1. ექსპერტების სია უნდა შედგეს და იწარმოებოდეს შემდეგი სფეროების მიხედვით: (1) თევზჭერა, (2) ზღვის გარემოს დაცვა და შენარჩუნება, (3) საზღვაო სამეცნიერო კვლევა და (4) ნაოსნობა, მათ შორის, გემებიდან და ჩამარხვით დაბინძურება.
2. ექსპერტების სიები უნდა შედგეს და იწარმოებოდეს: თევზჭერის სფეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ; ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების სფეროში – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ; საზღვაო სამეცნიერო კვლევების სფეროში – მთავრობათაშორისი ოკეანოგრაფიული კომისიის მიერ; ნაოსნობის, მათ შორის, გემებიდან და ჩამარხვით დაბინძურების სფეროში – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ; ან თითოეულ შემთხვევაში შესაბამისი დამხმარე ორგანოს მიერ, რომელზეც ასეთმა ორგანიზაციამ, პროგრამამ ან კომისიამ მოახდინა ამ ფუნქციის დელეგირება.
3. თითოეულ მხარე სახელმწიფოს აქვს უფლება, თითოეულ სფეროში წარადგინოს ორი ექსპერტი, რომელთა კომპეტენცია ამ სფეროს სამართლებრივ, სამეცნიერო ან ტექნიკურ ასპექტებში დადგენილი და ზოგადად აღიარებულია და რომლებიც სარგებლობენ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი რეპუტაციით. თითოეულ სფეროში ამგვარად წარდგენილი პირების სახელები ქმნის შესაბამის სიას.
4. თუ ნებისმიერ დროს ამგვარად შედგენილ სიაში მხარე სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ექსპერტების რაოდენობა ორზე ნაკლები იქნება, ამ მხარე სახელმწიფოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ წარადგინოს დამატებითი კანდიდატები.
5. ექსპერტის სახელი სიაში რჩება მანამ, სანამ მას არ გამოიხმობს კანდიდატის წარმდგენი მხარე სახელმწიფო იმ პირობით, რომ ასეთი ექსპერტი გააგრძელებს მუშაობას ნებისმიერ სპეციალურ საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელშიც ეს ექსპერტი დაინიშნა, ამ სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე სამართალწარმოების დასრულებამდე.