1. წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების ან მასთან შეერთების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, სახელმწიფოს შეუძლია, პირველი განყოფილებიდან წარმოშობილი ვალდებულებებისთვის დაცვით, წერილობით განაცხადოს, რომ იგი არ თანხმდება მე-2 განყოფილებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებას დავების ერთი ან მეტი შემდეგი კატეგორიების მიმართ:
(a) (i) დავები, რომლებიც ეხება მე-15, 74-ე და 83-ე მუხლების განმარტებას ან გამოყენებას ზღვის საზღვრების დელიმიტაციასთან დაკავშირებით, ან რომლებიც დაკავშირებულია ისტორიულ ყურეებთან ან საკუთრების უფლებებთან, იმ პირობით, რომ სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა ასეთი დეკლარაცია, როდესაც ასეთი დავა წარმოიშობა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ და თუ მხარეებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გონივრულ ვადაში ვერ იქნება შეთანხმება მიღწეული, დავის რომელიმე მხარის მოთხოვნით, დათანხმდება საკითხის V დანართის მე-2 განყოფილებით გათვალისწინებული შერიგებისთვის გადაცემას; და ასევე იმ პირობით, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს კონტინენტურ ან კუნძულოვან სახმელეთო ტერიტორიაზე სუვერენიტეტთან ან სხვა უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოუგვარებელი დავის პარალელურ განხილვას, გამოირიცხება ასეთი გადაცემიდან;
(ii) მას შემდეგ, რაც შემრიგებელი კომისია წარადგენს თავის ანგარიშს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რასაც დაეფუძნა ანგარიში, მხარეებმა ამ ანგარიშის საფუძველზე უნდა გამართონ მოლაპარაკებები შეთანხმების თაობაზე; თუ ეს მოლაპარაკებები შედეგად არ გამოიწვევს შეთანხმებას, მხარეებმა, ურთიერთშეთანხმებით, საკითხი უნდა გადასცენ მე-2 განყოფილებით გათვალისწინებულ ერთ-ერთი პროცედურას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან;
(iii) წინამდებარე ქვეპუნქტი არ ვრცელდება საზღვაო საზღვართან დაკავშირებულ დავაზე, რომელიც საბოლოოდ მოგვარდა მხარეებს შორის შეთანხმებით, ან ნებისმიერ ისეთ დავაზე, რომელიც უნდა მოგვარდეს ამ მხარეებისთვის სავალდებულო ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების შესაბამისად;
(b) სამხედრო საქმიანობასთან, მათ შორის, სამთავრობო გემების და არაკომერციულ სამსახურში ჩართული საფრენი აპარატების საქმიანობასთან დაკავშირებული დავები, და სამართალდამცავ საქმიანობასთან დაკავშირებული დავები, რომლებიც ეხება სუვერენული უფლებების ან იურისდიქციის განხორციელებას, რომლებიც სასამართლოს ან ტრიბუნალის იურისდიქციიდან გამორიცხულია 297-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის შესაბამისად;
(c) დავები, რომლებზეც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო ახორციელებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიით მინიჭებულ ფუნქციებს, თუ უშიშროების საბჭო არ გადაწყვეტს საკითხის თავისი დღის წესრიგიდან ამოღებას ან არ მოუწოდებს მხარეებს, მოაგვარონ იგი წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული საშუალებებით.
2. მხარე სახელმწიფოს, რომელმაც პირველი პუნქტის შესაბამისად გააკეთა დეკლარაცია, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი, ან დათანხმდეს ასეთი დეკლარაციით გამორიცხული დავის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურისთვის გადაცემას.
3. მხარე სახელმწიფოს, რომელმაც პირველი პუნქტის შესაბამისად გააკეთა დეკლარაცია, არ აქვს უფლება, დავების საგამონაკლისო კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი დავა სხვა მხარე სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ მხარის თანხმობის გარეშე, გადასცეს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე პროცედურას.
4. თუ ერთ-ერთმა მხარე სახელმწიფომ გააკეთა დეკლარაცია პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ სხვა მხარე სახელმწიფოს შეუძლია გამონაკლის კატეგორიაში შემავალი ნებისმიერი დავა დეკლარაციის გამკეთებელი მხარის წინააღმდეგ გადასცეს ასეთ დეკლარაციაში მითითებულ პროცედურას.
5. ახალი დეკლარაცია ან დეკლარაციის გაუქმება რაიმე ფორმით არ მოქმედებს სასამართლოში ან ტრიბუნალში წინამდებარე მუხლის შესაბამისად მიმდინარე სამართალწარმოებაზე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
6. წინამდებარე მუხლის მიხედვით გაკეთებული დეკლარაციები და შეტყობინებები დეკლარაციების გაუქმების შესახებ უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელმაც მათი ასლები უნდა გაუგზავნოს მხარე სახელმწიფოებს.