სახელმწიფოებს ან კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს საზღვაო სამეცნიერო კვლევის პროექტის განხორციელება შეუძლიათ 248-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სანაპირო სახელმწიფოსთვის მიწოდების დღიდან ექვსი თვის შემდეგ, თუ ასეთი ინფორმაციის შემცველი შეტყობინების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში სანაპირო სახელმწიფო არ აცნობებს კვლევის ჩამტარებელ სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, რომ:
(a) მან უარი თქვა თანხმობის გაცემაზე 246-ე მუხლის დებულებების შესაბამისად; ან
(b) ამ სახელმწიფოს ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტის ხასიათის ან მიზნების შესახებ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება აშკარად თვალსაჩინო ფაქტებს; ან
(c) ის მოითხოვს დამატებით ინფორმაციას 248-ე და 249-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობებთან და ინფორმაციასთან დაკავშირებით; ან
(d) არსებობს შეუსრულებელი ვალდებულებები ამ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ წინა საზღვაო სამეცნიერო-კვლევით პროექტთან დაკავშირებით, 249-ე მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.