1. წინამდებარე მუხლი ეხება მხოლოდ ყურეებს, რომელთა სანაპიროებიც ეკუთვნის ერთ სახელმწიფოს.

2. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, ყურე არის მკაფიოდ გამოხატული ჩაღრმავება, რომლის შეღწევადობა მისი შესასვლელის სიგანის პროპორციულია იმგვარად, რომ შემოსაზღვრავს ხმელეთით ჩაკეტილ წყლებს და წარმოადგენს სანაპირო ხაზის უბრალო გამრუდებაზე მეტს. თუმცა ჩაღრმავება არ ჩაითვლება ყურედ, თუ მისი ფართობი არ არის იმ ნახევარწრის ფართობის ტოლი ან უფრო დიდი, რომლის დიამეტრიცაა ამ ჩაღრმავების შესასვლელზე გავლებული ხაზი.

3. ათვლის მიზნისთვის, ჩაღრმავების ფართობი არის ის ფართობი, რაც მდებარეობს ჩაღრმავების სანაპიროს გარშემო არსებული უკიდურესი მიქცევის წერტილსა და მისი ბუნებრივი შესასვლელი წერტილების უკიდურესი მიქცევის წერტილის შემაერთებელ ხაზს შორის. იმ შემთხვევაში, თუ კუნძულების არსებობის გამო ჩაღრმავებას ერთზე მეტი შესასვლელი აქვს, ხაზზე უნდა დაიხაზოს ნახევარწრე, რომლის სიგრძე ტოლია სხვადასხვა შესასვლელზე გავლებული ხაზების სიგრძეების ჯამის. ჩაღრმავების შიგნით მდებარე კუნძულები განიხილება აღნიშნული ჩაღრმავების წყლის არეალის ნაწილად.

4. თუ ყურის ბუნებრივი შესასვლელი წერტილების უკიდურესი მიქცევის წერტილებს შორის მანძილი არ აღემატება 24 საზღვაო მილს, უკიდურესი მიქცევის ამ ორ წერტილს შორის შეიძლება გაივლოს ჩამკეტი ხაზი და მათ მიერ შემოსაზღვრული წყლები უნდა ჩაითვალოს შიდა წყლებად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ყურის ბუნებრივი შესასვლელი წერტილების უკიდურესი მიქცევის წერტილებს შორის მანძილი 24 საზღვაო მილს აღემატება, ყურის შიგნით უნდა გაივლოს 24 საზღვაო მილის სწორი საწყისი ხაზი ისე, რომ შემოისაზღვროს წყლის მაქსიმალური ფართობი, რომლის შემოსაზღვრაც შესაძლებელია ამავე სიგრძის ხაზით.

6. ზემოაღნიშნული დებულებები არ ვრცელდება ე.წ. „ისტორიულ“ ყურეებზე ან ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება მე-7 მუხლით გათვალისწინებული სწორი საწყისი ხაზების სისტემა.