1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:
(a) „ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, რომელსაც არ აქვს ზღვის სანაპირო;
(b) „ტრანზიტის სახელმწიფო“ ნიშნავს სახელმწიფოს, ზღვის სანაპიროთი ან მის გარეშე, რომელიც მდებარეობს ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს და ზღვას შორის და რომლის ტერიტორიის გავლითაც გადის ტრანზიტული მოძრაობა;
(c) „ტრანზიტული მოძრაობა“ ნიშნავს პირთა, ბარგის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტს ერთი ან მეტი ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როდესაც ასეთ ტერიტორიაზე გავლა, გადატვირთვის, დასაწყობების, ტვირთის პარტიების გაყოფის ან ტრანსპორტირების საშუალების შეცვლის ჩათვლით, ან მათ გარეშე, წარმოადგენს მხოლოდ ნაწილს იმ სრული მოგზაურობისა, რომელიც იწყება ან მთავრდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
(d) „სატრანსპორტო საშუალება“ ნიშნავს:
(i) რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას, საზღვაო, ტბის და მდინარის სატრანსპორტო საშუალებებს და საგზაო სატრანსპორტო საშუალებებს;
(ii) როდესაც ადგილობრივი პირობები ამას მოითხოვს – მტვირთავებს და ტვირთის გადამზიდავ ცხოველებს.
2. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებსა და ტრანზიტის სახელმწიფოებს, მათ შორის შეთანხმებით, შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებებად ჩართონ მილსადენები და გაზსადენები, ასევე, პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებისგან განსხვავებული სატრანსპორტო საშუალებები.