რაიონში საქმიანობა, როგორც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული წინამდებარე ნაწილში, უნდა განხორციელდეს ისე, რომ წაახალისოს მსოფლიო ეკონომიკის ჯანსაღი განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებულ ზრდა, ასევე ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოების საერთო განვითარებისთვის და ქვემოთ ჩამოთვლილის უზრუნველყოფის მიზნით:

(a) რაიონის რესურსების განვითარება;

(b) რაიონის რესურსების მოწესრიგებული, უსაფრთხო და რაციონალური მართვა, მათ შორის, რაიონში საქმიანობის ეფექტური წარმართვა და, შენარჩუნების გონივრული პრინციპების შესაბამისად, ზედმეტი ნარჩენების თავიდან აცილება;

(c) ასეთ საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება, განსაკუთრებით 144-ე და 148-ე მუხლების შესაბამისად;

(d) ორგანოს მიერ მიღებულ შემოსავლებში მონაწილეობა და ტექნოლოგიების გადაცემა საწარმოსა და განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციით;

(e) რაიონიდან მოპოვებული მინერალების ხელმისაწვდომობის გაზრდა საჭიროებისამებრ, სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მინერალებთან ერთად, მომხმარებლებისთვის ასეთი მინერალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად;

(f) რაიონიდან და სხვა წყაროებიდან მოპოვებულ მინერალებზე მწარმოებლებისთვის მომგებიანი და სტაბილური და მომხმარებლებისთვის სამართლიანი ფასების ხელშეწყობა, და მიწოდებასა და მოთხოვნას შორის გრძელვადიანი წონასწორობის ხელშეწყობა;

(g) ყველა მხარე სახელმწიფოსთვის, მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების ან გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, შესაძლებლობების გაფართოება რაიონის რესურსების განვითარებაში მონაწილეობისა და რაიონში საქმიანობის მონოპოლიზაციის თავიდან აცილების მიზნით;

(h) განვითარებადი ქვეყნების დაცვა თავიანთ ეკონომიკაზე ან ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე უარყოფითი ზემოქმედებისგან, რაც გამოწვეულია შესაბამისი მინერალის ფასის ან ამ მინერალის ექსპორტის მოცულობის შემცირებით, იმდენად, რამდენადაც ასეთი შემცირება გამოწვეულია რაიონში საქმიანობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 151-ე მუხლით;

(i) საერთო მემკვიდრეობის განვითარება მთელი კაცობრიობის სასარგებლოდ;

(k) რაიონის რესურსებიდან წარმოებული მინერალების იმპორტისა და ასეთი მინერალებიდან წარმოებული საქონლის იმპორტის ბაზრებზე წვდომის პირობები არ უნდა იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე სხვა წყაროებიდან იმპორტისთვის გამოყენებული ყველაზე ხელსაყრელი პირობები.