1. სახელმწიფოებმა, რომლებიც მოქმედებენ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით, უნდა დაადგინონ საერთაშორისო წესები და სტანდარტები გემებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით და ხელი უნდა შეუწყონ იმავე წესით, როდესაც ეს შესაძლებელია ისეთი მარშრუტების სისტემების დანერგვას, რომლებიც შექმნილია იმ ავარიების საფრთხის მინიმიზაციისთვის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზღვის გარემოს, მათ შორის, სანაპირო ხაზის დაბინძურება და სანაპირო სახელმწიფოების დაკავშირებული ინტერესების დაზიანება დაბინძურებით. ასეთი წესები და სტანდარტები იმავე წესით, საჭიროებისამებრ, უნდა გადაიხედოს პერიოდულად.

2. სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ კანონები და წესები თავიანთი დროშით მცურავი ან თავიანთი რეესტრის გემებიდან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით. ასეთ კანონებსა და ნორმებს უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, იგივე ძალა, რაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით დადგენილ ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს.

3. სახელმწიფოებმა, რომლებიც ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის, შემცირებისთვის და კონტროლისთვის ადგენენ კონკრეტულ მოთხოვნებს, როგორც უცხოური გემების თავიანთ ნავსადგურებში ან შიდა წყლებში შესვლის ან მათ ოფშორულ ტერმინალებში შესვლის პირობას, სათანადოდ უნდა გამოქვეყნონ ეს მოთხოვნები და გაუგზავნონ ისინი კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას. როდესაც ასეთი მოთხოვნები ორი ან მეტი სანაპირო სახელმწიფოს მიერ დადგენილია იდენტური ფორმით პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიზნით, შეტყობინებაში უნდა მიეთითოს, რომელი სახელმწიფოები მონაწილეობენ ასეთი თანამშრომლობის შეთანხმებებში. თითოეულმა სახელმწიფომ თავისი დროშით მცურავი ან თავისი რეესტრის გემის კაპიტანს, ასეთი თანამშრომლობის შეთანხმებებში მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობისას უნდა მოსთხოვოს, რომ ამ სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია იმის შესახებ, მიემართება თუ არა იგი იმავე რეგიონის სახელმწიფოსკენ, რომელიც მონაწილეობს ასეთ თანამშრომლობის შეთანხმებებში და, თუ ასეა, მიუთითოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ სახელმწიფოს ნავსადგურში შესვლის მოთხოვნებს. წინამდებარე მუხლი ზიანს არ აყენებს გემის მიერ მშვიდობიანი გავლის უფლებით განგრძობად სარგებლობას ან 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებას.

4. სანაპირო სახელმწიფოებს თავიანთ ტერიტორიულ ზღვაში თავიანთი სუვერენიტეტის განხორციელებისას შეუძლიათ მიიღონ კანონები და წესები უცხო გემებიდან, მათ შორის, მშვიდობიანი გავლის უფლების განმახორციელებელი გემებიდან, ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით. ასეთმა კანონებმა და წესებმა II ნაწილის მე-3 განყოფილების შესაბამისად, არ უნდა შეაფერხოს უცხო გემების მშვიდობიანი გავლა.

5. სანაპირო სახელმწიფოებს, მე-6 განყოფილებით გათვალისწინებული აღსრულების მიზნით, გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირების და კონტროლის მიზნით, შეუძლიათ თავიანთი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების მიმართ მიიღონ კანონები და ნორმები, რომლებიც შეესაბამება და ახორციელებს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან გენერალური დიპლომატიური კონფერენციის მიერ დადგენილ ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს.

6. (a) იმ შემთხვევაში, თუ პირველ პუნქტში მითითებული საერთაშორისო წესები და სტანდარტები არასაკმარისია განსაკუთრებულ გარემოებებზე რეაგირებისთვის და სანაპირო სახელმწიფოებს აქვთ გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ თავიანთი შესაბამისი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული არეალი არის არეალი, სადაც გემებიდან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სპეციალური სავალდებულო ზომების მიღება აღიარებული ტექნიკური მიზეზების გამო, რომლებიც დაკავშირებულია მის ოკეანოგრაფიულ და ეკოლოგიურ პირობებთან, ასევე, მისი რესურსების გამოყენებასთან ან დაცვასთან და მასში მოძრაობის განსაკუთრებულ ხასიათთან, სანაპირო სახელმწიფოებს, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ შეუძლიათ ამ არეალის შესახებ შეტყობინება გაუგზავნონ ამ ორგანიზაციას და წარუდგინონ დამხმარე სამეცნიერო და ტექნიკური მტკიცებულებები და ინფორმაცია საჭირო მიმღები მოწყობილობების შესახებ. ასეთი შეტყობინების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში ორგანიზაციამ უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა ამ არეალის პირობები ზემოთ დადგენილ მოთხოვნებს. თუ ორგანიზაცია ამგვარად დაადგენს, სანაპირო სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომ ამ არეალისთვის მიიღონ კანონები და წესები გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, რომლებიც ახორციელებენ ისეთ საერთაშორისო წესებსა და სტანდარტებს ან სანაოსნო პრაქტიკას, რომლებიც ორგანიზაციის მეშვეობით გამოიყენება სპეციალური ზონებისთვის. ეს კანონები და წესები უცხოური გემების მიმართ არ ამოქმედდება ორგანიზაციისთვის შეტყობინების წარდგენიდან 15 თვის გასვლამდე;

(b) სანაპირო სახელმწიფოებმა უნდა გამოქვეყნონ ასეთი კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული არეალის საზღვრები;

(c) თუ სანაპირო სახელმწიფოები იმავე არეალისთვის აპირებენ დამატებითი კანონებისა და წესების მიღებას გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიზნით, მათ, ზემოაღნიშნული შეტყობინების წარდგენისას ამის შესახებ იმავდროულად უნდა აცნობონ ორგანიზაციას. ასეთი დამატებითი კანონები და წესები შეიძლება ეხებოდეს გადმოტვირთვას ან სანაოსნო პრაქტიკას, მაგრამ უცხოური გემებისგან არ უნდა მოითხოვოს დიზაინის, მშენებლობის, დაკომპლექტების ან აღჭურვილობის სტანდარტების დაცვა, გარდა ზოგადად მიღებული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტებისა; ისინი უცხოური გემების მიმართ ამოქმედდება შეტყობინების ორგანიზაციისთვის წარდგენიდან 15 თვის შემდეგ, იმ პირობით, რომ ორგანიზაცია დათანხმდება შეტყობინების წარდგენიდან 12 თვის განმავლობაში.

7. წინამდებარე მუხლში ნახსენები საერთაშორისო წესები და სტანდარტები, inter alia, უნდა მოიცავდეს წესებსა და სტანდარტებს იმ სანაპირო სახელმწიფოებისთვის დროული შეტყობინების შესახებ, რომელთა სანაპირო ხაზი ან დაკავშირებული ინტერესები შეიძლება დაზიანდეს ინციდენტებით, მათ შორის, საზღვაო ავარიებით, რომელიც მოიცავს გაჟონვას ან გაჟონვის ალბათობას.