შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე თავის ცნობათა ბიუროს შეატყობინებს ამ მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პარაგრაფებში მითითებულ ყველა მონაცემს მის ხელში ჩავარდნილი მოწინააღმდეგე მხარის ყველა წარმომადგენლის შესახებ, რომელიც მე-4 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას ეკუთვნის. ნეიტრალური და არამეომარი მხარეები მათ მიერ თავის ტერიტორიაზე მიღებული ამ კატეგორიების პირების მიმართ ასევე მოიქცევიან.

მონაცემებს, ერთი მხრივ, მფარველი სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი, 123-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, ბიურო დაუყოვნებლივ და უსწრაფესი საშუალებით გადაუგზავნის დაინტერესებულ ქვეყნებს.

ეს მონაცემები შესაძლებელს გახდის დაინტერესებული ახლო ნათესავების სწრაფად ინფორმირებას. თითოეულ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებულ ამ მონაცემებში, მე-17 მუხლის დებულებათა დაცვით, თუ ცნობათა ბიურო ამგვარ მონაცემებს ფლობს, მითითებული უნდა იყოს გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, სამხედრო, შენაერთის, პირადი ან სერიული ნომერი, დაბადების ადგილი და ზუსტი თარიღი, სახელმწიფო, რომელსაც იგი ეკუთვნის, მამის სახელი და დედის ქალიშვილობის გვარი, იმ პირის გვარი და მისამართი, რომელიც უნდა იყოს ინფორმირებული, ასევე მისამართი, რომელზედაც სამხედრო ტყვისათვის კორესპონდენციის გაგზავნაა შესაძლებელი.

ცნობათა ბიურო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღებს ცნობებს ტყვის გადაყვანის, გათავისუფლების, რეპატრიაციის, გაქცევის, განთავსებისა და გარდაცვალების ყველა შემთხვევის შესახებ და მათ ამ მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებული წესით გადასცემს.

ასევე რეგულარულად, თუ შესაძლებელია ყოველკვირეულად, გადაიცემა ცნობები მძიმედ დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ცნობათა ბიურო ასევე ვალდებული იქნება უპასუხოს სამხედრო ტყვეთა, მათ შორის ტყვეობაში გარდაცვლილთა შესახებ გამოგზავნილ ყველა შეკითხვას, რომელიც საჭირო იქნება მოთხოვნილი და მის ხელთ არარსებული ცნობების მოპოვებისათვის.

ცნობათა ბიუროს ყოველი წერილობითი შეტყობინება ხელმოწერით ან ბეჭდით უნდა დამოწმდეს.

გარდა ამისა, ცნობათა ბიურო ვალდებულია მოაგროვოს და დაინტერესებულ ქვეყანას გადასცეს ყველა ფასეული ნივთი, ფულადი სახსრების ჩათვლით (ნებისმიერ ვალუტაში, გარდა დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტისა),აგრეთვე სამხედრო ტყვეების მიერ რეპატრიაციის, განთავისუფლების, გაქცევის ან გარდაცვალებისას დატოვებული ახლო ნათესავებისათვის საინტერესო დოკუმენტები. ეს ნივთები ბიუროს ბეჭდით დალუქული შეკვრებით გადაიგზავნება. მათ თან დაერთვება დოკუმენტი, რომელშიც ნათლად იქნება მითითებული მფლობელის ვინაობის დაწვრილებითი მონაცემები და შეკვრებში მოთავსებული ნივთების ზუსტი ნუსხა. სამხედრო ტყვეთა კუთვნილ ამგვარ სხვა პირად ნივთებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე გადასცემე