1. წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სუვერენული უფლებების ან იურისდიქციის განხორციელებას, მე-2 განყოფილებით გათვალისწინებულ პროცედურებს დაექვემდებარება შემდეგ შემთხვევებში:

(a) როდესაც არსებობს ბრალდება, რომ სანაპირო სახელმწიფომ იმოქმედა წინამდებარე კონვენციის დებულებების დარღვევით ნაოსნობის, გადაფრენის ან წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების გაყვანის თავისუფლებებისა და უფლებების, ან ზღვის 58-ე მუხლში მითითებული სხვა საერთაშორისოდ კანონიერი გამოყენების მიმართ;

(b) როდესაც არსებობს ბრალდება, რომ სახელმწიფომ ზემოაღნიშნული თავისუფლებების, უფლებების ან გამოყენების განხორციელებისას იმოქმედა წინამდებარე კონვენციის ან სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მიღებული კანონებისა და წესების და საერთაშორისო სამართლის სხვა წესების დარღვევით, რომლებიც არ არის შეუთავსებელი წინამდებარე კონვენციასთან; ან

(c) როდესაც არსებობს ბრალდება, რომ სანაპირო სახელმწიფომ იმოქმედა ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების შესახებ კონკრეტული საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დარღვევით, რომლებიც მოქმედებს სანაპირო სახელმწიფოს მიმართ და რომლებიც დადგენილია წინამდებარე კონვენციით ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ან დიპლომატიური კონფერენციის მეშვეობით წინამდებარე კონვენციის შესაბამისად.

2. (a) საზღვაო სამეცნიერო კვლევასთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები უნდა მოგვარდეს მე-2 განყოფილების შესაბამისად, თუმცა, სანაპირო სახელმწიფო არ არის ვალდებული, დაეთანხმოს ასეთი მოგვარებისთვის ნებისმიერი იმ დავის გადაცემას, რომელიც წარმოიშობა:

(i) სანაპირო სახელმწიფოს მიერ 246-ე მუხლის შესაბამისად უფლების ან დისკრეციის განხორციელებიდან; ან

(ii) სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან, რომელიც ეხება 253-ე მუხლის შესაბამისად კვლევითი პროექტის შეჩერების ან შეწყვეტის ბრძანებას.

(b) დავა, რომელიც წარმოიშობა კვლევის ჩამტარებელი სახელმწიფოს მიერ წაყენებული ბრალდებიდან, რომ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით სანაპირო სახელმწიფო 246-ე და 253-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებს არ ახორციელებს წინამდებარე კონვენციასთან თავსებადი ფორმით, რომელიმე მხარის მოთხოვნით, უნდა გადაეცეს V დანართის მე-2 განყოფილებით გათვალისწინებულ შერიგების პროცედურას, იმ პირობით, რომ შემრიგებელი კომისია სადაოდ არ გახდის სანაპირო სახელმწიფოს მიერ 246-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული კონკრეტული ტერიტორიების განსაზღვრის დისკრეციის განხორციელებას, ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის დისკრეციის განხორციელებას 246-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

3. (a) თევზჭერის შესახებ წინამდებარე კონვენციის დებულებების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული დავები უნდა მოგვარდეს მე-2 განყოფილების შესაბამისად, თუმცა, სანაპირო სახელმწიფო არ არის ვალდებული, დაეთანხმოს ასეთი მოგვარებისთვის ნებისმიერი იმ დავის გადაცემას, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ცოცხალ რესურსებზე მის სუვერენულ უფლებებთან ან მათ განხორციელებასთან, მათ შორის, მის დისკრეციულ უფლებამოსილებასთან – დაადგინოს დასაშვები დაჭერა, მისი რეწვის მოცულობა, სხვა სახელმწიფოებისთვის აუთვისებელი რაოდენობის განაწილება და შენარჩუნებასთან და მართვასთან დაკავშირებული მისი კანონებითა და წესებით დადგენილი პირობების შესახებ.

(b) თუ წინამდებარე ნაწილის პირველი განყოფილების გამოყენებით ვერ მოხერხდა მოგვარება, დავა უნდა გადაეცეს შერიგების პროცედურას V დანართის მე-2 განყოფილების შესაბამისად, დავის ნებისმიერი მხარის მოთხოვნით, როდესაც არსებობს ბრალდება, რომ:

(i) სანაპირო სახელმწიფომ აშკარად არ შეასრულა თავისი ვალდებულებები – სათანადო შენარჩუნებისა და მართვის ზომების მეშვეობით უზრუნველყოს, რომ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ცოცხალი რესურსების შენარჩუნებას არ შეექმნას სერიოზული საფრთხე;

(ii) სანაპირო სახელმწიფომ თვითნებურად თქვა უარი, სხვა სახელმწიფოს მოთხოვნით, დაადგინოს დასაშვები დაჭერა და ცოცხალი რესურსების მოპოვების შესაძლებლობა თავის იმ მარაგებთან მიმართებით, რომლებშიც ამ მეორე სახელმწიფოს სურს თევზაობა; ან

(iii) სანაპირო სახელმწიფომ თვითნებურად თქვა უარი, 62-ე, 69-ე და 70-ე მუხლების და სანაპირო სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის შესაბამისად დადგენილი პირობების შესაბამისად, მის მიერ გამოცხადებული აუთვისებელი რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის გამოყოფაზე.

(c) შემრიგებელი კომისია არცერთ შემთხვევაში არ ჩაანაცვლებს სანაპირო სახელმწიფოს დისკრეციას თავისი დისკრეციით;

(d) შემრიგებელი კომისიის ანგარიში უნდა გაეგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს;

(e) 69-ე და 70-ე მუხლების მიხედვით შეთანხმებებზე მოლაპარაკებებისას, მხარე სახელმწიფოებმა, თუ ისინი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, უნდა გაითვალისწინონ დებულება იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ უნდა მიიღონ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებასთან დაკავშირებული უთანხმოების შესაძლებლობის მინიმიზაციის მიზნით, და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, თუ უთანხმოება მაინც წარმოიშობა.