1. 187-ე მუხლის (a) ქვეპუნქტში მითითებული მხარე სახელმწიფოებს შორის დავები შეიძლება გადაეცეს:

(a) დავის მხარეთა მოთხოვნით, საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის სპეციალურ პალატას, რომელიც შეიქმნება VI დანართის მე-15 და მე-17 მუხლების შესაბამისად; ან

(b) დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, ზღვის ფსკერის დავების პალატის ad hoc პალატას, რომელიც შეიქმნება VI დანართის 36-ე მუხლის შესაბამისად.

2. (a) 187-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტში მითითებული კონტრაქტის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, უნდა გადაეცეს სავალდებულო კომერციულ არბიტრაჟს, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. კომერციულ არბიტრაჟს, რომელსაც დავა წარედგინება, არ აქვს იურისდიქცია, გადაწყვიტოს წინამდებარე კონვენციის განმარტების რომელიმე საკითხი. როდესაც დავა ასევე მოიცავს XI ნაწილისა და მასთან დაკავშირებული დანართების განმარტების საკითხს რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, ეს საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გადაეცეს ზღვის ფსკერის დავების პალატას;

(b) თუ ასეთი არბიტრაჟის დაწყებისას ან მის განმავლობაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალი დავის რომელიმე მხარის მოთხოვნით ან proprio motu დაადგენს, რომ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ზღვის ფსკერის დავების პალატის გადაწყვეტილებაზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასეთი საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გადასცეს ზღვის ფსკერის დავების პალატას. ამის შემდეგ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება, ზღვის ფსკერის დავების პალატის გადაწყვეტილების შესაბამისად;

(c) თუ კონტრაქტში არ არის დებულება დავის მიმართ გამოსაყენებელი საარბიტრაჟო პროცედურის შესახებ, არბიტრაჟი ტარდება UNCITRAL-ის არბიტრაჟის წესების ან სხვა არბიტრაჟის წესების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს ორგანოს ნორმებში, წესებსა და პროცედურებში, თუ დავის მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.