1. საჯარიმო ქვითრის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს კომპანია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით.

2. პოლიგრაფიული საწარმოდან საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. საჯარიმო ქვითრის შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს კომპანიის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

3. საჯარიმო ქვითრის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. საჯარიმო ქვითრის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალში“ (ტექსტში შემდგომ – ჟურნალი) (დანართი №2).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

5. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. აღრიცხვის ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება კომპანიის დირექტორის ხელმოწერით და ბეჭდით.

6. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

7. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დამხარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი; ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღირიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

8. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

9. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ, პასუხისმგებელი თანამშრომელი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

10. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

11. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.

12. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევების