1. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, საანგარიშო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, აისახება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) საანგარიშგებო წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეტანილი დაზუსტებები, ცვლილებები და დამატებები;

გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარება შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;

დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთები (გამოუყენებელი სახსრები, მათ შორის: გარდამავალი საბრუნავი საშუალებების და თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობები) საანგარიშგებო პერიოდის დასაწყისისა და დასასრულისათვის;

ე) მუნიციპალური პროგრამებისა და ძირითადი ღონისძიებების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტება, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;

ვ) სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახსრების გამოყოფა;

ზ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მხარჯავი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ძირითადი ღონისძიებებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერა და მიღწეული შედეგები;

თ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული/კონტროლირებადი არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიური შედეგები;

ი) მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აქტივები და ვალდებულებები.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში საკრებულოს აპარატის მიერ რეგისტრაციაში ტარდება დაუყოვნებლივ და პროაქტიულად ქვეყნდება (საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით) მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებულია საკრებულოს კომისიებში მისი განხილვის ვადები, კომისიების სხდომების გრაფიკი, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით და ამ მოსაზრებების წარდგენის ვადა.

5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის გამოქვეყნებიდან 10 დღის პერიოდში საკრებულოს მიერ ეწყობა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ერთად ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წინასწარი განხილვა, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ წლიური ანგარიშის გაცნობის, შეკითხვების დასმისა და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების საშუალება.

6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა, საკრებულოს კომისიების შესაბამის სხდომებზე წინასწარ განიხილება ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, აუდიტორული შემოწმების შედეგები, დაინტერესებულ პირთა მოსაზრებები (შენიშვნები,რეკომენდაციები, წინადადებები) და საკრებულოს აპარატს წარედგინება კომისიების შესაბამისი დასკვნები.

7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმები პროაქტიულად ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის მიზნით საკრებულოს სხდომა მოიწვევა საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს და ძირითად მომხსენებლად გამოდის მერი, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა-განმარტებისთვის მეორე მომხსენებლად შეიძლება გამოვიდეს მერის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი.

10. საკრებულო თანამოხსენების ფორმით ისმენს დამოუკიდებელი აუდიტორის ან/და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).

11. მომხსენებელთა და თანამომხსენებელთა მოსმენის შემდეგ იწყება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა (დებატები) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

12. საკრებულოს სხდომა საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და არაუგვიანეს 1 მაისისა, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა, იღებს გადაწყვეტილებას (განკარგულებას) ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.

13. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების (განკარგულების) მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას, რაც შეიძლება გახდეს მერისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის ინიციირების მიზეზი.  ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აყენებს მერისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

14. ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, დამოუკიდებელი აუდიტის ან/და შიდა აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნა, საჯარო ინფორმაციაა, რომლის საზოგადოებისათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ