1. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს საზღვაო დერეფნები და საჰაერო მარშრუტები მათ თავზე, რომლებიც გამოსადეგია უცხოური გემებისა და საფრენი აპარატების თავის არქიპელაგურ წყლებში და მომიჯნავე ტერიტორიულ ზღვაში უწყვეტი და სწრაფი გავლისთვის ან მათ თავზე გადაფრენისთვის.

2. ყველა გემი და საფრენი აპარატი სარგებლობს არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლის უფლებით ასეთ საზღვაო დერეფნებსა და საჰაერო მარშრუტებში.

3. არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლა ნიშნავს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად ნაოსნობისა და გადაფრენის უფლებების ნორმალურ რეჟიმში განხორციელებას ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ერთ ნაწილსა და ღია ზღვის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მეორე ნაწილს შორის მხოლოდ უწყვეტი, სწრაფი და შეუფერხებელი ტრანზიტის მიზნით.

4. ასეთმა საზღვაო დერეფნებმა და საჰაერო მარშრუტებმა უნდა გადაკვეთოს არქიპელაგური წყლები და მომიჯნავე ტერიტორიული ზღვა და უნდა მოიცავდეს ყველა ჩვეულებრივი გავლის მარშრუტს, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობის ან არქიპელაგურ წყლებში ან მათ თავზე გადაფრენის მარშრუტებად და, ამ მარშრუტების ფარგლებში, რამდენადაც ეს ეხება გემებს, ყველა ჩვეულებრივ სანაოსნო არხს, იმ პირობით, რომ იმავე შესვლისა და გასვლის წერტილებს შორის მსგავსი ხელსაყრელი მარშრუტების დუბლირება არ იქნება საჭირო.

5. ასეთი საზღვაო და საჰაერო მარშრუტები უნდა განისაზღვროს უწყვეტი ღერძული ხაზების ერთობლიობით გავლის მარშრუტების შესვლის წერტილებიდან გასვლის წერტილებამდე. არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გამვლელმა გემებმა და საფრენმა აპარატებმა გავლის დროს ასეთი ღერძული ხაზებიდან არ უნდა გადაუხვიონ 25 საზღვაო მილზე მეტით რომელიმე მხარეს, იმ პირობით, რომ ასეთი გემები და საფრენი აპარატები სანაპიროებს არ უნდა მიუახლოვდნენ საზღვაო დერეფნების მოსაზღვრე კუნძულებზე არსებულ უახლოეს წერტილებს შორის მანძილის 10 პროცენტზე უფრო ახლოს.

6. არქიპელაგურ სახელმწიფოს, რომელიც წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს საზღვაო დერეფნებს, შეუძლია, ასევე დაადგინოს მოძრაობის გამყოფი სქემები ასეთ საზღვაო დერეფნებში მდებარე ვიწრო არხებში გემების უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

7. არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია, გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო გამოქვეყნების შემდეგ, მის მიერ ადრე განსაზღვრული ან დადგენილი ნებისმიერი საზღვაო დერეფანი ან მოძრაობის გამყოფი სქემები ჩაანაცვლოს სხვა საზღვაო დერეფნებით ან მოძრაობის გამყოფი სქემებით.

8. ასეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები უნდა შეესაბამებოდეს ზოგადად მიღებულ საერთაშორისო წესებს.

9. საზღვაო დერეფნების ან მოძრაობის გამყოფი სქემების დადგენის ან შეცვლისას, არქიპელაგურმა სახელმწიფომ წინადადებები, მათი დამტკიცების მიზნით, უნდა წარუდგინოს კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციას. ორგანიზაციას შეუძლია დაამტკიცოს მხოლოდ ისეთი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები, როგორც ეს შეთანხმდება არქიპელაგურ სახელმწიფოსთან, რის შემდეგაც არქიპელაგურ სახელმწიფოს შეუძლია მათი განსაზღვრა, დადგენა ან შეცვლა.

10. არქიპელაგურმა სახელმწიფომ მის მიერ განსაზღვრული საზღვაო დერეფნების ღერძები და მის მიერ დადგენილი მოძრაობის გამყოფი სქემები მკაფიოდ უნდა მიუთითოს რუკებზე, რომლებიც სათანადოდ უნდა გამოქვეყნდეს.

11. არქიპელაგურ საზღვაო დერეფნებში გამვლელმა გემებმა უნდა დაიცვან წინამდებარე მუხლის შესაბამისად დადგენილი შესაბამისი საზღვაო დერეფნები და მოძრაობის გამყოფი სქემები.

12. თუ არქიპელაგური სახელმწიფო არ განსაზღვრავს საზღვაო დერეფნებს ან საჰაერო მარშრუტებს, არქიპელაგური საზღვაო დერეფნების გავლის უფლება შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო ნაოსნობისთვის ჩვეულებრივ გამოყენებული მარშრუტებით.