1. რაიონში საქმიანობას ორგანიზებას უწევს, ახორციელებს და აკონტროლებს ორგანო მთელი კაცობრიობის სახელით, წინამდებარე მუხლის, ასევე წინამდებარე ნაწილისა და შესაბამისი დანართების სხვა შესაბამისი დებულებებისა და ორგანოს ნორმების, წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

2. რაიონში საქმიანობა უნდა განხორციელდეს მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით:

(a) საწარმოს მიერ, და

(b) ორგანოსთან თანამშრომლობით მხარე სახელმწიფოებისა ან სახელმწიფო საწარმოების ან, მხარე სახელმწიფოების მიერ სპონსორობის გაწევის შემთხვევაში – ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ, რომლებსაც აქვთ მხარე სახელმწიფოების მოქალაქეობა ან ეფექტურად კონტროლდებიან მათ ან მათი მოქალაქეების მიერ, ან ზემოაღნიშნულთა ნებისმიერი ჯგუფების მიერ, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე ნაწილში და III დანართში მოცემულ მოთხოვნებს.

3. რაიონში საქმიანობა უნდა განხორციელდეს ოფიციალური წერილობითი სამუშაო გეგმის შესაბამისად, რომელიც შედგენილია III დანართის შესაბამისად და დამტკიცებულია საბჭოს მიერ, იურიდიული და ტექნიკური კომისიის მიერ განხილვის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ რაიონში საქმიანობა ხორციელდება ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით, მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ, სამუშაო გეგმა, III დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა იყოს კონტრაქტის სახით. ასეთი კონტრაქტები შეიძლება ითვალისწინებდეს ერთობლივ ღონისძიებებს III დანართის მე-11 მუხლის შესაბამისად.

4. ორგანომ რაიონში საქმიანობაზე უნდა განახორციელოს ისეთი კონტროლი, როგორიც საჭიროა წინამდებარე ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების შესაბამის დებულებებთან, ასევე ორგანოს ნორმებთან, წესებთან და პროცედურებთან, ასევე მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ სამუშაო გეგმებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მხარე სახელმწიფოები ორგანოს უნდა დაეხმარონ ყველა საჭირო ზომის მიღებაში ასეთი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 139-ე მუხლის შესაბამისად.

5. ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დებულებების დაცვა და მასზე წინამდებარე ნაწილით ან ნებისმიერი კონტრაქტით მინიჭებული კონტროლისა და რეგულირების ფუნქციების განხორციელება. ორგანოს უფლება აქვს შეამოწმოს რაიონში არსებული ყველა დანადგარი, რომელიც გამოიყენება რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით.

6. მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კონტრაქტი უნდა ითვალისწინებდეს მოქმედების ვადის გარანტიას. შესაბამისად, კონტრაქტი არ შეიძლება გადაიხედოს, შეჩერდეს ან შეწყდეს, გარდა III დანართის მე-18 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.