1. სანაპირო სახელმწიფოს კონტინენტური შელფი მოიცავს ზღვის ფსკერსა და წიაღისეულს იმ წყალქვეშა რაიონებისა, რომლებიც ვრცელდება მისი ტერიტორიული ზღვის მიღმა მისი სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების მთელ სიგრძეზე კონტინენტური კიდის გარე საზღვრამდე, ან 200 საზღვაო მილის მანძილზე იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე, როდესაც კონტინენტური კიდის გარე საზღვარი არ ვრცელდება ამ მანძილზე.
2. სანაპირო სახელმწიფოს კონტინენტური შელფი არ უნდა გასცდეს მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ საზღვრებს.
3. კონტინენტური კიდე მოიცავს სანაპირო სახელმწიფოს ხმელეთის მასივის წყალქვეშა გაგრძელებას და შედგება შელფის, ფერდობისა და აღმართის ზღვის ფსკერისა და წიაღისეულისგან, იგი არ მოიცავს ღრმა ოკეანის ფსკერს თავისი ოკეანური ქედებით ან მის წიაღისეულს.
4. (a) წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის, სანაპირო სახელმწიფო განსაზღვრავს კონტინენტური კიდის გარე საზღვარს ყველგან, სადაც ეს კიდე ვრცელდება ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა,(i) ან მე-7 პუნქტის შესაბამისად გავლებული ხაზით, იმ უკიდურეს ფიქსირებულ წერტილებზე მითითებით, რომელთაგან თითოეულზე დანალექი ქანების სისქე არის ასეთი წერტილიდან კონტინენტური ფერდობის ფუძემდე უმოკლესი მანძილის სულ მცირე 1 პროცენტი; ან
(ii) მე-7 პუნქტის შესაბამისად გავლებული ხაზით, იმ ფიქსირებულ წერტილებზე მითითებით, რომლებიც მდებარეობს კონტინენტური ფერდობის ფუძიდან არაუმეტეს 60 საზღვაო მილის მანძილზე.
(b) საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობისას, კონტინენტური ფერდობის ფუძე განისაზღვრება, როგორც მის ფუძესთან დახრილობის მაქსიმალური ცვლილების წერტილი.
5. კონტინენტური შელფის გარე საზღვრების მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i) და (ii) ქვეპუნქტების შესაბამისად ზღვის ფსკერზე გავლებული ხაზის შემადგენელი ფიქსირებული წერტილები ან არ უნდა აღემატებოდეს 350 საზღვაო მილს იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე, ან არ უნდა აღემატებოდეს 100 საზღვაო მილს 2500-მეტრიანი იზობათიდან, რომელიც წარმოადგენს 2500-მეტრიანი სიღრმის დამაკავშირებელ ხაზს.
6. მე-5 პუნქტის დებულებების მიუხედავად, წყალქვეშა ქედებზე კონტინენტური შელფის გარე საზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 350 საზღვაო მილს იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე. წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება წყალქვეშა ამაღლებებზე, რომლებიც კონტინენტური კიდის ბუნებრივი კომპონენტებია, როგორიცაა მისი პლატოები, აღმართები, ქედები, წყალქვეშა სერები და შვერილები.
7. სანაპირო სახელმწიფომ თავისი კონტინენტური შელფის გარე საზღვრები, როდესაც ეს შელფი ვრცელდება ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა, უნდა განსაზღვროს არაუმეტეს 60 საზღვაო მილის სიგრძის სწორი ხაზებით, რომელიც აკავშირებს განედისა და გრძედის კოორდინატებით განსაზღვრულ ფიქსირებულ წერტილებს.
8. ინფორმაცია იმ კონტინენტური შელფის საზღვრების შესახებ, რომლებიც მდებარეობს ტერიტორიული ზღვის სიგანის ასათვლელი საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილის მიღმა, სანაპირო სახელმწიფომ უნდა წარუდგინოს კონტინენტური შელფის საზღვრების კომისიას, რომელიც შექმნილია II დანართის შესაბამისად, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საფუძველზე. კომისიამ სანაპირო სახელმწიფოებს უნდა მისცეს რეკომენდაციები მათი კონტინენტური შელფის გარე საზღვრების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სანაპირო სახელმწიფოს მიერ ამ რეკომენდაციების საფუძველზე დადგენილი შელფის საზღვრები საბოლოო და სავალდებულოა.
9. სანაპირო სახელმწიფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინოს რუკები და შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის გეოდეზიური მონაცემები, რომლებიც მუდმივად აღწერენ მისი კონტინენტური შელფის გარე საზღვრებს. გენერალურმა მდივანმა სათანადოდ უნდა გამოაქვეყნოს ისინი.
10. წინამდებარე მუხლის დებულებები გავლენას არ ახდენს საპირისპირო ან მომიჯნავე სანაპიროების მქონე სახელმწიფოებს შორის კონტინენტური შელფის დელიმიტაციის საკითხზე.