1. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები ზღვის გარემოს ხმელეთზე დაფუძნებული წყაროებიდან, მათ შორის, მდინარეებიდან, ესტუარებიდან, მილსადენებიდან და სადრენაჟო ნაგებობებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით საერთაშორისოდ შეთანხმებული წესების, სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკისა და პროცედურების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ასეთი დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით.

3. სახელმწიფოები უნდა ეცადონ, რომ შესაბამის რეგიონულ დონეზე მოახდინონ ამ კუთხით არსებული პოლიტიკის ჰარმონიზაცია.

4. სახელმწიფოებმა, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა ეცადონ, რომ დაადგინონ გლობალური და რეგიონული ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები ხმელეთზე განლაგებული წყაროებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, დამახასიათებელი რეგიონული თავისებურებების, განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური განვითარების მათი საჭიროების გათვალისწინებით. ასეთი ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

5. პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებული კანონები, წესები, ზომები, ნორმები, სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა და პროცედურები უნდა მოიცავდეს ისეთ კანონებს, წესებს, ზომებს, ნორმებს, სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას და პროცედურებს, რომლებიც შემუშავებულია ზღვის გარემოში ტოქსიკური, მავნე ან მომწამვლელი ნივთიერებების, განსაკუთრებით კი მდგრადი ნივთიერებების, გამოყოფის შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მინიმიზაციის მიზნით.