1. სამართალწარმოება, რომლის მიზანია ჯარიმის დაკისრება უცხოური გემის მიერ სამართალწარმოების დამწყები სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვის მიღმა გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების, შემცირებისა და კონტროლის მიმართ მოქმედი კანონებისა და წესების ან საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების ნებისმიერი დარღვევისთვის, უნდა შეჩერდეს დროშის სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ბრალდებებისთვის ჯარიმის დაკისრების სამართალწარმოების დაწყებისთანავე, სამართალწარმოების პირველად დაწყების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, თუ ეს სამართალწარმოება არ ეხება სანაპირო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევას, ან თუ შესაბამისი დროშის სახელმწიფო სისტემატურად უგულებელყოფს თავის ვალდებულებას, ეფექტურად აღასრულოს მოქმედი საერთაშორისო წესები და სტანდარტები თავისი გემების მიერ ჩადენილი დარღვევების მიმართ. დროშის სახელმწიფომ სამართალწარმოების უფრო ადრე დამწყებ სახელმწიფოს გონივრულ ვადაში უნდა წარუდგინოს საქმის სრული მასალები და სამართალწარმოების ჩანაწერები, როდესაც დროშის სახელმწიფომ მოითხოვა სამართალწარმოების შეჩერება წინამდებარე მუხლის შესაბამისად. როდესაც დროშის სახელმწიფოს მიერ დაწყებული სამართალწარმოება დასრულდება, შეჩერებული სამართალწარმოება უნდა შეწყდეს. ასეთ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის შემდეგ, სანაპირო სახელმწიფომ უნდა დააბრუნოს შეჩერებულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით წარდგენილი ნებისმიერი გირაო ან სხვა ფინანსური უზრუნველყოფა.

2. უცხოური გემებისთვის ჯარიმების დაკისრების სამართალწარმოება არ უნდა დაიწყოს დარღვევის ჩადენის თარიღიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რომელიმე სახელმწიფომ არ უნდა დაიწყოს ის იმ შემთხვევაში, თუ სამართალწარმოება უკვე დაწყებულია სხვა სახელმწიფოს მიერ პირველ პუნქტში მითითებული დებულებების შესაბამისად.

3. წინამდებარე მუხლის დებულებები არ ზღუდავს დროშის სახელმწიფოს უფლებას, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს ნებისმიერი ზომა, მათ შორის, დაიწყოს ჯარიმების დაკისრების სამართალწარმოება, სხვა სახელმწიფოს მიერ წინა სამართალწარმოების მიუხედავად.