1. სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად ან ერთობლივად, საჭიროებისამებრ, უნდა მიიღონ წინამდებარე კონვენციასთან შესაბამისი ყველა ზომა, რომელიც აუცილებელია ზღვის გარემოს ნებისმიერი წყაროდან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, შესამცირებლად და კონტროლისთვის, ამ მიზნით მათ განკარგულებაში არსებული საუკეთესო პრაქტიკული საშუალებების გამოყენებით და თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, და უნდა ეცადონ ამ მხრივ თავიანთი პოლიტიკის ჰარმონიზაციას.
2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ არსებული საქმიანობა წარიმართოს, ისე რომ დაბინძურებით არ დაზიანდეს სხვა სახელმწიფოები და მათი გარემო, და რომ მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ არსებული ინციდენტებით ან საქმიანობით გამოწვეული დაბინძურება არ გავრცელდეს იმ არეალების მიღმა, სადაც ისინი ახორციელებენ სუვერენულ უფლებებს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.
3. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები უნდა ეხებოდეს ზღვის გარემოს დაბინძურების ყველა წყაროს. ეს ზომები, inter alia, უნდა მოიცავდეს ისეთ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაქსიმალურად შეამციროს:
(a) ტოქსიკური, მავნე ან მომწამვლელი, განსაკუთრებით, მდგრადი ნივთიერებების გამოყოფა ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან, ატმოსფეროდან ან ატმოსფეროს მეშვეობით ან ჩამარხვის გზით;
(b) გემებიდან დაბინძურება, განსაკუთრებით ავარიების თავიდან აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზომებით, ზღვაზე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფით, განზრახ და უნებლიე ჩამარხვის თავიდან აცილებით და გემების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და დაკომპლექტების რეგულირებით;
(c) ზღვის ფსკერისა და წიაღის ბუნებრივი რესურსების დაზვერვისა და ექსპლუატაციის დროს გამოყენებული დანადგარებიდან და მოწყობილობებიდან დაბინძურება, განსაკუთრებით, ავარიების თავიდან აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზომებით, ზღვაზე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ასეთი დანადგარების ან მოწყობილობების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და დაკომპლექტების რეგულირებით;
(d) ზღვის გარემოში მოქმედი სხვა დანადგარებიდან და მოწყობილობებიდან დაბინძურება, განსაკუთრებით, ავარიების თავიდან აცილებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ზომებით, ზღვაზე ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და ასეთი დანადგარების ან მოწყობილობების დიზაინის, მშენებლობის, აღჭურვილობის, ექსპლუატაციისა და დაკომპლექტების რეგულირებით.
4. ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების ან კონტროლის ზომების მიღებისას, სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ სხვა სახელმწიფოების მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად თავიანთი უფლებებით სარგებლობისას და მოვალეობების შესრულებისას განხორციელებულ საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან.
5. წინამდებარე ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები უნდა მოიცავდეს იმ ზომებს, რომლებიც აუცილებელია იშვიათი ან მყიფე ეკოსისტემების, ასევე, რაოდენობრივად შემცირებული, საფრთხის ქვეშ მყოფი ან გადაშენების პირას მყოფი სახეობებისა და ზღვის სიცოცხლის სხვა ფორმების დასაცავად და შესანარჩუნებლად.