1. (a) 150-ე მუხლში გათვალისწინებული მიზნებისთვის ზიანის მიყენების გარეშე და ხსენებული მუხლის (h) ქვეპუნქტის განხორციელების მიზნით, ორგანომ არსებული ფორუმების ან შესაბამისი ახალი ღონისძიებების ან შეთანხმებების მეშვეობით, რომლებშიც მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, როგორც მწარმოებლები, ასევე მომხმარებლები, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები რაიონიდან მოპოვებული მინერალებიდან წარმოებული საქონლის ბაზრების ზრდის, ეფექტურობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, მწარმოებლებისთვის მომგებიანი და მომხმარებლებისთვის სამართლიანი ფასებით. ყველა მხარე სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს ამ მიზნით.
(b) ორგანოს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ სასაქონლო კონფერენციაში, რომელიც ეხება ზემოხსენებულ საქონელს და რომელშიც მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, როგორც მწარმოებლები, ასევე მომხმარებლები. ორგანოს უფლება აქვს, გახდეს ასეთი კონფერენციების შედეგად შექმნილი ნებისმიერი ღონისძიების მონაწილე ან შეთანხმების მხარე. ორგანოს მონაწილეობა ამ ღონისძიებების ან შეთანხმებების ფარგლებში შექმნილ ნებისმიერ ორგანოში უნდა უკავშირდებოდეს რაიონში წარმოებას და შეესაბამებოდეს ამ ორგანოების შესაბამის წესებს.
(c) ორგანომ წინამდებარე პუნქტში მითითებული მექანიზმებიდან ან შეთანხმებებიდან გამომდინარე თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს იმგვარად, რაც უზრუნველყოფს რაიონში შესაბამისი მინერალების ყველა წარმოების ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ განხორციელებას. ასეთ დროს, ორგანომ უნდა იმოქმედოს არსებული კონტრაქტებისა და საწარმოს დამტკიცებული სამუშაო გეგმების პირობების შესაბამისად.
2. (a) მე-3 პუნქტში მითითებული შუალედური პერიოდის განმავლობაში, კომერციული წარმოება არ უნდა განხორციელდეს დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად მანამ, სანამ ოპერატორი არ მიმართავს და არ მიიღებს წარმოების ნებართვას ორგანოს მიერ. ასეთი წარმოების ნებართვის მოთხოვნა ან გაცემა არ შეიძლება სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კომერციული წარმოების დაგეგმილ დაწყებამდე ხუთ წელზე მეტი ხნით ადრე, თუ, პროექტის შემუშავების ხასიათისა და ვადების გათვალისწინებით, ორგანოს ნორმები, წესები და პროცედურები არ განსაზღვრავს სხვა პერიოდს.
(b) წარმოების ნებართვის განაცხადში ოპერატორმა უნდა მიუთითოს ნიკელის წლიური რაოდენობა, რომლის მოპოვებაც მოსალოდნელია დამტკიცებული სამუშაო გეგმის შესაბამისად. განაცხადში უნდა მიეთითოს ხარჯების გრაფიკი, რომელიც ოპერატორმა უნდა გადაიხადოს ნებართვის მიღების შემდეგ და რომელიც გონივრულად არის გამოთვლილი იმგვარად, რომ მას აძლევს კომერციული წარმოების დაგეგმილ თარიღში დაწყების საშუალებას.
(c) (a) და (b) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, ორგანომ უნდა დაადგინოს შესაბამისი შესრულების მოთხოვნები III დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად.
(d) ორგანომ უნდა გასცეს წარმოების ნებართვა მოთხოვნილი წარმოების დონისთვის, თუ ამ დონისა და უკვე ნებადართული დონეების ჯამი არ აღემატება ნიკელის წარმოების იმ ზღვარს, რომელიც გამოთვლილია მე-4 პუნქტის შესაბამისად იმ წლისთვის, როდესაც გაიცემა აღნიშნული ნებართვა – შუალედურ პერიოდში შემავალი დაგეგმილი წარმოების ნებისმიერი წლის განმავლობაში.
(e) გაცემის შემდეგ წარმოების ნებართვა და დაკმაყოფილებული განაცხადი ხდება დამტკიცებული სამუშაო გეგმის ნაწილი.
(f) თუ ოპერატორის განაცხადი წარმოების ნებართვაზე უარყოფილია (d) ქვეპუნქტის შესაბამისად, ოპერატორს შეუძლია ნებისმიერ დროს ხელახლა მიმართოს ორგანოს.
3. შუალედური პერიოდი იწყება იმ წლის 1 იანვრამდე ხუთი წლით ადრე, როდესაც დამტკიცებული სამუშაო გეგმის მიხედვით დაგეგმილია კომერციული წარმოების ყველაზე ადრეული დაწყება. თუ ყველაზე ადრეული კომერციული წარმოება გადაიდება თავდაპირველად დაგეგმილი წლის მიღმა, შუალედური პერიოდის დასაწყისი და წარმოების თავდაპირველად გამოთვლილი ზღვრული ლიმიტი უნდა შეიცვალოს შესაბამისად. შუალედური პერიოდი გრძელდება 25 წელი ან 155-ე მუხლში მითითებული მიმოხილვის კონფერენციის დასრულებამდე ან იმ დღემდე, როდესაც ძალაში შევა პირველ პუნქტში მითითებული ახალი ღონისძიებები ან შეთანხმებები, რომელიც უფრო ადრე მოხდება. ორგანოს კვლავ ექნება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება შუალედური პერიოდის დარჩენილი დროის განმავლობაში, თუ ამოიწურება აღნიშნული ღონისძიებების ან შეთანხმებების ვადა ან თუ რაიმე მიზეზით ისინი არაეფექტური გახდება.
4. (a) შუალედური პერიოდის ნებისმიერი წლის წარმოების ზღვარი შეადგენს შემდეგის ჯამს:
(i) სხვაობა ნიკელის მოხმარების ტენდენციის მრუდის მნიშვნელობებს შორის, როგორც ეს გამოითვლება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ წლისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ყველაზე ადრეული კომერციული წარმოების წელს, და იმ წლისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს შუალედური პერიოდის დაწყების წელს; და
(ii) ნიკელის მოხმარების ტენდენციის მრუდის მნიშვნელობებს შორის სხვაობის სამოცი პროცენტი, როგორც ეს გამოითვლება (b) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ წლისთვის, რომლისთვისაც მოთხოვნილია წარმოების ნებართვა და იმ წლისთვის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს ყველაზე ადრეული კომერციული წარმოების წელს.
(b) (a) ქვეპუნქტის მიზნებისათვის:
(i) ნიკელის წარმოების ზღვრის გამოსათვლელად გამოყენებული ტენდენციის მრუდის მნიშვნელობები არის ტენდენციის მრუდზე ნიკელის წლიური მოხმარების ის მნიშვნელობები, რომლებიც გამოითვლება იმ წლის განმავლობაში, როდესაც გაიცემა წარმოების ნებართვა. ტენდენციის მრუდი მიიღება ნიკელის ფაქტობრივი მოხმარების ლოგარითმების წრფივი რეგრესიიდან უახლესი 15-წლიანი პერიოდისთვის, რომლისთვისაც ხელმისაწვდომია ასეთი მონაცემები, დრო კი დამოუკიდებელი ცვლადია. ეს ტენდენციის მრუდი მოიხსენიება, როგორც საწყისი ტენდენციის მრუდი;
(ii) თუ საწყისი ტენდენციის ხაზის წლიური ზრდის ტემპი 3 პროცენტზე ნაკლებია, მაშინ (a) ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობების დასადგენად გამოყენებული ტენდენციის მრუდი უნდა იყოს ისეთი, რომელიც საწყის ტენდენციის ხაზს გადაკვეთს შესაბამისი 15-წლიანი პერიოდის პირველი წლის მნიშვნელობაზე, და ყოველწლიურად გაიზრდება 3 პროცენტით; თუმცა, იმ პირობით, რომ შუალედური პერიოდის ნებისმიერი წლისთვის დადგენილი წარმოების ზღვარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს სხვაობას ამ წლის საწყისი ტენდენციის მრუდის მნიშვნელობასა და იმ წლის საწყისი ტენდენციის მრუდის მნიშვნელობას შორის, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს შუალედური პერიოდის დაწყების წელს.
5. ორგანომ საწარმოს საწყისი წარმოებისთვის უნდა შეინახოს 38 000 მეტრული ტონა ნიკელის რაოდენობა მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი ხელმისაწვდომი წარმოების ზღვრიდან.
6. (a) ოპერატორს შეუძლია, რომ თავისი წარმოების ნებართვაში მითითებული პოლიმეტალური კვანძებიდან ნებისმიერ წელს აწარმოოს მინერალების წლიური წარმოების დონეზე ნაკლები ან 8%-მდე მეტი იმ პირობით, რომ წარმოების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნებართვაში მითითებულ დონეს. ნებისმიერ წელს 8%-ზე მეტი და 20%-მდე ნებისმიერი გადაჭარბება ან ნებისმიერი გადაჭარბება პირველ და მომდევნო წლებში, ორი ზედიზედ წლის შემდეგ, როდესაც გადაჭარბება მოხდა, ექვემდებარება მოლაპარაკებას ორგანოსთან, რომელმაც შეიძლება ოპერატორს მოსთხოვოს დამატებითი წარმოების ნებართვის მიღება დამატებითი წარმოების დასაფარად.
(b) ასეთი დამატებითი წარმოების ნებართვების განაცხადებს ორგანო განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებები მიღებული იქნება იმ ოპერატორების ყველა მიმდინარე განაცხადზე, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ წარმოების ნებართვები, და მას შემდეგ, რაც სათანადოდ იქნა გათვალისწინებული სხვა სავარაუდო განმცხადებლები. ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს იმ პრინციპით, რომ შუალედური პერიოდის არცერთ წელს არ უნდა მოხდეს წარმოების ზღვრით დაშვებული მთლიანი წარმოების გადაჭარბება. მან არ უნდა გასცეს ნებართვა რომელიმე სამუშაო გეგმის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს წელიწადში ნიკელის 46,500 მეტრულ ტონაზე მეტი რაოდენობით წარმოებას.
7. წარმოების ნებართვის შესაბამისად მიღებული პოლიმეტალური კვანძებიდან მოპოვებული სხვა ლითონების, როგორიცაა: სპილენძი, კობალტი და მანგანუმი, წარმოების დონეები არ უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ის, რაც, წინამდებარე მუხლის შესაბამისად, წარმოებული იქნებოდა ოპერატორის მიერ ამ კვანძებიდან ნიკელის მაქსიმალური დონის წარმოების შემთხვევაში. ამ პუნქტის შესრულებისთვის, ორგანომ უნდა დაადგინოს ნორმები, წესები და პროცედურები III დანართის მე-17 მუხლის შესაბამისად.
8. უსამართლო ეკონომიკურ პრაქტიკასთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებებით, ვრცელდება რაიონის მინერალების დაზვერვასა და ექსპლუატაციაზე. ამ დებულებიდან წარმოშობილი დავების მოგვარებისას მხარე სახელმწიფოებმა, რომლებიც არიან ასეთი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების მხარეები, უნდა მიმართონ ასეთი შეთანხმებებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცედურებს.
9. ორგანოს აქვს უფლებამოსილება, შეზღუდოს რაიონიდან მინერალების წარმოების დონე, გარდა პოლიმეტალური კვანძებიდან მიღებული მინერალებისა, ისეთ პირობებში და ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორც ეს შეიძლება მიზანშეწონილი იყოს 161-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად წესების მიღებით.
10. საბჭოს რეკომენდაციით, რომელსაც საფუძვლად უდევს ეკონომიკური დაგეგმვის კომისიის რჩევა, ასამბლეამ უნდა შექმნას კომპენსაციის სისტემა ან მიიღოს ეკონომიკური ადაპტირების დახმარების სხვა ზომები, მათ შორის, სპეციალიზებულ სააგენტოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რათა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც განიცდიან სერიოზულ უარყოფით ზეგავლენას თავიანთი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე ან ეკონომიკებზე, რაც გამოწვეულია შესაბამისი მინერალის ფასის ან ამ მინერალის ექსპორტის მოცულობის შემცირებით, იმდენად, რამდენადაც ასეთი შემცირება გამოწვეულია რაიონში საქმიანობით. ორგანომ, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს იმ სახელმწიფოების პრობლემების შესწავლა, რომლებიც, სავარაუდოდ, ყველაზე სერიოზული ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან, რათა მოახდინოს მათ წინაშე არსებული სირთულეების მინიმიზაცია და დაეხმაროს მათ ეკონომიკურ ადაპტაციაში.