ყველა ზომა, განსაკუთრებით ზღვით გადაყვანისას, და მათ გამგზავრებამდე შეადგინოს გადასაყვან სამხედრო ტყვეთა სრული სია.

მუხლი 47🔗

დაჭრილ და ავადმყოფ სამხედრო ტყვეებს, თუ მათი უსაფრთხოება ამას დაჟინებით არ მოითხოვს, არ გადააადგილებენ მანამდე, სანამ გადაადგილება მათი ჯანმრთელობისათვის საფრთხის მომცველი იქნება. სამხედრო ტყვეთა რომელიმე ბანაკთან ფრონტის ხაზის მოახლოებისას, ბანაკში მყოფ სამხედრო ტყვეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადააადგილებენ, თუ ეს საკმარისი უსაფრთხოების პირობებშია შესაძლებელი, ან თუ ადგილზე დატოვება მათ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე გადაყვანა.

მუხლი 48🔗

გადაყვანის შემთხვევაში სამხედრო ტყვეებს ოფიციალურად უნდა შეატყობინონ მათი გადაადგილების შესახებ და აცნობონ ახალი საფოსტო მისამართი. ეს შეტყობინება უნდა განხორციელდეს წინასწარ, რათა ტყვეებმა მოასწრონ ნივთების ჩალაგება და ახლო ნათესავების გაფრთხილება.

სამხედრო ტყვეებს ნებას რთავენ თან წაიღონ პირადი ნივთები, კორესპონდენცია და მათ სახელზე მოსული გზავნილები. როცა ამას გადაყვანის გარემოებები მოითხოვს, ამ ნივთების წონა შეიძლება იმ ზომამდე შეიზღუდოს, რომლის ნორმალურად ტარებაც სამხედრო ტყვეს შეუძლია, მაგრამ ნებადართული წონა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 25 კილოგრამს ადამიანზე.

ადრინდელი ბანაკის მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენცია და გზავნილები მათ დაუყოვნებლივ გადაეგზავნებათ. ბანაკის მეთაური, სამხედრო ტყვეთა წარმომადგენელთან შეთანხმებით, მიიღებს აუცილებელ ზომებს სამხედრო ტყვეთა საერთო ქონებისა და იმ საგნების გადატანის უზრუნველსაყოფად, რომელთა თან წაღებაც მათ მეორე პარაგრაფში მითითებული შეზღუდვების გამო ვერ მოახერხეს.

გადაადგილების ხარჯებს გაიღებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.

ნაწილი III

სამხედრო ტყვეთა დასაქმება

მუხლი 49🔗

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს შეუძლია შრომისუნარიანი სამხედრო ტყვეების სამუშაო ძალის სახით გამოყენება მათი ასაკის, სქესის, სამხედრო წოდებისა და ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, რათა მათ კარგი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა შეინარჩუნონ.

დატყვევებულ უნტერ-ოფიცრებს შეიძლება მხოლოდ საზედამხედველო სამუშაოს შესრულება მოეთხოვოთ. უნტერ-ოფიცრებს, რომლებსაც ასეთი სამუშაო არ მოეთხოვებათ, შეუძლიათ მათთვის შესაფერისი სხვა სამუშაოს გამოყოფა ითხოვონ, რომელიც მათთვის შეძლებისამებრ უნდა გამოიძებნოს. თუ ოფიცრები და მათთან გათანაბრებული პირები მათთვის შესაფერის სამუშაოს ითხოვენ, მათ იგი შეძლებისამებრ მიეცემათ, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მათი იძულებით მუშაობა.

მუხლი 50🔗

თავისი ბანაკების მართვასთან, აღჭურვასა და წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სამუშაოების გარდა, სამხედრო ტყვეები იძულებითი წესით შეიძლება მხოლოდ ისეთი კატეგორიების სამუშაოებზე ამუშაონ, როგორიცაა:

სოფლის მეურნეობა;

მრეწველობის მომპოვებელი ან გადამამუშავებელი დარგები, გარდა მეტალურგიული, მანქანათმშენებლობისა და ქიმიური მრეწველობის, ასევე სამხედრო ხასიათის ან სამხედრო მიზნის არმქონე საზოგადოებრივი სამუშაოები და მშენებლობები; (გ) სატრანსპორტო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, რომლებსაც სამხედრო ხასიათი ან დანიშნულება არა აქვს;

კომერციული საქმიანობა, ხელოვნება და ხელოსნობა;

საოჯახო მომსახურების სამუშაოები;

კომუნალური მომსახურება, რომელსაც სამხედრო ხასიათი ან დანიშნულება არა აქვს.

ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევის შემთხვევაში სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, წარადგინონ საჩივარი 78-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 51🔗

სამხედრო ტყვეები შესაფერისი სამუშაო პირობებით უნდა უზრუნველყონ განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბინას, კვებას, ტანისამოსსა და აღჭურვილობას შეეხება; ეს პირობები არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები , რითაც მსგავს სამუშაოებზე მომუშავე ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ. ამასთანავე, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული კლიმატური პირობებიც. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო სამხედრო ტყვეთა შრომის გამოყენებისას, სამუშაო ადგილებზე მათ უზრუნველყოფს შრომის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შესრულებას, კერძოდ კი უსაფრთხოების წესების დაცვას.

სამხედრო ტყვეებმა უნდა გაიარონ მომზადება და მათ მიმართ უნდა გატარდეს შრომის დაცვის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოს და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული ამგვარი ღონისძიებების მსგავსია. 52-ე მუხლის დებულებათა შესრულების პირობით, დასაშვებია სამხედრო ტყვეების დასაქმება ისეთ ჩვეულებრივ რისკთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, რომელსაც სამოქალაქო პირები ექვემდებარებიან.

ყოვლად დაუშვებელია უფრო მძიმე სამუშაო პირობების შექმნა დისციპლინური ღონისძიებების გატარებით.

მუხლი 52🔗

არ შეიძლება სამხედრო ტყვის არაჯანსაღ ან სახიფათო სამუშაოზე გამოყენება, თუ იგი ამაზე ნებაყოფლობით არ თანხმდება.

არ შეიძლება რომელიმე სამხედრო ტყვის ისეთ სამუშაოზე გამოყენება, რომელიც დამატყვევებელი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურისათვის დამამცირებლად ითვლება.

ნაღმების ან სხვა მსგავსი ჭურვების გაუვნებელყოფა სახიფათო სამუშაოდ ჩაითვლება.

მუხლი 53🔗

სამხედრო ტყვეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სამუშაოზე მისასვლელად და უკან დასაბრუნებელი საჭირო დროის ჩათვლით, ნორმას არ უნდა აჭარბებდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიგებიდან ამ რაიონში იმავე სამუშაოზე მომუშავე სამოქალაქო მუშაკებისათვის დადგენილი სამუშაო დღის ხანგრძლივობას.

სამხედრო ტყვეებს სამუშაო დღის შუაში უნდა მიეცეთ, სულ მცირე ერთი საათის შესვენება მაინც; თუ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მუშაკებისათვის გათვალისწინებული, შესვენება უფრო ხანგრძლივია, იგი ამ უკანასკნელის მსგავსი უნდა იყოს. გარდა ამისა, სამხედრო ტყვეებს, კვირაში ერთხელ დამატებით, უპირატესად კვირა დღეს ან მათ ქვეყანაში დაწესებულ დასვენების დღეს, უწყვეტი ოცდაოთხსაათიანი დასვენების უფლება უნდა მიეცეთ. ამასთანავე, ყოველ სამხედრო ტყვეს, რომელმაც ერთი წელი იმუშავა, უნდა მიეცეს უწყვეტი რვადღიანი დასვენება სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებით.

ისეთი სამუშაო ფორმის გამოყენებამ, როგორიცაა ნარდობა, არ უნდა გამოიწვიოს სამუშაო დღის მეტისმეტად გახანგრძლივება.

მუხლი 54🔗

სამხედრო ტყვეთა სამუშაო ანაზღაურების ოდენობა წინამდებარე კონვენციის 62-ე მუხლის დებულებების თანახმად განისაზღვრება.

სამხედრო ტყვეებს, რომლებიც სამუშაოზე უბედური შემთხვევის გამო დაშავდნენ, მუშაობისას ან სამუშაოსთან დაკავშირებით დაავადდნენ, მათი მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ამას გარდა, ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ მათ უნდა მისცეს სამედიცინო მოწმობა, რომლითაც ისინი თავისი უფლებების დასაბუთებას შეძლებენ იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც თავად ეკუთვნიან. მოწმობის ასლი 123-ე მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გადაეცემა.

მუხლი 55🔗

სამხედრო ტყვეთა შრომითი ვარგისიანობა პერიოდულად, სულ მცირე, თვეში ერთხელ სამედიცინო გამოკვლევების გზით მოწმდება. შემოწმების დროს, სამხედრო ტყვის მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

თუ სამხედრო ტყვე თავს შრომისუუნაროდ მიიჩნევს, მას ნება უნდა დართონ ეჩვენოს ბანაკის სამედიცინო პერსონალს. ექიმებს შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ, მათი აზრით, შრომისუუნარო ტყვეების სამუშაოსგან გათავისუფლებას.

მუხლი 56🔗

სამუშაო რაზმების ორგანიზაცია და ადმინისტრაცია ისეთივე უნდა იყოს, როგორიც სამხედრო ტყვეთა ბანაკებისთვისაა გათვალისწინებული.

ყველა სამუშაო რაზმი სამხედრო ტყვეთა ბანაკის კონტროლს ემორჩილება და ადმინისტრაციულად მას ექვემდებარება. სამხედრო ხელისუფლების ორგანოები და აღნიშნული ბანაკის უფროსი თავისი მთავრობის კონტროლის ქვეშ პასუხს აგებენ სამუშაო რაზმში წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულებაზე.

ბანაკის მეთაურს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს მის ბანაკს დაქვემდებარებული სამუშაო რაზმების სია და უნდა წარუდგინოს იგი მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციების დელეგატებს, რომლებიც შეიძლება ბანაკს ეწვიონ.

მუხლი 57🔗

სამხედრო ტყვეებს, რომლებიც კერძო პირებთან მუშაობენ, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელნი მათი დაცვისა და მფარველობის პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ, სულ მცირე, ისევე უნდა მოეპყრონ, როგორც ეს წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული. სამხედრო ტყვეების მოვლის, მათზე ზრუნვის, მათთან მოპყრობისა და სამუშაოს ანაზღაურების სრული პასუხისმგებლობა იმ ტყვედ ამყვან სახელმწიფოს, სამხედრო ხელისუფლების ორგანოებსა და ბანაკის მეთაურს ეკისრება, რომელსაც სამხედრო ტყვეები ექვემდებარებიან.

ასეთ სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, იმ ბანაკების წარმომადგენლებთან ჰქონდეთ კავშირი, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან.

ნაწილი IV

სამხედრო ტყვეთა ფულადი სახსრები

მუხლი 58🔗

საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ამ საკითხის მფარველ სახელმწიფოსთან შეთანხმებამდე, დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს ნაღდი ანგარიშით ან სხვა ანალოგიური ფორმით იმ თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც სამხედრო ტყვემ შეიძლება თან იქონიოს. სამხედრო ტყვისათვის ჩამორთმეული ან დაკავებული ზედმეტი თანხა, რომელიც მისი კანონიერი საკუთრებაა, ისევე როგორც მის მიერ შეტანილი ყველა ფულადი ანაბარი, მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება და მისი თანხმობის გარეშე სხვა ვალუტაზე არ გაიცვლება.

იმ შემთხვევაში, როცა სამხედრო ტყვეებისთვის ნებადართული იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით ბანაკის გარეთ რაიმეს შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა, ფულს თავად სამხედრო ტყვე ან ბანაკის ადმინისტრაცია იხდის, გადახდილი თანხის შესაბამისი სამხედრო ტყვის პირადი ანგარიშის დებეტზე შეტანით. ამ კუთხით დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები.

მუხლი 59🔗

მე-18 მუხლის თანახმად დატყვევების მომენტში სამხედრო ტყვისათვის დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში ჩამორთმეულ ფულად სახსრებს, წინამდებარე ნაწილის 64-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თითოეული მათგანის პირადი ანგარიშის კრედიტზე შეიტანენ.

ტყვეთა პირადი ანგარიშის კრედიტზე ასევე შეიტანენ დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არსებულ იმ ფულად სახსრებსაც, რომლებიც დატყვევების მომენტში ტყვეებისათვის ჩამორთმეული სხვა ვალუტის გაცვლის შედეგად მიიღება.

მუხლი 60🔗

სამხედრო ტყვეებს დამატყვევებელი სახელმწიფო ფულადი უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიურად უხდის ავანსს. ავანსის რაოდენობა ამ ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშებული შემდეგი თანხებით განისაზღვრება:

I კატეგორია:    სერჟანტზე ნაკლები წოდების ტყვეები - 8 შვეიცარიული ფრანკი.

II კატეგორია:   სერჟანტები და სხვა უნტერ-ოფიცრები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 12 შვეიცარიული ფრანკი.

III კატეგორია:  მაიორზე ნაკლები წოდების ოფიცრები კაპიტნის წოდების ჩათვლით ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 50 შვეიცარიული ფრანკი.

IV კატეგორია:  მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები, პოლკოვნიკები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 60 შვეიცარიული ფრანკი.

V კატეგორია:   გენერლები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 75 შვეიცარიული ფრანკი.

თუმცა, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს სპეციალური შეთანხმებების მეშვეობით შეუძლიათ ზემოაღნიშნული კატეგორიების სამხედრო ტყვეთათვის კუთვნილი ავანსის ოდენობა შეცვალონ.

ამას გარდა, თუ პირველ პარაგრაფში მითითებული თანხა ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილ გასამრჯელოს ბევრად აღემატება ან ტყვედ ამყვან სახელმწიფოს რაიმე მიზეზით სერიოზულ სიძნელეებს შეუქმნის, ეს უკანასკნელი იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც ეკუთვნიან სამხედრო ტყვეები, ზემოხსენებული თანხის ოდენობის ცვლილების შესახებ სპეციალური შეთანხმების დადებამდე განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

a. განაგრძობს სამხედრო ტყვეთა პირად ანგარიშზე პირველ პარაგრაფში მითითებული თანხის ჩარიცხვას;

b. დროებით შეზღუდავს თანხების იმ ოდენობას, რომელიც ავანსის თანხიდან ეძლევათ პირადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გონივრული ოდენობის თანხით, რომელიც, ამასთანავე, პირველი კატეგორიის პირთათვის იმ თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომელსაც დამატყვევებელი სახელმწიფო საკუთარი შეიარაღებული ძალების წევრებს უხდის. ნებისმიერი შეზღუდვის მიზეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს.

მუხლი 61🔗

დამატყვევებელმა სახელმწიფომ იმ სახელმწიფოსაგან, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, უნდა მიიღოს მათთვის დამატებითი ფულადი უზრუნველყოფის სახით გამოგზავნილი ფულადი სახსრები იმ პირობით, რომ ეს თანხა ერთი და იმავე კატეგორიის სამხედრო ტყვეებზე თანაბრად განაწილდება, ამ სახელმწიფოზე დამოკიდებულ აღნიშნული კატეგორიის ყველა ტყვეს გადაეცემა და რომ ამ ფულად სახსრებს უმოკლეს ვადაში, 64-ე მუხლის თანახმად, თითოეული ტყვის პირად ანგარიშზე შეიტანენ. მოცემული დამატებითი ფულადი სახსრები დამატყვევებელ სახელმწიფოს ამ კონვენციით მისთვის დაკისრებული რაიმე მოვალეობისაგან არ ათავისუფლებს.

მუხლი 62🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლება სამხედრო ტყვეებს, რომლებიც უშუალოდ მის გამგებლობაში იმყოფებიან, უხდის მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის სამართლიანი ოდენობის გასამრჯელოს. აღნიშნული ხელისუფლება ადგენს გასამრჯელოს ოდენობას, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს ერთ მეოთხედ შვეიცარიულ ფრანკზე ნაკლები სრული სამუშაო დღისათვის. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით მის მიერ დადგენილ დღიური გასამრჯელოს ოდენობას აცნობებს იმ ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან.

ხელისუფლება, რომლის უშუალო გამგებლობაშიც იმყოფებიან სამხედრო ტყვეები, გასამრჯელოს იმ სამხედრო ტყვეებსაც უხდის, რომლებიც ბანაკის მართვასთან, შიდა მოწყობასთან და მოვლა-მოწესრიგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებითა და ხელობით მუდმივად არიან დაკავებულნი; ასევე იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ჩართულნი არიან თანამებრძოლთა სამედიცინო და სასულიერო მომსახურებაში.

ტყვეთა წარმომადგენლის, მისი თანაშემწეების ან მისი კონსულტანტების, თუ ასეთები არსებობენ, სამუშაო გასამრჯელო სურსათ-სანოვაგის მაღაზიებიდან შემოსული მოგების ფონდიდან უნდა იყოს ანაზღაურებული. შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს ოდენობას ადგენს ტყვეთა წარმომადგენელი და შემდგომში ამტკიცებს ბანაკის უფროსი. ასეთი ფონდის არარსებობის შემთხვევაში ამ სამხედრო ტყვეებს სამართლიანი ოდენობის სამუშაო გასამრჯელოს დამატყვევებელი ხელისუფლება უხდის.

მუხლი 63🔗

სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, მათ სახელზე პერსონალურად ან კოლექტიურად გამოგზავნილი ფულადი გადარიცხვები მიიღონ.

ყოველ სამხედრო ტყვეს უფლება აქვს, შემდეგ მუხლში მითითებული თავისი ანგარიშის საკრედიტო სალდო ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში გამოიყენოს, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოთხოვნილი თანხის გადახდას. იმ პირობით, რომ შესრულდება დამატყვევებელი სახელმწიფოს თვალსაზრისით აუცილებელი ფინანსური და სავალუტო შეზღუდვები, სამხედრო ტყვეებს შესაძლებლობა ექნებათ გადარიცხვები საზღვარგარეთაც აწარმოონ. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა სამხედრო ტყვეთა კმაყოფაზე მყოფი პირების სახელზე გადარიცხვებს მიენიჭება.

სამხედრო ტყვეს ნებისმიერ შემთხვევაში და იმ სახელმწიფოს თანხმობით, რომელსაც იგი ეკუთვნის, ექნება თავის ქვეყანაში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა შემდეგი პროცედურის შესაბამისად: დამატყვევებელი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით ზემოაღნიშნულ სახელმწიფოს გადასცემს ავიზოს, რომელშიც არის ყველა აუცილებელი მონაცემი გადამხდელისა და ფულის მიმღების შესახებ, ასევე აღნიშნულია გადასახდელი თანხის რაოდენობა დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში. აღნიშნულ ავიზოს ხელს აწერენ დაინტერესებული სამხედრო ტყვე და ბანაკის მეთაური. დამატყვევებელი სახელმწიფო ამ თანხას სამხედრო ტყვის ანგარიშის დებეტზე ჩაწერს; ამ დებეტს დამატყვევებელი სახელმწიფო იმ სახელმწიფოს კრედიტზე ჩაწერს, რომელსაც სამხედრო ტყვე ეკუთვნის.

ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენების მიზნით, დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის V დანართში მოყვანილი სამოდელო წესებით ისარგებლოს.

მუხლი 64🔗

დამატყვევებელი სახელმწიფო ყოველი სამხედრო ტყვის სახელზე ხსნის პირად ანგარიშს, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს:

1. თანხას, რომელიც სამხედრო ტყვეს ეკუთვნის ან მიღებული აქვს ფულადი უზრუნველყოფისათვის ავანსის, სამუშაო გასამრჯელოს სახით ან რაიმე სხვა წყაროდან; სამხედრო ტყვეთათვის დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში ჩამორთმეულ ფულად თანხას; სხვა ჩამორთმეულ თანხას, რომელიც სამხედრო ტყვის თხოვნით აღნიშნული ქვეყნის ვალუტაშია გადაყვანილი.

2. ტყვისთვის ნაღდ ანგარიშზე ან სხვა მსგავსი ფორმით გაცემულ თანხას; მისი სახელით ან თხოვნით გადარიცხულ თანხას; 63-ე მუხლის მესამე პარაგრაფის თანახმად გადარიცხულ თანხას.

მუხლი 65🔗

სამხედრო ტყვის ანგარიშში გაკეთებული ყოველი ჩანაწერი ხელმოწერილი ან პარაფირებული უნდა იყოს სამხედრო ტყვის ან მისი სახელით მოქმედი ტყვეთა წარმომადგენლის მიერ.

სამხედრო ტყვეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშების მდგომარეობის გაცნობისა და მათი ასლების მიღების შესაძლებლობა, აღნიშნული ანგარიშების შემოწმების უფლება, ასევე, აქვთ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ბანაკების მონახულების ჟამს.

სამხედრო ტყვეებს ერთი ბანაკიდან მეორეში გადაყვანისას თან მიჰყვებათ მათი პირადი ანგარიშებიც. ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნისათვის ტყვეების გადაცემის შემთხვევაში თანხა, რომელიც დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არ არის გადაყვანილი, ტყვეებთან ერთად გადადის. ანგარიშის კრედიტზე დარჩენილი თანხის შესახებ მათ უნდა მიეცეთ სათანადო მოწმობა.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დროდადრო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, ერთმანეთს სამხედრო ტყვეთა ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა აცნობონ.

მუხლი 66🔗

სამხედრო ტყვის გათავისუფლების ან რეპატრიაციის შედეგად ტყვეობის დამთავრების შემდეგ დამატყვევებელმა სახელმწიფომ მას უნდა მისცეს სათანადოდ რწმუნებული ოფიცრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება მისთვის კუთვნილი საკრედიტო სალდო. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, იმ სახელმწიფოს, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, უგზავნის იმ სამხედრო ტყვეთა სიებს, რომელთა ტყვეობა რეპატრიაციით, გათავისუფლებით, გაქცევით, გარდაცვალებით ან სხვაგვარად დასრულდა, სიებს თან უნდა ახლდეს საკრედიტო სალდოს შესახებ ინფორმაცია. ამ სიის თითოეული ფურცელი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის მიერ უნდა დამოწმდეს.

ამ მუხლის ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულება შეიძლება კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე შეიცვალოს.

სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის სამხედრო ტყვე, პასუხისმგებელია მასთან იმ საკრედიტო სალდოს გასწორებაზე, რომელიც მას დამატყვევებელი სახელმწიფოსგან ტყვეობის დამთავრების შემდეგ ეკუთვნის.

მუხლი 67🔗

მე-60 მუხლის თანახმად ტყვეებისათვის ფულადი უზრუნველყოფის სახით გაცემული ავანსები იმ სახელმწიფოს მიერ გაცემულ ავანსებად ითვლება, რომელსაც იგი ეკუთვნის. ამგვარი ავანსები, აგრეთვე 63-ე მუხლის მესამე პარაგრაფში და 68-ე მუხლში გათვალისწინებული სხვა გადახდილი თანხა, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

მუხლი 68🔗

სამხედრო ტყვის ნებისმიერი მოთხოვნა სამუშაოს შედეგად დასახიჩრების ან ინვალიდობისათვის კომპენსაციის თაობაზე მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელსაც იგი ეკუთვნის. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ყველა შემთხვევაში 54-ე მუხლის თანახმად გასცემს დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია დასახიჩრების ან ინვალიდობის სახე, მისი გამომწვევი გარემოებები და მონაცემები გაწეული სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს პასუხისმგებელი ოფიცერი, ხოლო სამედიცინო მონაცემებს სამედიცინო სამსახურის ექიმი ამოწმებს.

სამხედრო ტყვის ნებისმიერი მოთხოვნა იმ პირადი ნივთების, ფულისა თუ ძვირფასეულობის კომპენსაციის თაობაზე, რომელიც ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ მას მე-18 მუხლის თანახმად ჩამოართვა და რომელიც მას რეპატრიაციის დროს არ დაუბრუნდა, ასევე კომპენსაციის მოთხოვნა ზარალისათვის, რომელიც, მისი აზრით მან დამატყვევებელი სახელმწიფოს ან მისი ნებისმიერი წარმომადგენლის გამო განიცადა, ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირი ეკუთვნის. თუმცა, ტყვეობაში ყოფნის დროს პირადი მოხმარებისათვის აუცილებელი ყოველგვარი ნივთი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხარჯზე გამოიცვლება. დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეს ყველა შემთხვევაში აძლევს პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია ყველა ის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ნივთები, ფული ან ძვირფასეულობა მას არ დაუბრუნდა. ამ დოკუმენტის ასლს 123-ე მუხლში მითითებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტო იმ სახელმწიფოს უგზავნის, რომელსაც ეკუთვნის სამხედრო ტყვე.

ნაწილი V

სამხედრო ტყვეთა ურთიერთობა გარე სამყაროსთან

მუხლი 69🔗

მოხვდებიან რა სამხედრო ტყვეები ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლებაში, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს და იმ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, წინამდებარე ნაწილის დებულებათა შესასრულებლად მიღებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებს. ამასთანავე, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას აცნობებს.

მუხლი 70🔗

ყოველ სამხედრო ტყვეს, დატყვევების მომენტიდან ან ბანაკში მიყვანიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, მაშინაც კი, როცა ეს სატრანზიტო ბანაკია, აგრეთვე ავადმყოფობის ან ლაზარეთში ან სხვა ბანაკში გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ერთი მხრივ, თავის ოჯახს, მეორე მხრივ კი, 123-ე მუხლში გათვალისწინებულ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაუგზავნოს საფოსტო ბარათი, რომელიც შეძლებისამებრ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშის მიხედვით შედგება. ამ საფოსტო ბარათით იგი აცნობებს ტყვედ ჩავარდნის ფაქტს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისამართს. აღნიშნული ბარათები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიგზავნოს და მათი ნებისმიერი სახით დაყოვნება დაუშვებელია.

მუხლი 71🔗

სამხედრო ტყვეებისათვის ნებადართულია წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნა და მიღება. თუ დამატყვევებელი სახელმწიფო აუცილებლად მიიჩნევს სამხედრო ტყვის მიერ წარმოებული კორესპონდენციის შეზღუდვას, მან, სულ მცირე თვეში ორი წერილისა და ოთხი ბარათის გაგზავნის ნება მაინც უნდა მისცეს 70-ე მუხლში გათვალისწინებული ბარათების გამოკლებით, რომლებიც, შეძლებისამებრ, წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშების მიხედვით შედგება. სხვა შეზღუდვების შემოღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა მფარველი სახელმწიფო საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვები თავად სამხედრო ტყვეთა სასიკეთოდ ხდება ან იმ სიძნელეთა გამო, რომლებსაც დამატყვევებელი სახელმწიფო აუცილებელი ცენზურისათვის საჭირო სათანადო რაოდენობის კვალიფიციური თარჯიმნების მოძიებაში აწყდება. როცა სამხედრო ტყვეების მისამართით მოსულ კორესპონდენციაზე წესდება შეზღუდვა, ამის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში დამატყვევებელი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. ასეთი წერილები და ბარათები დამატყვევებელი სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველაზე სწრაფი საშუალებებით იგზავნება; მათი დაკავება ან შეფერხება დისციპლინური ზემოქმედების მიზნით დაუშვებელია.

იმ სამხედრო ტყვეთათვის, რომლებსაც ახლო ნათესავებისგან დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ან ჩვეულებრივი გზით მათი მიღების ან გაგზავნის შესაძლებლობა არა აქვთ, აგრეთვე მათთვის, რომლებიც თავისი სამშობლოსგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა. დეპეშების საფასური უნდა იქნეს შეტანილი დამატყვევებელ სახელმწიფოსთან არსებული მათი ანგარიშის დებეტზე ან უნდა გადაიხადოს მათ განკარგულებაში არსებული ნაღდი ფულით. დეპეშების გაგზავნის შესაძლებლობა სამხედრო ტყვეებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებშიც უნდა მიეცეთ.

როგორც წესი, სამხედრო ტყვეების კორესპონდენციის წარმოება ხდება მშობლიურ ენაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაუშვან კორესპონდენციის სხვა ენებზე წარმოებაც.

სამხედრო ტყვეთა კორესპონდენციის ტომრები სათანადოდ უნდა დაილუქოს, მათზე ტომრის შემადგენლობის ზუსტი აღწერის მქონე ეტიკეტი უნდა დაიკრას და დანიშნულების ადგილის საფოსტო განყოფილების მისამართზე გაიგზავნოს.

მუხლი 72🔗

სამხედრო ტყვეებს ფოსტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილები, რომლებშიც შეიძლება იყოს კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ასევე მათი რელიგიური მოთხოვნილებების, განათლებისა და გართობისთვის საჭირო ნივთები წიგნების, რელიგიური დანიშნულების საგნების, სამეცნიერო მუშაობისთვის საჭირო აპარატურის, საგამოცდო მასალების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარისა და იმ მასალების ჩათვლით, რომელიც სამხედრო ტყვეებს სწავლის ან შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული გზავნილები ტყვედ ამყვან სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს.

ამგვარ გზავნილებზე შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომელიც თვით სამხედრო ტყვეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მფარველი სახელმწიფოს მიერაა შეთავაზებული, ანდა, რომლებიც ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო სისტემის განსაკუთრებული გადატვირთვის შემთხვევაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერაა შეთავაზებული, ისიც მხოლოდ მათი გზავნილების მიმართ.

ინდივიდუალური და კოლექტიური გზავნილების გაგზავნის წესი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გახდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა სპეციალური შეთანხმების საგანი, აღნიშნულმა წესებმა სამხედრო ტყვეთა დასახმარებლად გამოგზავნილი ამანათების მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს. აკრძალულია პროდუქტებსა და ტანისამოსთან ერთად წიგნების ჩადება. მედიკამენტები, როგორც წესი, კოლექტიური გზავნილებით იგზავნება.

მუხლი 73🔗

დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის დახმარების კოლექტიური გზავნილების მიღებისა და განაწილების წესის შესახებ სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე კონვენციაზე თანდართული, კოლექტიურ გზავნილებთან დაკავშირებული წესები.

ზემოაღნიშნული სპეციალური შეთანხმებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ტყვეთა წარმომადგენლების უფლებას მიიღონ და სამხედრო ტყვეთა ინტერესების შესაბამისად გაანაწილონ და განკარგონ სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილი კოლექტიური გზავნილები.

ამასთანავე, ამ შეთანხმებებით დაუშვებელია მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეების დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის გზავნილების გადაცემაზე პასუხისმგებელი წარმომადგენლების კოლექტიური გზავნილების მიმღებთა შორის განაწილების ზედამხედველობის უფლების შეზღუდვა.

მუხლი 74🔗

სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი დახმარების ყოველგვარი გზავნილი თავისუფლდება საიმპორტო, საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან.

კორესპონდენცია, დახმარების გზავნილები და ნებადართული ფულადი გადარიცხვები, რომლებიც სამხედრო ტყვეების მისამართით ან მათ მიერ პირდაპირ ან 122-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროს, ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით ფოსტითაა გაგზავნილი, თავისუფლდება ყოველგვარი საფოსტო გადასახადისგან როგორც გამგზავნ და დანიშნულების, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც.

სამხედრო ტყვეთათვის გათვალისწინებული დახმარების გზავნილების გადაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც თავისი წონის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო მათ ფოსტით ვერ გაეგზავნებათ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ მთელ ტერიტორიაზე გაიღებს დამატყვევებელი სახელმწიფო. კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოები გაიღებენ მათ ტერიტორიაზე გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში გზავნილების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებზეც ზემოაღნიშნული შეღავათები არ ვრცელდება, გამგზავნი გადაიხდის.

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან, შეძლებისამებრ სამხედრო ტყვეების მიერ ან მათთვის გაგზავნილი დეპეშებისათვის დაწესებული ნიხრი შეამცირონ.

მუხლი 75🔗

იმ შემთხვევაში, როცა საომარი მოქმედებები დაინტერესებულ სახელმწიფოებს ხელს უშლის 70-ე, 71-ე, 72-ე და 77-ე მუხლებში მითითებული ვალდებულების შესრულებაში, დაინტერესებულ მფარველ სახელმწიფოებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ აღიარებულ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას შეუძლიათ თავის თავზე აიღონ ამ გზავნილების სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით (სარკინიგზო ვაგონები, საბარგო ავტომანქანები, გემები, თვითმფრინავები, ა.შ.) გადაზიდვა. ამ მიზნით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან გამოყონ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები და დაუშვან მათი მოძრაობა მათთვის აუცილებელი საშვების გაცემის გზით.

ამ სატრანსპორტო საშუალებებით დასაშვებია შემდეგი ტვირთის გადაზიდვა:

a. კორესპონდენცია, სიები და ანგარიშები, რომლებსაც ერთმანეთში 123-ე მუხლში მითითებული ცნობათა ცენტრალური სააგენტო და 122-ე მუხლში მითითებული ეროვნული ბიურო ცვლიან;

b. სამხედრო ტყვეთა შესახებ კორესპონდენცია და ანგარიშები, რომელსაც ცვლიან მფარველი სახელმწიფოები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციები როგორც თავის წარმომადგენლებთან, ისე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.

ეს დებულებები არ ზღუდავს კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერ მხარეს უზრუნველყოს ტრანსპორტირების სხვა საშუალება, თუკი ამგვარი უპირატესობა განსაზღვრულია, ან გასცეს საშვი იმ პირობებით, რომლებიც ორმხრივი შეთანხმებებით შეიძლება დადგინდეს.

სპეციალური შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები იმის პროპორციულად გაიღებენ, თუ რომელი მათგანის მოქალაქეთა სასარგებლოდაა ეს მომსახურება გაწეული.

მუხლი 76🔗

სამხედრო ტყვეების მისამართით ან მათ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ცენზურა შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს. ცენზურის განხორციელება მხოლოდ გამგზავნ და მიმღებ სახელმწიფოებს შეუძლიათ და ისიც თითოეულ მათგანს მხოლოდ ერთხელ.

სამხედრო ტყვეების მისამართით გზავნილების დათვალიერება ისეთ პირობებში არ უნდა მოხდეს, რომელსაც შეუძლია გზავნილებში მოთავსებული კვების პროდუქტების დაცულობას საფრთხე შეუქმნას; იმ შემთხვევებში, როცა საქმე ბეჭდვით ან წერილობით მასალებს ეხება, დათვალიერება ადრესატის ან მისი სათანადოდ რწმუნებული თანადატყვევებული პირის თანდასწრებით უნდა მოხდეს. არ შეიძლება ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილების ტყვეებისათვის გადაცემის შეფერხება ცენზურასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზებით შემოღებული კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ დროებით ხასიათს უნდა ატარებდეს და რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს.

მუხლი 77🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფოები ყველა პირობას შექმნიან იმისთვის, რომ მფარველი სახელმწიფოს ან 123-ე მუხლში გათვალისწინებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, მოხდეს სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი ან მათ მიერ წარმოდგენილი აქტების, საქმიანი ქაღალდებისა და დოკუმენტების, განსაკუთრებით მინდობილობებისა და ანდერძების გადაცემა.

ყველა შემთხვევაში, დამატყვევებელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან სამხედრო ტყვეებს დაეხმარონ ამ დოკუმენტების მომზადებასა და აღსრულებაში; კერძოდ, დართონ ნება გაიარონ იურისტთან კონსულტაცია და მიიღონ აუცილებელი ზომები ტყვეთა ხელმოწერის დასამოწმებლად.

ნაწილი VI

სამხედრო ტყვეთა ურთიერთობა ხელისუფლებასთან

თავი I

სამხედრო ტყვეთა საჩივრები ტყვეობის რეჟიმის შესახებ

მუხლი 78🔗

სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, მათი ტყვეობის პირობების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ იმ სამხედრო ხელისუფლებას, რომლის განმგებლობაშიც იმყოფებიან.

მათ ასევე აქვთ შეუზღუდავი უფლება ტყვეთა წარმომადგენლის მეშვეობით ან, თუ საჭიროდ ჩათვლიან, პირადად, მიმართონ მფარველ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, რათა მათი ყურადღება ტყვეობის იმ ასპექტებს მიაპყრონ, რომელთან მიმართებაშიც მათ რაიმე საჩივარი შეიძლება ჰქონდეთ.

ეს შუამდგომლობები და საჩივრები არ შეიზღუდება და 71-ე მუხლში მითითებული კორესპონდენციის კვოტის შემადგენელ ნაწილად არ ჩაითვლება. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ და მათი დაუსაბუთებლობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ ქმედებებს რაიმე ზომები არ უნდა მოყვეს.

ტყვეთა წარმომადგენლებს შეუძლიათ მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ბანაკებში შექმნილი მდგომარეობისა და სამხედრო ტყვეთა საჭიროებების შესახებ პერიოდული მოხსენებები გაუგზავნონ.

თავი II

სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლები

მუხლი 79🔗

სამხედრო ტყვეთა სამყოფელ ყველა ადგილას, ოფიცერთა სამყოფელი ადგილების გამოკლებით, სამხედრო ტყვეები თავისუფლად, ფარული კენჭისყრით, ყოველ ექვს თვეში, აგრეთვე ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, აირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებმაც ისინი სამხედრო ხელისუფლების ორგანოთა, მფარველ სახელმწიფოთა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მათი დამხმარე სხვა ორგანიზაციების წინაშე უნდა წარმოადგინონ. შესაძლებელია ტყვეთა წარმომადგენლების გადარჩევა.

ოფიცერთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ბანაკებში ან შერეულ ბანაკებში ტყვეთა წარმომადგენლებად ცნობენ წოდებითა და სტაჟით უფროს სამხედრო ტყვე ოფიცერს. ოფიცერთა ბანაკებში მათ ეხმარება ოფიცერთა წრიდან არჩეული ერთი ან რამდენიმე კონსულტანტი; შერეულ ბანაკებში მათ თანაშემწეებს აირჩევენ იმ სამხედრო ტყვეებიდან, რომელთაც არ აქვთ ოფიცრის წოდება.

სამხედრო ტყვეთა შრომით ბანაკებში უნდა განთავსდნენ იმავე მოქალაქეობის სამხედრო ტყვე ოფიცრები, რათა მათ სამხედრო ტყვეებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ფუნქციები შეასრულონ. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის დებულებათა თანახმად ეს ოფიცრები შეიძლება ტყვეთა წარმომადგენლებად იქნენ არჩეულნი. ასეთ შემთხვევაში ტყვეთა წარმომადგენლის თანაშემწეებს აირჩევენ იმ სამხედრო ტყვეებიდან, რომელთაც ოფიცრის წოდება არა აქვთ.

ტყვეთა ყოველი არჩეული წარმომადგენელი, ვიდრე იგი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაამტკიცოს ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ. იმ შემთხვევაში, თუ დამატყვევებელი სახელმწიფო უარს იტყვის სამხედრო ტყვეების მიერ არჩეული სამხედრო ტყვის დამტკიცებაზე, მან უარის მიზეზები უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს.

ყველა შემთხვევაში ტყვეთა წარმომადგენლის მოქალაქეობა, ენა და ჩვეულებები იგივე უნდა იყოს, რაც იმ სამხედრო ტყვეებისა, რომლებსაც იგი წარმოადგენს. ამრიგად, მოქალაქეობის, ენისა და ჩვეულებების მიხედვით სხვადასხვა სექტორში განაწილებულ სამხედრო ტყვეებს, წინა პარაგრაფების დებულებათა მიხედვით, ყოველ სექტორში თავისი ტყვეთა წარმომადგენელი ეყოლებათ.

მუხლი 80🔗

ტყვეთა წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ სამხედრო ტყვეთა ფიზიკურ, მორალურ და ინტელექტუალურ კეთილდღეობას.

კერძოდ, თუ ტყვეები ურთიერთდახმარების სისტემის ორგანიზებას გადაწყვეტენ, ეს ორგანიზება ტყვეთა წარმომადგენლის განმგებლობაში უნდა მოექცეს წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით მასზე დაკისრებული სპეციალური ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.

ტყვეთა წარმომადგენლები, მხოლოდ თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სამხედრო ტყვეების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე პასუხს არ აგებენ.

მუხლი 81🔗

ტყვეთა წარმომადგენლები არ უნდა აიძულონ შეასრულონ ნებისმიერი სხვა სამუშაო, რომელიც დააბრკოლებს მათი ფუნქციების შესრულებას.

ტყვეთა წარმომადგენლებს შეუძლიათ სამხედრო ტყვეთაგან დანიშნონ თანაშემწეები. მათ მიეცემათ ყველა პრაქტიკული საშუალება, კერძოდ, მათი ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი გადაადგილების გარკვეული თავისუფლება (სამუშაო რაზმების მონახულება, დახმარების გზავნილების მიღება, ა.შ.).

ტყვეთა წარმომადგენლებისათვის ნებადართული იქნება იმ სათავსოების მონახულება, რომლებშიც სამხედრო ტყვეები არიან განთავსებულნი და ამ უკანასკნელთ ექნებათ თავის წარმომადგენელთან თავისუფალი კონსულტაციის უფლება.

ამასთანავე, ტყვეთა წარმომადგენლებს ექნებათ დამატყვევებელ ხელისუფლებასთან, მფარველ სახელმწიფოებთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მათ დელეგატებთან, შერეულ სამედიცინო კომისიებთან, აგრეთვე სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციებთან საფოსტო და სატელეგრაფო მიმოწერის წარმოების ყველა შესაძლებლობა. ასეთივე შეთავაზებით ისარგებლებენ სამუშაო რაზმების ტყვეთა წარმომადგენლები ძირითადი ბანაკის ტყვეთა წარმომადგენელთან მიმოწერისას. დაუშვებელია ასეთი მიმოწერისათვის რაიმე შეზღუდვის დაწესება და იგი 71-ე მუხლში მითითებული კვოტის სათვალავში არ უნდა მოექცეს.

ტყვეთა წარმომადგენელს, რომელიც სხვა ადგილას გადაჰყავთ, თავისი შემცვლელის საქმის კურსში ჩასაყენებლად საკმარისი დრო უნდა მიეცეს.

ტყვეთა წარმომადგენლის გადაყენების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიზეზები უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს.

თავი III

სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური სასჯელები

I. ზოგადი დებულებები

მუხლი 82🔗

სამხედრო ტყვეები ემორჩილებიან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მოქმედ კანონებს, წესდებებსა და ბრძანებულებებს; დამატყვევებელი სახელმწიფო უფლებამოსილია სასამართლო ან დისციპლინური ზომები აღნიშნული კანონების, წესდებების ან ბრძანებულებების დამრღვევი ნებისმიერი სამხედრო ტყვის მიმართ მიიღოს. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია ამ თავის დებულებების საწინააღმდეგო სასამართლო საქმის წარმოება ან სასჯელის დაწესება. როცა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს რომელიმე კანონით, წესდებით ან ბრძანებულებით სამხედრო ტყვის მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადად ცხადდება და ამავე დროს დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრის მიერ ჩადენილი იგივე ქმედება დასჯადი არ არის, ასეთ ქმედებას შეიძლება მოყვეს მხოლოდ დისციპლინური სასჯელის დაკისრება.

მუხლი 83🔗

იმის გადაწყვეტისას, თუ რა სახის სასჯელი – სასამართლო თუ დისციპლინური – უნდა იქნეს გამოყენებული სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალდებული სამხედრო ტყვის მიმართ, დამატყვევებელმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ ამ საკითხის შეფასებისას მაქსიმალური შემწყნარებლობა გამოიჩინოს და ყველა შესაძლო შემთხვევაში მიმართოს უფრო დისციპლინურ ზომებს, ვიდრე სასამართლო წესით დევნას.

მუხლი 84🔗

სამხედრო ტყვეები მხოლოდ სამხედრო სასამართლოებმა უნდა გაასამართლონ, გამონაკლისია შემთხვევები, როცა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს კანონმდებლობით სამოქალაქო სასამართლოები უფლებამოსილნი არიან გაასამართლონ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრები იმავე დანაშაულისათვის, რომლის ჩადენაც სამხედრო ტყვეს ედება ბრალად.

ყოვლად დაუშვებელია სამხედრო ტყვეები გაასამართლოს ნებისმიერი სახის სასამართლომ, რომელიც არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად გარანტიებს, კერძოდ, ბრალდებულისათვის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ დაცვის უფლებებსა და საშუალებებს.

მუხლი 85🔗

სამხედრო ტყვეები, რომლებიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს კანონმდებლობით დატყვევებამდე ჩადენილი ქმედებებისათვის იდევნებიან, მსჯავრდების შემთხვევაშიც კი წინამდებარე კონვენციის დაცვით სარგებლობენ.

მუხლი 86🔗

სამხედრო ტყვე ერთი და იმავე დანაშაულის გამო ან ერთი და იმავე ბრალდებით მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაისაჯოს.

მუხლი 87🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამხედრო ხელისუფლებამ და სასამართლოებმა სამხედრო ტყვეებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუსაჯონ რაიმე სხვა სასჯელი, გარდა იმისა, რომელიც ასეთივე ქმედებისთვის ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრებისთვისაა გათვალისწინებული.

სასჯელის გამოტანისას სასამართლოებმა და ხელისუფლებამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ვინაიდან ბრალდებული ამ სახელმწიფოს მოქალაქე არ არის, ის ტყვედ ამყვან სახელმწიფოსთან არ არის დაკავშირებული ერთგულების ვალდებულებით და რომ იგი მის ხელისუფლებაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იმყოფება. ზემოაღნიშნულ სასამართლოებსა და ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნებათ შეამსუბუქონ სასჯელი სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც სამხედრო ტყვეს ბრალად ედება და რისთვისაც ვალდებული არ იქნებიან დაიცვან ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომა.

აკრძალულია კოლექტიური სასჯელის დაკისრება ინდივიდუალური დარღვევისათვის, სხეულის ყოველგვარი დასახიჩრება, დღის სინათლეს მოკლებულ შენობებში მოთავსება და, საერთოდ, ნებისმიერი სახის წამება ან სისასტიკის გამოვლინება.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს არა აქვს უფლება რომელიმე სამხედრო ტყვეს წოდება ჩამოართვას ან განმასხვავებელი ნიშნის ტარება აუკრძალოს.

მუხლი 88🔗

სამხედრო ტყვე ოფიცრებს, უნტერ-ოფიცრებს ან ჯარისკაცებს, რომლებიც დისციპლინურ ან სისხლის სამართლის სასჯელს იხდიან, არ უნდა მოეპყრონ უფრო მკაცრად, ვიდრე ეს მსგავსი სასჯელისათვის ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თანაბარი წოდების წევრებისათვის არის გათვალისწინებული.

სამხედრო ტყვე ქალებს არ უნდა მიესაჯოთ იმაზე მკაცრი სასჯელი, ან მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში არ უნდა მოეპყრონ იმაზე მკაცრად, ვიდრე ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრ იმ ქალებს, რომლებიც მსგავსი სამართალდარღვევისათვის არიან დასჯილნი.

არავითარ შემთხვევაში სამხედრო ტყვე ქალებს არ უნდა მიესაჯოთ იმაზე მკაცრი სასჯელი ან სასჯელის მოხდის პერიოდში არ უნდა მოეპყრონ იმაზე მკაცრად, ვიდრე ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრ მამაკაცებს, რომლებიც მსგავსი სამართალდარღვევისთვის არიან დასჯილნი.

სამხედრო ტყვეებს დისციპლინური ან სისხლის სამართლის სასჯელის მოხდის შემდეგ ისევე უნდა მოეპყრონ, როგორც სხვა სამხედრო ტყვეებს.

II. დისციპლინური ზომები

მუხლი 89🔗

სამხედრო ტყვეების მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს დასჯის შემდეგი დისციპლინური ზომები:

1. ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამხედრო ტყვეთათვის მე-60 და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელფასისა და ფულადი უზრუნველყოფისთვის განსაზღვრული ავანსის 50 პროცენტს და, ამასთანავე, ვადით არაუმეტეს 30 დღისა.

2. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უპირატესობების გამოკლებით, დამატებით მინიჭებული უპირატესობების ჩამორთმევა.

3. მწყობრგარეშე განაწესები, არაუმეტეს დღეში ორი საათისა.

4. დაპატიმრება.

მე-3 პუნქტში მითითებული ზომა ოფიცრების მიმართ არ გამოიყენება.

დისციპლინური ზომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არაადამიანური, სასტიკი ან სამხედრო ტყვეთა ჯანმრთელობისათვის სახიფათო.

მუხლი 90🔗

ცალკეული დისციპლინური ზომის ხანგრძლივობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ დღეს. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, საქმის მოსმენამდე ან დისციპლინური ზომის გამოტანამდე, წინასწარი დაკავების ვადა სამხედრო ტყვეთათვის გამოტანილი სასჯელის ვადაში ჩაითვლება.

ზემოაღნიშნული მაქსიმალური ოცდაათდღიანი ვადა იმ შემთხვევაშიც არ უნდა გაიზარდოს, თუ სამხედრო ტყვემ დისციპლინური ზომის გამოტანის მომენტში დისციპლინური წესით პასუხი ერთდროულად რამდენიმე გადაცდომისთვის უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ეს გადაცდომები.

დისციპლინური ზომის დადების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან მის აღსრულებამდე ერთ თვეზე მეტი არ უნდა გავიდეს.

თუ სამხედრო ტყვეს ახალ დისციპლინურ ზომას დააკისრებენ, თითოეული ზომის აღსრულებას შორის, თუ ერთ-ერთი ზომის ხანგრძლივობა ათ ან მეტ დღეს აღწევს, არანაკლებ სამი დღე უნდა გავიდეს.

მუხლი 91🔗

სამხედრო ტყვის გაქცევა წარმატებულად ჩაითვლება, თუ:

1. იგი შეუერთდა მოკავშირე ქვეყნის ან იმ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც ეკუთვნის.

2. მან დამატყვევებელი სახელმწიფოს ან მისი მოკავშირის ხელისუფლების ქვეშ მყოფი ტერიტორია დატოვა.

3. იგი მოხვდა ხომალდზე, რომელიც მოკავშირე ქვეყნის ან იმ ქვეყნის დროშით ცურავს, რომელსაც ეს პირი ეკუთვნის და დამატყვევებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფება, მაგრამ იმ პირობით, რომ აღნიშნული ხომალდი ამ უკანასკნელის კონტროლს არ ექვემდებარება.

სამხედრო ტყვეები, რომლებიც ამ მუხლის მიხედვით წარმატებით განხორციელებული გაქცევის შემდეგ კვლავ ტყვედ ჩავარდებიან, გაქცევისათვის არ უნდა დაისაჯონ.

მუხლი 92🔗

სამხედრო ტყვე, რომელმაც გაქცევა სცადა ან რომელიც 91-ე მუხლის მიხედვით წარმატებულად მიჩნეული გაქცევის განხორციელებამდე დაიჭირეს, რეციდივის შემთხვევაშიც კი მხოლოდ დისციპლინური წესით უნდა დაისაჯოს.

ხელმეორედ დაჭერილი სამხედრო ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის სამხედრო ხელისუფლებას.

88-ე მუხლის მეოთხე პარაგრაფის გვერდის ავლით, შესაძლებელია განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესონ იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც წარუმატებელი გაქცევისათვის იხდიან სასჯელს. ასეთმა ზედამხედველობამ გავლენა არ უნდა იქონიოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უნდა აღსრულდეს სამხედრო ტყვეთა ბანაკში და არ უნდა გამოიწვიოს წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული რაიმე გარანტიის ჩამორთმევა.

მუხლი 93🔗

გაქცევა ან გაქცევის მცდელობა რეციდივის შემთხვევაშიც კი არ უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, თუ სამხედრო ტყვე გაქცევის ან გაქცევის მცდელობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე პასუხს სასამართლოს წინაშე აგებს.

83-ე მუხლში მითითებული პრინციპის თანახმად, სამხედრო ტყვეების მიერ გაქცევის ხელშეწყობის ერთადერთი მიზნით ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტები არ ახლავს, მაგალითად, საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქურდობა, რომელიც გამდიდრების სურვილით არ არის განპირობებული, ყალბი დოკუმენტების დამზადება ან გამოყენება, სამოქალაქო ტანისამოსის ტარება, მხოლოდ დისციპლინური წესით უნდა დაისაჯოს.

გაქცევის ან გაქცევის მცდელობის დამხმარე ან თანამონაწილე სამხედრო ტყვეები მხოლოდ დისციპლინური წესით დაისჯებიან.

მუხლი 94🔗

გაქცეული სამხედრო ტყვის ხელახალი დაკავების შესახებ შეტყობინება 122-ე მუხლში გათვალისწინებული წესით იმ სახელმწიფოს, რომელსაც იგი ეკუთვნის იმ შემთხვევაში უნდა გაეგზავნოს, თუ ადრე მისი გაქცევის შესახებ მას უკვე აცნობეს.

მუხლი 95🔗

დისციპლინური გადაცდომისათვის ბრალდებულ სამხედრო ტყვეებს წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში აიყვანენ, თუ მსგავსი გადაცდომისათვის წინასწარი პატიმრობა გათვალისწინებულია ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებისათვის ან თუ ამის განხორციელება აუცილებელია ბანაკში წესრიგისა და დისციპლინის შესანარჩუნებლად.

დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის ვადა ყველა სამხედრო პატიმრისათვის აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანება და არ უნდა აჭარბებდეს თოთხმეტ დღეს.

ამ თავის 97-ე და 98-ე მუხლების დებულებანი იმ სამხედრო ტყვეთა მიმართ გამოიყენება, რომლებიც დისციპლინური გადაცდომისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

მუხლი 96🔗

დისციპლინის დამრღვევი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.

იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლებიც სასამართლო ორგანოებისა და უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, დისციპლინური ზომების დაკისრება შეუძლია ბანაკის მეთაურის დისციპლინური უფლებამოსილებით აღჭურვილ ოფიცერს ან პასუხისმგებელ ოფიცერს, რომელიც მას ცვლის ან რომელსაც მან თავისი დისციპლინური უფლებამოსილება გადასცა.

ყოვლად დაუშვებელია ასეთი უფლებამოსილების სამხედრო ტყვისათვის გადაცემა და ამ უკანასკნელის მიერ მისი განხორციელება.

ნებისმიერი დისციპლინური ზომის დაკისრებამდე სამხედრო ტყვეს ზუსტად ეცნობება ის გადაცდომები, რომელთა ჩადენაც მას ბრალად ედება და საშუალება მიეცემა თავისი მოქმედება ახსნას და თავი დაიცვას. კერძოდ, მას ნება უნდა დართონ მოიწვიოს მოწმეები და, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით ისარგებლოს. გადაწყვეტილება სამხედრო ტყვესა და ტყვეთა წარმომადგენელს უნდა აცნობონ.

ბანაკის მეთაურმა უნდა აწარმოოს დისციპლინური სასჯელების რეესტრი, რომელიც მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთათვის გასაცნობად ხელმისაწვდომი იქნება.

მუხლი 97🔗

ყოვლად დაუშვებელია დისციპლინური სასჯელის მოსახდელად სამხედრო ტყვეების გამასწორებელ დაწესებულებებში (ციხე, გამასწორებელი დაწესებულება, საკატორღო ციხე, ა.შ.) გადაყვანა.

დისციპლინური ზომების მოხდისათვის გათვალისწინებული ყველა შენობა 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ჰიგიენის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. სასჯელის მოხდის პერიოდში, 29-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო ტყვეებს საკუთარი თავის ჰიგიენური მოვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

ოფიცრები ან მათთან გათანაბრებული პირები შენობაში უნტერ-ოფიცრებთან ან რიგითებთან ერთად არ უნდა დააკავონ.

სამხედრო ტყვე ქალები, რომლებიც დისციპლინურ ზომებს იხდიან, მამაკაცებისგან განცალკევებულ სათავსებში და ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განთავსდნენ.

მუხლი 98🔗

სამხედრო ტყვეები, რომლებიც დისციპლინურ სასჯელს პატიმრობის სახით იხდიან, განაგრძობენ ამ კონვენციის დებულებებით სარგებლობას იმ დებულებათა გამოკლებით, რომლებიც მათი დაპატიმრების შედეგად არ გამოიყენება. ყოვლად დაუშვებელია მათთვის 78-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა.

სამხედრო ტყვეებს, რომლებსაც დისციპლინური ზომები დაეკისრათ, არ შეიძლება ჩამოერთვათ მათ წოდებასთან დაკავშირებული უპირატესობანი.

სამხედრო ტყვეებს, რომლებსაც დისციპლინური ზომები დაეკისრათ, ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშისა და ღია ჰაერზე არანაკლებ ორი საათით ყოფნის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

მათთვის, თხოვნის საფუძველზე, ნებადართული იქნება ყოველდღიური სამედიცინო შემოწმების გავლა. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ბანაკის ლაზარეთში ან ჰოსპიტალში მოთავსდებიან.

მათ ნებადართული ექნებათ წერილების წაკითხვა და დაწერა, ისევე როგორც მათი მიღება და გაგზავნა. თუმცა მათთვის ამანათებისა და ფულადი გადარიცხვების გადაცემა შეიძლება სასჯელის მოხდამდე გადაიდოს; ისინი ამ დროის განმავლობაში ტყვეთა წარმომადგენელს გადაეცემა, რომელიც ამანათებში მოთავსებულ მალფუჭებად პროდუქტებს ლაზარეთში მყოფ ტყვეებს გადასცემს.

III. სამართალწარმოება

მუხლი 99🔗

არცერთი სამხედრო ტყვე არ შეიძლება სასამართლოს გადასცენ ან გაასამართლონ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტში დამატყვევებელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო სამართლით დასჯადი არ იყო.

არ შეიძლება სამხედრო ტყვეზე ნებისმიერი სახის მორალური ან ფიზიკური ზემოქმედება იმ მიზნით, რომ მან თავი იმ ქმედების ჩადენაში ცნოს დამნაშავედ, რომელიც მას ბრალად ედება.

არ შეიძლება არცერთი სამხედრო ტყვის გასამართლება, თუ მას თავდაცვისა და კვალიფიციური დამცველის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მუხლი 100🔗

პირველი შესაძლებლობისთანავე, სამხედრო ტყვეებს და მფარველ სახელმწიფოებს უნდა ეცნობოთ იმ სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს კანონებით სიკვდილით ისჯება.

ამის შემდეგ, დაუშვებელია რაიმე სამართალდარღვევისთვის სიკვდილით დასჯის დაწესება, თუ ამას არ დაეთანხმება სახელმწიფო, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან.

სასიკვდილო განაჩენი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანონ, თუ 87-ე მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად, სასამართლოს ყურადღება განსაკუთრებულად იმ ფაქტის მიმართ იქნება მიმართული, რომ სამხედრო ტყვე ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, იგი მის მიმართ ერთგულების ვალდებულებით არ არის დაკავშირებული და რომ მის ხელისუფლებაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად იმყოფება.

მუხლი 101🔗

სამხედრო ტყვისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იგი სისრულეში მოიყვანება მფარველი სახელმწიფოს მიერ მითითებულ მისამართზე 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაწვრილებითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

მუხლი 102🔗

სამხედრო ტყვეთა მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად ჩაითვლება, თუ იგი იმავე სასამართლოს მიერ და ისეთივე წესითაა გამოტანილი, რომელიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრთათვისაა გათვალისწინებული და ამას გარდა იმ პირობით, რომ განაჩენის გამოტანისას დაცული იყო წინამდებარე თავის დებულებები.

მუხლი 103🔗

სამხედრო ტყვეთა მიმართ ყოველი სასამართლო გამოძიება ისეთი სისწრაფით უნდა წარმოებდეს, რის საშუალებასაც არსებული გარემოებები ქმნის და იმგვარად, რომ სასამართლო პროცესი რაც შეიძლება დროულად ჩატარდეს. არცერთი სამხედრო ტყვე წინასწარ პატიმრობაში არ უნდა აიყვანონ, თუ ანალოგიური სამართალდარღვევისათვის ამგვარი ღონისძიება დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებისათვის არ არის გათვალისწინებული და თუ ამას სახელმწიფო უშიშროების ინტერესები არ მოითხოვს. წინასწარი პატიმრობის ვადა არავითარ შემთხვევაში სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

წინასწარი პატიმრობის ვადა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში ჩაითვლება, რომელიც მას მიესჯება და ეს ვადა სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს.

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამხედრო ტყვეები ამ თავის 97-ე და 98-ე მუხლების დებულებებით სარგებლობას განაგრძობენ.

მუხლი 104🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ სამხედრო ტყვის წინააღმდეგ სასამართლო დევნის დაწყების შემთხვევაში იგი ამას მფარველ სახელმწიფოს უმოკლეს ვადაში აცნობებს, მაგრამ არა უგვიანეს სამი კვირისა სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე. სამკვირიანი ვადა მფარველი სახელმწიფოს მიერ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოსათვის წინასწარ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი ასეთი შეტყობინების მიღების მომენტიდან იწყება.

აღნიშნული შეტყობინება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:

1. სამხედრო ტყვის გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, სამხედრო, შენაერთის, პირადი ან სერიული ნომერი, დაბადების თარიღი და პროფესია ან ხელობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

2. ინტერნირების ან დაკავების ადგილი;

3. ბრალდების ან ბრალდებათა დაწვრილებითი გადმოცემა კანონის მოქმედი მუხლების მითითებით;

4. სასამართლოს დასახელება, რომელიც საქმეს განიხილავს და საქმის განხილვის დრო და ადგილი.

ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ასეთივე შეტყობინებას სამხედრო ტყვეთა წარმომადგენელსაც უგზავნის.

თუ საქმის განხილვის დაწყებისას არ დადასტურდება, რომ მფარველმა სახელმწიფომ, სამხედრო ტყვემ და დაინტერესებულმა ტყვეთა წარმომადგენელმა ზემოაღნიშნული შეტყობინება მიიღეს, უკიდურეს შემთხვევაში სასამართლო მოსმენის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მაინც, საქმის მოსმენა აღარ შედგება და გადაიდება.

მუხლი 105🔗

სამხედრო ტყვეს უფლება აქვს ერთ-ერთი თანადატყვევებულის დახმარებით ისარგებლოს, თავისი არჩეული კვალიფიციური ადვოკატი იყოლიოს, სასამართლოში მოწმეების გამოძახება ითხოვოს და, თუ საჭიროდ ჩათვლის, კომპეტენტური თარჯიმნის მომსახურებით ისარგებლოს. მას ამ უფლების შესახებ წინასწარ, საქმის მოსმენის დაწყებამდე დამატყვევებელი სახელმწიფო აცნობებს.

თუ სამხედრო ტყვე დამცველს არ აირჩევს, მფარველი სახელმწიფო მას ასეთს დაუნიშნავს, რისთვისაც მის განკარგულებაში არანაკლებ ერთი კვირა იქნება. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, თხოვნის საფუძველზე მფარველ სახელმწიფოს კვალიფიციური პირების სიას გადასცემს, რომელთაც შეუძლიათ დაცვის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, როცა არც სამხედრო ტყვე და არც მფარველი სახელმწიფო დამცველს არ აირჩევს, ბრალდებულის დასაცავად კვალიფიციურ ადვოკატს ტყვედ ამყვანი სახელმწიფო თავად დანიშნავს.

ადვოკატს ან დამცველს საქმის მოსმენის დაწყებამდე თავის განკარგულებაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი კვირა, რათა დაცვისათვის მოემზადოს, ისევე როგორც ამისათვის აუცილებელი ყველა საშუალება ხელთ ჰქონდეს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის შეუზღუდავად მონახულებისა და მასთან მოწმეების გარეშე საუბრის შესაძლებლობა. ამასთანავე, მისთვის შესაძლებელი უნდა იყოს დაცვის ნებისმიერ მოწმესთან მოთათბირება, სამხედრო ტყვეების ჩათვლით. ამგვარი შესაძლებლობებით იგი განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლამდე ისარგებლებს.

სასამართლო სხდომის გახსნის დღემდე, საკმაოდ ხანგრძლივი დროით ადრე, ბრალდებული სამხედრო ტყვე მიიღებს მისთვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებულ საბრალდებო დასკვნას, ასევე დოკუმენტაციას, რომელსაც ბრალდებულს დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მოქმედი კანონების მიხედვით ჩვეულებრივ აცნობენ. აღნიშნული დოკუმენტაცია, ანალოგიურ გარემოებებში, სამხედრო ტყვის ადვოკატს ან დამცველსაც უნდა გადაეცეს.

მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს უფლება ექნებათ სასამართლო სხდომებს დაესწრონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე ისინი დახურულ კარს მიღმა უნდა გაიმართოს. ასეთ შემთხვევებში დამატყვევებელი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს ამის შესახებ შესაბამისად აცნობებს.

მუხლი 106🔗

ყოველ სამხედრო ტყვეს, დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში შემავალი პირების მსგავსად, მის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენის სააპელაციო ან საკასაციო გზით გასაჩივრების ან საქმის ხელახალი განხილვის თხოვნის უფლება ექნება. იგი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი ზემოაღნიშნული უფლებისა და იმ ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც მისი განხორციელება შეუძლია.

მუხლი 107🔗

რომელიმე სამხედრო ტყვის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს მოკლე შეტყობინების სახით, რომელშიც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, აქვს თუ არა ბრალდებულს განაჩენის სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ან საქმის ხელახალი განხილვის თხოვნის უფლება. ასეთივე შეტყობინება გადაეცემა დაინტერესებულ ტყვეთა წარმომადგენელს, აგრეთვე ბრალდებულ სამხედრო ტყვეს მისთვის გასაგებ ენაზე, თუკი განაჩენი მისი თანდასწრებით არ გამოცხადდა. გარდა ამისა, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს მფარველ სახელმწიფოს ბრალდებულის გადაწყვეტილებას გასაჩივრების უფლების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ.

იმ შემთხვევაში, როცა განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ეხება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს უმოკლეს ვადაში გაუგზავნის დაწვრილებით შეტყობინებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

1. განაჩენის ზუსტი ტექსტი;

2. მოკლე ანგარიში წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება ბრალდებისა და დაცვის ასპექტები;

3. შესაბამის შემთხვევაში იმ დაწესებულების დასახელება, სადაც განაჩენი სისრულეში მოიყვანება.

წინა ქვეპარაგრაფებში მითითებული შეტყობინებები მფარველ სახელმწიფოს გაეგზავნება მისამართზე, რომელსაც ის დამატყვევებელ სახელმწიფოს წინასწარ აცნობებს.

მუხლი 108🔗

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გამოტანილ სასჯელს სამხედრო ტყვეები იმავე დაწესებულებებში და ისეთივე პირობებში მოიხდიან, როგორიც დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებისთვისაა გათვალისწინებული. ყველა შემთხვევაში, ეს პირობები ჰიგიენისა და ჰუმანურობის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

სამხედრო ტყვე ქალები, რომელთა მიმართაც ამგვარი განაჩენია გამოტანილი, ცალკე შენობაში უნდა განათავსონ და ქალთა პერსონალის მეთვალყურეობა დაუწესონ.

თავისუფლებააღკვეთილი სამხედრო ტყვეები ნებისმიერ შემთხვევაში კვლავაც წინამდებარე კონვენციის 78-ე და 126-ე მუხლების დაცვით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მათ ნებას დართავენ მიიღონ და გაგზავნონ კორესპონდენცია, მიიღონ თვეში არანაკლებ ერთი დახმარების გზავნილი, რეგულარულად ისეირნონ სუფთა ჰაერზე; ისინი აგრეთვე მიიღებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო და სასულიერო დახმარებას, რომელიც შეიძლება მათ დაჭირდეთ. სასჯელი, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ, 87-ე მუხლის მესამე პარაგრაფის დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

კარი IV

ტყვეობის დასასრული

ნაწილი I

პირდაპირი რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება

მუხლი 109🔗

ამ მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებული დებულებების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან, მომდევნო მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად სამშობლოში გაგზავნონ მძიმე ავადმყოფი და მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვეები, მათი წოდებისა და რაოდენობის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც მათი ფიზიკური მდგომარეობა მათ გადაყვანას შესაძლებელს გახდის.

სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის მთლიან პერიოდში კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან შესაბამისი ნეიტრალური სახელმწიფოების დახმარებით ორგანიზება გაუწიონ მომდევნო მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსებას. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ დიდი ხნით ტყვეობაში მყოფი ჯანმრთელი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციაზე ან ინტერნირებაზე.

საომარი მოქმედებების დროს დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად რეპატრიაციისათვის მომზადებული რომელიმე დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რეპატრიაცია.

მუხლი 110🔗

პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარებიან:

1. განუკურნებადი დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთა გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ძალზე დაქვეითებულია.

2. დაჭრილები და ავადმყოფები, რომლებიც, ექიმთა პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში ვერ განიკურნებიან, რომელთა მდგომარეობა მოვლას მოითხოვს, ხოლო გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ძალზე დაქვეითებულია.

3. განკურნებული დაჭრილები და ავადმყოფები, მაგრამ რომელთა გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები საგრძნობლად, და როგორც ჩანს სამუდამოდ არის დაქვეითებული. ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას ექვემდებარებიან:

1. დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთა განკურნებაც შესაძლებელია დაჭრის მომენტიდან ან ავადმყოფობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა იძლევა სავარაუდო და სწრაფი განკურნების საშუალებას.

2. სამხედრო ტყვეები, რომელთა გონებრივი ან ფიზიკური მდგომარეობისათვის, ექიმთა აზრით, შემდგომი ტყვეობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და რომელთათვის ამ საფრთხის თავიდან აცილება ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებით იქნებოდა შესაძლებელი.

პირობები, რომლებსაც ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსებული სამხედრო ტყვეები მათი რეპატრიაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ, ასევე მათი სტატუსი დაინტერესებულ ქვეყნებს შორის შეთანხმებით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებული სამხედრო ტყვეებიდან რეპატრირებული იქნებიან შემდეგი კატეგორიის ტყვეები:

1. ისინი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად პირდაპირი რეპატრიაციის პირობებს აკმაყოფილებენ;

2. ისინი, რომელთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები მკურნალობის შემდეგაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებების არარსებობისას, რომლებიც ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი რეპატრიაციის ან განთავსების საჭიროების გამომწვევ ინვალიდობის ან დაავადების შემთხვევებს განსაზღვრავს, ისინი წინამდებარე კონვენციაზე თანდართული დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი რეპატრიაციის და განთავსების შესახებ სამოდელო შეთანხმებისა და შერეული სამედიცინო კომისიების შესახებ წესების შესაბამისად დადგინდება.

მუხლი 111🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან და შეთანხმებისამებრ ნეიტრალური სახელმწიფო, ეცდებიან დადონ შეთანხმებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საომარი მოქმედებების დამთავრებამდე ზემოაღნიშნული ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეთა ინტერნირებას.

მუხლი 112🔗

საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე უნდა დაინიშნოს შერეული სამედიცინო კომისიები დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების შემოწმებისა და მათთან დაკავშირებით ყველა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ კომისიათა დანიშვნა, მოვალეობანი და საქმიანობა წინამდებარე კონვენციაზე თანდართული წესების დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.

თუმცა, სამხედრო ტყვეები, რომლებიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამედიცინო ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით აშკარად მძიმედ დაჭრილი ან მძიმე ავადმყოფები არიან, რეპატრიაციას შერეულ სამედიცინო კომისიაში სავალდებულო შემოწმების გავლის გარეშეც შეიძლება დაექვემდებარონ.

მუხლი 113🔗

გარდა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამედიცინო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მითითებული სამხედრო ტყვეებისა, წინა მუხლში ხსენებულ შერეულ სამედიცინო კომისიებში შემოწმებაზე გამოცხადების უფლება ექნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების დაჭრილ ან ავადმყოფ სამხედრო ტყვეებს:

1. დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთაც აქვთ ბანაკში მომუშავე მათი თანამემამულე ექიმის ან ქირურგის ან იმ ექიმის ან ქირურგის რეკომენდაცია, რომელიც იმ სახელმწიფოს მოკავშირე კონფლიქტის მონაწილე იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომლის სახელზეც ირიცხებიან სამხედრო ტყვეები.

2. საკუთარ ტყვეთა წარმომადგენლის მიერ რეკომენდებული დაჭრილები და ავადმყოფები.

3. დაჭრილები და ავადმყოფები, რომლებიც რეკომენდებული არიან იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ან ამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ტყვეთა დამხმარე ორგანიზაციის მიერ.

სამხედრო ტყვეებს, რომლებიც არც ერთ მითითებულ კატეგორიას არ ეკუთვნიან, მაინც შეუძლიათ შერეული სამედიცინო კომისიის შემოწმებაზე გამოცხადება, ოღონდ ისინი შემოწმებას მას შემდეგ გაივლიან, რაც ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შემოწმება დასრულდება.

შერეული სამედიცინო კომისიის შემოწმებაზე გამოცხადებულ სამხედრო ტყვეთა თანამემამულე ექიმს ან ქირურგს, ისევე როგორც ტყვეთა წარმომადგენელს, უფლება აქვთ ამ შემოწმებას დაესწრონ.

მუხლი 114🔗

ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციასა ან განთავსებასთან მიმართებაში ამ კონვენციის დებულებათა მოქმედება ვრცელდება სამხედრო ტყვეებზე, რომლებიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდნენ, თუ მათი დაშავება საკუთარი ბრალით არ არის გამოწვეული.

მუხლი 115🔗

არც ერთი სამხედრო ტყვე, რომელსაც დისციპლინური ზომა აქვს დაკისრებული, თუ იგი ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციის ან განთავსების პირობებს აკმაყოფილებს, არ შეიძლება იმ მოტივით დააკავონ, რომ მას სასჯელი ჯერ არ მოუხდია.

ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შესაბამისი თანხმობით, რეპატრიაცია ან განთავსება შესაძლებელია ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციის ან განთავსებისათვის გამიზნული, სასამართლო გამოძიებაში მყოფი ან სასამართლოს მიერ მსჯავრდებული სამხედრო ტყვეების პროცესის დასრულებამდე ან სასჯელის მოხდამდეც.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს აცნობებენ იმ პირთა გვარებს, რომლებსაც საქმის განხილვის დასრულებამდე ან სასჯელის მოხდამდე დააკავებენ.

მუხლი 116🔗

სამხედრო ტყვეთა რეპატრიაციის ან ნეიტრალურ ქვეყანაში მათი გადაყვანის ხარჯებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს საზღვრიდან მოყოლებული, გაიღებს ის სახელმწიფო, რომელსაც აღნიშნული ტყვეები ეკუთვნიან.

მუხლი 117🔗

არც ერთი რეპატრირებული პირი არ შეიძლება დასაქმდეს მოქმედ სამხედრო სამსახურში.

ნაწილი II

სამხედრო ტყვეთა გათავისუფლება და რეპატრიაცია სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ

მუხლი 118🔗

სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და რეპატრიაცია საომარ მოქმედებათა დასრულებისთანავე უნდა მოხდეს.

ამ საკითხის შესახებ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით დადებულ შეთანხმებაში შესაბამისი დადგენილებების ან თვით ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ყოველი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, წინა პარაგრაფში მითითებული პრინციპის თანახმად, თავად შეადგენს და დაუყოვნებლივ განახორციელებს რეპატრიაციის გეგმას.

ორივე შემთხვევაში მიღებულ ზომებს აცნობებენ სამხედრო ტყვეებს.

სამხედრო ტყვეთა რეპატრიაციის ხარჯები ყველა შემთხვევაში სამართლიანად განაწილდება ტყვედ ამყვან სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან. ეს განაწილება შემდეგ საფუძველზე მოხდება:

(ა) თუ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ესაზღვრება, ის ქვეყანა, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, რეპატრიაციის ხარჯებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს საზღვრიდან მოყოლებული გაიღებს.

(ბ) თუ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს არ ესაზღვრება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს თავისი ტერიტორიის საზღვრამდე ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიასთან უახლოეს გასამგზავრებელ პორტამდე, რომელსაც ტყვეები ეკუთვნიან. რეპატრიაციასთან დაკავშირებულ დანარჩენ ხარჯებზე დაინტერესებული მხარეები დადებენ შეთანხმებას მათი სამართლიანად გაყოფის შესახებ. ყოვლად დაუშვებელია ამ შეთანხმების დადება გახდეს რეპატრიაციის შეყოვნების გასამართლებელი მიზეზი.

მუხლი 119🔗

რეპატრიაცია განხორციელდება სამხედრო ტყვეთა გადაყვანის შესახებ წინამდებარე კონვენციის 46-ე-48-ე მუხლებით დადგენილი პირობების მსგავს პირობებში და 118-ე მუხლისა და ქვემო პარაგრაფების დებულებათა გათვალისწინებით.

სამხედრო ტყვეებს, რეპატრიაციის დროს, უბრუნდებათ მე-18 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული ძვირფასი ნივთები და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ვალუტაში გადაუცვლელი ნებისმიერი უცხოური ვალუტა. ძვირფასი ნივთები და უცხოური ვალუტა, რომელიც რაიმე მიზეზით რეპატრიაციის დროს სამხედრო ტყვეებს არ დაუბრუნდათ, 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს გადაეცემა.

სამხედრო ტყვეებს შეუძლიათ თან წაიღონ პირადი ნივთები, ნებისმიერი კორესპონდენცია და მათ სახელზე მოსული ამანათები. თუ რეპატრიაციის გარემოებები ამას მოითხოვს, წონა შეიძლება იმ ნორმამდე შეიზღუდოს, რომლის ნორმალურად ტარებაც სამხედრო ტყვეს შეუძლია. ყველა შემთხვევაში, თითოეული ტყვე უფლებამოსილი იქნება თან წაიღოს არანაკლებ ოცდახუთი კილოგრამი ტვირთი.

რეპატრირებული სამხედრო ტყვის სხვა პირადი ნივთები შესანახად დარჩება დამატყვევებელ სახელმწიფოში, რომელიც მას ამ ნივთებს გადაუგზავნის მაშინვე, როგორც კი ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ შეთანხმებას დადებს ქვეყანასთან, რომელსაც ეკუთვნის სამხედრო ტყვე.

სამხედრო ტყვეები, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შეიძლება დააკავონ სასამართლოს დამთავრებამდე ან, შესაბამის შემთხვევებში სასჯელის მოხდამდე. იგივე დებულება გამოიყენება სისხლის სამართლის დანაშაულისათვის მსჯავრდებული სამხედრო ტყვეების მიმართაც.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ იმ სამხედრო ტყვეთა გვარები, რომლებსაც სასამართლოს დამთავრებამდე ან სასჯელის მოხდამდე დააკავებენ.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთი კომისიის შექმნაზე, რომლის მიზანიც იქნება ქვეყანაში გაფანტული სამხედრო ტყვეების მოძებნა და უმოკლეს ვადაში მათი რეპატრიაციის უზრუნველყოფა.

ნაწილი III

სამხედრო ტყვეთა გარდაცვალება

მუხლი 120🔗

სამხედრო ტყვეთა მიერ შედგენილი ანდერძი უნდა აკმაყოფილებდეს მათი სამშობლოს კანონებით დაწესებულ ნამდვილობის პირობებს. აღნიშნული ქვეყანა ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ეს პირობები დამატყვევებელ სახელმწიფოს შეატყობინოს. ტყვეთა თხოვნით ან მათი გარდაცვალების შემდეგ, ყველა შემთხვევაში ანდერძები მფარველ სახელმწიფოს, ხოლო დამოწმებული ასლები – ცნობათა ცენტრალურ სააგენტოს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.

წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ფორმით შედგენილი გარდაცვალების აქტები ან პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ დამოწმებული ტყვეობაში ყველა გარდაცვლილი პირის სია უმოკლეს ვადაში 122-ე მუხლის თანხმად შექმნილ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ბიუროს გადაეცემა. გარდაცვალების აქტები ან დამოწმებული სიები უნდა შეიცავდეს მე-17 მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებულ მონაცემებს სამხედრო ტყვეთა ვინაობის შესახებ, აგრეთვე გარდაცვალების დროსა და ადგილს, გარდაცვალების მიზეზს, დაკრძალვის დროსა და ადგილს და საფლავის ამოცნობისათვის საჭირო ყველა მონაცემს.

სამხედრო ტყვის დაკრძალვას ან კრემაციას, გარდაცვალების კონსტატაციისა და გარდაცვალების აქტის შედგენის, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში ვინაობის დადგენის მიზნით, წინ უნდა უსწრებდეს სხეულის სამედიცინო შემოწმება.

ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ტყვეობაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეები პატივით და თუ შესაძლებელია, მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად დაკრძალონ, გარდაცვლილთა საფლავებს პატივი უნდა მიეგოს, იგი მოვლილი და იმგვარად აღნიშნული უნდა იყოს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს მათი მოძებნა. ყველა შესაძლო შემთხვევაში სამხედრო ტყვეები, რომლებიც ერთსა და იმავე სახელმწიფოს ეკუთვნიან, ერთ ადგილას უნდა დაიკრძალონ.

გარდაცვლილი სამხედრო ტყვეები ინდივიდუალურ საფლავებში უნდა დაიკრძალონ, გამონაკლისია შემთხვევები, როცა გარდაუვალი გარემოებები მათ საძმო საფლავში დაკრძალვას მოითხოვს. ცხედართა კრემაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებების, რელიგიური მოტივების ან აშკარად გამოთქმული სურვილის საფუძველზე. კრემაციის შემთხვევაში კრემაციასა და მისი მიზეზების შესახებ გარდაცვალების აქტში უნდა იყოს მითითებული.

იმისათვის, რომ საფლავების მოძებნა ყოველთვის შესაძლებელი იყოს, დაკრძალვისა და საფლავების შესახებ ყველა მონაცემი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ შექმნილ საფლავთა რეგისტრაციის სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს. საფლავთა სიები და მონაცემები საფლავებში და სხვა ადგილებში დაკრძალული სამხედრო ტყვეების შესახებ იმ სახელმწიფოს გადაეცემა, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ. საფლავების მოვლისა და ცხედართა ყველა შემდგომი გადაადგილების რეგისტრაციის პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც მოცემულ ტერიტორიას აკონტროლებს, თუ იგი წინამდებარე კონვენციის მონაწილეა. ეს დებულებები გამოიყენება ფერფლის მიმართაც, რომელსაც საფლავთა რეგისტრაციის სამსახური იმ დრომდე შეინახავს, ვიდრე მისი ბედი სამხედრო ტყვეთა სამშობლოს სურვილის შესაბამისად არ გადაწყდება.

მუხლი 121🔗

სამხედრო ტყვის გარდაცვალების ან მძიმედ დაჭრის ყოველ შემთხვევაში, რომელიც ყარაულის მიზეზითაა გამოწვეული ან რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ამ უკანასკნელის, სხვა სამხედრო ტყვის ან ნებისმიერი მესამე პირის მიზეზით მოხდა, ასევე დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, ტყვედ ამყვან სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყოს ოფიციალური გამოძიება.

ამასთან დაკავშირებით მფარველ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ. მოწმეებს, განსაკუთრებით სამხედრო ტყვეებს, ჩვენებები უნდა ჩამოართვან და მათი შინაარსის შემცველი ანგარიში მფარველ სახელმწიფოს გაუგზავნონ.

თუ გამოძიების შედეგად ერთი ან რამდენიმე პირის ბრალეულობა დადგინდება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო დამნაშავის ან დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე წარდგენისათვის ყველა ზომას მიიღებს.

კარი V

ცნობათა ბიურო და სამხედრო ტყვეთა დახმარების საზოგადოებები

მუხლი 122🔗

კონფლიქტის დაწყებისთანავე და ოკუპაციის ყველა შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე გახსნის მის ხელისუფლებაში მყოფ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ბიუროს. ნეიტრალური და არამეომარი სახელმწიფოები, რომლებიც თავის ტერიტორიაზე მე-4 მუხლში მითითებული რომელიმე კატეგორიის პირებს მიიღებენ, ამ პირთა მიმართ ასევე იმოქმედებენ. დაინტერესებულმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ცნობათა ბიუროს ჰქონდეს ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფისათვის საჭირო შენობები, აღჭურვილობა და ჰყავდეს პერსონალი. მას უფლება ექნება ასეთ ბიუროში დაასაქმოს სამხედრო ტყვეები იმ პირობების დაცვით, რომელიც სამხედრო ტყვეთა დასაქმების შესახებ წინამდებარე კონვენციის ნაწილშია გათვალისწინებული.

შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე თავის ცნობათა ბიუროს შეატყობინებს ამ მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პარაგრაფებში მითითებულ ყველა მონაცემს მის ხელში ჩავარდნილი მოწინააღმდეგე მხარის ყველა წარმომადგენლის შესახებ, რომელიც მე-4 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას ეკუთვნის. ნეიტრალური და არამეომარი მხარეები მათ მიერ თავის ტერიტორიაზე მიღებული ამ კატეგორიების პირების მიმართ ასევე მოიქცევიან.

მონაცემებს, ერთი მხრივ, მფარველი სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, 123-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, ბიურო დაუყოვნებლივ და უსწრაფესი საშუალებით გადაუგზავნის დაინტერესებულ ქვეყნებს.

ეს მონაცემები შესაძლებელს გახდის დაინტერესებული ახლო ნათესავების სწრაფად ინფორმირებას. თითოეულ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებულ ამ მონაცემებში, მე-17 მუხლის დებულებათა დაცვით, თუ ცნობათა ბიურო ამგვარ მონაცემებს ფლობს, მითითებული უნდა იყოს გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, სამხედრო, შენაერთის, პირადი ან სერიული ნომერი, დაბადების ადგილი და ზუსტი თარიღი, სახელმწიფო, რომელსაც იგი ეკუთვნის, მამის სახელი და დედის ქალიშვილობის გვარი, იმ პირის გვარი და მისამართი, რომელიც უნდა იყოს ინფორმირებული, ასევე მისამართი, რომელზედაც სამხედრო ტყვისათვის კორესპონდენციის გაგზავნაა შესაძლებელი.

ცნობათა ბიურო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღებს ცნობებს ტყვის გადაყვანის, გათავისუფლების, რეპატრიაციის, გაქცევის, განთავსებისა და გარდაცვალების ყველა შემთხვევის შესახებ და მათ ამ მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებული წესით გადასცემს.

ასევე რეგულარულად, თუ შესაძლებელია ყოველკვირეულად, გადაიცემა ცნობები მძიმედ დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ცნობათა ბიურო ასევე ვალდებული იქნება უპასუხოს სამხედრო ტყვეთა, მათ შორის ტყვეობაში გარდაცვლილთა შესახებ გამოგზავნილ ყველა შეკითხვას, რომელიც საჭირო იქნება მოთხოვნილი და მის ხელთ არარსებული ცნობების მოპოვებისათვის.

ცნობათა ბიუროს ყოველი წერილობითი შეტყობინება ხელმოწერით ან ბეჭდით უნდა დამოწმდეს.

გარდა ამისა, ცნობათა ბიურო ვალდებულია მოაგროვოს და დაინტერესებულ ქვეყანას გადასცეს ყველა ფასეული ნივთი, ფულადი სახსრების ჩათვლით (ნებისმიერ ვალუტაში, გარდა დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტისა),აგრეთვე სამხედრო ტყვეების მიერ რეპატრიაციის, განთავისუფლების, გაქცევის ან გარდაცვალებისას დატოვებული ახლო ნათესავებისათვის საინტერესო დოკუმენტები. ეს ნივთები ბიუროს ბეჭდით დალუქული შეკვრებით გადაიგზავნება. მათ თან დაერთვება დოკუმენტი, რომელშიც ნათლად იქნება მითითებული მფლობელის ვინაობის დაწვრილებითი მონაცემები და შეკვრებში მოთავსებული ნივთების ზუსტი ნუსხა. სამხედრო ტყვეთა კუთვნილ ამგვარ სხვა პირად ნივთებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე გადასცემენ.

მუხლი 123🔗

სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ცენტრალური სააგენტო ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა დაარსდეს. თუ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, იგი დაინტერესებულ მხარეებს მსგავსი სააგენტოს შექმნის ორგანიზებას შესთავაზებს.

სააგენტოს დაეკისრება სამხედრო ტყვეთა შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვება, რომლის მიღებასაც იგი ოფიციალური ან კერძო წყაროების მეშვეობით მოახერხებს. მან ეს მონაცემები შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში სამხედრო ტყვეთა სამშობლოს ან იმ სახელმწიფოს უნდა გადასცეს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. კონფლიქტის მონაწილე მხარეები სააგენტოს შეუქმნიან ყველა შესაძლებლობას მითითებული მონაცემების გადასაცემად.

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ კი ისინი, რომელთა მოქალაქეებიც ცენტრალური სააგენტოს მომსახურებით სარგებლობენ, სააგენტოსათვის საჭირო ფინანსური დახმარების გასაწევად იქნებიან მიწვეულნი.

მოცემული დებულებები ისე არ უნდა განიმარტოს, თითქოს ისინი ზღუდავენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და 125-ე მუხლში მითითებული სხვა დამხმარე ორგანიზაციების ჰუმანიტარულ საქმიანობას.

მუხლი 124🔗

ცნობათა ეროვნული ბიუროები და ცნობათა ცენტრალური სააგენტო თავისუფლდებიან საფოსტო გადასახადებისაგან და სარგებლობენ 74-ე მუხლში მითითებული ყველა შეღავათით; შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად მათ უნდა მიეცეთ ტელეგრაფით უფასოდ ან უკიდურეს შემთხვევაში მკვეთრად შემცირებული ნიხრით სარგებლობის უფლება.

მუხლი 125🔗

იმ შემთხვევების გარდა, როცა ტყვედ ამყვანი ქვეყნები იღებენ ზომებს, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევენ თავისი უშიშროების უზრუნველყოფის ან სხვა გონივრულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად , რელიგიური ორგანიზაციების, დახმარების საზოგადოებათა ან ტყვეთა დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ტყვედ ამყვანი სახელმწიფოსაგან თავისთვის, აგრეთვე მათ მიერ შესაბამისად აკრედიტირებული და სრულუფლებიანი წარმომადგენლებისათვის მიიღებენ სამხედრო ტყვეთა მონახულების, მათ შორის, დახმარების ამანათების განაწილების, სასულიერო და აღმზრდელობითი დანიშნულების მქონე, ასევე გართობისა და ბანაკის შიგნით დასვენების უკეთ ორგანიზებისათვის ნებისმიერი საგნების განაწილების აუცილებელ ყველა შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული საზოგადოებები ან ორგანიზაციები შეიძლება ტყვედ ამყვან ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში დაფუძნდეს, ან ჰქონდეს საერთაშორისო ხასიათი.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს ორგანიზაციებისა და საზოგადოებების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებსაც საკუთარი კონტროლის ქვეშ მის ტერიტორიაზე საქმიანობის ნებას დართავს. თუმცა, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს იმ პირობით, რომ იგი ყველა სამხედრო ტყვისათვის ქმედით და საკმარის დახმარებას ხელს არ შეუშლის.

ამ სფეროში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განსაკუთრებული მდგომარეობა ყოველთვის აღიარებული და პატივცემული უნდა იყოს.

სამხედრო ტყვეთათვის ზემოაღნიშნული დანიშნულების მქონე ამანათების ან საგნების გადაცემის მომენტში, ან, უკიდურეს შემთხვევაში ცოტა ხნის შემდეგ, დამხმარე საზოგადოებას ან სხვა გამგზავნ ორგანიზაციას გაეგზავნება სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი ცალკეული ხელწერილები თითოეული ამანათის მიღების შესახებ. იმავდროულად, ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოები, რომელთა გამგებლობაშიც სამხედრო ტყვეები იმყოფებიან, წარადგენენ ხელწერილებს სამხედრო ტყვეთათვის გამოგზავნილი ტვირთების მიღების შესახებ.

კარი VI

კონვენციის შესრულება

ნაწილი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 126🔗

მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს უფლება ექნებათ მოინახულონ სამხედრო ტყვეთა ყველა ადგილსამყოფელი, კერძოდ, ინტერნირების, დაკავების და სამუშაო ადგილები. მათ აგრეთვე უფლება ექნებათ შევიდნენ სამხედრო ტყვეთა მიერ დაკავებულ ყველა შენობაში; ასევე, მათთვის ნებადართული იქნება ერთი ადგილიდან მეორეში გადასაყვანი სამხედრო ტყვეების გამგზავრების, ტრანზიტის ან ჩამოსვლის ადგილების მონახულება. ისინი შეძლებენ სამხედრო ტყვეებთან, კერძოდ კი მათ წარმომადგენლებთან მოწმეების გარეშე ინდივიდუალურად ან თარჯიმნის მეშვეობით გასაუბრებას.

მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და დელეგატებს მოსანახულებელი ადგილების არჩევაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. ამ ვიზიტების ხანგრძლივობა და რაოდენობა არ უნდა შეიზღუდოს. მათი აკრძალვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის გამო, ისიც მხოლოდ დროებითი და გამონაკლისი ღონისძიების სახით.

ტყვედ ამყვან სახელმწიფოს და იმ სახელმწიფოს, რომელსაც აღნიშნული სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, შესაბამის შემთხვევებში შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ ტყვეთა მონახულებებში მონაწილეობის მისაღებად თანამემამულეების დაშვების თაობაზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატები ამავე უფლებებით სარგებლობენ. ამ დელეგატთა დანიშვნა იმ ქვეყნის თანხმობაზეა დამოკიდებული, რომლის ხელისუფლებაში მყოფი სამხედრო ტყვეების მონახულებაც სურთ.

მუხლი 127🔗

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მათი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და მთელი მოსახლეობა.

სამხედრო და სხვა ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენლებს, რომელთაც ომის დროს სამხედრო ტყვეებზე პასუხისმგებლობა აკისრიათ, უნდა ჰქონდეთ ამ კონვენციის ტექსტი და აუცილებლად უნდა იცნობდნენ მის დებულებებს.

მუხლი 128🔗

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო ომის დროს მფარველი სახელმწიფოების დახმარებით ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანთა ტექსტებს, ასევე კანონებსა და დადგენილებებს, რომელიც შესაძლოა მის განსახორციელებლად მიიღონ.

მუხლი 129🔗

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევის ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირებისათვის.

თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.

თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევას.

ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებით და დაცვის უფლებით, რომელიც წინამდებარე კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებულ გარანტიებზე ნაკლებად ხელსაყრელი არ უნდა იყოს.

მუხლი 130🔗

წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, სამხედრო ტყვის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მიუკერძოებელი და რეგულარული სასამართლო საქმის წარმოების უფლების ჩამორთმევა.

მუხლი 131🔗

არცერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია თავისი თავის ან რომელიმე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ან სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინა მუხლში მითითებულ დარღვევებთან მიმართებაში ეკისრება.

მუხლი 132🔗

კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით უნდა დაიწყოს გამოძიება კონვენციის დარღვევის შესახებ ნებისმიერი მტკიცების თაობაზე, იმ პროცედურით, რომელსაც დაინტერესებული მხარეები დაადგენენ.

თუ მხარეები გამოძიების პროცედურაზე ვერ შეთანხმდებიან, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც გადაწყვეტს პროცედურულ საკითხს.

როგორც კი დარღვევის ფაქტს დაადგენენ, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს მისი ჩადენისათვის დასასჯელად.

ნაწილი II

დასკვნითი დებულებები

მუხლი 133🔗

წინამდებარე კონვენცია შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.

მუხლი 134🔗

წინამდებარე კონვენცია მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობისას ცვლის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციას.

მუხლი 135🔗

იმ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, რომლებიც შეზღუდულნი არიან სახმელეთო ომის წარმოების კანონებისა და ჩვეულებების შესახებ ჰააგის კონვენციით, იქნება ეს 1899 წლის 29 ივლისისა თუ 1907 წლის 18 ოქტომბრის კონვენცია, და რომლებიც წინამდებარე კონვენციის მხარეები არიან, ეს უკანასკნელი ზემოაღნიშნულ ჰააგის კონვენციებზე თანდართული წესების II თავს ავსებს.

მუხლი 136🔗

მოცემული რიცხვით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟენევის 1949 წლის 21 აპრილს გახსნილ კონფერენციაში, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის მხარეები არიან.

მუხლი 137🔗

წინამდებარე კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში.

ყოველი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირების შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებული ასლი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მიერ გადაეცემა ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან გაკეთდა განცხადება შეერთების შესახებ.

მუხლი 138🔗

წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

შემდგომში იგი თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.

მუხლი 139🔗

წინამდებარე კონვენცია მისი ძალაში შესვლის დღიდან ღიაა შეერთებისათვის ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.

მუხლი 140🔗

შეერთების შესახებ შეტყობინებები წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს და ძალაში შევა მათი მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ.

შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეერთების შესახებ აცნობებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომლის მიერ შეერთების შესახებ შეტყობინება იქნა გაკეთებული.

მუხლი 141🔗

დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას, ასევე განცხადებები შეერთების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა  გააკეთეს საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან მის შემდეგ ძალაში შედის დაუყოვნებლივ. შვეიცარიის ფედერალური საბჭო უმოკლეს ვადაში აცნობებს კონფლიქტის მხარეებისაგან მიღებულ სარატიფიკაციო სიგელების ან შეერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.

მუხლი 142🔗

ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია.

დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც ამ შეტყობინებას გადასცემს ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას.

დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როდესაც მოცემული სახელმწიფო კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და იმ ოპერაციების დასრულებამდე, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე კონვენციით დაცული პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან.

დენონსაცია იმოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართ, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, რადგან ისინი გამომდინარეობს ცივილიზებულ ხალხთა შორის დამკვიდრებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის კანონებიდან და საზოგადოებრივი სინდისის კარნახით.

მუხლი 143🔗

შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო ასევე აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ ყველა სარატიფიკაციო სიგელის, შეერთებისა და დენონსაციის თაობაზე.

რის დასტურადაც, წინამდებარე კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.

შესრულებულია ქ. ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი ან შეუერთდა მას.

დანართი I

სამოდელო შეთანხმება პირდაპირი რეპატრიაციისა და

დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების

ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსების შესახებ

(იხილეთ, მუხლი 110)

I – პირდაპირი რეპატრიაციისა და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსების პრინციპები

ა. პირდაპირი რეპატრიაცია

პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარებიან:

(1) ყველა სამხედრო ტყვე, რომელმაც ტრავმის შედეგად შემდეგი სახის დაზიანებები მიიღო: ერთი კიდურის დაკარგვა, დამბლა, სახსრების დაზიანება და სხვა სახის დაზიანებები იმ პირობით, რომ მათ ერთი ხელის ან ფეხის დაკარგვა მოჰყვა ან ისინი ერთი ხელის ან ერთი ფეხის დაკარგვის ტოლფასია;

ამ შემთხვევების უფრო ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ერთი ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასად ჩაითვლება შემდეგი შემთხვევები:

(ა) ხელის, ყველა თითის, ან ერთი ხელის საჩვენებელი და ცერა თითების, ფეხის ან ერთი ფეხის ყველა თითისა და ტერფის ძვლების დაკარგვა;

(ბ) ანკილოზი, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვა, ნაწიბურის შევიწროვება, რომელიც ხელის მტევნის თითების ერთ-ერთი დიდი სახსრის ან ყველა სახსრის მოძრაობის დარღვევას იწვევს;

(გ) გრძელი ძვლების ფსევდოართრიტი;

(დ) დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მოტეხილობით ან სხვა ტრავმით და რომელსაც თან ახლავს ქმედუნარიანობის ან ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობის სერიოზული დაქვეითება;

(2) ყველა დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომელთა მდგომარეობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, ამასთან, პროგნოზის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გამოირიცხება დაჭრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჯანმრთელების შესაძლებლობა, მაგალითად:

(ა) ჭურვის ნამსხვრევი გულის არეში, იმ შემთხვევაშიც, თუ შერეულმა სამედიცინო კომისიამ მძიმე მოშლილობათა არსებობა ვერ დაადგინა;

(ბ) ლითონის ნამსხვრევი თავის ტვინის ან ფილტვის არეში, იმ შემთხვევაშიც, თუ სამედიცინო კომისიამ შემოწმებისას ადგილობრივი ან საერთო რეაქციის არსებობა ვერ დაადგინა;

(გ) ოსტეომიელიტი, რომლის მკურნალობა დაჭრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოირიცხება და რომელმაც , სავარაუდოდ, სახსრის ანკილოზი ან ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასი სხვა დაზიანებები უნდა გამოიწვიოს;

(დ) დიდი სახსრის შემავალი ჭრილობა, რომელიც მის დაჩირქებას იწვევს;

(ე) თავის ქალის დაზიანება, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვით ან გადაადგილებით;

(ვ) სახის ჭრილობა ან დამწვრობა, ქსოვილების დაკარგვითა და ფუნქციის დაზიანებით;

(ზ) ზურგის ტვინის დაზიანება;

(თ) პერიფერიული ნერვების დაზიანება, რომლის გართულება ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასია და რომლის მკურნალობა დაზიანებიდან ერთ წელზე მეტს მოითხოვს, მაგალითად: მხრისა ან წელგავის წნულის, შუა ან საჯდომი ნერვის ჭრილობა, აგრეთვე სხივის და იდაყვის ნერვების ან მცირე წვივისა და დიდი წვივის ნერვების ერთობლივი კომბინირებული ჭრილობა. სხივის, იდაყვის, მცირე წვივის და დიდი წვივის ნერვების იზოლირებული დაზიანების შემთხვევაში დაჭრილები რეპატრიაციას არ ექვემდებარებიან, კონტრაქტურისა და ნეიროტროფიული მოშლილობის შემთხვევების გარდა;

(ი) საშარდე სისტემის დაზიანება, რომელიც მის ფუნქციონირებას სერიოზულად არღვევს.

(3) ყველა ავადმყოფი სამხედრო ტყვე, რომელთა ავადმყოფობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო და, პროგნოზის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გამოირიცხება გამოჯანმრთელების შესაძლებლობა დაავადმყოფებიდან ერთი წლის განმავლობაში, მაგალითად:

(ა) ნებისმიერი ორგანოს განვითარებადი ტუბერკულოზი, რომელიც სამედიცინო პროგნოზით განკურნებას ან ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობისას მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ ექვემდებარება;

(ბ)  ექსუდატიური პლევრიტი;

(გ) სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური წარმოშობის სერიოზული დაავადებები, რომლებიც განუკურნებლად ითვლება, მაგალითად: ფილტვის მძიმე ემფიზემა ბრონქიტით ან მის გარეშე; ქრონიკული ასთმა*; ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც ერთი წლის ტყვეობის განმავლობაში გრძელდება; ბრონქოექტაზია; ა.შ.[1]

(დ) სისხლის მიმოქცევის ორგანოების ქრონიკული მძიმე დაზიანება, მაგალითად: გულისა და მიოკარდის სარქველების დაზიანება დეკომპენსაციის ნიშნებით, რომლებიც აღმოჩენილი იყო ტყვეობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შერეულ კომისიას არ შეუძლია გამოკვლევის დროს დაადგინოს არცერთი ნიშანი; პერიკარდის და ძარღვების დაზიანება (ბიურგერის დაავადება, მსხვილი ძარღვების ანევრიზმა); ა.შ.

(ე) საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ქრონიკული დაზიანება, მაგალითად: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ტყვეობის დროს გადატანილი კუჭის ქირურგიული ოპერაციის შედეგები; ქრონიკული გასტრიტი, ენტერიტი ან კოლიტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს; ღვიძლის ციროზული ანთება; ქრონიკული ქოლეცისტოპათია*; ა.შ.

(ვ) შარდ-სასქესო ორგანოების მძიმე ქრონიკული დაზიანება, მაგალითად: ქრონიკული ნეფრიტი შემდგომი გართულებებით; ტუბერკულოზური თირკმლის ამოკვეთა; ქრონიკული პიელიტი ან ცისტიტი; ჰიდრონეფროზი ან პიონეფროზი; მძიმე ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები; ფეხმძიმობა და მასთან დაკავშირებული ავადმყოფური გამოვლინებები, როდესაც შეუძლებელია ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსება; ა.შ.

(ზ) ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ყველა აშკარად გამოხატული ფსიქოზი და ფსიქონევროზი, მაგალითად მძიმე ისტერია, ტყვეობაში ყოფნით გამოწვეული მძიმე ფსიქონევროზი, რომელიც შესაბამისი წესით დადგენილია სპეციალისტის მიერ*; ბანაკის ექიმის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ნებისმიერი სახის ეპილეფსია*; ტვინის არტერიოსკლეროზი; ქრონიკული ნევრიტი, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება; ა.შ.

(თ) ვეგეტატიური ნერვიული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დაქვეითება, საერთო გამოფიტვითა და წონის შესამჩნევი დაკლებით;

(ი) ორივე თვალის სიბრმავე ან ერთი თვალის სიბრმავე, თუ მეორე თვალის მხედველობა ერთზე ნაკლებია მაკორეგირებელი სათვალეების გამოყენების მიუხედავად; მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რომელიც არ შეიძლება აღდგეს 1/2-მდე ცალ თვალში მაინც*; თვალის სხვა სერიოზული დაავადებები, მაგალითად: გლაუკომა, თვალის ფერადი გარსის ანთება, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, ტრაქომა; ა.შ.

(კ) სმენის მოშლილობა, მაგალითად სრული ცალმხრივი სიყრუე, თუ მეორე ყური ვერ არჩევს ერთი მეტრის მანძილიდან ჩვეულებრივი ხმით ნათქვამ სიტყვებს*; ა.შ.

(ლ)  ნივთიერებათა ცვლის მძიმე დაავადებები, მაგალითად: შაქრის დიაბეტი, რომელიც ინსულინით მკურნალობას მოითხოვს; ა.შ.

(მ) შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მძიმე დაავადებები, მაგალითად: ტირეოტოქსიკოზი; ჰიპოთერიოზი; ედისონის დაავადება; სიმონდსის კახექსია; ტეტანია; ა.შ.

(ნ)  სისხლმბადი ორგანოების მძიმე ქრონიკული დაავადებები;

(ო) მძიმე ქრონიკული ინტოქსიკაცია: ტყვიით, ვერცხლისწყლით მოწამლვა, მორფინიზმი, კოკაინიზმი, ალკოჰოლიზმი , აირებით ან სხვადასხვა სხივებით მოწამლვა, ა.შ.

(პ) საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების ქრონიკული მოშლილობა, ფუნქციების მკვეთრად გამოხატული დარღვევებით, მაგალითად: დეფორმირებადი ართროზი; ქრონიკული და პროგრესირებადი, პირველადი და მეორადი პოლიართრიტები; რევმატიზმი მძიმე კლინიკური გამოვლენებით; ა.შ.

(ჟ) კანის მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება;

(რ) ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნი;

(ს) მძიმე ინფექციური ქრონიკული დაავადებები, რომელიც დაავადების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, მაგალითად: მალარია მკვეთრად გამოხატული ორგანული ცვლილებებით; ამებური ან ბაცილური დიზენტერია სერიოზული მოშლილობებით; მესამე სტადიის ვისცერალური სიფილისი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება; კეთრი; ა.შ.

(ტ)  მძიმე ავიტამინოზები და დისტროფიები.[2]

ბ.  ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება

ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას ექვემდებარებიან:

(1)  ყველა დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომელიც განუკურნებელია ტყვეობის პირობებში, მაგრამ რომელიც შეიძლება განიკურნოს ან რომელთა ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსების შემთხვევაში.

(2) სამხედრო ტყვეები, რომლებიც დაავადებულნი არიან ტუბერკულოზის ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად დაავადებული ორგანოსა, და რომელთა ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა ხელს შეუწყობს მათ განკურნებას ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. გამონაკლისია ტუბერკულოზის საწყისი სტადია, რომელიც ტყვედ ჩავარდნამდე განიკურნა.

(3) სამხედრო ტყვეები, რომელთაც აწუხებთ სასუნთქი, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემის, გრძნობის, შარდსასქესო ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, კანის სისტემისა და სხვა დაავადებები, რომელთა ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა აშკარად უკეთეს შედეგს გამოიღებდა, ვიდრე ტყვეობაში.

(4)  სამხედრო ტყვეები, რომლებმაც ტყვეობაში თირკმლის არატუბერკულოზური დაავადების შედეგად თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია გადაიტანეს; განკურნების სტადიის ან ფარული ფორმის ოსტეომიელიტის შემთხვევები; შაქრის დიაბეტი, რომელიც ინსულინით მკურნალობას არ საჭიროებს; ა.შ.

(5) სამხედრო ტყვეები, რომლებიც ომით ან ტყვეობით გამოწვეული ნევროზებით დაავადდნენ.

ტყვეობაში ყოფნით გამოწვეული ნევროზით დაავადებულები, რომლებიც ვერ განიკურნენ ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებიდან სამ თვეში ან რომლებიც ამ დროის გასვლის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზე აშკარად არ იმყოფებიან, რეპატრიაციას ექვემდებარებიან.

(6) ყველა სამხედრო ტყვე, რომელსაც ქრონიკული ინტოქსიკაცია (აირით, ლითონებით, ალკალოიდებით, ა.შ.) აწუხებს და რომელთათვის ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა განსაკუთრებით სასარგებლოა.

(7) ყველა სამხედრო ტყვე ფეხმძიმე ქალები ან დედები, რომელთაც ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას არ ექვემდებარება:

(1) ქრონიკული ფსიქოზის შესაბამისი წესით დადგენილი ყველა შემთხვევა.

(2)  ნერვიული სისტემის ორგანული ან ფუნქციონალური დაავადებების ყველა შემთხვევა, რომელიც განუკურნებლად ითვლება.

(3)  ყველა ინფექციური დაავადების შემთხვევა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გადამდებია, ტუბერკულოზის გამოკლებით.

II – ზოგადი დებულებები

(1) ზემოაღნიშნული ყველა პირობა უნდა ზოგადად განიმარტოს და გამოყენებული იყოს ყველაზე ფართო გაგებით.

ასეთ ლიბერალურ მიდგომას პირველ რიგში საჭიროებს ომით ან ტყვეობით გამოწვეული ნევროპათიის ან ფსიქოპათიის მდგომარეობა, ისევე როგორც ტუბერკულოზის ყველა სტადიის შემთხვევები. სამხედრო ტყვეები, რომლებიც არაერთხელ დაიჭრნენ, მაგრამ ცალკეული ჭრილობა რეპატრიაციას არ ექვემდებარება, გაითვალისწინებენ რა ჭრილობის დიდი რაოდენობით გამოწვეულ ფსიქიკურ ტრავმას, იმავე პრინციპით უნდა შემოწმდნენ.

(2) ყველა უდავო შემთხვევა, რომელიც პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარება (ამპუტაცია, სრული სიბრმავე ან სიყრუე, ფილტვების ღია ტუბერკულოზი, ფსიქიკური დაავადება, ავთვისებიანი წარმონაქმნი, ა.შ.),შეძლებისამებრ მოკლე ვადაში უნდა შემოწმდეს და რეპატრირებული იყოს ბანაკის ექიმის ან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სამხედრო სამედიცინო კომისიების მიერ.

(3)  ომამდე მიღებული ჭრილობები და დაავადებები, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესდა, ისევე როგორც ომის დროს მიღებული ჭრილობები, რომლებმაც სამხედრო სამსახურის გაგრძელება არ შეაფერხეს, პირდაპირ რეპატრიაციას არ ექვემდებარება.

(4) მოცემული დანართის დებულებები უნდა თანაბრად განიმარტოს და იყოს გამოყენებული კონფლიქტში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ. დაინტერესებული სახელმწიფოები და ორგანოები შერეულ სამედიცინო კომისიებს მათი ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფენ.

(5)  *-ით ზემოაღნიშნული მაგალითები მხოლოდ ტიპიურ შემთხვევებს წარმოადგენს. შემთხვევები, რომელიც აღნიშნულ დებულებებს არ შეესაბამება, წინამდებარე კონვენციის 110-ე მუხლისა და წინამდებარე შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

[1] *შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები უმეტესწილად ბანაკის ექიმთა და სამხედრო ტყვეების თანამემამულე ექიმების ჩანაწერებს ან დამატყვევებელი სახელმწიფოს ექიმ-სპეციალისტთა შემოწმებებს უნდა ეფუძნებოდეს.

[2] *შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები უმეტესწილად ბანაკის ექიმთა და სამხედრო ტყვეების თანამემამულე ექიმების ჩანაწერებს ან დამატყვევებელი სახელმწიფოს ექიმ-სპეციალისტთა შემოწმებებს უნდა ეფუძნებოდეს.

დანართი II

წესები შერეული სამედიცინო კომისიების შესახებ

(იხილეთ, მუხლი 112)

მუხლი 1🔗

კონვენციის 112-ე მუხლით გათვალისწინებული შერეული სამედიცინო კომისიები შედგება სამი წევრისაგან, რომელთაგან ორი ნეიტრალური ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, ხოლო მესამე ინიშნება დამკავებელი ტყვედ ამყვანის მიერ. ერთ-ერთი ნეიტრალური წევრი თავმჯდომარეობს კომისიას.

მუხლი 2🔗

ორი ნეიტრალური წევრი ინიშნება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ, მფარველ სახელმწიფოსთან შეთანხმებითა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. მათ შეუძლიათ განთავსდნენ როგორც თავიანთ წარმოშობის ქვეყანაში, ისე ნებისმიერ სხვა ნეიტრალურ ქვეყანასა თუ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

მუხლი 3🔗

ნეიტრალური წევრები დამტკიცებულნი უნდა იყვნენ კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების მიერ, რომლებიც თავიანთი თანხმობის შესახებ ატყობინებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მფარველ სახელმწიფოს. ამგვარი შეტყობინების მომენტიდან ეს პირები დანიშნულ წევრებად ითვლებიან .

მუხლი 4🔗

უნდა დაინიშნოს წევრთა მოადგილეების საკმარისი რაოდენობა, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ ნამდვილი წევრების ჩანაცვლება. მათი დანიშვნა ხდება ნამდვილი წევრების დანიშვნასთან ერთად, ან, ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ უმოკლეს ვადაში.

მუხლი 5🔗

თუ რაიმე მიზეზით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვერ უზრუნველყოფს ნეიტრალური წევრების დანიშვნას, ეს დანიშვნა სამხედრო ტყვეთა ინტერესების მფარველი სახელმწიფოს მიერ განხორციელდება.

მუხლი 6🔗

შესაძლებლობის ფარგლებში, ნეიტრალური წევრებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს ქირურგი, ხოლო მეორე – თერაპევტი.

მუხლი 7🔗

ნეიტრალური წევრები სრულიად დამოუკიდებელნი იქნებიან კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან შეუქმნან მათ ყველა პირობა თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად.

მუხლი 8🔗

ტყვედ ამყვან სახელმწიფოსთან შეთანხმებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წინამდებარე წესების მე-2 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანიშვნების განხორციელებისას, განსაზღვრავს წარდგენილი კანდიდატების სამსახურებრივ პირობებს.

მუხლი 9🔗

შერეული სამედიცინო კომისიები მუშაობას შეუდგებიან ნეიტრალური წევრების დამტკიცებისთანავე, რაც შეიძლება მალე, და ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი დამტკიცების თარიღიდან არა უგვიანეს სამი თვის ვადაში.

მუხლი 10🔗

შერეული სამედიცინო კომისიები შეამოწმებენ კონვენციის 113-ე მუხლით განსაზღვრულ ყველა ტყვეს. ისინი წამოაყენებენ წინადადებებს რეპატრიაციის, უარყოფის ან შემოწმების მომდევნო დროისთვის გადადების შესახებ. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უმრავლესობით.

მუხლი 11🔗

თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შერეული სამედიცინო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათი ვიზიტიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა ეცნობოს ტყვედ ამყვან სახელმწიფოს, მფარველ სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. შერეული სამედიცინო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას ასევე აცნობებს თითოეულ შემოწმებულ სამხედრო ტყვეს და, წინამდებარე კონვენციაზე დართული ნიმუშის მიხედვით, გასცემს შესაბამის მოწმობებს იმ პირებზე, რომელთა რეპატრიაციასაც უწევს რეკომენდაციას.

მუხლი 12🔗

ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები ამგვარი გადაწყვეტილებების შესახებ სათანადო შეტყობინების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში.

მუხლი 13🔗

თუ იმ ქვეყანაში, სადაც აუცილებელია შერეული სამედიცინო კომისიის საქმიანობა, არ იმყოფება არცერთი ექიმი, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეა, ან თუ რაიმე მიზეზით შეუძლებელია სხვა ქვეყანაში მცხოვრები ნეიტრალური ექიმების დანიშვნა, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, მფარველ სახელმწიფოსთან შეთანხმებით, თავად შექმნის სამედიცინო კომისიას, რომელიც შეასრულებს იმავე მოვალეობებს, რასაც შერეული სამედიცინო კომისია, წინამდებარე წესების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

მუხლი 14🔗

შერეული სამედიცინო კომისიები იმოქმედებენ მუდმივად და თითოეულ ბანაკს მოინახულებენ არაუმეტეს ექვსთვიანი პერიოდულობით.

დანართი III

წესები კოლექტიური დახმარების შესახებ

(იხილეთ, მუხლი 73)

მუხლი 1🔗

სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლებს ნება ეძლევათ გაანაწილონ მათ განკარგულებაში მყოფი კოლექტიური დახმარების გზავნილები მათ ბანაკში მყოფ ყველა სამხედრო ტყვეს შორის, მათ შორის, იმათი ჩათვლით, ვინც საავადმყოფოებში, ციხეებსა ან სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფება.

მუხლი 2🔗

კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება უნდა განხორციელდეს დონორთა მითითებებისა და სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლების მიერ შედგენილი გეგმის შესაბამისად. თუმცა, სამედიცინო მასალების განაწილება სასურველია მოხდეს უფროს სამედიცინო ოფიცრებთან (ექიმებთან) შეთანხმებით; ამ უკანასკნელთ შეუძლიათ საავადმყოფოებსა და ლაზარეთებში უგულებელყონ აღნიშნული მითითებები, თუკი ამას მათი პაციენტების საჭიროებები მოითხოვს. ამგვარად დადგენილ ფარგლებში, დახმარების განაწილება ყოველთვის სამართლიანად უნდა განხორციელდეს.

მუხლი 3🔗

იმისთვის, რომ სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლებს ან მათ თანაშემწეებს შეძლოთ მიღებული საქონლის ხარისხისა და რაოდენობის შემოწმება და დონორებისთვის დეტალური ანგარიშების მომზადება, მათ ნება უნდა დაერთოთ, მივიდნენ თავიანთი ბანაკების მახლობლად მდებარე დახმარების ტვირთების მიღების პუნქტებში.

მუხლი 4🔗

სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ საჭირო საშუალებები, რათა დარწმუნდნენ, რომ კოლექტიური დახმარების განაწილება მათი ბანაკის ყველა ქვედანაყოფსა და ფილიალში მათი მითითებების შესაბამისად განხორციელდა.

მუხლი 5🔗

სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლებს ნება ეძლევათ თავად შეავსონ ან სამუშაო რაზმების ტყვეთა წარმომადგენლებს ან ლაზარეთებისა და საავადმყოფოების უფროს სამედიცინო ოფიცრებს შეავსებინონ დონორებისთვის განკუთვნილი ფორმები ან კითხვარები, რომლებიც ეხება კოლექტიური დახმარების ტვირთებს (განაწილება, საჭიროებები, რაოდენობა და ა.შ.). სათანადოდ შევსებული ასეთი ფორმები და კითხვარები დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს დონორებს.

მუხლი 6🔗

ბანაკის სამხედრო ტყვეებისთვის კოლექტიური დახმარების რეგულარული გაცემის უზრუნველსაყოფად და სამხედრო ტყვეთა ახალი ნაკადების მიღებით გამოწვეული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლებს ნება ეძლევათ შექმნან და შეინახონ კოლექტიური დახმარების ტვირთების ადეკვატური მარაგი. ამ მიზნით მათ განკარგულებაში უნდა იყოს შესაბამისი საწყობები; თითოეული საწყობი უნდა იკეტებოდეს ორი საკეტით, რომელთაგან ერთ-ერთის გასაღები სამხედრო ტყვეების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს, ხოლო მეორე კი ბანაკის უფროსს.

მუხლი 7🔗

კოლექტიური დახმარების ტვირთის სახით ტანსაცმლის მიღების შემთხვევაში, თითოეულ სამხედრო ტყვეს უნდა დარჩეს ტანსაცმლის მინიმუმ ერთი სრული კომპლექტი. თუ სამხედრო ტყვეს ერთზე მეტი კომპლექტი აქვს, ტყვეთა წარმომადგენელს უფლება აქვს ჩამოართვას ზედმეტი ტანსაცმელი მათ, ვისაც ყველაზე მეტი კომპლექტი აქვს, თუკი ეს აუცილებელია ნაკლებად უზრუნველყოფილი ტყვეების მოსამარაგებლად. თუმცა, მან არ უნდა ჩამოართვას თეთრეულის, წინდების ან ფეხსაცმლის მეორე კომპლექტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს არის ერთადერთი გზა იმ ტყვეთა უზრუნველსაყოფად, რომელთაც ეს ნივთები საერთოდ არ გააჩნიათ.

მუხლი 8🔗

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები და, კერძოდ, ტყვედ ამყვანი სახელმწიფოები, შესაძლებლობის ფარგლებში და მოსახლეობის სურსათით მომარაგების მარეგულირებელი წესების დაცვით, ნებას დართავენ თავიანთ ტერიტორიებზე სამხედრო ტყვეებს შორის დახმარების კოლექტიური ტვირთების განაწილების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვებს. ისინი ასევე ხელს შეუწყობენ ფულადი სახსრების გადარიცხვას და სხვა ტექნიკური თუ ადმინისტრაციული ხასიათის ფინანსურ ღონისძიებებს, რომლებიც გატარებულია ასეთი შესყიდვების განსახორციელებლად.

მუხლი 9🔗

ზემოაღნიშნული დებულებები ხელს არ უშლის სამხედრო ტყვეთა უფლებას, მიიღონ კოლექტიური დახმარება ბანაკში ჩასვლამდე ან გადაყვანის პროცესში; ასევე არ უშლის ხელს მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან დახმარების გამწევი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვირთების გადაზიდვაზე, უზრუნველყონ მათი განაწილება ადრესატებს შორის ნებისმიერი სხვა საშუალებით, რომელსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

დანართი IV

A. პირადობის მოწმობა

(იხ. მე-4 მუხლი)

შენიშვნა:
სასურველია, ეს ბარათი შედგენილი იყოს ორ ან სამ ენაზე, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს საერთაშორისო მოხმარების ენა. ბარათის რეალური ზომა: 13 x 10 სანტიმეტრი. იგი უნდა გადაიკეცოს წყვეტილი ხაზის გასწვრივ.

დანართი
IV

B.

ბარათი

დატყვევების

შესახებ

(
იხ
ილეთ, მუხლი 70)

შენიშვნა:
ეს ბარათი შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, ტყვის მშობლიურ ენასა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ენაზე. ფორმის რეალური ზომაა: 15 x 10,5 სანტიმეტრი.

დანართი
IV

C.

საფოსტო

ბარათი

და

წერილი

(
იხ
ილეთ, მუხლი 71)

შენიშვნა:
ეს ფორმა შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, სამხედრო ტყვის მშობლიურ ენასა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ენაზე. ფორმის რეალური ზომაა: 15 x 10 სანტიმეტრი.

დანართი
IV

C.
საფოსტო ბარათი და წერილი

(
იხ
ილეთ, მუხლი 71)

შენიშვნა:
ეს ფორმა შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, სამხედრო ტყვის მშობლიურ ენასა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ენაზე. ის აღნიშნულ ხაზზე უნდა გაიკეცოს, ზედა ნაწილი კი ჩაიდება განაჭრელში (აღნიშნულია „ * “ ნიშნით) და ამგვარად კონვერტის ფორმას იძენს. უკანა მხარე, რომელიც დახაზულია საფოსტო ბარათის მაგვარად (იხილეთ, დანართი IV, C1), განკუთვნილია სამხედრო ტყვისათვის და მასზე დაახლოებით 250 სიტყვა თავსდება. გაკეცილი ფორმის ზომაა: 29 x 15 სანტიმეტრი.

დანართი
IV

D.
შეტყობინება გარდაცვალების შესახებ

(
იხილეთ
, მუხლი 120)

შენიშვნა:
– ეს ფორმა შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, სამხედრო ტყვის მშობლიურ ენასა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ენაზე. ფორმის რეალური ზომაა: 21 x 30
სანტიმეტრი.

დანართი
IV

E.
ცნობა რეპატრიაციის შესახებ

(
იხ
ილეთ,დანართი
II,მუხლი 11
)

ცნობ
ა
რეპ
ა
ტრი
ა
ციის

შეს
ა
ხებ

თარიღი:

ბანაკი:

საავადმყოფო:

გვარი:

სახელი:

დაბადების თარიღი:

წოდება:

სამხედრო ნომერი:

სამხედრო ტყვის ნომერი:

ჭრილობა/დაავადება:

კომისიის გადაწყვეტილება:

შერეული სამედიცინო

კომისიის თავმჯდომარე:

A = პირდაპირი რეპატრიაცია

B = ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსება

NC = ხელახალი შემოწმება მომდევნო კომისიის მიერ.

დანართი
V

სამოდელო

წესები
სამხედრო
ტყვეთა

მიერ

საკუთარ

ქვეყანაში გადაგზავნილი

ფულადი

სახსრების

შესახებ

(იხილეთ, მუხლი 63)

1)
63-ე მუხლის მესამე პარაგრაფში აღნიშნული შეტყობინება (ავიზო) უნდა შეიცავდეს:

a)

{C}{C}{C}{C}მე-17 მუხლში მითითებულ ნომერს, გადამხდელი სამხედრო ტყვის წოდებას, გვარსა და სახელებს;

b)

{C}{C}{C}{C}თანხის მიმღების სახელსა და მისამართს წარმოშობის ქვეყანაში;

c)

გადასახდელი ფულადი თანხის ოდენობას იმ ქვეყნის ვალუტაში, რომელშიც იმყოფება სამხედრო ტყვე.

2)
შეტყობინებას ხელს მოაწერს სამხედრო ტყვე, ხოლო თუ მას წერა არ შეუძლია –
მოწმის თანდასწრებით მასზე თავის ნიშანს დასვამს, და მას მეორე ხელმოწერით ადასტურებს სამხედრო ტყვეთა წარმომადგენელი.

3)
ბანაკის უფროსი ამ შეტყობინებას დაურთავს ცნობას იმის შესახებ, რომ შესაბამის სამხედრო ტყვეს აქვს საკრედიტო სალდო, რომელიც არანაკლებია გადასახდელად რეგისტრირებულ თანხაზე.

4)
შეტყობინება შეიძლება შედგეს სიების სახით; ასეთი სიის ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლის მიერ და დადასტურდეს ბანაკის უფროსის მიერ.

📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ““?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.08.1949.
როდის იქნა მიღებული „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ““?
„ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ““ მიღებულია 12.08.1949. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №12081949-03. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016862.
სად არის „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.08.1949 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია „სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ““, №12081949-03, 12.08.1949, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016862 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.1949). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6946086/