წინამდებარე დანართით გათვალისწინებული სამართალწარმოების მიზნებისათვის, სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უნდა შეიქმნას შემდეგნაირად:
(a) (g) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სპეციალური საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება ხუთი წევრისგან.
(b) სამართალწარმოების დამწყებმა მხარემ უნდა დანიშნოს ორი წევრი, რომლებიც, სასურველია, შეირჩნენ წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული შესაბამისი სიიდან ან სიებიდან, რომლებიც ეხება სადავო საკითხებს, და რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მოქალაქე. დანიშვნები უნდა მიეთითოს წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებულ შეტყობინებაში.
(c) დავის მეორე მხარემ, წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, უნდა დანიშნოს ორი წევრი, რომლებიც სასურველია შეირჩნენ სადავო საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი სიიდან ან სიებიდან, და რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს მისი მოქალაქე. თუ დანიშვნები არ განხორციელდება ამ ვადაში, სამართალწარმოების დამწყებ მხარეს შეუძლია ამ ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში მოითხოვოს დანიშვნების განხორციელება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად.
(d) დავის მხარეებმა შეთანხმებით უნდა დანიშნონ სპეციალური არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელიც სასურველია შეირჩეს შესაბამისი სიიდან, და რომელიც უნდა იყოს მესამე სახელმწიფოს მოქალაქე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. თუ წინამდებარე დანართის პირველ მუხლში მითითებული შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას თავმჯდომარის დანიშვნაზე, დანიშვნა განხორციელდება (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის მხარის მოთხოვნით. ასეთი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს ზემოაღნიშნული 30-დღიანი ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში.
(e) თუ მხარეები არ შეთანხმდებიან, რომ დანიშვნა უნდა განახორციელოს მხარეთა მიერ შერჩეულმა პირმა ან მესამე სახელმწიფომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა საჭირო დანიშვნები უნდა განახორციელოს (c) და (d) ქვეპუნქტების შესაბამისად მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. წინამდებარე ქვეპუნქტში მითითებული დანიშვნები უნდა განხორციელდეს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლში მითითებული შესაბამისი სიიდან ან ექსპერტების სიებიდან და დავის მხარეებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან კონსულტაციის შემდეგ. ამგვარად დანიშნული წევრებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა მოქალაქეობა და არ შეიძლება იყვნენ დავის რომელიმე მხარის სამსახურში, ჩვეულებრივ მცხოვრებნი მათ ტერიტორიაზე ან მათი მოქალაქეები.
(f) ნებისმიერი ვაკანსია უნდა შეივსოს საწყისი დანიშვნისთვის დადგენილი წესით.
(g) ერთი და იმავე ინტერესების მქონე მხარეებმა შეთანხმებით ერთობლივად უნდა დანიშნონ ტრიბუნალის ორ წევრი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მხარეს განსხვავებული ინტერესები აქვს ან თუ არსებობს უთანხმოება იმის შესახებ, აქვთ თუ არა მათ ერთი და იგივე ინტერესები, თითოეულმა მათგანმა უნდა დანიშნოს ტრიბუნალის ერთი წევრი.
(h) თუ დავაში მონაწილეობს ორზე მეტი მხარე, (a) – (f)-მდე ქვეპუნქტების დებულებები გამოიყენება მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში.