1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის:
(1) „რაიონი“ ნიშნავს ზღვისა და ოკეანის ფსკერს და მათ წიაღისეულს ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს მიღმა;
(2) „ორგანო“ ნიშნავს ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს;
(3) „რაიონში საქმიანობა“ ნიშნავს რაიონის რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის ყველა საქმიანობას;
(4) „ზღვის გარემოს დაბინძურება“ ნიშნავს ადამიანის მიერ, პირდაპირ ან ირიბად, ნივთიერებების ან ენერგიის შეტანას ზღვის გარემოში, მათ შორის ესტუარებში, რაც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ისეთ დამაზიანებელ შედეგებს, როგორიცაა ცოცხალი რესურსებისთვის და ზღვის სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, საფრთხის შექმნა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, საზღვაო საქმიანობისთვის, მათ შორის, თევზჭერისა და ზღვის სხვა ლეგიტიმური გამოყენებისთვის ხელის შეშლა, ხარისხის გაუარესება ზღვის წყლის გამოყენებისთვის და რეკრეაციული პირობების გაუარესება;
(5) (a) „ჩამარხვა“ ნიშნავს:
(i) ნარჩენების ან სხვა ნივთიერებების ნებისმიერ განზრახ გადაყრას გემებიდან, საფრენი აპარატებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობებიდან;
(ii) გემების, საფრენი აპარატების, პლატფორმების ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობების ნებისმიერ განზრახ გადაყრას;
(b) „ჩამარხვა“ არ მოიცავს:
(i) ნარჩენების ან სხვა ნივთიერებების გადაყრას, რომლებიც თან ახლავს ან წარმოიქმნება გემების, საფრენი აპარატების, პლატფორმების ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობების და მათი აღჭურვილობის ჩვეულებრივი ფუნქციონირებიდან, გარდა ნარჩენებისა ან სხვა ნივთიერებებისა, რომელთა ტრანსპორტირება ხორციელდება გემების, საფრენი აპარატების, პლატფორმების ან ზღვაზე არსებული სხვა ხელოვნური ნაგებობების მიერ ან მათი მიმართულებით, რომლებიც მოქმედებენ ასეთი ნივთიერებების გადაყრის მიზნით, ან რომლებიც წარმოიქმნება ასეთი ნარჩენებისა ან სხვა ნივთიერებების დამუშავებით ასეთ გემებზე, საფრენ აპარატებზე, პლატფორმებზე ან ნაგებობებზე;
(ii) ნივთიერების განთავსებას მისი უბრალო გადაყრისგან განსხვავებული მიზნით, იმ პირობით, რომ ასეთი განთავსება არ ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის მიზნებს.
2. (1) „მხარე სახელმწიფოები“ ნიშნავს სახელმწიფოებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს წინამდებარე კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე და რომლებისთვისაც წინამდებარე კონვენცია ძალაშია.
(2) წინამდებარე კონვენცია mutatis mutandis გამოიყენება 305-ე მუხლის პირველი პუნქტის (b), (c), (d), (e) და (f) ქვეპუნქტებში მითითებულ სუბიექტებზე, რომლებიც ხდებიან წინამდებარე კონვენციის მხარეები თითოეულისთვის შესაბამისი პირობების დაცვით და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც „მხარე სახელმწიფოები“ გულისხმობს ამ სუბიექტებს.
ნაწილი II. ტერიტორიული ზღვა და მიმდებარე ზონა
განყოფილება 1. ზოგადი დებულებები