1. სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სანაპირო სახელმწიფოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარებისას, უნდა დაიცვან შემდეგი პირობები:
(a) უზრუნველყონ სანაპირო სახელმწიფოს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს ან იყოს წარმოდგენილი საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტში, განსაკუთრებით, სამეცნიერო-კვლევით გემებსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ან სამეცნიერო-კვლევით დანადგარებზე ყოფნის გზით, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, სანაპირო სახელმწიფოს მეცნიერებისთვის რაიმე ანაზღაურების გადახდისა და პროექტის ხარჯებში წვლილის შეტანის ვალდებულების გარეშე;
(b) სანაპირო სახელმწიფოს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწოდონ წინასწარი ანგარიშები და საბოლოო შედეგები და დასკვნები კვლევის დასრულების შემდეგ;
(c) იღებენ ვალდებულებას სანაპირო სახელმწიფოს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მისცენ წვდომა საზღვაო სამეცნიერო-კვლევითი პროექტიდან მიღებულ ყველა მონაცემზე და ნიმუშზე და ასევე მიაწოდონ მას მონაცემები, რომელთა კოპირებაც შესაძლებელია და ნიმუშები, რომელთა დაყოფაც შესაძლებელია მათი სამეცნიერო ღირებულებისთვის ზიანის მიყენების გარეშე;
(d) მოთხოვნის შემთხვევაში, სანაპირო სახელმწიფოს მიაწოდონ ასეთი მონაცემების, ნიმუშებისა და კვლევის შედეგების შეფასება ან დაეხმარონ მათ შეფასებაში ან განმარტებაში;
(e) მე-2 პუნქტის გათვალისწინებით უზრუნველყონ, რომ კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო დონეზე, შესაბამისი ეროვნული ან საერთაშორისო არხებით, რაც შეიძლება სწრაფად პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში;
(f) დაუყოვნებლივ აცნობონ სანაპირო სახელმწიფოს კვლევის პროგრამაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ;
(g) თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, კვლევის დასრულების შემდეგ მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი დანადგარების ან აღჭურვილობის დემონტაჟი.
2. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს 246-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თანხმობის გაცემასთან ან უართან დაკავშირებული დისკრეციის განხორციელებისთვის სანაპირო სახელმწიფოს კანონმდებლობითა და წესებით დადგენილ პირობებს, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების დაზვერვისთვის და ექსპლუატაციისთვის უშუალო მნიშვნელობის მქონე პროექტის კვლევის შედეგების საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის წინასწარი შეთანხმების მოთხოვნას.