წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ფორმით შედგენილი გარდაცვალების აქტები ან პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ დამოწმებული ტყვეობაში ყველა გარდაცვლილი პირის სია უმოკლეს ვადაში 122-ე მუხლის თანხმად შექმნილ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ბიუროს გადაეცემა. გარდაცვალების აქტები ან დამოწმებული სიები უნდა შეიცავდეს მე-17 მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებულ მონაცემებს სამხედრო ტყვეთა ვინაობის შესახებ, აგრეთვე გარდაცვალების დროსა და ადგილს, გარდაცვალების მიზეზს, დაკრძალვის დროსა და ადგილს და საფლავის ამოცნობისათვის საჭირო ყველა მონაცემს.
სამხედრო ტყვის დაკრძალვას ან კრემაციას, გარდაცვალების კონსტატაციისა და გარდაცვალების აქტის შედგენის, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში ვინაობის დადგენის მიზნით, წინ უნდა უსწრებდეს სხეულის სამედიცინო შემოწმება.
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ტყვეობაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეები პატივით და თუ შესაძლებელია, მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად დაკრძალონ, გარდაცვლილთა საფლავებს პატივი უნდა მიეგოს, იგი მოვლილი და იმგვარად აღნიშნული უნდა იყოს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს მათი მოძებნა. ყველა შესაძლო შემთხვევაში სამხედრო ტყვეები, რომლებიც ერთსა და იმავე სახელმწიფოს ეკუთვნიან, ერთ ადგილას უნდა დაიკრძალონ.
გარდაცვლილი სამხედრო ტყვეები ინდივიდუალურ საფლავებში უნდა დაიკრძალონ, გამონაკლისია შემთხვევები, როცა გარდაუვალი გარემოებები მათ საძმო საფლავში დაკრძალვას მოითხოვს. ცხედართა კრემაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებების, რელიგიური მოტივების ან აშკარად გამოთქმული სურვილის საფუძველზე. კრემაციის შემთხვევაში კრემაციასა და მისი მიზეზების შესახებ გარდაცვალების აქტში უნდა იყოს მითითებული.
იმისათვის, რომ საფლავების მოძებნა ყოველთვის შესაძლებელი იყოს, დაკრძალვისა და საფლავების შესახებ ყველა მონაცემი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ შექმნილ საფლავთა რეგისტრაციის სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს. საფლავთა სიები და მონაცემები საფლავებში და სხვა ადგილებში დაკრძალული სამხედრო ტყვეების შესახებ იმ სახელმწიფოს გადაეცემა, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ. საფლავების მოვლისა და ცხედართა ყველა შემდგომი გადაადგილების რეგისტრაციის პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც მოცემულ ტერიტორიას აკონტროლებს, თუ იგი წინამდებარე კონვენციის მონაწილეა. ეს დებულებები გამოიყენება ფერფლის მიმართაც, რომელსაც საფლავთა რეგისტრაციის სამსახური იმ დრომდე შეინახავს, ვიდრე მისი ბედი სამხედრო ტყვეთა სამშობლოს სურვილის შესაბამისად არ გადაწყდებ