1. სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც სანაპირო სახელმწიფოს წარუდგინეს 246-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საზღვაო სამეცნიერო კვლევის ჩატარების პროექტი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელ სახელმწიფოებს უნდა შეატყობინონ შემოთავაზებული კვლევითი პროექტის შესახებ და ამის შესახებ აცნობონ სანაპირო სახელმწიფოს.
2. მას შემდეგ, რაც შესაბამისი სანაპირო სახელმწიფო, წინამდებარე კონვენციის 246-ე მუხლისა და სხვა შესაბამისი დებულებების შესაბამისად, შემოთავაზებული საზღვაო სამეცნიერო კვლევის პროექტთან დაკავშირებით გასცემს თანხმობას, სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ახორციელებენ ასეთ პროექტს, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელ სახელმწიფოებს, მათი მოთხოვნისამებრ და საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია, როგორც ეს მითითებულია 248-ე მუხლსა და 249-ე მუხლის პირველი პუნქტის (f) ქვეპუნქტში.
3. ზემოთ მითითებულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე მეზობელ სახელმწიფოებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებელია უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ შემოთავაზებულ საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტში, მათ მიერ დანიშნული კვალიფიციური ექსპერტების მეშვეობით, რომელთა წინააღმდეგიც არ არის სანაპირო სახელმწიფო, შესაბამის სანაპირო სახელმწიფოსა და საზღვაო სამეცნიერო კვლევის განმახორციელებელ სახელმწიფოს ან კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წინამდებარე კონვენციის დებულებების დაცვით პროექტისთვის შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
4. პირველ პუნქტში მითითებულმა სახელმწიფოებმა და კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ზემოაღნიშნულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე და გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე სახელმწიფოებს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიაწოდონ 249-ე მუხლის პირველი პუნქტის (d) ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია და დახმარება, 249-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით.