ყველა ლეგიტიმური ინტერესის დაცვით, რაც, inter alia, მოიცავს ტექნოლოგიების მფლობელების, მიმწოდებლებისა და მიმღებების უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანომ, რაიონში საქმიანობასთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს, რომ:

(a) სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების პრინციპის საფუძველზე, განვითარებადი სახელმწიფოების – იქნება ეს სანაპირო, ზღვაზე გასასვლელის არმქონე თუ გეოგრაფიულად არახელსაყრელი მდებარეობის მქონე – მოქალაქეები, გადამზადების მიზნებისთვის, ჩართულნი იქნებიან მისი საქმიანობისთვის შექმნილ მმართველ, კვლევით და ტექნიკურ პერსონალში;

(b) შესაბამისი აღჭურვილობის, მანქანების, მოწყობილობებისა და პროცესების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით, განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ტექნიკური დახმარება ამ სფეროში;

(c) ორგანომ მიიღო ადეკვატური ზომები, რათა ხელი შეუწყოს საზღვაო ტექნოლოგიების სფეროში ტექნიკური დახმარების მიღებას იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ის, განსაკუთრებით, განვითარებადი სახელმწიფოების მიერ, და მათი მოქალაქეების მიერ საჭირო უნარებისა და ნოუ-ჰაუს, მათ შორის, პროფესიული გადამზადების მიღების ხელშეწყობის მიზნით;

(d) სახელმწიფოებს, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ და მოითხოვონ ტექნიკური დახმარება ამ სფეროში, განსაკუთრებით, განვითარებად სახელმწიფოებს, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი ფინანსური ღონისძიებების მეშვეობით ეძლევათ დახმარება საჭირო აღჭურვილობის, პროცესების, დანადგარებისა და სხვა ტექნიკური ნოუ-ჰაუს შეძენაში.

განყოფილება 3. ეროვნული და რეგიონული საზღვაო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრები