პრეამბულა
წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები,ამოძრავებთ რა სურვილი, საზღვაო სამართალთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოაგვარონ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით, და აცნობიერებენ რა წინამდებარე კონვენციის ისტორიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის მშვიდობის შენარჩუნებაში, სამართლიანობასა და პროგრესში,მხედველობაში იღებენ რა, რომ 1958 და 1960 წლებში ჟენევაში გამართული საზღვაო სამართლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ხაზი გაუსვა საზღვაო სამართლის შესახებ ახალი და ზოგადად მისაღები კონვენციის საჭიროებას,აცნობიერებენ რა, რომ ოკეანის სივრცის პრობლემები მჭიდროდაა დაკავშირებული და განხილულ უნდა იქნეს მთლიანობაში,აღიარებენ რა წინამდებარე კონვენციის მეშვეობით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის სათანადო პატივისცემით, ზღვებისა და ოკეანეებისთვის ისეთი სამართლებრივი წესრიგის დამყარების მიზანშეწონილობას, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს ზღვებისა და ოკეანეების მშვიდობიან გამოყენებას, მათი რესურსების სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას, მათი ცოცხალი რესურსების შენარჩუნებას და ზღვის გარემოს შესწავლას, დაცვასა და შენარჩუნებას,ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნების მიღწევა ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის რეალიზაციას, რომელიც ითვალისწინებს მთელი კაცობრიობის ინტერესებსა და საჭიროებებს, და, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებულ ინტერესებსა და საჭიროებებს, იქნება ეს სანაპირო თუ ზღვაზე გასასვლელის არმქონე,სურთ რა, რომ წინამდებარე კონვენციით განავითარონ 1970 წლის 17 დეკემბრის 2749 (XXV) რეზოლუციაში ასახული პრინციპები, რომლითაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მტკიცედ განაცხადა, inter alia, რომ ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს მიღმა ზღვისა და ოკეანის ფსკერის რაიონი და მათი წიაღისეული, ასევე მისი რესურსები არის კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობა, რომლის დაზვერვა და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ, სახელმწიფოთა გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად,სწამთ რა, რომ საზღვაო სამართლის წინამდებარე კონვენციით მიღწეული კოდიფიკაცია და პროგრესული განვითარება ხელს შეუწყობს მშვიდობის, უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და ყველა ერს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას სამართლიანობისა და თანასწორი უფლებების პრინციპების შესაბამისად, და ხელს შეუწყობს მსოფლიოს ყველა ხალხის ეკონომიკურ და სოციალურ წინსვლას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, როგორც ეს მოცემულია ქარტიაში,ადასტურებენ რა, რომ წინამდებარე კონვენციით მოუწესრიგებელი საკითხები კვლავ წესრიგდება ზოგადი საერთაშორისო სამართლის წესებითა და პრინციპებით,შეთანხმდნენ შემდეგზე: