ოფიცერთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ბანაკებში ან შერეულ ბანაკებში ტყვეთა წარმომადგენლებად ცნობენ წოდებითა და სტაჟით უფროს სამხედრო ტყვე ოფიცერს. ოფიცერთა ბანაკებში მათ ეხმარება ოფიცერთა წრიდან არჩეული ერთი ან რამდენიმე კონსულტანტი; შერეულ ბანაკებში მათ თანაშემწეებს აირჩევენ იმ სამხედრო ტყვეებიდან, რომელთაც არ აქვთ ოფიცრის წოდება.
სამხედრო ტყვეთა შრომით ბანაკებში უნდა განთავსდნენ იმავე მოქალაქეობის სამხედრო ტყვე ოფიცრები, რათა მათ სამხედრო ტყვეებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ფუნქციები შეასრულონ. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის დებულებათა თანახმად ეს ოფიცრები შეიძლება ტყვეთა წარმომადგენლებად იქნენ არჩეულნი. ასეთ შემთხვევაში ტყვეთა წარმომადგენლის თანაშემწეებს აირჩევენ იმ სამხედრო ტყვეებიდან, რომელთაც ოფიცრის წოდება არა აქვთ.
ტყვეთა ყოველი არჩეული წარმომადგენელი, ვიდრე იგი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაამტკიცოს ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ. იმ შემთხვევაში, თუ დამატყვევებელი სახელმწიფო უარს იტყვის სამხედრო ტყვეების მიერ არჩეული სამხედრო ტყვის დამტკიცებაზე, მან უარის მიზეზები უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს.
ყველა შემთხვევაში ტყვეთა წარმომადგენლის მოქალაქეობა, ენა და ჩვეულებები იგივე უნდა იყოს, რაც იმ სამხედრო ტყვეებისა, რომლებსაც იგი წარმოადგენს. ამრიგად, მოქალაქეობის, ენისა და ჩვეულებების მიხედვით სხვადასხვა სექტორში განაწილებულ სამხედრო ტყვეებს, წინა პარაგრაფების დებულებათა მიხედვით, ყოველ სექტორში თავისი ტყვეთა წარმომადგენელი ეყოლება