1. საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმალური დადასტურების ან შეერთების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ვალდებულებას, რომ ორგანიზაცია აღიარებს სახელმწიფოების უფლებებსა და ვალდებულებებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან დაკავშირებითაც მას მისი წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც არიან წინამდებარე კონვენციის მხარეები, გადაეცა კომპეტენცია.
2. საერთაშორისო ორგანიზაცია არის წინამდებარე კონვენციის მხარე იმდენად, რამდენადაც მას აქვს კომპეტენცია წინამდებარე დანართის მე-5 მუხლში მითითებული დეკლარაციების, საინფორმაციო კომუნიკაციების ან შეტყობინებების შესაბამისად.
3. ასეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს უფლებები და შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მის წევრ, მხარე სახელმწიფოებს სხვაგვარად ექნებოდათ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებთან დაკავშირებითაც მას კომპეტენცია გადაეცა ამ წევრი სახელმწიფოების მიერ. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა განახორციელონ კომპეტენცია, რომელიც მათ ორგანიზაციას გადასცეს.
4. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა არანაირ შემთხვევაში არ იწვევს იმ წარმომადგენლობის, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების უფლებების ზრდას, რომელზეც სხვა შემთხვევაში უფლება ექნებოდათ მის წევრ მხარე სახელმწიფოებს,5. ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ რაიმე უფლებებს არანაირ შემთხვევაში არ ანიჭებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც არ არიან წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები.
6. საერთაშორისო ორგანიზაციის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებსა და ორგანიზაციის დამფუძნებელი შეთანხმებით ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტით გათვალისწინებულ მის ვალდებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.