1. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია გაავლოს სწორი არქიპელაგური საწყისი ხაზები, რომლებიც აკავშირებს უკიდურესი კუნძულების უკიდურეს წერტილებს და არქიპელაგის დაშრობად რიფებს იმ პირობით, რომ ასეთი საწყისი ხაზები მოიცავს ძირითად კუნძულებს და რაიონს, სადაც წყლის ფართობის თანაფარდობა ხმელეთის ფართობთან, ატოლების ჩათვლით, 1:1-დან 9:1-მდეა.

2. ასეთი საწყისი ხაზების სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 100 საზღვაო მილს, თუმცა, ნებისმიერი არქიპელაგის შემომსაზღვრელი საწყისი ხაზების საერთო რაოდენობის მაქსიმუმ 3 პროცენტი შეიძლება აღემატებოდეს ამ სიგრძეს, მაქსიმუმ 125 საზღვაო მილის სიგრძემდე.

3. ასეთი საწყისი ხაზების გავლებამ შესამჩნევად არ უნდა გადაუხვიოს არქიპელაგის ზოგადი კონფიგურაციიდან.

4. ასეთი საწყისი ხაზები არ უნდა გაივლოს უკიდურესი მიქცევის ამაღლებებამდე და ამ ამაღლებებიდან, თუ მათზე არ არის აშენებული შუქურები ან მსგავსი ნაგებობები, რომლებიც მუდმივად ზღვის დონის ზემოთ მდებარეობს, ან თუ უკიდურესი მიქცევის ამაღლება მთლიანად ან ნაწილობრივ არ მდებარეობს უახლოესი კუნძულიდან ტერიტორიული ზღვის სიგანეზე არაუმეტეს მანძილზე.

5. არქიპელაგური სახელმწიფოს მიერ ასეთი საწყისი ხაზების სისტემა არ უნდა იქნეს იმგვარად გამოყენებული, რომ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული ზღვა მოწყდეს ღია ზღვიდან ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონიდან.

6. თუ არქიპელაგური სახელმწიფოს არქიპელაგური წყლების ნაწილი მდებარეობს უშუალოდ მოსაზღვრე მეზობელი სახელმწიფოს ორ ნაწილს შორის, არსებული უფლებები და ყველა სხვა ლეგიტიმური ინტერესი, რომელსაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო ტრადიციულად ახორციელებდა ასეთ წყლებში, და ამ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა უფლება, რჩება ძალაში და უნდა სცენ პატივი.

7. პირველი პუნქტის შესაბამისად ხმელეთთან წყლის თანაფარდობის გამოთვლის მიზნით, ხმელეთის არეალები შეიძლება მოიცავდეს კუნძულების ნაპირისპირა რიფებსა და ატოლებს შორის არსებულ წყლებს, მათ შორის ციცაბოფერდობიანი ოკეანური პლატოს იმ ნაწილს, რომელიც შემოსაზღვრულია ან თითქმის შემოსაზღვრულია კირქვის კუნძულებისა და პლატოს პერიმეტრზე განლაგებული დაშრობადი რიფების ჯაჭვით.

8. წინამდებარე მუხლის შესაბამისად გავლებული საწყისი ხაზები უნდა აისახოს მათი მდებარეობის დადგენისთვის საკმარისი მასშტაბის ან მასშტაბების რუკებზე. ალტერნატიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერტილების გეოგრაფიული კოორდინატების სია, რომელიც აზუსტებს გეოდეზიურ მონაცემებს.

9. არქიპელაგურმა სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ასეთი რუკები ან გეოგრაფიული კოორდინატების სიები და თითოეული ასეთი რუკის ან სიის ასლის დეპონირება უნდა მოახდინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.